Tuesday, August 18, 2009

ორი რეჟისორის ერთი სპექტაკლი



რუსთაველის თეატრმა 130-ე სეზონში პირველი პრემიერა გამართა. საპრემიერო წარმოდგენას მაყურებელი დაესწრება, ჟურნალისტებმა ის დახურულ ჩვენებაზე, ე.წ. ,,პრაგონზე” ვნახეთ და სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, რამდენად შეიძლება ვისაუბრო სპექტაკლზე, რომელშიც შესწორებებს, სავარაუდოდ, კიდევ შეიტანენ.


წარმოდგენა, სახელწოდებით - ,,Play, ანუ სიკვდილის როკვა”, რობერტ სტურუამ გამოუშვა. ყოფილა შემთხვევები, როდესაც მას ტექსტი და მიზანსცენებიც კი, საპრემიერო ჩვენების დღეს შეუცვლია... არადა, აფიშაზე სპექტაკლის რეჟისორად ანდრო ენუქიძე სახელდება. რა მოხდა? – ეს კითხვა ბევრმა დასვა.

ერთი რეჟისორის დაწყებულ საქმეში მეორეს ,,ჩარევის” შემთხვევებს, თეატრალები სხვადასხვაგვარად აფასებენ. ამასთან, ისიც ფაქტია, რომ ლოგიკურად დასმული შეკითხვა რიტორიკული არ გახლავთ და შესაბამისად, პასუხიც მოეძებნება.

სავარაუდო პასუხების შესახებ ქვემოთ ავღნიშნავ, ახლა კი ორიოდე სიტყვას სპექტაკლზე გეტყვით: რეჟისორმა ანდრო ენუქიძემ, რომელსაც რუსთაველის თეატრში დადგმული აქვს სპექტაკლები: ,,ირინეს ბედნიერება” (1994 წ.), ,,ქალები ნისლში” (1998 წ.) და ,,კაცია-ადამიანი” (2006 წ., რობერტ სტურუასთან ერთად), ფრიდრიხ დიურენმატის პიესაზე - ,,ვთამაშობთ სტრინდბერგს” მუშაობა ივნისის თვეში დაიწყო. აქვე იმასაც გეტყვით, რომ თავად დიურენმატმა ეს პიესა ავგუსტ სტრინდბერგის ,,სიკვდილის როკვის” მიხედვით შექმნა (ის რეჟისორ ავთო ვარსიმაშვილს ,,თეატრალურ სარდაფში” (რუსთაველზე) აქვს განახორციელებული, სადაც მსახიობები: ნანა ფაჩუაშვილი, გურამ საღარაძე, კახი კავსაძე მონაწილეობდნენ, წარმოდგენა იტალიაშიც უჩვენეს). რატომ დააბნია ანდრო ენუქიძემ მაყურებელი, რთული სათქმელია. როგორც ჩანს, რეჟისორისთვის ეს პიესა განსაკუთრებულია, რადგანაც სამჯერ მიუბრუნდა - ერთხელ პოლონეთში დადგა, მეორედ სურდა რომ საქართველოში განეხორციელებინა, მესამედ კი მასზე ახლა უკვე რუმინეთში მუშაობს, რეჟისორი იქ 19 ოქტომბერს გაემგზავრა.

როდის აღმოჩნდა სპექტაკლი რობერტ სტურუას ხელში? მას შემდეგ, რაც სტურუამ ჩაბარებაზე ნახა და შესწორებების შეტანა დაიწყო. ამასობაში, ანდრო ენუქიძის რუმინეთში წასვლის დროც მოახლოვდა და საბოლოოდ, სპექტაკლი სტურუამ გამოუშვა.

თეატრში ამბობენ, რომ ენუქიძის სპექტაკლიდან უცვლელი მხოლოდ სათაური დარჩა. პიესის ტექსტიც კი, რომელიც ენუქიძემ ისედაც შეამცირა, სტურუამ 15 გვერდამდე დაიყვანა, სპექტაკლს ფორმა მისცა და მისი სიუჟეტი აღქმადი გახადა. არადა, სიუჟეტს რაც შეეხება, ძალიან მარტივად არის საქმე. მოქმედება, რომელიც მცირე სცენის შუაგულში, მაყურებლის თვალწინ თამაშდება და სასიყვარულო სამკუთხედად ქცეული პერსონაჟების ისტორიაზე მოგვითხრობს, ალისას თათული დოლიძე ანსახიერებს, ედგარს - ზუკა პაპუაშვილი, ხოლო კურტს - ლევან ხურციაა.

მაყურებელი დარბაზში ისეა განლაგებული, რომ თითქმის მოქმედებაშია ჩართული, აქ სცენაზეც კი სხედან, მათ პერსონაჟები სპექტაკლის დაწყებისთანავე ეცნობიან.

მირიან შველიძის მიერ გაფორმებული სივრცე ძველი ყაიდის შთაბეჭდილებას ტოვებს. აქ ყველაფერი მოძველებულია, ურთიერთობები და შეხედულებებიც კი... სპექტაკლი ერთმანეთთან გაუცხოებული პერსონაჟების იმედგაცრუებასა და არშემდგარ ურთიერთობებზე გვიყვება. ალისა არშემდგარი მსახიობია, რომელიც არტილერიის რიგით მსაწავლებელს, სახელად ედგარს, შეაბერდა. ედგარი კი თვლის, რომ რიგითი მასწავლებელი კი არა, სამხედრო საქმის ცნობილი თეორეტიკოსია და ბალისტიკის სახელმზღვანელოს ავტორობაც ძალიან ეამაყება. მათი უსიცოცხლო ცხოვრების სიმბოლოდ იქვე მდგარი, მოქმედი ტელეგრაფი იკითხება... ,,ოცდახუთი წელი, ვერცხლის ქორწილი... ჩემო ძვირფასო, უსაყვარლესო მეუღლევ... თუ მეხსიერება ჯერ კიდევ შეგრჩა, ალბათ გახსოვს, სულ რაღაც ხუთი წლის წინათ, ჩემი დაჟინებული მოთხოვნით, როგორც იქნა, გაყრაზე დაგითანხმე. დიახ, დიახ, სიხარულისაგან ღრუბლებში დავფრინავდი – ღმერთო ჩემო, თავისუფალი ვარ, თავისუფალი. მეგონა ჯოჯოხეთს თავი დავაღწიე, მაგრამ ვინ მაღირსა ბედნიერება... სულ კუდში დამდევდი, არ მეშვებოდი, აცრემლებული მევედრებოდი... სულელი ვარ, სულელი. როგორც ყოველთვის გულჩვილობამ დამღუპა. ყველაფერი მაპატიე და რა? სამუდამოდ დამასამარე. უარესად შემზიზღდი. თუმცა არა, რას ვამბობ, კი არ შემზიზღდი, შე შაცოდავო, საერთოდ აღარ არსებობ ჩემთვის. არარაობა ხარ, არარაობა...”, - აცხადებს ალისა. ამ მონოლოგში კი, ცოლ-ქმრის დამოკიდებულება კარგად იკითხება. მათი ქორწინების ოცდახუთიწლისთავზე გამოჩნდება ნიუ-იორკიდან ახლადდაბრუნებული კურტი – ალისას ძველი სიყვარული, რომელიც დარბაზში მოტოციკლეტით შემოდის. მისი გამოჩენა ქალს ცხოვრების შეცვლის იმედს გაუჩენს... ყველაფერი მაშინ მთავრდება, როდესაც ედგარი, კაცი, რომლისთვისაც მოწევა ერთადერთი სიამოვნებაა, გამოაცხადებს: ,,სარწმუნო წყაროებიდან შევიტყვეთ, რომ ვიღაც ჩვენს ზნედაცემულ თანამემამულეს, დიდძალი თანხა ჩაუჯიბავს... რა სირცხვილია, რას არ ჩადიან საზღვარგარეთ ჩვენი ერის შვილები... და როგორ ფიქრობთ, ვინ არის ის კაცი ვინც ჩვენს სამშობლოს სახელი გაუტეხა? ბანკის უბრალო მოხელე, ბ-ნი კურტი, ნიუ-იორკელი ქურდი... ალისა, გილოცავ, შენი რჩეული თაღლითია, უფრო მეტიც, ქურდბაცაცა...” ედგარი ვერ ხვდება, რომ იმ კაცის წინაშე, რომელიც ფულს აღმერთებს, კანონი უძლურია.

ეს პიესა XX საუკუნის ავტორს ეკუთვნის, რომელიც გარდა იმისა, რომ ცნობილი პუბლიცისტი და დრამატურგი გახლდათ, მას ოთხმოცამდე დასახელების ჯილდო აქვს მიღებული, ძალიან ნიჭიერი ექსპრესიონისტი მხატვარი იყო. მოგვიანებით მან რამდენიმე საკუთარი ნაწარმოებიც კი გააფორმა, იშვიათად კი, დიურენმატი დეკორაციებისა და კოსტუმების ესკიზებსაც ასრულებდა. მისი ნამუშევრები 1976 და 1985 წლებში – ნიონბერგში, ხოლო 1978 წელს – ციურიხში იყო გამოფენილი. 1941 წელს მან ფილოსოფიისა და გერმანისტიკის შესწავლა დაიწყო, 1943 წლიდან კი დარწმუნდა, რომ მისი მთავარი საქმე მწერლობა იყო. მის მიერ შექმნილი პერსონაჟები სცენაზე ყველაზე ოსტატურად მსახიობმა თათული დოლიძემ განასახიერა. პიესა თარგმნა მანანა ჭელიძემ, სპექტაკლის მუსიკალური გამფორმებელია ია საკანდელიძე, ქორეოგრაფი – კოტე ფურცელაძე, რეჟისორის თანაშემწე კი - გრიგოლ თათეიშვილი.

ამ ბოლო დროს განსაკუთრებით ხშირად ვსაუბრობთ იმაზე, რომ რობერტ სტურუაზე ძლიერი, სამწუხაროდ, არ გვყავს. ამასთან, იმაზეც გვწყდება გული, რომ ის მომავალ თაობებს არ ზრდის… იშვიათად იმასაც გაიგონებთ, რომ ,,სხვას” გასაქანს არ აძლევენ, ან ხელს არ უწყობენ, მაგრამ აქვე ჩნდება კითხვა, იქნებ შედარებით ახალგაზრდებს ეს უბრალოდ არ შეუძლიათ და ამიტომ სამხატვრო ხელმძღვანელიც იძულებულია, რომ ჩაერიოს დადგმაში მხოლოდ იმიტომ, რომ სპექტაკლი სოცოცხლისუნარიანი გახდეს და რამდენიმე თვე მაინც იცოცხლოს და მისთვის გაღებული სადადგმო ხარჯები გაფლანგული არ აღმოჩნდეს… ამ შემთხვევაში სტურუას ,,ჩარევა” გასაგებია... თუმცა, იქვე ჩნდება მეორე მომენტიც: იქნებ, სჯობს გავიგოთ ვინ ვინ არის და დავრწმუნდეთ, რომ მათ ხელს კი არ უშლიან, მათ ეს უბრალოდ არ შეუძლიათ და მორჩა!

No comments:

Post a Comment