Tuesday, August 18, 2009

რობერტ სტურუამ პედაგოგობა გადაწყვიტა


სიახლე მათთვის, ვისაც სურს მაყურებლამდე ,,ამბის მიტანის ხელოვნებას” დაეუფლოს



მოდით, საკუთარ თავს მცირე გამოკითხვა ჩავუტაროთ და გავიხსენოთ უახლოეს წარსულში, გუშინწინ, იმის წინ და ა.შ. ახალგაზრდა რეჟისორის მიერ დადგმული ერთი სპექტაკლი, რომელშიც ის სიუჟეტს ანუ ამბავს ოსტატურად გვიყვება... თქვენი არ ვიცი, მაგრამ პირადად მე ახლახან ნანახ წარმოდგენებზე იგივეს ვერ ვიტყვი. როგორც ჩანს, რეჟისორთაგან მაყურებლამდე ,,ამბის მიტანის ხელოვნებას” ერთეულები ფლობენ, რაც სერიოზულ პრობლემად იქცა, როგორც დრამის რეჟისორთათვის, ასევე მაყურებლისთვის.

ამ ბოლო დროს მომრავლდა შემთხვევები, როდესაც რეჟისორები არა თუ ვერ გვიყვებიან პიესაში მოცემულ სიუჟეტს, სამუშაოს ვერ ასრულებენ და მათი დაწყებული საქმის დამთავრებას ან სხვები იღებენ საკუთარ თავზე, ან კიდევ, რეპეტიციები თვეობით იწელება. ამის მაგალითია რუსთაველის თეატრში დადგმული სპექტაკლი ,,Play ანუ სიკვდილის როკვა”, რომელზე მუშაობაც რეჟისორმა ანდრო ენუქიძემ დაიწყო, მაგრამ რობერტ ასტურუამ დაამთავრა. ასევე, მარჯანიშვილის თეატრში განხორციელებული ,,ქალი წარსულიდან”, რომლის დადგმა, კვლავაც ერთმა – პაატა ციკოლიამ დაიწყო, მაგრამ მეორემ – ლევან წულაძემ დაამთავრა... ახლა კი ველოდებით, პრემიერას როდის შემოგვთავაზებს რეჟისორი დათო პაპავა, რომელიც რუსთაველის თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე უკვე რამდენიმე თვეა დგამს სპექტაკლს, რომელზეც თეატრალები ისევე წინასწარ ალაპარაკდნენ, როგორც თავად ამ რეჟისორზე. თანაც, ამ შემთხვევაში, წარმოდგენის გამოშვების დაგვიანების პრობლემა სადადგმო ხარჯები სულაც არ გახლავთ. დაფინანსება არსებობს, შედეგი კი – არა და არა... თუმცა, მაინც ვერ ვიფიქრებდი, რომ რეჟისურის ანა-ბანას არმცოდნე ახალგაზრდების მომრავლება შეაწუხებდა რობერტ სტურუას, რომელმაც გადაწყვიტა ხელი მოჰკიდოს საქმეს, რომელზეც ერთხელ უკვე თქვა უარი და თანაც, საკუთარი სურვილით.

საქმე ახალ წამოწყებას ეხება. კერძოდ იმას, რომ შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას დრამის რეჟისურის ფაკულტეტზე, სამაგისტრო პროგრამის გავლით. მსურველებმა განაცხადები 30 დეკემბრის ჩათვლით უნდა წარმოადგინონ, 26 დეკემბერს კი, კონსულტაციების მისაღებად, ღია კარის დღე გაიმართება.

სპეციალობის დასახელება - დრამის რეჟისურა (თეორიისა და პრაქტიკის ანალიზი), მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი – ხელოვნების მაგისტრი, პროგრამის ხელმძღვანელები - რეჟისორი რობერტ სტურუა და ასოცირებული პროფესორი თამარ ბოკუჩავა, სწავლების ხანგრძლივობა - ორი წელი. აღნიშნული პროგრამის მიზანია, მომზადდეს თეატრის რეჟისურის ისეთი სპეციალისტი, რომელიც იცნობს თანამედროვე სათეატრო პროცესებს, ერკვევა თეატრის თეორიაში, იცის რეჟისურის ისტორია, თეორია და შეუძლია შემოქმედებითი თეატრალური პროცესის დაგეგმვა, ანალიზი და მართვა.

სამაგისტრო კურსის ხელმძღვანელები მიიჩნევენ, რომ რეჟისორ-ანალიტიკოსის მომზადება იმიტომაცაა მნიშვნელოვანი, რომ ის თეატრალურ პროცესს ერთიანი კულტურული პროცესის კონტექსტში აღიქვამს, იცნობს და ხედავს სათეატრო რეჟისურის მიერ განვლილ გზას და განჭვრეტს მისი უახლოესი თუ შორეული განვითარების პერსპექტივებს. მისთვის ცნობილია სპექტაკლის მომზადების საწარმოო-ტექნოლოგიური მხარის ძირითადი კომპონენტები და მათი შესაძლებლობები. ასეთი ტიპის სპეციალისტი კი, ქართული თეატრის საუკეთესო ტრადიციის განვითარებასა და მსოფლიო თეატრალურ პროცესში ქართული თეატრის ინტეგრაციას შეუწყობს ხელს. ის აღჭურვილი იქნება მხატვრული სათეატრო პრაქტიკის ანალიზისა და კონცეპტუალური რეჟისურისათვის აუცილებელი პროფესიული მეთოდოლოგიური მიდგომებით.

მათი ჩანაფიქრი სერიოზულია. მთავარია გამოჩნდნენ ახალგაზრდები, რომლებიც მათთვის შეთავაზებულ მოთხოვნებს დააკმაყოფილებენ. მაგისტრანტები, ორი წლის განმავლობაში, თეორიული კურსის პარალელურად, პრაქტიკას რუსთაველის თეატრში გაივლიან. მათ მოემსახურება თეატრის ექსპერიმენტული სცენა. კონკურსის მონაწილეს აუცილებლად უნდა ჰქონდეს ბაკალავრის წოდება და მნიშვნელობა არა აქვს რომელ სფეროში აქვს განათლება მიღებული. აქ მთავარია, მისი შემოქმედებითი ალღო, მხატვრული აზროვნება და ინტელექტი. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, გაზეთი ,,გაზეთი 24” საათი რეჟისორ რობერტ სტურუას გაესაუბრა.

- თქვენ პედაგოგობა ერთხელ უკვე სცადეთ და შემდეგ, განაცხადეთ, რომ ეს საქმე არ გეხერხებათ...

- ახალგაზრდებთან მუშაობა იმდენ ენერგიას მოითხოვს, რამდენითაც, ერთი სემესტრის განმავლობაში, დაახლოებით, სამ სპექტაკლს დავდგამდი... თუმცა, ისიც უნდა ვთქვა, რომ მაშინ ჩემს სტუდენტებთან ძალიან დავახლოვდი. მათ შორის, ერთი-ორი კარგი რეჟისორი დადგა. ერთ-ერთს, სამწუხაროდ, ბედმა ვერ გაუღიმა და ისეთ ვალებში ჩავარდა, რომ ამდენი ხანი რუსეთში, სადღაც ,,ბენზინკალონკაზე” მუშაობს. მეორეა გოგა თავაძე, რომელიც ახლა ბათუმის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელია... მართალია, მის ბოლო სპექტაკლთან დაკავშირებით რაღაც შენიშვნები მაქვს, მაგრამ ეს ისეთი პრობლემებია, რომლებიც ისედაც შემიძლია ვუთხრა.

- ახლა რატომ გადაწყვიტეთ პედაგოგობა?

- უმთავრესად იმიტომ, რომ ვატყობ, ახალგაზრდა რეჟისორები სცენიდან ამბავს ვერ გვიყვებიან... კი, ინტელექტუალებიც არიან, მაგრამ მოხვალ სპექტაკლზე და სიუჟეტს ვერ გაიგებ, აღარაფერს ვამბობ იმაზე თუ რას ქადაგებენ... როგორც აღმოჩნდა, ამბის მოყოლა რთულია და მეც მინდა მათ სწორედ ეს ვასწავლო. აი, დანარჩენი კი, რაც აზროვნებას, მსოფლმხედველობასა და ესთეტიკას ეხება, მათი ნიჭიერების საქმეა. აი, როგორც, მაგალითად, პიანისტს ასწავლიან დაკვრას... ეტყვიან, დაუკარი ბახის მენუეტი და ისიც დაუკრავს, შენ მოისმენ და რომც არ იყოს გენიალურად შესრულებული, მაინც იტყვი, რომ ბახს ძალიან სასიამოვნო მუსიკა დაუწერია... აი, ეს მინდა ვასწავლო მათ, რასაც, სხვათაშორის, არც რუსეთში ასწავლიან...

- ანუ მასშტაბურად რომ ვიმსჯელოთ, ეს ყველგან პრობლემაა?

- დიახ, რადგანაც უცხოეთში ახალგაზრდებს ისე ზრდიან, რომ ამბის მოყოლას მათაც არ ასწავლიან... ისინი თვლიან, რომ ეს მარტივია... არადა, ეს მთავარია ხელოვენბაში, თვით სახვით ხელოვენბაში და მუსიკაშიც კი... რეჟისორმა, მსახიობების საშუალებით, უნდა შეძლოს მომიყვეს სიუჟეტი, რომელსაც მაყურებელს სთავაზობს. სხვათაშორის, მინდა გითხრათ, რომ ამას მსახიობები, ზოგჯერ, რეჟისორის გარეშე უკეთ ახერხებენ... იმიტომაც არის გავრცელებული მოსაზრება იმის შესახებ, რომ რეჟისორი მსახიობებს ხშირად ხელს უშლის... მაგალითად, მოსკოვის მცირე თეატრი საერთოდ უარყობს რეჟისორს, იქ ამბობენ, რომ მსახიობები საქმეს თვითონ შესანიშნავად გაართმევენ თავს...

- მაგისტრანტებს რა კრიტერიუმით შეარჩევთ?

- მე ვფიქრობ, რომ რეჟისორი, უპირველესად, ძალიან საღი აზროვნების ადამიანი უნდა იყოს. ის უნდა ხედავდეს და ანალიზს უკეთებდეს იმას, რაც სამყაროში ხდება... ამის შემდეგ კი, შესაძლოა ბანალურადაც კი ჟღერდეს, მაგრამ მას თეატრი ისე უნდა უყვარდეს, რომ სხვაგან არ უნდოდეს... რომანტიზმის პერიოდი დასრულდა. ვფიქრობ, რომ საქართველო ნამდვილად იმსახურებს იმას, რომ თავზე ზვავივით დამტყდარ პრობლემებზე პირდაპირ ვილაპარაკოთ. ყველივე ამას კი, ძალიან საღი აზროვნების ადამიანი სჭირდება.

- რა არის ის განსაკუთრებული, რაც თქვენი პედაგოგებისგან ისწავლეთ და მომავალ თაობას გადასცემთ?

- იცით რა, ეს საქმე რწმენასავით არის... აი, მიშა თუმანიშვილი და სხვათაშორის, დოდო ალექსიძეც, როგორც კი რაიმეს ჩავიდენდით, არ შევასრულებდით დავალებას, მკაცრადაც გვსჯიდნენ. ასეთი საქციელი ღალატად ითვლებოდა. წლების განმავლობაში იმ დასკვნამდე მივედი, რომ დავაკვირდი, ვინც თეატრს ღალატობს, მისი ცხოვრება ცუდად შემოტრიალდება ხოლმე... თავდაპირველად, სწორედ ამას უნდა მივაქციოთ ყურადღება, შემდეგ კი, აუცილებელია ფილოსოფიის ისტორიის შესწავლა, რადგანაც მსოფლიოს ისეთი რეჟისორები სჭირდება, რომლებიც ახალ აზრს მოგვაწოდებენ და ჩვენც მათი სპექტაკლებიდან სახლში გაკვირვებულები და გახარებულები წამოვალთ... შესაძლოა, რეჟისორის პოზიციას სულაც არ ვეთანხმებოდეთ, მაგრამ მთავარია მან დაგვაფიქროს...

- ამ სამაგისტრო პროგრამის ამოქმედების მიზანი ისიც ხომ არ არის, რომ გსურთ დატოვოთ მოწაფე, რომელიც თქვენს გზას გააგრძელებს?

- გუშინ მიყვებოდნენ, რომ ერთ რეჟისორს უთქვამს, თურმე, რობიკო ძალიან ცუდად გამხდარა, დამიძახა და მითხრა, ქართული თეატრის ბედი შენ გააგრძელეო... მე, რა თქმა უნდა, გამეცინა... ასე არ ვფიქრობ, რადგანაც ეს ჩემს გარეშე მოხდება... ასე ადვილი რომ იყოს პედაგოგისთვის რაიმეს მოსწავლისთვის გადაცემა, მაშინ ყველაფერი ძალიან ლოგიკური იქნებოდა...

No comments:

Post a Comment