Wednesday, October 28, 2009

მუზეუმი, როგორც მულტიმედიური ორგანიზაცია



ლონდონის მუზეუმების დირექტორთა ახალი ინიციატივა






საქართველოში სამუზეუმო საქმე თანამედროვე სტანდარტებზე გადასვლას ახლა იწყებს. მსოფლიოში კი ამ მიმართულებით ფიქრი დიდი ხნის წინათ დაიწყეს და საბოლოოდ, ეს საქმიანობა ისე განავითარეს, რომ ყველასათვის ცნობილი მუზეუმების ხელმძღვანელები უკვე ამ დარგის მომავალსაც წინასწარმეტყველებენ.

მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის უკეთ წარმოსაჩენად წინგადადგმულ ნაბიჯებს ჩვენ რამდენადმე ჩამოვრჩით. აქ ცალკეული პროექტები, ძირითადად, საქართველოს ეროვნული მუზეუმის ინიციატივით ხორციელდება, რაც ერთგვარი მცდელობაა იმისა, რომ ამ დარგის საკეთილდღეოდ გადადგმულ ნაბიჯებს ეტაპობრივად მაინც დავეწიოთ და ერთი ისეთი ლაბორატოარია მაინც შევქმნათ, რომელიც ევროპულ სტანდარტებს გაუტოლდება და სარესტავრაციო ნამუშევართა გადარჩენის საკითხს სათანადოდ მოგვიგვარებს. და ეს მაშინ, როდესაც ლონდონის ორი ცნობილი მუზეუმის დირექტორი – ნილ მაკგრეგორი (ბრიტანეთის მუზეუმი) და ნიკოლას სეროტა (გალერეა ,,ტეიტი”) – აცხადებს, რომ მომავალში მუზეუმები ,,მულტიმედიურ ორგანიზაციებად” გადაიქცევიან, რამდენადაც ინტერნეტი ტრანსფორმირებას ახდენს კოლექციასა და დამთვალიერებელს შორის არსებული ურთიერთობის. ასეთი პროგნოზი მათ ლონდონის ეკონომიკის სკოლაში გამართული ხელოვნების წიგნების გამოცემაზე ორიენტირებული Thames & Hudson-ის 60 წლისთავისადმი მიძღვნილ საღამოზე გამოთქვეს. მაკგრეგორისა და სეროტის შეხედულებებზე The Guardian-მაც დაწერა.

ორივე დირექტორის მოსაზრებით, მომავალი აიძულებს მუზეუმებს გახდნენ გამომცემლები. მათ მიაჩნიათ, რომ კურატორებსა და დამთვალიერებელს შორის არსებული უერთიერთზემოქმედების ხარისხი საკმარისი არ არის და ის მასალების ინტერნეტში განთავსებას მოითხოვს. ,,მოსალოდნელია დიდი ბიძგი იმისათვის, რომ წარმოიქმნას, ერთგვარი, წყალგამყოფი იმ ორგანიზაციებს შორის, რომლებიც იყენებენ ახალ შესაძლებლობებს და რომლებიც ამის გაკეთებას ვერ ახერხებენ”, - განაცხადა ნიკოლას სეროტამ.

აღნიშნულ შეხვედრაზე ნილ მაგრეგორს კითხვა ბრიტანეთის მუზეუმში დაცული პართენონის ქანდაკებების ათენში დაბრუნებაზეც დაუსვეს. ბერძნების მიერ ბრიტანელების მისამართით გამოთქმული კატეგორიული მოთხოვნების საკითხი დღეს განსაკუთრებით აქტუალურია. თუმცა, ისიც ფაქტია, რომ დათმობა არც ერთ მხარეს არ უნდა და საერთოდ შედგება თუ არა რაიმე სახის გარიგება, ჯერ-ჯერობით უცნობია. მუზეუმის დირექტორმა შეკითხვაზე პასუხს თავი ვერ აარიდა და აღნიშნა, რომ ახლა საჭიროა ფიქრი და განსჯა იმაზე თუ როგორ მიაღწიონ დიდი ბრიტანეთისა და საბერძნეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა იმას, რომ ეს ქანდაკებები აფრიკასა და ჩინეთში დაათვალიერონო... ,,თუმცა, საბერძნეთის ხელისუფლება საკუთარ პოზიციას ნათლად გამოხატავს და ქანდაკებების გატანას არაკანონიერად მიიჩნევს. შესაბამისად, მსგავსი მოლაპარაკებების წარმოება შეუძლებელია, რაც ძალიან სამწუხაროა”, - დასძინა მაგრეგორმა.

ისევ ქართულ რეალობას რომ დავუბრუნდეთ, თუ დღეისათვის მსოფლიო მასშტაბის მუზეუმების ,,თავსატეხი” კოლექციათა გამდიდრება, მათი დაცვა და პოპულარიზაციაა, საქართველოში ინიციატივები, ძირითადად, სამუზეუმო ინფრასტრუქტურის განვითარებაზეა ორიენტირებული. ფონდების გამდიდრებას აქ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის პროექტის ფარგლებში განხორციელებულმა არქეოლოგიურმა ექსპედიციებმა. ამის მაგალითია ცოტა ხნის წინათ ახალციხეში, ივ. ჯავახიშვილის სახელობის სამცხე-ჯავახეთის ისტორიის მუზეუმში გახნილი ექსპოზიცია, სადაც 800 ექსპონატი პირველად გამოიფინა. თუმცა, ის, რაც საქართველოს საზღვრებს გარეთ ხდება, მიზანია, რომლისკენაც უნდა ვისწრაფვოდეთ. ჩვენსა და მათ შორის განსხვავება ამ სფეროსადმი დამოკიდებულებაშიც ჩანს. მსოფლიოში ,,გავრცელებული” ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად, ამ დარგის განვითარებაზე ქველმოქმედებიც ფიქრობენ და ზრუნავენ. იქ მუშაობს ,,ახალი შესყიდვების პროგრამა”, რომელსაც ფინანსურად ერთი საქველმოქმედო ფონდი, Art Fund -ი უზრუნველყოფს. ამ პროექტის ფარგლებში ხორციელდება ისეთი ინიციატივები, რომლებიც კოლექციების ახალი ექსპონატებით შევსებას ითვალისწინებს. ამ სფეროს სპექციალისტებს ემახსოვრებათ მოვლენა, როდესაც ზემოთ აღნიშნულმა ფონდმა თანამედროვე ხელოვნების ნიმუშების შესაძენად 5 ბრიტანულ მუზეუმს მილიონი ფუნტი სტერლინგი გადასცა. ამ ნაბიჯის გადადგმის სურვილი კი ამ საქველმოქმედო ორგანიზაციის წარმომადგენლებს მაშინ გაუჩნდათ, როდესაც მათ ,,შენიშნეს”, რომ ბრიტანული მუზეუმები დაუმსახურებელ იგნორირებას უკეთებენ უცხოელ აქტუალურ მხატვრებსა და სკულპტორებს. აღნისნული ფაქტი კიდევ ერთი მაგალითია იმისა, რომ ევროპაში ფული მარტო კლანების ხელში არ არის და მას მოქალაქეობრივი პოზიციით გამორჩეული, საკუთარი ქვეყნის ერთი რომელიმე დარგის განვითარებაზე დაფიქრებული ადამინებიც განკარგავენ.

ვირთხებზე ნადირობა – ფოთის თეატრის არჩევანი

რა ხდება რეგიონალურ თეატრებში? ეს საკითხი შესასწავლია. მით უფრო მაშინ, როდესაც იშვიათად გვეძლევა რეგიონალურ თეატრებში დადგმული სპექტაკლების ნახვის საშუალება და მათი შემოქმედებითი პროცესებისადმი თვალის მიდევნება.

ქვეყანაში არ არსებობს კულტურის პოლიტიკა და დღემდე გადაუჭრელი პრობლემის სიმწვავე რეგიონალურ თეატრებში თვალშისაცემია. ისინი ადგილობრივი მუნიციპალიტეტებიდან ფინანსდებიან. შესაბამისად, მათი სადადგმო ხარჯები განსხვავებულია და უმეტესად - მწირი. ასეთ პირობებში, რაზე კეთდება არჩევანი და რას გვთავაზობენ ისინი?

ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მაგალითზე შეიძლება ითქვას, რომ არჩევანი გაკეთდა პროექტზე, რომელშიც უცხოელები მონაწილეობენ. ამ შემთხვევაში საქმე ეხება ავსტრიელი დრამატურგის - პიტერ ტურინის პიესას - ,,ვირთხებზე ნადირობა” (ქართული ადაპტაციის ავტორია ლევან ხეთაგური), რომლის რეჟისორია რალფ ზიბელტი (გერმანია), ხოლო სცენოგრაფი - მაქს ჯულიან ოტო (გერმანია). სპექტაკლის პრემიერა 2009 წლის 28-29 იანვარს შედგა. სულ რამდენიმე დღის წინათ, თბილისელმა მაყურებელმა ის თავისუფალი თეატრის სცენაზე ნახა.

აღნიშნული პროექტი გოეთეს ინსტიტუტისა და 2008 წელს ჩამოყალიბებული საქართველოს რეგიონალური თეატრების ქსელის (გრტნ) მხარდაჭერით განხორციელდა. როგორც შევიტყვეთ, უცხოელი რეჟისორის ჰონორარი გოეთეს ინსტიტუტმა გადაიხადა, სადადგმო ხარჯები კი ადგილობრივი ბიუჯეტიდან, რომელიც სულ 220 000 ლარს შეადგენს, გამოიყო.

რალფ ზიბერტი, როგორც შემოქმედი, ჩვენთვის უცნობია. მის შესახებ მხოლოდ ის ვიცით, რომ 1945 წელს, ქალაქ ესენში დაიბადა. არის ტუმინინის თეატრის (გერმანია) სამხატვრო ხელმძღვანელი, მუშაობდა ბოხუმისა და ჰამბურგის თეატრებში. თუმცა, მისი შემოქმედებითი შესაძლებლობების შესახებ მხოლოდ საქართველოში, კერძოდ ფოთში, განხორციელებული სპექტაკლის მაგალითზე შეგვიძლია ვიმსჯელოთ.

რეჟისორმა არჩევანი გააკეთა პიესაზე, რომელშიც სულ ორი პერსონაჟი მონაწილეობს. მოქმედება ვითარდება ნაგავსაყრელზე, სადაც მამაკაცი ქალს ერთგვარ თამაშში ითრევს. რეჟისორის ამოცანაა აჩვენოს თუ როგორ კარგავენ ისინი ადამანის სახეს და ვირთხებს ემსგავსებიან. ბოლოს მათ ხოცავენ, როგორც ჩასუქებულ მღრნელებს.

აქ რთულია ისაუბრო რეჟისორულ მიგნებებზე. რალფ ზიბერტი პრობლემას არ უღრმავდება და არც ამძაფრებს. ის სათქმელს მარტივად აგებულ სცენებში ატევს და მთავარი ამოცანის გადაჭრას მსახიობებსა და სცენოგრაფს ანდობს. ამ სპექტაკლის მხატვრული გაფორმება, როგორც უკვე აღვნიშნე, მაქს ჯულიან ოტოს ეკუთვნის. ვიცით, რომ ის 1972 წელს, მიუნხენში დაიბადა. არის კინოს მხატვარი, ილუსტრატორი, მუშაობს ანიმაციაში. მისი ნამუშევრები გამოფენილია ბერლინის, პოსტდამისა და მიუნხენის გალერეებში. მისი შემოქმედებითი ცხოვრება თეატრს 2004 წლიდან დაუკავშირდა. ამ კონკრეტულ შემთხვევაში მხატვრის ამოცანაა შექმნას ისეთი გარემო, რომელიც თავს ნაგავსაყრელზე ამოგაყოფინებს. სცენაზე მუქი ცისფერი პოლიეთილენი აფენია, იქვე მიმობნეულია უსარგებლო ნივთები თუ ძველმანები, ცენტრალურ ნაწილში კი დგას ხის სადგარი, რომელზეც გადაჭიმულია ნახატი მანქანის გამოსახულებითა და წარწერით _ თჰე პოწერ ოფ დრეამს. აქ ერთადერთი მოძრავი დეტალია კიბე, რომელიც ნახატის შუაგულიდან იხსნება. აი, სულ ეს არის. ასეთი მწირი გამომსახველობითი საშუალებებით იქმნება განწყობა, რომელიც მაყურებელში უსიამოვნო განცდას ბადებს. იხატება გარემო, რომელშიც სუნთქვა ჭირს, რადგანაც ირგვლივ ყველაფერი ლპება და იხრწნება. და თუ მხოლოდ ეს იყო რეჟისორის ამოცანა, მაშინ ის გადაჭრილია.

ფოთის თეატრის დასი სულ 20 მსახიობისგან შედგება. მათ შორის გერმანელმა რეჟისორმა არჩევანი ორზე - ჯანო იზორიასა და მარიკა ბუკიაზე გააკეთა. რა შეიძლება ითქვას მათზე? თუ დღეს თანამედროვე ქართული თეატრის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა კარგი მეტყველებაა და ამით თითზე ჩამოსათვლელი მსახიობები გამოირჩევიან, ამ შემთხვევაში ორის (განსაკუთრებით კი მარიკა ბუკიას) მეტყველება მაყურებელს ყურს არ ჭრიდა და მათი სიტყვები დარბაზში ისმოდა. ამ სპექტაკლის პერსონაჟები ერთმანეთს მხოლოდ ნაკლოვანებებზე მიუთითებენ. თუმცა, გაუცხოების პრობლემა, რომელიც დიალოგებში იკითხება, მსახიობების მიერ წარმოჩენილი არ არის და არც ტრაგიკულობის განცდა გეუფლება. ,,ფოთის თეატრში თუ ასეთი სპექტაკლები იდგმებოდა, არ ვიცოდითო”, _ აღნიშნავდნენ თავისუფალ თაეტრში შეკრებილნი სპექტაკლის დასასრულს. მათი ასეთი შეფასება, სავარაუდოდ, იმან გამოიწვია, რომ მსახიობები წარმოდგენის ბოლოს სცენაზე საცვლების ამარა იდგნენ.

აღნიშნული სპექტაკლი, მხატვრული თავლსაზრისით, მოვლენა არ გახლავთ, მაგრამ რამდენადმე გამოირჩევა, კერძოდ: ფოთის თეატრის მსახიობებს გერმანელ რეჟისორთან თანამშრომლობის საშუალება მიეცათ. მან არტისტებს თანამედროვე დრამატურგის ნაწარმოები გააცნო და მათ გადასაჭრელად ახალი ამოცანები წაუყენა. ეს ინიციატივა საინტერესო აღმოჩნდა.

,,ვირთხებზე ნადირობა” შესაძლებელია გერმანიაშიც წარმოადგინონ. ამასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს და როგორც ფოთის თეატრის მმართველმა _ თენგიზ ხუხიამ გვითხრა, რალფ ზიბერტთან თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძერლდება და კიდევ უფრო გაღრმავდება.

სიახლეებს რაც შეეხება, აღსანიშნავაი, რომ საქართველოს რეგიონალური თეატრების ქსელში, დაახლოებით, უვნისის თვეში, ზუგდიდისა და ქუთაისის თეატრებიც გაწევრიანდებიან. ამ გაერთიანების მიზანია: რეგიონალური თეატრები ერთმანეთს გვერდში ამოუდგნენ და დაეხმარონ, მოხდეს შემოქმედებითი ძალების ერთი თეატრიოდან მეორეში გადანაწილება და ერთობლივი პროექტების განხორციელება. შევიტყვეთ, რომ ქსელის ინიციატივით, მომზადდება საერთო ვებ გვერდი, სადაც განთავსდება ინფორმაცია მასში გაწევრიანებული თეატრების შესახებ. მასალის მოძიება უკვე დაწყებულია.
ფოთის თეატრი კულტურის სახლში მას შემდეგ ფუნქციონირებს, რაც პრეზიდენტისა და საქართველოს კათალიკოს პატრიარქის, ილია მეორის გადაწყვეტილებით ფოთის თეატრის ძველი შენობა ეკლესიას დაუბრუნდა და თეატრისთვის ახალის მშენებლობა დაიწყო. ამ თაეტრის მმართველი იმედოვნებს, რომ ნაგებობა, სადაც ფოთის თეატრი დაიდებს ბინას, კულტურის ცენტრად გადაიქცევა და სხვა თეატრებს ხშირად უმასპინძლებს.

Tuesday, August 18, 2009

ხელოვნება პრივილეგიებისთვის, თუ...




ბრიტანეთში პოეტ-ლაურეატის თანამდებობის გაუქმებას ითხოვენ



ბრიტანეთშიც კი მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ სამეფო კარის მეხოტბეთა დრო წარსულს უნდა ჩაბარდეს. ამასთან, 1668 წელს დაწესებული პოეტ-ლაურეატის თანამდებობის გაუქმების წინადადება სწორედ იმ ქალბატონმა გამოთქვა, რომელიც ამ თანამდებობის დაკავების ერთ-ერთი რეალური კანდიდატია.

რატომ მოითხოვს ბრიტანელი პოეტი ქალი, ვენდი კოუპი პოეტ-ლაურეატის ოფიციალური თანამდებობის გაუქმებას? ამ შეკითხვას ის ჟურნალისთვის ,,Royal Society of Literature Review”

მიცემულ ინტერვიუში პასუხობს და აღნიშნავს, რომ პოეტ-ლაურეატისგან ზედმეტად ბევრს ელოდებიან და რომ კარგ მელექსეს ღირშესანიშნავ მოვლენებზე წერა თანამდებობისგან დამოუკიდებლადაც შეუძლიაო.

ამჟამად ეს თანამდებობა იქ ენდრიუ მოუშენს უკავია. ის ათი წელია, რაც პოეტ-ლაურეატის ვალდებულებებს პირნათლად ასრულებს. თუმცა, ამა წლის მარტში პენსიაზე გადის და ვინ დაიკავებს აღნიშნულ პოსტს ან იარსებებს თუ არა იგი კვლავაც, ჯერ-ჯერობით უცნობია. ერთი კი მნიშვნელოვანია, ბრიტანეთის საზოგადოების ცნობილი წარმომადგენელი კარის მეხოტბეობის წინააღმდეგ ილაშქრებს.

საქართველოსგან განსხვავებით, ბრიტანეთში ეს თანამდებობა ოფიციალურად არსებობს და ამის შესახებ ცნობილია. საზოგადოებამ კარგად იცის რას უნდა ელოდოს პოეტისგან, რომელსაც ამ საქმიანობისთვის ყოველწლიურად ხუთი ათას ფუნტს უხდიან და ზედ ერთ კასრ ღვინოსაც აყოლებენ.

მართალია, საქართველოში ეს თანამდებობა ოფიციალურად აღარ არსებობს - მონარქიული წყობის გაუქმებას ხომ ,,სამეფო კარის მეხოტბეთა” ინსტიტუტის დაშლაც მოჰყვა. თუმცა, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ დღეს ,,კარის მეხოტბეთა” ნაკლებობას განვიცდით. ამ სახელის მატარებელია ყველა, ვინც ,,სამეფო კართან” დაახლოების მიზნით, ჩვენს თვალწინ იცვლის პოზიციებს და საკუთარ პრინციპებსაც (ხშირად შემოქმედებითს) ღალატობს.

რა მოეთხოვება პოეტ-ლაურეატს? უპირველესად ის, რომ არ გამოხატოს უკმაყოფილება, ღვარძლი და სიბრაძე იმის მიმართ, რაც ქვეყანაში ხდება და ეს ყველაფერი ნაწარმოებებში არ ასახოს. ბრიტანეთის სამეფო კარის ,,მოთხოვნას”, მას-მედიის წარმომადგენლები არაფრად აგდებენ და საკუთარ თავს და საზოგადოებას ჯანსაღი კრიტიკისკენ მოუწოდებენ.

ჯანსაღი კრიტიკის ხსენებაზე მახსენდება საქართველო, სადაც ჩვენი ,,სამეფო კარი” კულტურის სფეროში მიმდინარე პროცესებსა და სიახლეებზე, ან პრესის ფურცლებზე გამოქვეყნებულ წერილებზე წარმოდგენას ზედაპირულად, საკუთარი თვალით კი არა, მათთან დაახლოებული პირების ნაამბობით იქმნის. მთავარი ხელისუფალის სიტყვებს თუ დავუჯერებთ, ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ თბილისის თეატრების სხვადასხვა ტიპის სცენებზე სპექტაკლები ანშლაგით მიდის და მათი რეგიონებში წარმოდგენის გარდა სხვა პრობლემა აღარ გვაქვს... ერთი შეხედვით ყველაფერი რიგზეა მაშინ, როდესაც მართლაც დასაფიქრებელია წარმოდგენების მხატვრულ ხარისხთან თუ მომავალი თაობის ხეირიან აღზრდასთან დაკავშირებული საკითხები. იქნებ დადგეს დრო და საქართველოს ,,სამეფო კარის” დრამატურგ-ლაურეატის თანამდებობა დასჭირდეს, ვინ უნდა დაიკავოს ის, თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში ხომ დრამატურგიის ფაკულტეტი გაუქმებულია?

ბრიტანეთში ამ თანამდებობის გაუქმების მოთხოვნით ე.წ. ინტელიგენციის წარმომადგენელი გამოდის. ჩვენთან კი, ქართული ინტელიგენციის ხსენებაზე უმალ იმაზე იწყებენ საუბარს, რამდენი ინდაური ჩამოურიგეს მათ საახალწლოდ. ამით ბევრმა ისიც კი გამოთვალა თუ რა ,,ღირს” დღეს ქართული ინტელიგენცია... მაგრამ საქმის არსი ამაში არ არის - იქ ერთი ყავთ დამ ის თანამდებობას აუქმებენ, აქ კი - ოფიციალურად არ არსებობს, მაგრამ რამე რომ იყოს, იქნებ დაეკანონებინათ კიდეც და რომელ ჯანსაღ კრიტიკაზეა ლაპარაკი...

ვენდი კოუპს თუ მივუბრუნდებით, ის, ძირითადად, ყოველდღიურობის ამსახველ თხზულებებს ქმნის. მიიჩნევს, რომ კარგი პოეზიის შეკვეთით დაწერა შეუძლებელია. ამის მაგალითად მას ყოფილი პოეტ-ლაურეატის ჯონ ბეტჯემანის პოემა მოჰყავს, რომელიც ბრიტანეთის დედოფლის ელისაბედ მეორის ქალიშვილს, პრინცესა ანას ქორწინებას ეძღვნება. ,,მე მახსოვს, როგორ დავნაღვლიანდი; მე ვფიქრობდი: ,,მას ეს არ უნდა გაეკეთებინა”. ჩემი აზრი არ შეცვლილა”, - წერდა ჯონ ბეტჯემანი.

ვენდი კოუპის აზრით, პოეტი, ისევე როგორც ნებისმიერი შემოქმედი, თავისუფალლი უნდა იყოს და მხოლოდ ის წეროს, რაც მოესურვება. ენდრიუ მოუშენზე კი აღნიშნავს, ის ბევრს მუშაობდა და არც სულელურად გამოიყურებოდაო...

თავად მოუშენი კი ხშირად ჩივის, სამეფო კარის ოჯახისთვისწ ერა უმადური საქმეაო... თანამდებობის ,,ხათრით” მან ისეთი ნაწარმოები შექმნა, როგორებიცაა: დედოფალ ელისაბედ მეორისა და პრინც ფილიპის ქორწინებიდან 60 წლისთავისადმი მიძღვნილი პოემა, ასევე, პრინც ჩარლზისა და აწ გარდაცვლილი პრინცესა დიანას უფროსი ვაჟის - პრინც უილიამის 21 წელთან დაკავშირებით შექმნილი ლექსი...

აღსანიშნავია, რომ 1668 წლიდან დაწესებული ეს თანამდებობა პოეტ-ლაურეატებს მთელი სიცოცხლის განმავლობაში ეკავათ, ისინი სამეფო კარის თანამშრომლებად ითვლებოდნენ და ამისათვის ყოველწლიურად ათას ფუნტსა და ღვინით სავსე კასრსაც იღებდნენ. ენდრიუ მოუშენის შემთხვევაში კი, გამონაკლისი დაუშვეს და როგორც ზემოთ აღვნიშნე, გასამრჯელო მას ხუთი ათას ფუნტამდე გაუზარდეს.

ცნობისათვის, ენდრიუ მოუშენამდე პოეტ-ლაურეატის თანამდებობა ტედ ჰიუზენს ეჭირა. ბრიტანეთის ისტორიას სულ 19 პოეტ-ლაურეატი ახსოვს. ყველაზე დიდხანს ეს თანამდებობა ალფრედ ტენისონს - 42 წელი - ეკავა.

როგორ მინდა, რომ საქართველოშივ არსებობდეს ,,კარის მეხოტბის” პოსტი და მის გაუქმებას ვითხოვდეთ, ვიდრე არ არსებობდეს და ერთ ადამიaნს მაინც ჰქონდეს, თუნდაც არაოფიციალურად, მისი დაკავების სურვილი.

ორი რეჟისორის ერთი სპექტაკლი



რუსთაველის თეატრმა 130-ე სეზონში პირველი პრემიერა გამართა. საპრემიერო წარმოდგენას მაყურებელი დაესწრება, ჟურნალისტებმა ის დახურულ ჩვენებაზე, ე.წ. ,,პრაგონზე” ვნახეთ და სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, რამდენად შეიძლება ვისაუბრო სპექტაკლზე, რომელშიც შესწორებებს, სავარაუდოდ, კიდევ შეიტანენ.


წარმოდგენა, სახელწოდებით - ,,Play, ანუ სიკვდილის როკვა”, რობერტ სტურუამ გამოუშვა. ყოფილა შემთხვევები, როდესაც მას ტექსტი და მიზანსცენებიც კი, საპრემიერო ჩვენების დღეს შეუცვლია... არადა, აფიშაზე სპექტაკლის რეჟისორად ანდრო ენუქიძე სახელდება. რა მოხდა? – ეს კითხვა ბევრმა დასვა.

ერთი რეჟისორის დაწყებულ საქმეში მეორეს ,,ჩარევის” შემთხვევებს, თეატრალები სხვადასხვაგვარად აფასებენ. ამასთან, ისიც ფაქტია, რომ ლოგიკურად დასმული შეკითხვა რიტორიკული არ გახლავთ და შესაბამისად, პასუხიც მოეძებნება.

სავარაუდო პასუხების შესახებ ქვემოთ ავღნიშნავ, ახლა კი ორიოდე სიტყვას სპექტაკლზე გეტყვით: რეჟისორმა ანდრო ენუქიძემ, რომელსაც რუსთაველის თეატრში დადგმული აქვს სპექტაკლები: ,,ირინეს ბედნიერება” (1994 წ.), ,,ქალები ნისლში” (1998 წ.) და ,,კაცია-ადამიანი” (2006 წ., რობერტ სტურუასთან ერთად), ფრიდრიხ დიურენმატის პიესაზე - ,,ვთამაშობთ სტრინდბერგს” მუშაობა ივნისის თვეში დაიწყო. აქვე იმასაც გეტყვით, რომ თავად დიურენმატმა ეს პიესა ავგუსტ სტრინდბერგის ,,სიკვდილის როკვის” მიხედვით შექმნა (ის რეჟისორ ავთო ვარსიმაშვილს ,,თეატრალურ სარდაფში” (რუსთაველზე) აქვს განახორციელებული, სადაც მსახიობები: ნანა ფაჩუაშვილი, გურამ საღარაძე, კახი კავსაძე მონაწილეობდნენ, წარმოდგენა იტალიაშიც უჩვენეს). რატომ დააბნია ანდრო ენუქიძემ მაყურებელი, რთული სათქმელია. როგორც ჩანს, რეჟისორისთვის ეს პიესა განსაკუთრებულია, რადგანაც სამჯერ მიუბრუნდა - ერთხელ პოლონეთში დადგა, მეორედ სურდა რომ საქართველოში განეხორციელებინა, მესამედ კი მასზე ახლა უკვე რუმინეთში მუშაობს, რეჟისორი იქ 19 ოქტომბერს გაემგზავრა.

როდის აღმოჩნდა სპექტაკლი რობერტ სტურუას ხელში? მას შემდეგ, რაც სტურუამ ჩაბარებაზე ნახა და შესწორებების შეტანა დაიწყო. ამასობაში, ანდრო ენუქიძის რუმინეთში წასვლის დროც მოახლოვდა და საბოლოოდ, სპექტაკლი სტურუამ გამოუშვა.

თეატრში ამბობენ, რომ ენუქიძის სპექტაკლიდან უცვლელი მხოლოდ სათაური დარჩა. პიესის ტექსტიც კი, რომელიც ენუქიძემ ისედაც შეამცირა, სტურუამ 15 გვერდამდე დაიყვანა, სპექტაკლს ფორმა მისცა და მისი სიუჟეტი აღქმადი გახადა. არადა, სიუჟეტს რაც შეეხება, ძალიან მარტივად არის საქმე. მოქმედება, რომელიც მცირე სცენის შუაგულში, მაყურებლის თვალწინ თამაშდება და სასიყვარულო სამკუთხედად ქცეული პერსონაჟების ისტორიაზე მოგვითხრობს, ალისას თათული დოლიძე ანსახიერებს, ედგარს - ზუკა პაპუაშვილი, ხოლო კურტს - ლევან ხურციაა.

მაყურებელი დარბაზში ისეა განლაგებული, რომ თითქმის მოქმედებაშია ჩართული, აქ სცენაზეც კი სხედან, მათ პერსონაჟები სპექტაკლის დაწყებისთანავე ეცნობიან.

მირიან შველიძის მიერ გაფორმებული სივრცე ძველი ყაიდის შთაბეჭდილებას ტოვებს. აქ ყველაფერი მოძველებულია, ურთიერთობები და შეხედულებებიც კი... სპექტაკლი ერთმანეთთან გაუცხოებული პერსონაჟების იმედგაცრუებასა და არშემდგარ ურთიერთობებზე გვიყვება. ალისა არშემდგარი მსახიობია, რომელიც არტილერიის რიგით მსაწავლებელს, სახელად ედგარს, შეაბერდა. ედგარი კი თვლის, რომ რიგითი მასწავლებელი კი არა, სამხედრო საქმის ცნობილი თეორეტიკოსია და ბალისტიკის სახელმზღვანელოს ავტორობაც ძალიან ეამაყება. მათი უსიცოცხლო ცხოვრების სიმბოლოდ იქვე მდგარი, მოქმედი ტელეგრაფი იკითხება... ,,ოცდახუთი წელი, ვერცხლის ქორწილი... ჩემო ძვირფასო, უსაყვარლესო მეუღლევ... თუ მეხსიერება ჯერ კიდევ შეგრჩა, ალბათ გახსოვს, სულ რაღაც ხუთი წლის წინათ, ჩემი დაჟინებული მოთხოვნით, როგორც იქნა, გაყრაზე დაგითანხმე. დიახ, დიახ, სიხარულისაგან ღრუბლებში დავფრინავდი – ღმერთო ჩემო, თავისუფალი ვარ, თავისუფალი. მეგონა ჯოჯოხეთს თავი დავაღწიე, მაგრამ ვინ მაღირსა ბედნიერება... სულ კუდში დამდევდი, არ მეშვებოდი, აცრემლებული მევედრებოდი... სულელი ვარ, სულელი. როგორც ყოველთვის გულჩვილობამ დამღუპა. ყველაფერი მაპატიე და რა? სამუდამოდ დამასამარე. უარესად შემზიზღდი. თუმცა არა, რას ვამბობ, კი არ შემზიზღდი, შე შაცოდავო, საერთოდ აღარ არსებობ ჩემთვის. არარაობა ხარ, არარაობა...”, - აცხადებს ალისა. ამ მონოლოგში კი, ცოლ-ქმრის დამოკიდებულება კარგად იკითხება. მათი ქორწინების ოცდახუთიწლისთავზე გამოჩნდება ნიუ-იორკიდან ახლადდაბრუნებული კურტი – ალისას ძველი სიყვარული, რომელიც დარბაზში მოტოციკლეტით შემოდის. მისი გამოჩენა ქალს ცხოვრების შეცვლის იმედს გაუჩენს... ყველაფერი მაშინ მთავრდება, როდესაც ედგარი, კაცი, რომლისთვისაც მოწევა ერთადერთი სიამოვნებაა, გამოაცხადებს: ,,სარწმუნო წყაროებიდან შევიტყვეთ, რომ ვიღაც ჩვენს ზნედაცემულ თანამემამულეს, დიდძალი თანხა ჩაუჯიბავს... რა სირცხვილია, რას არ ჩადიან საზღვარგარეთ ჩვენი ერის შვილები... და როგორ ფიქრობთ, ვინ არის ის კაცი ვინც ჩვენს სამშობლოს სახელი გაუტეხა? ბანკის უბრალო მოხელე, ბ-ნი კურტი, ნიუ-იორკელი ქურდი... ალისა, გილოცავ, შენი რჩეული თაღლითია, უფრო მეტიც, ქურდბაცაცა...” ედგარი ვერ ხვდება, რომ იმ კაცის წინაშე, რომელიც ფულს აღმერთებს, კანონი უძლურია.

ეს პიესა XX საუკუნის ავტორს ეკუთვნის, რომელიც გარდა იმისა, რომ ცნობილი პუბლიცისტი და დრამატურგი გახლდათ, მას ოთხმოცამდე დასახელების ჯილდო აქვს მიღებული, ძალიან ნიჭიერი ექსპრესიონისტი მხატვარი იყო. მოგვიანებით მან რამდენიმე საკუთარი ნაწარმოებიც კი გააფორმა, იშვიათად კი, დიურენმატი დეკორაციებისა და კოსტუმების ესკიზებსაც ასრულებდა. მისი ნამუშევრები 1976 და 1985 წლებში – ნიონბერგში, ხოლო 1978 წელს – ციურიხში იყო გამოფენილი. 1941 წელს მან ფილოსოფიისა და გერმანისტიკის შესწავლა დაიწყო, 1943 წლიდან კი დარწმუნდა, რომ მისი მთავარი საქმე მწერლობა იყო. მის მიერ შექმნილი პერსონაჟები სცენაზე ყველაზე ოსტატურად მსახიობმა თათული დოლიძემ განასახიერა. პიესა თარგმნა მანანა ჭელიძემ, სპექტაკლის მუსიკალური გამფორმებელია ია საკანდელიძე, ქორეოგრაფი – კოტე ფურცელაძე, რეჟისორის თანაშემწე კი - გრიგოლ თათეიშვილი.

ამ ბოლო დროს განსაკუთრებით ხშირად ვსაუბრობთ იმაზე, რომ რობერტ სტურუაზე ძლიერი, სამწუხაროდ, არ გვყავს. ამასთან, იმაზეც გვწყდება გული, რომ ის მომავალ თაობებს არ ზრდის… იშვიათად იმასაც გაიგონებთ, რომ ,,სხვას” გასაქანს არ აძლევენ, ან ხელს არ უწყობენ, მაგრამ აქვე ჩნდება კითხვა, იქნებ შედარებით ახალგაზრდებს ეს უბრალოდ არ შეუძლიათ და ამიტომ სამხატვრო ხელმძღვანელიც იძულებულია, რომ ჩაერიოს დადგმაში მხოლოდ იმიტომ, რომ სპექტაკლი სოცოცხლისუნარიანი გახდეს და რამდენიმე თვე მაინც იცოცხლოს და მისთვის გაღებული სადადგმო ხარჯები გაფლანგული არ აღმოჩნდეს… ამ შემთხვევაში სტურუას ,,ჩარევა” გასაგებია... თუმცა, იქვე ჩნდება მეორე მომენტიც: იქნებ, სჯობს გავიგოთ ვინ ვინ არის და დავრწმუნდეთ, რომ მათ ხელს კი არ უშლიან, მათ ეს უბრალოდ არ შეუძლიათ და მორჩა!

OLE კორტეს, OLE !




ხოაკინ კორტესის კონცერტმა "ჩემი მარტოობა" ისეთი აპლოდისმენტები გამოიწვია, რომლის მსგავსიც თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრს არ ახსოვს. ასეთ ოვაციებს არც შემსრულებელი ელოდა. მსმენელის მუხტმა კორტესი უმალ დაარწმუნა, რომ ქართველები ფლამენკოს სულს ჩასწვდნენ, მათ ესპანელი ბოშების ოსტატობა სათანადოდ შეაფასეს.

კორტესი საოცარი აღნაგობით, ტემპერამენტითა და პლასტიკით გამოირჩევა. თვალშისაცემია მისი ენერგიულობა, რომელმაც მსმენელი ემოციებისგან დაცალა. ფოტოებში ისე გამოიყურება, როგორც მაჩო, მაგრამ ეს მისი ვარსკვლავური იმიჯია. ცხოვრებაში ის ძალიან უბრალო და საოცრად გახსნილი ადამიანია, ამბიციებს მოკლებული.

შემსრულებელი თბილისში მადრიდიდან მიუნხენის გავლით ჩამოფრინდა. დედის ავადმყოფობამ ხელი შეუშალა საქართველოში კიდევ ერთი დღით დარჩენილიყო. მან ქართულ კულტურასთან ზიარება სამომავლოდ გადადო.

პრესკონფერენცია ხოაკინ კორტესის ესპანური სალამით დაიწყო. შეხვედრას კონცერტის ორგანიზატორი გაერთიანების - "თაგისს არტს"-ის აღმასრულებელი დირექტორი ანი ლაღიძე უძღვებოდა. მან კორტესის სახელით მოგვმართა თავი შეგვეკავებინა შემსრულებლის პირად ცხოვრებასთან დაკავშირებული კითხვებისგან...

"ჩემთვის აქ ყოფნა დიდი სიამოვნებაა. საქართველოში პირველად ჩამოვედი და ვეცდები ფლამენკოს კულტურით გასიამოვნოთ. ფლამენკო ბოშების მონაპოვარია. ოც წელზე მეტია რაც ვმოგზაურობ და მაყურებელს საკუთარ გამოცდილებას ვუზიარებ. ვფიქრობ, სხვა ქვეყნების მსგავსად, საქართველოშიც შევძლებ მთელი სულითა და სხეულით გადმოვცე ის, რასაც ფლამენკო ჰქვია" - აღნიშნა ხოაკინ კორტესმა და "24 საათის" შეკითხებს უპასუხა:

- თქვენ ევროკავშირში ბოშათა ელჩი ხართ... რა მისია გაკისრიათ?

- ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ რომანებმა (ანუ ბოშებმა) ევროკავშირში ელჩად დამასახელეს... პროცესი წინ ნელა მიიწევს, მაგრამ მთავარია, რომ ითვალისწინებს ბოშა ხალხის განათლებასა და აღზრდას... ჩემი მისიაც ეს არის...

- საკუთარ გამოცდილებას ახალგაზრდებსაც უზიარებთ?

- ამის დიდი სურვილი მაქვს... მინდა მათ ჩემი სტილის სპეციფიკა გავაცნო, რომელიც საკუთარი გამოცდილებით გამოვიმუშავე და სხვადასხვა ილეთების ერთობლიობას წარმოადგენს. საზოგადოებას ის ძალიან მოსწონს, ამიტომ მსურს სხვასაც გავუზიარო და განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობას, რომელთანაც აუცილებლად ვითანამშრომლებ.

- რას იტყვით დუენდეს ფენომენზე?

- არ შემიძლია ვიპოვო სიტყვა, რომელიც დუენდეს არსს ზუსტად გადმოსცემს. ის მართლაც უნიკალური ფენომენია. მისი ძალა მაგიურია, იდუმალებით მოცული... როცა სცენაზე ვდგავად და ვცეკვავ, ვგრძნობ როგორ მივცურავ სადღაც, თითქოს ჰაერში... ამ დროს რაღაც განსაკუთრებული ხდება... დუენდეს სიტყვებით ვერ გადმოსცემ, ის უნდა შეიგრძნო...

შემსრულებელმა დადგმაზე, რომელიც მისი მეექვსე დამოუკიდებელი მანუშევარია, ორიოდე სიტყვით ისაუბრა. "მას შემდეგ რაც საკუთარ თავს ჩავუღრმავდი და მასთან განვმარტოვდი, ეს წარმოდგენაც შევქმენი... ამ საღამოს ნახავთ ზუსტად იმას, რასაც ბოშური ფიესტა ჰქვია", - აღნიშნა კორტესმა, რომელიც, როგორც აღმოჩნდა, ამ ბოლო დროს განსაკუთრებით ბევრს ფიქრობს მოცეკვავის "მოკლე ცხოვრებაზე". მისი სურვილია, შეიქმნას ფონდი, რომელიც მოცეკვავეთა ბედზე, მათ მატერიალურ მდგომარეობაზე იზრუნებს. "ცეკვას არა აქვს ისეთი მხარდაჭერა, როგორიც მაგალითად კინოს. სახელმწიფო პენსიასაც კი არ გვინიშნავს... და ეს ჩვენი ბრალი კი არა, ინსტიტუციონალური პრობლემაა", - გვითხრა შემსრულებელმა და იქვე აღნიშნა: - "მადლობა ანის, რომელმაც ამდენი იბრძოლა იმისათვის, რომ აქ ჩამოვეყვანე...", რასაც ანი ლაღიძემ უპასუხა: "თუ ჩემმა უსაყვარლესმა არტისტმა ყველაფერს დაუღალავი შრომის შედეგად მიაღწია, ჩვენც მხოლოდ დაუღალავი შრომის შედეგად შევძელით მისი საქართველოში ჩამოყვანა"... "თაგისს Aრტს"-ის წარმომადგენლებმა კორტესს საჩუქრად ქართველი მინიატურისტის - ლევან მარგიანის ნამუშევარი გადასცეს. პრესკონფერენცია მოცეკვავესთან ფოტოგადაღებით დასრულდა...

წარმოდგენას რაც შეეხება, მასში ცამეტი პროფესიონალი მონაწილეობდა. კორტესმა საქართველოში კანტაორებისა (მათ შორის სამი ქალი გახლდათ) და ინსტრუმენტალისტების საუკეთესო ჯგუფი ჩამოიყვანა.

თამანედრო ფლამენკოს ვარსკვლავისადმი მიძღვნილ სტატიებში შეიძლება ამოიკითხოთ ავტორთა უკმაყოფილება იმის შესახებ, რომ კორტესმა ფლამენკოს მუსიკა ამ ფენომენისთვის უცხო ინსტრუმენტების - მაგალითად, ვიოლინოს ან ჩელოს ხმოვანებით გაამდიდრა და ამით უპირატესობა ჩამოართვა გიტარას, რომელიც ტრადიციულად წამყვარ როლს ასრულებდა. ამის შესახებ შესაძლოა ყველას ინდივიდუალური მოსაზრება გააჩნდეს. მე კი ვფიქრობ, რომ ვიოლინოსა და ჩელოს ხმა, რიტმი და მელოდიურობა წარმოდგენას ავსებდა და ძალას მატებდა. აღარეფერს ვამბობ კანტაორების, გიტარისტებისა და დასარტყამ-ინსტრუმენტალისტების ოსტატობაზე.

კორტესი მართალი აღმოჩნდა - თუ გინდა რომ ფლამენკო "გაიგო", მას თავად უნდა მოუსმინო, რადგან ამ ემოციის გადმოცემა შეუძლებელია. აღფრთოვანების გამოხატვას მაყურებელი ოვაციებითა და შეძახილებით - OLE გამოხატავდა, შემსრულებელს იარუსებიდან ესპანურადაც კი მიმართავდნენ... ჟან-პოლ გოტიეს კოსტუმებში გამოწყობილი ბაილაორი კმაყოფილებას ვერ მალავდა და... ბოლომდე დაიხარჯა.

შემოთავაზებულ ნომრებში მოცეკვავის პროფესიონალიზმი და სხეულის ფლობის ოსტატობა შეიმჩნეოდა, მაგრამ თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ მახში ესპანელი ბოშის სისხლი ჩქეფს და სცენაზე კლასიკური ბალეტის ბალერონი დგას, გასაკვირი არაფერია... კორტესის დაუღალავი ენეგიაც ხანგრძლივი რეპეტიციების შედეგია. მოკლედ, ამ მოცეკვავემ ზუსტად იცის, როგორ მიაღწიოს წარმატებას და მოიპოვოს მაყურებლის აღფრთოვანება...

კონცერტის ბოლოს, იმპროვიზაციით განთქმული ბოშების იმპროვიზირებული სანახაობაც შედგა. იმ დროს კორტესი ყველაზე მეტად კმაყოფილი და ბედნიერი ჩანდა, რადგან თანამოზრეთა რიგში იდგა, დასარტყამზე მთელი მონდომებით უკრავდა და იმასაც ახერხებდა სცენაზე საცეკვაოდ ხან ერთი მონაწილე "გაეგდო", ხან მეორე... ასე ყველა აიძულა ეცეკვა და ქართველი მაყურებლის აპლოდისმენტები დაემსახურებინა.

მსმენელის სასარგებლოდ უნდა ითქვას, რომ ხოაკინ კორტესმა კონტრაქტით გათვალისწინებულ დროს გადააჭარბა და ბის-ზე ორჯერ გამოვიდა. როგორც ანი ლაღიძისგან შევიტყვეთ, მსგავსი რამ არსად მომხდარა. ხოაკინ კორტესმა ისეთი შთაბეჭდილებებითა და მადლიერებით დატოვა საქართველო, უკან ის აუცილებლად დაბრუნდება.

დესტრუქციული ყოფის იმპულსი



გუშინ წვიმდა. წვიმიანი ამინდი თავზარდამცემი ამბავია თბილისის ძველი უბნების ავარიულ სახლებში მაცხოვრებლებისთვის. როცა თავზე გაწვიმს, რთულია გააიდეალო ყოფა, რომელიც დესტრუქციულია...

სამაგიეროდ წვიმის მოსვლა არ აშინებთ იქ, სადაც ახალმშენებლობების ბუმია, მაგალითად: ვაკეში. წვიმის ხმაური სიამოვნებს კიდეც ატენის ქუჩაზე, ერთ-ერთ ახალაშენებულ კორპუსში მცხოვრებ გია ბუღაძეს, რომლის გამოფენაც, სახელწოდებით "თბილისი დღისით და ღამით", სამშაბათს, 19 საათზე, გალერეაში "ბაია" გაიხსნება... მხატვრის ფერწერულ ტილოებში აღმოვაჩინე, რომ ხელოვანს შესაძლებელია თავზე არ აწვიმდეს, მაგრამ "დესტრუქციული ყოფა" აწუხებდეს, თუნდაც მხოლოდ შემოქმედებითად... გია ბუღაძეს საკუთარ სახელოსნოში გავესაუბრე.

- ბატონო გია, პროდუქტიულობით ნამდვილად გამოირჩევით... საინტერესოა, რა გახდა ახალი ნამუშევრების შექმნის იმპულსი?

- დესტრუქციული ყოფა, რომელიც ჩემში შემოქმედებით იმპულსებს ბადებს. საზღვარგარეთ ყოფნისას, გაოცებული ვრჩები, როცა ვხედავ როგორ უვლიან და უფრთხილდებიან საკუთარ ქალაქს, იქნება ეს პარიზი, რომი, ფლორენცია, ბარსელონა, მადრიდი თუ სხვა. თბილისი კი ძალიან დესტრუქციულია.

იქ გარემო ერთგვარი "სურათია", რომლის დახატვა, თითქმის, შეუძლებელია, რადგან ვერ "შეალამაზებ". აქ კი, მიმოიხედავ და "სურათი" არსად ჩანს. თბილისი მაშინაა "ხელოვნდება" (ანუ იქცევა ხელოვნებად), როცა ტილოზე გადადის. ეს პარადოქსია, მაგრამ ასეა. თბილისი ძალიან არტისტული ქალაქია.

- ოცდაექვსივე ნამუშევარი განსხვავებულია, მაგრამ კომპოზიციათა მრავალფეროვნების მიუხედავად, ერთია ნახევარტონების თამაშში დაჭერილი ხელწერა ყოველგვარი მანევრის გარეშე...

- მართლაც ასეა, რადგან არაფერს ვიგონებ. მე მეტაფორა დავინახე ჩვეულებრივში... თუნდაც, ბადეში გახვეულ მცენარეებში, ან გადაყრილი სკამების გროვაში სახლის სახურავზე. ამ ქუჩაზე რომ გაიაროთ, ნახავთ სამ კარს, რომელთაგან ერთი ბოქლომით არის ჩაკეტილი, მეორე შეღებულია, ხოლო მესამე - დახურული. ამ ტილოზე დღე და ღამე გაერთიანებულია, სერიასაც ამიტომ დავარქვი "თბილისი დღისით და ღამით".

- ნამუშევრების დათვალიერებისას, თითქოს ნაცნობია ყველა აივანი, ეზო, ქუჩა და ხედი... მაგრამ სინამდვილეში, ალბათ, უმეტესობა არ მინახავს, მათ შორის არც ეს საოცარი ხვეული კიბე... თბილისის რომელი ქუჩები ჩახატეთ?

- ეფექტურ ადგილებს არ ვეძებდი. ჩანახატები გავაკეთე სოლოლაკში, მთაწმინდაზე, ვერაზე... აქ მოცემულია ზუბალაშვილების, ბარნოვის, ჭონქაძის, თაბუკაშვილის, დავითაშვილის, არსენას, ინგოროყვას სახელობის ქუჩების და ეზოების ფრაგმენტები. აქცენტი მაინც ძველ თბილისზე გავაკეთე... სიმართლე გითხრათ, ქუჩაში მუშაობა მიჭირდა, რადგან ხატვის საშუალებას გამვლელები არ მაძლევდნენ, ამიტომ ჩანახატებს სწრაფად ვაკეთებდი. ერთხელ ისიც კი მითხრეს: ამ სახლს რატომ იხატავთ, მერე აღარ დაანგრევენო.

- რა არის თქვენთვის თბილისი?

- მეტაფორა... ზოგისთვის თბილისი რესტორნების ან სიყვარულის ქალაქია. მაგრამ ჩემთვის ის - как замок

- თქვენი საუბრიდან გამომდინარე, ეს გამოფენა ერთგვარი აქციაა და არა ვერნისაჟი.

- შეიძლება ასეც ითქვას.

- მაგრამ გალერეა "ბაია" რომ ოცდაექვსივე ნამუშევარს ვერ დაიტევს?

- 26 ტილო იქ ნამდვილად ვერ დაეტევა. არჩევანს, ალბათ, "ბაიას" სივრცის შესაბამისად გავაკეთებ და ვნახოთ, რომელიც მოუხდება იმას გამოვფენ. ამასთან, იმ ჩანახატების ექსპონირებაც მინდა, რომლებზე დაყრდნობითაც ეს ნამუშევრები შევქმენი. მათში უკეთ იგრძნობა მოძრაობა, რომელიც ვფიქრობ საინტერესო უნდა იყოს დამთვალიერებლისთვის.

- ეს გალერეა რატომ აირჩიეთ?

- იმიტომ, რომ თბილისში გალერეები ვერ მუშაობენ. ნამუშევრები საგამოფენოდ აპრობირებულ სივრცეში უნდა გამოფინო. ამ მხრივ, ბაია წიქორიძე ერთ-ერთი ყველაზე პროფესიონალი გალერისტია საქართვლოში.



მხატვრის ოთხი ნამუშევარი სერიიდან "თბილისი დღისით და ღამით" მოჩარჩოებისას უკვე გაიყიდა. გია ბუღაძის მხატვრობით დაინტერესებულ კოლექციონერებს გულგრილს არც ეს გამოფენა დატოვებს. და მიუხედავად იმისა, რომ ახალი ნამუშევრები კარგად წარმოაჩენს უცხოელებისთვის განსაკუთრებით მიმზიდველ თბილისის ძველი უბნების კოლორიტს, მათ ფერადოვნებასა და ეკლექტიზმს, მხატვარი სულ მალე ქალაქ ფრანკფურტში სულ სხვა ნამუშევრებს გამოფენს, სერიიდან "კონცერტი". ფერწერულ ტილოებში ნათლად ჩანს მხატვრის მუსიკით შთაგონებული ფანტაზია, ფერში გაცოცხლებული ბგერა, სივრცული აზროვნება. 40 ნამუშევარი შექმნილია ბეთჰოვენის, ვაგნერის, მალერის, ლისტის, ჰენდელის, ვერდის, შუმანის, ბრამსის, შოპენის და სხვათა მელოდიებზე. მათ შორის, ავტორს განსაკუთრებით მოსწონს რიჰარდ შტრაუსის "ალპური სიმფონია." მათ კი ვისაც გია ბუღაძის "თბილისი დღისით და ღამით" დააინტერესებს, ვურჩევ ნახევარტონებში გაცოცხლებული თბილისის ფრაგმენტები ბეთჰოვენის სავიოლინო კონცერტის თანხლებით დაათვალიეროს.

რობერტ სტურუამ პედაგოგობა გადაწყვიტა


სიახლე მათთვის, ვისაც სურს მაყურებლამდე ,,ამბის მიტანის ხელოვნებას” დაეუფლოს



მოდით, საკუთარ თავს მცირე გამოკითხვა ჩავუტაროთ და გავიხსენოთ უახლოეს წარსულში, გუშინწინ, იმის წინ და ა.შ. ახალგაზრდა რეჟისორის მიერ დადგმული ერთი სპექტაკლი, რომელშიც ის სიუჟეტს ანუ ამბავს ოსტატურად გვიყვება... თქვენი არ ვიცი, მაგრამ პირადად მე ახლახან ნანახ წარმოდგენებზე იგივეს ვერ ვიტყვი. როგორც ჩანს, რეჟისორთაგან მაყურებლამდე ,,ამბის მიტანის ხელოვნებას” ერთეულები ფლობენ, რაც სერიოზულ პრობლემად იქცა, როგორც დრამის რეჟისორთათვის, ასევე მაყურებლისთვის.

ამ ბოლო დროს მომრავლდა შემთხვევები, როდესაც რეჟისორები არა თუ ვერ გვიყვებიან პიესაში მოცემულ სიუჟეტს, სამუშაოს ვერ ასრულებენ და მათი დაწყებული საქმის დამთავრებას ან სხვები იღებენ საკუთარ თავზე, ან კიდევ, რეპეტიციები თვეობით იწელება. ამის მაგალითია რუსთაველის თეატრში დადგმული სპექტაკლი ,,Play ანუ სიკვდილის როკვა”, რომელზე მუშაობაც რეჟისორმა ანდრო ენუქიძემ დაიწყო, მაგრამ რობერტ ასტურუამ დაამთავრა. ასევე, მარჯანიშვილის თეატრში განხორციელებული ,,ქალი წარსულიდან”, რომლის დადგმა, კვლავაც ერთმა – პაატა ციკოლიამ დაიწყო, მაგრამ მეორემ – ლევან წულაძემ დაამთავრა... ახლა კი ველოდებით, პრემიერას როდის შემოგვთავაზებს რეჟისორი დათო პაპავა, რომელიც რუსთაველის თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე უკვე რამდენიმე თვეა დგამს სპექტაკლს, რომელზეც თეატრალები ისევე წინასწარ ალაპარაკდნენ, როგორც თავად ამ რეჟისორზე. თანაც, ამ შემთხვევაში, წარმოდგენის გამოშვების დაგვიანების პრობლემა სადადგმო ხარჯები სულაც არ გახლავთ. დაფინანსება არსებობს, შედეგი კი – არა და არა... თუმცა, მაინც ვერ ვიფიქრებდი, რომ რეჟისურის ანა-ბანას არმცოდნე ახალგაზრდების მომრავლება შეაწუხებდა რობერტ სტურუას, რომელმაც გადაწყვიტა ხელი მოჰკიდოს საქმეს, რომელზეც ერთხელ უკვე თქვა უარი და თანაც, საკუთარი სურვილით.

საქმე ახალ წამოწყებას ეხება. კერძოდ იმას, რომ შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას დრამის რეჟისურის ფაკულტეტზე, სამაგისტრო პროგრამის გავლით. მსურველებმა განაცხადები 30 დეკემბრის ჩათვლით უნდა წარმოადგინონ, 26 დეკემბერს კი, კონსულტაციების მისაღებად, ღია კარის დღე გაიმართება.

სპეციალობის დასახელება - დრამის რეჟისურა (თეორიისა და პრაქტიკის ანალიზი), მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი – ხელოვნების მაგისტრი, პროგრამის ხელმძღვანელები - რეჟისორი რობერტ სტურუა და ასოცირებული პროფესორი თამარ ბოკუჩავა, სწავლების ხანგრძლივობა - ორი წელი. აღნიშნული პროგრამის მიზანია, მომზადდეს თეატრის რეჟისურის ისეთი სპეციალისტი, რომელიც იცნობს თანამედროვე სათეატრო პროცესებს, ერკვევა თეატრის თეორიაში, იცის რეჟისურის ისტორია, თეორია და შეუძლია შემოქმედებითი თეატრალური პროცესის დაგეგმვა, ანალიზი და მართვა.

სამაგისტრო კურსის ხელმძღვანელები მიიჩნევენ, რომ რეჟისორ-ანალიტიკოსის მომზადება იმიტომაცაა მნიშვნელოვანი, რომ ის თეატრალურ პროცესს ერთიანი კულტურული პროცესის კონტექსტში აღიქვამს, იცნობს და ხედავს სათეატრო რეჟისურის მიერ განვლილ გზას და განჭვრეტს მისი უახლოესი თუ შორეული განვითარების პერსპექტივებს. მისთვის ცნობილია სპექტაკლის მომზადების საწარმოო-ტექნოლოგიური მხარის ძირითადი კომპონენტები და მათი შესაძლებლობები. ასეთი ტიპის სპეციალისტი კი, ქართული თეატრის საუკეთესო ტრადიციის განვითარებასა და მსოფლიო თეატრალურ პროცესში ქართული თეატრის ინტეგრაციას შეუწყობს ხელს. ის აღჭურვილი იქნება მხატვრული სათეატრო პრაქტიკის ანალიზისა და კონცეპტუალური რეჟისურისათვის აუცილებელი პროფესიული მეთოდოლოგიური მიდგომებით.

მათი ჩანაფიქრი სერიოზულია. მთავარია გამოჩნდნენ ახალგაზრდები, რომლებიც მათთვის შეთავაზებულ მოთხოვნებს დააკმაყოფილებენ. მაგისტრანტები, ორი წლის განმავლობაში, თეორიული კურსის პარალელურად, პრაქტიკას რუსთაველის თეატრში გაივლიან. მათ მოემსახურება თეატრის ექსპერიმენტული სცენა. კონკურსის მონაწილეს აუცილებლად უნდა ჰქონდეს ბაკალავრის წოდება და მნიშვნელობა არა აქვს რომელ სფეროში აქვს განათლება მიღებული. აქ მთავარია, მისი შემოქმედებითი ალღო, მხატვრული აზროვნება და ინტელექტი. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, გაზეთი ,,გაზეთი 24” საათი რეჟისორ რობერტ სტურუას გაესაუბრა.

- თქვენ პედაგოგობა ერთხელ უკვე სცადეთ და შემდეგ, განაცხადეთ, რომ ეს საქმე არ გეხერხებათ...

- ახალგაზრდებთან მუშაობა იმდენ ენერგიას მოითხოვს, რამდენითაც, ერთი სემესტრის განმავლობაში, დაახლოებით, სამ სპექტაკლს დავდგამდი... თუმცა, ისიც უნდა ვთქვა, რომ მაშინ ჩემს სტუდენტებთან ძალიან დავახლოვდი. მათ შორის, ერთი-ორი კარგი რეჟისორი დადგა. ერთ-ერთს, სამწუხაროდ, ბედმა ვერ გაუღიმა და ისეთ ვალებში ჩავარდა, რომ ამდენი ხანი რუსეთში, სადღაც ,,ბენზინკალონკაზე” მუშაობს. მეორეა გოგა თავაძე, რომელიც ახლა ბათუმის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელია... მართალია, მის ბოლო სპექტაკლთან დაკავშირებით რაღაც შენიშვნები მაქვს, მაგრამ ეს ისეთი პრობლემებია, რომლებიც ისედაც შემიძლია ვუთხრა.

- ახლა რატომ გადაწყვიტეთ პედაგოგობა?

- უმთავრესად იმიტომ, რომ ვატყობ, ახალგაზრდა რეჟისორები სცენიდან ამბავს ვერ გვიყვებიან... კი, ინტელექტუალებიც არიან, მაგრამ მოხვალ სპექტაკლზე და სიუჟეტს ვერ გაიგებ, აღარაფერს ვამბობ იმაზე თუ რას ქადაგებენ... როგორც აღმოჩნდა, ამბის მოყოლა რთულია და მეც მინდა მათ სწორედ ეს ვასწავლო. აი, დანარჩენი კი, რაც აზროვნებას, მსოფლმხედველობასა და ესთეტიკას ეხება, მათი ნიჭიერების საქმეა. აი, როგორც, მაგალითად, პიანისტს ასწავლიან დაკვრას... ეტყვიან, დაუკარი ბახის მენუეტი და ისიც დაუკრავს, შენ მოისმენ და რომც არ იყოს გენიალურად შესრულებული, მაინც იტყვი, რომ ბახს ძალიან სასიამოვნო მუსიკა დაუწერია... აი, ეს მინდა ვასწავლო მათ, რასაც, სხვათაშორის, არც რუსეთში ასწავლიან...

- ანუ მასშტაბურად რომ ვიმსჯელოთ, ეს ყველგან პრობლემაა?

- დიახ, რადგანაც უცხოეთში ახალგაზრდებს ისე ზრდიან, რომ ამბის მოყოლას მათაც არ ასწავლიან... ისინი თვლიან, რომ ეს მარტივია... არადა, ეს მთავარია ხელოვენბაში, თვით სახვით ხელოვენბაში და მუსიკაშიც კი... რეჟისორმა, მსახიობების საშუალებით, უნდა შეძლოს მომიყვეს სიუჟეტი, რომელსაც მაყურებელს სთავაზობს. სხვათაშორის, მინდა გითხრათ, რომ ამას მსახიობები, ზოგჯერ, რეჟისორის გარეშე უკეთ ახერხებენ... იმიტომაც არის გავრცელებული მოსაზრება იმის შესახებ, რომ რეჟისორი მსახიობებს ხშირად ხელს უშლის... მაგალითად, მოსკოვის მცირე თეატრი საერთოდ უარყობს რეჟისორს, იქ ამბობენ, რომ მსახიობები საქმეს თვითონ შესანიშნავად გაართმევენ თავს...

- მაგისტრანტებს რა კრიტერიუმით შეარჩევთ?

- მე ვფიქრობ, რომ რეჟისორი, უპირველესად, ძალიან საღი აზროვნების ადამიანი უნდა იყოს. ის უნდა ხედავდეს და ანალიზს უკეთებდეს იმას, რაც სამყაროში ხდება... ამის შემდეგ კი, შესაძლოა ბანალურადაც კი ჟღერდეს, მაგრამ მას თეატრი ისე უნდა უყვარდეს, რომ სხვაგან არ უნდოდეს... რომანტიზმის პერიოდი დასრულდა. ვფიქრობ, რომ საქართველო ნამდვილად იმსახურებს იმას, რომ თავზე ზვავივით დამტყდარ პრობლემებზე პირდაპირ ვილაპარაკოთ. ყველივე ამას კი, ძალიან საღი აზროვნების ადამიანი სჭირდება.

- რა არის ის განსაკუთრებული, რაც თქვენი პედაგოგებისგან ისწავლეთ და მომავალ თაობას გადასცემთ?

- იცით რა, ეს საქმე რწმენასავით არის... აი, მიშა თუმანიშვილი და სხვათაშორის, დოდო ალექსიძეც, როგორც კი რაიმეს ჩავიდენდით, არ შევასრულებდით დავალებას, მკაცრადაც გვსჯიდნენ. ასეთი საქციელი ღალატად ითვლებოდა. წლების განმავლობაში იმ დასკვნამდე მივედი, რომ დავაკვირდი, ვინც თეატრს ღალატობს, მისი ცხოვრება ცუდად შემოტრიალდება ხოლმე... თავდაპირველად, სწორედ ამას უნდა მივაქციოთ ყურადღება, შემდეგ კი, აუცილებელია ფილოსოფიის ისტორიის შესწავლა, რადგანაც მსოფლიოს ისეთი რეჟისორები სჭირდება, რომლებიც ახალ აზრს მოგვაწოდებენ და ჩვენც მათი სპექტაკლებიდან სახლში გაკვირვებულები და გახარებულები წამოვალთ... შესაძლოა, რეჟისორის პოზიციას სულაც არ ვეთანხმებოდეთ, მაგრამ მთავარია მან დაგვაფიქროს...

- ამ სამაგისტრო პროგრამის ამოქმედების მიზანი ისიც ხომ არ არის, რომ გსურთ დატოვოთ მოწაფე, რომელიც თქვენს გზას გააგრძელებს?

- გუშინ მიყვებოდნენ, რომ ერთ რეჟისორს უთქვამს, თურმე, რობიკო ძალიან ცუდად გამხდარა, დამიძახა და მითხრა, ქართული თეატრის ბედი შენ გააგრძელეო... მე, რა თქმა უნდა, გამეცინა... ასე არ ვფიქრობ, რადგანაც ეს ჩემს გარეშე მოხდება... ასე ადვილი რომ იყოს პედაგოგისთვის რაიმეს მოსწავლისთვის გადაცემა, მაშინ ყველაფერი ძალიან ლოგიკური იქნებოდა...