Tuesday, August 18, 2009

დესტრუქციული ყოფის იმპულსი



გუშინ წვიმდა. წვიმიანი ამინდი თავზარდამცემი ამბავია თბილისის ძველი უბნების ავარიულ სახლებში მაცხოვრებლებისთვის. როცა თავზე გაწვიმს, რთულია გააიდეალო ყოფა, რომელიც დესტრუქციულია...

სამაგიეროდ წვიმის მოსვლა არ აშინებთ იქ, სადაც ახალმშენებლობების ბუმია, მაგალითად: ვაკეში. წვიმის ხმაური სიამოვნებს კიდეც ატენის ქუჩაზე, ერთ-ერთ ახალაშენებულ კორპუსში მცხოვრებ გია ბუღაძეს, რომლის გამოფენაც, სახელწოდებით "თბილისი დღისით და ღამით", სამშაბათს, 19 საათზე, გალერეაში "ბაია" გაიხსნება... მხატვრის ფერწერულ ტილოებში აღმოვაჩინე, რომ ხელოვანს შესაძლებელია თავზე არ აწვიმდეს, მაგრამ "დესტრუქციული ყოფა" აწუხებდეს, თუნდაც მხოლოდ შემოქმედებითად... გია ბუღაძეს საკუთარ სახელოსნოში გავესაუბრე.

- ბატონო გია, პროდუქტიულობით ნამდვილად გამოირჩევით... საინტერესოა, რა გახდა ახალი ნამუშევრების შექმნის იმპულსი?

- დესტრუქციული ყოფა, რომელიც ჩემში შემოქმედებით იმპულსებს ბადებს. საზღვარგარეთ ყოფნისას, გაოცებული ვრჩები, როცა ვხედავ როგორ უვლიან და უფრთხილდებიან საკუთარ ქალაქს, იქნება ეს პარიზი, რომი, ფლორენცია, ბარსელონა, მადრიდი თუ სხვა. თბილისი კი ძალიან დესტრუქციულია.

იქ გარემო ერთგვარი "სურათია", რომლის დახატვა, თითქმის, შეუძლებელია, რადგან ვერ "შეალამაზებ". აქ კი, მიმოიხედავ და "სურათი" არსად ჩანს. თბილისი მაშინაა "ხელოვნდება" (ანუ იქცევა ხელოვნებად), როცა ტილოზე გადადის. ეს პარადოქსია, მაგრამ ასეა. თბილისი ძალიან არტისტული ქალაქია.

- ოცდაექვსივე ნამუშევარი განსხვავებულია, მაგრამ კომპოზიციათა მრავალფეროვნების მიუხედავად, ერთია ნახევარტონების თამაშში დაჭერილი ხელწერა ყოველგვარი მანევრის გარეშე...

- მართლაც ასეა, რადგან არაფერს ვიგონებ. მე მეტაფორა დავინახე ჩვეულებრივში... თუნდაც, ბადეში გახვეულ მცენარეებში, ან გადაყრილი სკამების გროვაში სახლის სახურავზე. ამ ქუჩაზე რომ გაიაროთ, ნახავთ სამ კარს, რომელთაგან ერთი ბოქლომით არის ჩაკეტილი, მეორე შეღებულია, ხოლო მესამე - დახურული. ამ ტილოზე დღე და ღამე გაერთიანებულია, სერიასაც ამიტომ დავარქვი "თბილისი დღისით და ღამით".

- ნამუშევრების დათვალიერებისას, თითქოს ნაცნობია ყველა აივანი, ეზო, ქუჩა და ხედი... მაგრამ სინამდვილეში, ალბათ, უმეტესობა არ მინახავს, მათ შორის არც ეს საოცარი ხვეული კიბე... თბილისის რომელი ქუჩები ჩახატეთ?

- ეფექტურ ადგილებს არ ვეძებდი. ჩანახატები გავაკეთე სოლოლაკში, მთაწმინდაზე, ვერაზე... აქ მოცემულია ზუბალაშვილების, ბარნოვის, ჭონქაძის, თაბუკაშვილის, დავითაშვილის, არსენას, ინგოროყვას სახელობის ქუჩების და ეზოების ფრაგმენტები. აქცენტი მაინც ძველ თბილისზე გავაკეთე... სიმართლე გითხრათ, ქუჩაში მუშაობა მიჭირდა, რადგან ხატვის საშუალებას გამვლელები არ მაძლევდნენ, ამიტომ ჩანახატებს სწრაფად ვაკეთებდი. ერთხელ ისიც კი მითხრეს: ამ სახლს რატომ იხატავთ, მერე აღარ დაანგრევენო.

- რა არის თქვენთვის თბილისი?

- მეტაფორა... ზოგისთვის თბილისი რესტორნების ან სიყვარულის ქალაქია. მაგრამ ჩემთვის ის - как замок

- თქვენი საუბრიდან გამომდინარე, ეს გამოფენა ერთგვარი აქციაა და არა ვერნისაჟი.

- შეიძლება ასეც ითქვას.

- მაგრამ გალერეა "ბაია" რომ ოცდაექვსივე ნამუშევარს ვერ დაიტევს?

- 26 ტილო იქ ნამდვილად ვერ დაეტევა. არჩევანს, ალბათ, "ბაიას" სივრცის შესაბამისად გავაკეთებ და ვნახოთ, რომელიც მოუხდება იმას გამოვფენ. ამასთან, იმ ჩანახატების ექსპონირებაც მინდა, რომლებზე დაყრდნობითაც ეს ნამუშევრები შევქმენი. მათში უკეთ იგრძნობა მოძრაობა, რომელიც ვფიქრობ საინტერესო უნდა იყოს დამთვალიერებლისთვის.

- ეს გალერეა რატომ აირჩიეთ?

- იმიტომ, რომ თბილისში გალერეები ვერ მუშაობენ. ნამუშევრები საგამოფენოდ აპრობირებულ სივრცეში უნდა გამოფინო. ამ მხრივ, ბაია წიქორიძე ერთ-ერთი ყველაზე პროფესიონალი გალერისტია საქართვლოში.



მხატვრის ოთხი ნამუშევარი სერიიდან "თბილისი დღისით და ღამით" მოჩარჩოებისას უკვე გაიყიდა. გია ბუღაძის მხატვრობით დაინტერესებულ კოლექციონერებს გულგრილს არც ეს გამოფენა დატოვებს. და მიუხედავად იმისა, რომ ახალი ნამუშევრები კარგად წარმოაჩენს უცხოელებისთვის განსაკუთრებით მიმზიდველ თბილისის ძველი უბნების კოლორიტს, მათ ფერადოვნებასა და ეკლექტიზმს, მხატვარი სულ მალე ქალაქ ფრანკფურტში სულ სხვა ნამუშევრებს გამოფენს, სერიიდან "კონცერტი". ფერწერულ ტილოებში ნათლად ჩანს მხატვრის მუსიკით შთაგონებული ფანტაზია, ფერში გაცოცხლებული ბგერა, სივრცული აზროვნება. 40 ნამუშევარი შექმნილია ბეთჰოვენის, ვაგნერის, მალერის, ლისტის, ჰენდელის, ვერდის, შუმანის, ბრამსის, შოპენის და სხვათა მელოდიებზე. მათ შორის, ავტორს განსაკუთრებით მოსწონს რიჰარდ შტრაუსის "ალპური სიმფონია." მათ კი ვისაც გია ბუღაძის "თბილისი დღისით და ღამით" დააინტერესებს, ვურჩევ ნახევარტონებში გაცოცხლებული თბილისის ფრაგმენტები ბეთჰოვენის სავიოლინო კონცერტის თანხლებით დაათვალიეროს.

No comments:

Post a Comment