Wednesday, October 28, 2009

ფოთის თეატრი ტექნოლოგიების განვითარების ეპოქაში




პრობლემები, ტენდენციები, შედეგები



დღეს, 17 სექტემბერს, ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის თეატრი სეზონს პრემიერით გახსნის. რეჟისორ ზურაბ ბეგლარიშვილის მიერ რეი ბრედბერის რომანის _ ,,451º F ” (ოთხასორმოცდათერთმეტი გრადუსი ფარენჰაიტით _ ტენპერატურა, რომელზეც იწვის ქაღალდი) მიხედვით განხორციელებული სპექტაკლი სეზონის დახურვისას ვნახეთ და შეიძლება ითქვას, რომ ამ დადგმამ განსაზღვრა სათქმელი, რომელსაც ქვემოთ ვიტყვი.

წარმოდგენის ნახვისას გამახსენდა სიახლე, რომლის დაბადების აუცილებლობაც ტექნოლოგიების განვითარებამ განაპირობა, კერძოდ: ინგლისურენოვან მოსახლეობაში სულ უფრო პოპულარულია მიკრობლოგებით გამდიდრებული სერვისი _ თწიტტერ, რომელიც ფართო მასებზეა ორიენტირებული და მომხმარებელთა ინტერესების დაკმაყოფილებას ისახავს მიზნად. ახლახანს მან საზოგადოებას შესთავაზა ლიტერატურული ნაწარმოებების უკიდურესად შეკვეცილი ვარიანტები, რომელთა სიდიდეც 140 ნიშანს არ აღემატება. ამის შესახებ ინფორმაცია არაერთმა სააგენტომ, ჟურნალ-გაზეთმა თუ ელექტონულმა გამოცემამ გაავრცელა... და ვიდრე გეტყოდეთ თუ რა კავშირშია ეს ყოველივე ფოთის თეატრში დადგმულ სპექტაკლთან, ,,მიკროკონსპექტის” რამდენიმე მაგალითსაც დაგისახელებთ: სემუელ ბეკეტის პიესა ,,გოდოს მოლოდინში” ასეა შეკვეცილი: ,,ვლადიმირი და ესტრაგონი დგანან ხესთან და ელოდებიან გოდოს. მათი სტატუსი არ იცვლება”, ხოლო დევიდ ჰერბერტ ლოურენსის რომანის, ,,ლედი ჩატერლეის საყვარელის” შინაარსი უკიდურესად არის შემოკლებული: ,,არისტოკრატი ქალი მეტყევეს გაჰყვა”. ამით იმის თქმა მინდა, რომ საკითხი, რომელიც ზემოთ აღნიშნულ სპექტაკლში პრობლემატურია და ტექნიკური პროგრესის ტყვეობაში მოქცეული საზოგადოების მდგომარეობას ეხება, თანამედროვეობაშიც აქტუალურია. ამ თვალსაზრისით რეჟისორ ზურა ბეგლარიშვილის არჩევანი გასაგებია.

რეჟისორის მიერ ინსცენირებული რომანი სულიერებას მოკლებულ ადამიანებზე მოგვითხრობს. უფრო კონკრეტულად კი მოქმედება ვითარდება 2035 წელს, როდესაც წიგნის კითხვა და მისი შენახვა აკრძალულია. მეხანძრეები, რომლებიც ადრე ცეცხლს აქრობდნენ, ახლა წიგნებს წვავენ. მათ შორის გამონაკლისია გაი მონტეგი, რომლის ცხოვრებაც მას შემდეგ იცვლება, რაც ის წიგნებით ინტერესდება. აი, ასეთია ამ რომანის და ფოთის თეატრის სცენაზე გათამაშებული წარმოდგენის მოკლე შინაარსი. თუმცა, თემის აქტუალობის პარალელურად, სპექტაკლში წარმოჩინდა პრობლემათა ჩამონათვალი, რომელსაც გვერდს ვერ აუვლით.

როგორც აღვნიშნე, საქმე ეხება ტექნიკური პროგრესის ეპოქას, სადაც წიგნი აკრძალულია და შესაბამისად, არსებობს ენის სიწმინდის შენარჩუნების პრობლემაც. ეს უკანასკნელი სპექტაკლში ყოველგვარი ძალდატანებისა და გათამაშების გარეშე გამოიკვეთა. როგორი ქართულით მეტყველებენ სცენიდან _ აი, ეს არის უპირველესი საკითხი, რომელმაც წარმოდგენის დაწყებისთანავე მომჭრა ყური.
თუ სცენოგრაფიის თვალსაზრისით, რომელიც რეჟისორს ეკუთვნის, სასაყვედურო არ გვაქვს, რადგან კოსტუმები კარგია, ხოლო დეკორაცია შეძლებისდაგვარად მორგებულია ფოთის თეატრის პატარა სცენას, იგივეს ვერ ვიტყვით ტექსტზე, რომელიც სცენიდან ისმის. სასიხარულოა, როდესაც რეჟისორი არჩევანს აკეთებს ლიტერატურულ მასალაზე, რომლის თემატიკაც მის სათქმელს ეხმიანება და ამისათვის რომანის გასცენიურებასაც არ უშინდება, მაგრამ მეორე საკითხია რამდენად გამართულია ტექსტი, რომელსაც მსახიობები წარმოთქვამენ. ამ მიმართულებით, შეუძლებელია არ აღინიშნოს, რომ არსებობს შეცდომები, რომელთა ნაწილიც გამოსწორებადია (მაგალითად, არსებითი და რიცხვითი სახელების შეუთავსებლობა), ნაწილს კი, ალბათ, აღარაფერი ეშველება, რადგანაც საქმე გვაქვს გაუმართავ წინადადებებთან, რომელთა გადაკეთებაც მსახიობებისთვის ტექსტის თავიდან დაზეპირების ტოლფასია.

კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც ამ თეატრისთვისაც გადაუჭრელია და მაყურებლის მხრიდან სპექტაკლის აღქმაზეც ცუდად მოქმედებს, ტექნიკური აღჭურვილობაა. აი, ასეთ პირობებში რატომ გადაწყვიტა ზურა ბეგლარიშვილმა ეჩვენებინა ,,ტექნიკური პროგრესის ხანა”, გაუგებარია. ამის წარმოჩენა მოძველებული ტექნიკით შეუძლებელია. შესაბამისად, სცენები, სადაც რეჟისორს მცდელობა აქვს მომავალში ,,გადაგვისროლოს” და ამას მხოლოდ მარტივი განათებითა და შავებში გამოწყობილი მეხანძრეების ერთფეროვანი მოძრაობებით ცდილობს, ნაკლებად დამაჯერებელია. როდესაც არ არსებობს გამართული ტექნიკური ბაზა, ვფიქრობ, რეჟისორმა აქცენტი მსახიობთა საშემსრულებლო ხელოვნებაზე უნდა გააკეთოს. სპექტაკლის ნახვისას კი შემექმნა შთაბეჭდილება, რომ მან ყველაზე ნაკლებად სწორედ მსახიობებზე იმუშავა.

შემოქმედებით ჯგუფს რაც შეეხება, სპექტაკლში დასის უმრავლესობაა დაკავებული. მასში მონაწილეობენ: გიორგი სურმავა, მარიკა ბუკია, რამინ კილასონია, ნანა ვასაძე, ნაირა ჭიჭინაძე, ჯანსუღ იზორია, ელგუჯა ქარაია, ფატიმა აბრახამია, ნათია კუპრავა, გიორგი ჭანტურია, ალექსანდრე გუჯაბიძე, დავით დიასამიძე, გიორგი ლიპარტელიანი, გიორგი ჯანყარაშვილი, კობა დარახველიძე, მირიან ჯეჯელავა (ეკრანული პერსონაჟი). დადგმის ქორეოგრაფია ირინა კუპრავა, ხოლო მხატვარ-შემსრულებელი _ მერაბ კვანტალიანი.

სამსახიობო ოსტატობის მხრივ, ამ შემთხვევაშიც იგივე პრობლემებთან გვაქვს საქმე, რომლებსაც მხოლოდ რეგიონალურ თეატრებში არ ვაწყდებით. ფოთის თეატრის მაგალითზე, ძალიან გამიჭირდება ისეთი მსახიობის დასახელება, რომელიც ამ საქმეში ბოლომდე დაოსტატებულია. ეს დასი პროფესიული ზრდის აუცილებლობის წინაშე დგას _ მეტყველების, პლასტიკის, როლის გათავისების თუ პერსონაჟთა ხასიათების გახსნის თვალსაზრისით.

და მიუხედავად ყველაფრისა, წარმოდგენის მიმდინარეობისას მაყურებელს თვალზე ცრემლი მოადგა, განსაკუთრებით იმ სცენის დროს, როდესაც გაი მონტეგი (გიორგი სურმავა) პროფესორ ფაბერს (ნაირა ჭიჭინაძე) დაწვას გადარჩენილ ძველ აღთქმას გადასცემს. კულმინაციურმა ეპიზოდმა კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ მსახიობის მიერ აქტუალური ტექსტის სწორ ემოციურ აღქმას მაყურებელზე ზემოქმედების მოხდენა შეუძლია. ალბათ, ამ ფაქტორმა განსაზღვრა ის, რომ წარმოდგენამ ადგილობრივი მაყურებელი დააინტერესა.

ზემოთ აქცენტი გავაკეთე პრობლემებზე, რომლებიც ამ წარმოდგენის მხატვრულ ხარისხს უკავშირდება. თუმცა, არანაკლებ მნიშვნელოვანია საკითხების მთელი რიგი, რომელთა განხილვა-გაანალიზებაც საშუალებას გვაძლევს დავინახოთ ის ,,მაგრამ”, რომელიც ამ თეატრის პროდუქციის ხარისხზე საუბრისას სპექტაკლების ერთი ხელის მოსმით გაკრიტიკების უფლებას გვართმევს.

ჩვენ თუ დავინტერესდებით რა პირობებში ფუნქციონირებს ფოთის თეატრი და იქმნება მისი პროდუქცია, მაშინ მივხვდებით, რომ სპექტაკლების მხატვრულ ხარისხზე მსჯელობა იქ არსებული პრობლემებისგან მოწყვეტით შეუძლებელია. პირადად მე ცალკეულ ფაქტორთა გათვალისწინების აუცილებლობაში მაშინ დავრწმუნდი, როდესაც ამ თეატრში მივედი და ვნახე, რომ იქ მსახიობებისთვის სამუშაოდ საჭირო პირობები არ არსებობს. აქედან გამომდინარე მიმაჩნია, რომ ფოთის თეატრის წარმომადგენლების მხრიდან ბოლო პერიოდში გამხორციელებული სპექტაკლები ერთგვარი დადასტურებაა მათი მცდელობისა გადაარჩინონ თეატრი და პრობლემების მიუხედავად ძალისხმევა არ დაიშურონ იმისათვის, რომ იქ შემოქმედებითი პროცესი წარიმართოს.

ამ კუთხით, ვფიქრობ, საგულისხმოა თეატრის განსხვავებული მდგომარეობა. მას საკუთარი შენობაც კი არ გააჩნია და დროებით, ახალი შენობის მშენებლობის დასრულებამდე, რომელიც 2010 წლისთვის იგეგმება, ძველი კულტურის სახლშია შეხიზნული.

იქ არსებული სირთულეების შესახებ შემოქმედებითი ჯგუფის წარმომადგენლებისგან შევიტყვე. აქ უმნიშვნელოვანესია კიდევ ერთი ფაქტორი: მათ აქვთ სურვილი მოისმინონ თეატრმცოდნეებისა თუ რიგითი მაყურებლის აზრი და პირიქით, დიალოგი გამართონ ამ დარგის განვითარების გულშემატკივრებთან, ესაუბრონ მათ საკუთარ შემოქმედებით პრობლემებსა და სირთულეებზე, რომელთა დაძლევაც ყოველდღიურად უწევთ (მაგალითად, საპრემიერო დღეს შუქი თეატრში სპექტაკლი დაწყებამდე 10 წუთით ადრე მოვიდა, რამაც მსახიობები ორმაგად ანერვიულა).

როცა მაყურებელს ეპატიჟები უნდა შეეცადო, რომ საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოავლინო და არ აკადრო მას თუნდაც ისეთი ტექსტი, როგორიც ქართული ენის დამახინჯებაში დაეხმარება. და რახან მაყურებელი ვახსენე, აქვე იმასაც ვიტყვი, რომ თეატრს, რომელსაც შენობის გამო სასულიერო წრესთან დიდი ხნის დავა ჰქონდა, ახლა მაყურებლის რანგში სასულიერო პირებიც აკითხავენ.

აი, ამ ურთულესი პრობლემის მოგვარებით დაიწყო ჩემი დიალოგი აღნიშნული თეატრის მმართველთან, თენგიზ ხუხიასთან (პროფესიით იურისტ-ეკონომისტი). ,,თეატრის ძველ შენობასთან დაკავშირებული დავა ხელოვანებსა და სასულიერო წრის წარმომადგენლებს შორის, დაახლოებით, 15 წელი გაგრძელდა, რამაც შემოქმედებითი პროცესის განვითარებას ხელი შეუშალა. იმ დროს ქალაქში ადამიანთა გარკვეული ჯგუფი ვალერიან გუნიას სახელობის თეატრის გაუქმებასაც კი ითხოვდა”, _ გვითხრა თენგიზ ხუხიამ, რომელიც თეატრის დირექტორად 2005 წელს დაინიშნა (მმართველია _ 2007 წლიდან), ანუ მას შემდეგ რაც თეატრის ძველი შენობა ოფოციალურად გადაეცა საპატრიარქოს (ხუხიას დანიშვნამდე ამ თეატრის დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი იყო ალექსანდრე ჯანელიძე). ამის შემდეგ, ფოთის თეატრის წარმომადგენლები რუსთაველის ქუჩაზე მდებარე ძველი კულტურის სახლში შეასახლეს. 2006 წლამდე იქ სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა. ამ პერიოდში დასი წარმოდგენების გასამართად სხვადასხვა სივრცეს იყენებდა, მაგალითად: ,,მეზღვაურთა კლუბს” და ქუჩას... ,,ეს იყო მცდელობა იმისა, რომ თეატრის შემოქმედებით ჯგუფს პროფესიაზე ხელი არ ჩაექნია”, _ აღნიშნა მმართველმა. ამავე პერიოდში შედგა ,,ვაკის თეატრალური სარდაფის” გასტროლები ფოთში სპექტაკლით ,,ქრონიკები” (რეჟისორი ო. ეგაძე) და დაიდგა მოწვეული რეჟისორის, ხათუნა ბედელაძის მიერ გ. ნახუცრიშვილის პიესის მიხედვით განხორციელებული სპექტაკლი ,,როგორ გვიყვარდა ჩვენ ერთმანეთი”. აღსანიშნავია, რომ ამ მაგალითის შემდეგ ფოთის თეატრს რეჟისორების მოწვევის პრინციპისთვის არ უღალატია. ბოლო 5 წლის განმავლობაში აქ რეჟისორად იმუშავა ირაკლი გოგიამ (,,ბუა”, ,,მორფი”, ,,ძალაუფლება”, ,,პილონი”), გაგა გოშაძემ (,,ზვავი”, ,,თეატრი”, ,,ვინ არის ვინ”), რალფ ზიბელტმა (პ. ტურინის ,,ვირთხებზე ნადირობა”).

,,ჩვენი თეატრის პოლიტიკის შემუშავებისას აქცენტი ახალგაზრდა მაყურებლის დაინტერესებაზეც გავაკეთეთ და საბავშვო სპექტაკლი ,,ბუა” დავდგით. მოგვიანებით, ფოთის თეატრმა სპექტაკლები თბილისშიც ჩაიტანა და მაყურებელი ჯერ ,,ვაკის თეატრალური სარდაფის” სცენაზე მიიწვია ლ. ბუღაძის ,,თეატრის” (რეჟისორი ი. გოგია) სანახავად, შემდეგ კი _ თუმანიშვილის თეატრში, სადაც გაგა გოშაძის მიერ დადგმული ,,ზვავი” წარმოადგინა. სპექტაკლის სანახავდ მოსულ მაყურებელს შესაძლებლობა მიეცა შემოწირულობა ფოთის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის სახელზე გაეღო. ამ ფაქტმა სკეპტიკურად განწყობილი საზოგადეობის ნაწილი საბოლოოდ დაარწმუნა იმაში, რომ აქამდე დაპირისპირებულ მხარეებს შორის ურთიერთობა ახალ, ერთმანეთისადმი კეთილგანწყობილ ფაზაში გადაიზარდა”, _ გვითხრა თენგიზ ხუხიამ.

ფოთის თეატრმა მონაწილეობა მიიღო ფესტივალში ,,კავკასია 2007”, სადაც ირაკლი გოგიას მიერ რეზო კლდიაშვილის ნაწარმოების მიხედვით დადგმული ,,პილონი” წარმოადგინა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ შეთანხმებული მუშაობა არ გაჩერებულა შენობაში, სადაც თეატრთან ერთად დღემდე ფუნქციონირებს ფოლკლორის სახლი, ქორეოგრაფიული სტუდია და თოჯინების თეატრი.

თეატრისთვის განსაკუთრებული აღმოჩნდა 2008 წელი, როდესაც განხორციელდა ლევან ხეთაგურის იდეა და ოფიციალურად დაარსდა ,,საქართველოს რეგიონალური თეატრების ქსელი” (თავმჯდომარე თენგიზ ხუხია), რომელშიც გაერთიანებულია საქართველოს ყველა რეგიონალური თეატრი, ასევე, თავისუფალი თეატრი, სამეფო უბნის თეატრი, მიხეილ თუმანიშვილის სახელობის თეატრი და თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი, რომელიც წევრის სტატუსით სარგებლობს. ამავე წელს ის ევროპის თეატრების ქსელის (IPM) წევრიც გახდა. ფოთის თეატრის ბოლო პერიოდის შემოქმედებით ბიოგრაფიაში განსაკუთრებული მოვლენაა გერმანელ რეჟისორთან _ რალფ ზიბელტთან და მხატვართან _ მაქს ჯულიან ოტოსთან თანამშრომლობა (სპექტაკლზე, სახელწოდებით ,,ვირთხებზე ნადირობა”, გაზეთი ,,24 საათიც” წერდა).

კითხვაზე, რატომ იწვევთ რეჟისორებს, თენგიზ ხუხიამ გვიპასუხა: _ ,,ეს მეთოდი აპრობირებულია ევროპაში და ამ სისტენაზე ნელ-ნელა, ალბათ, ჩვენც გადავალთ... სხვადასხვა რეჟოსორთან მუშაობის პროცესი მრავალმხრივ საინტერესოა _ თითოეულ მათგანს აქვს საკუთარი ხელწერა, მუშაობის თავისებური სტილი და მანერა, რაც დასს საშუალებას აძლევს არ იყოს დამოკიდებული ერთ კონკრეტულ სკოლასა თუ ხელწერაზე...”.



როგორც მმართველისგან შევიტყვეთ, თეტრი, რომლის დარბაზიც 110 მაყურებელს იტევს, ადგილობრივი ბიუჯეტიდან მხოლოდ 230 000 ლარით ფინანსდება. 60-მდე თანამშრომლის საშუალო ხელფასი კი 200-დან 350 ლარამდე მერყეობს, რაც მიზერია ადამიანებისთვის, რომლებიც მთელ დროსა და ენერგიას თეატრს უთმობენ. თუმცა, ამ დაწესებულების ერთ_ერთ ყველაზე მტკივნეულ პრობლემად რჩება ტექნიკური აღჭურვილობა. ,,ახალ შენობაში გადასვლის შემდეგ, იმედი გვაქვს, რომ ტექნიკური აღჭურვილობის პრობლემა მოგვარდება. ამასთან, ვიტყვი იმასაც, რომ ბევრს აქვს თეატრის მხარდაჭერის სურვილი, რასაც საგადასახადო პოლიტიკამაც უნდა შეუწყოს ხელი... ამ მიმართულებით კანონში ცვლილებების შეტანა აუცილებელია”, _ აღნიშნა თენგიზ ხუხიამ.

იმედი გვაქვს, რომ ფოთის თეატრის ახალი შენობის მშენებლობა 2010 წლისთვის დასრულდება და 450 კაციან დარბაზში მოხვედრილ მაყურებელს საშუალება მიეცემა აქცენტი სპექტაკლის მხოლოს მხატვრულ ხარისხზე გააკეთოს და არა თვალშისაცემ პრობლემებზე.

No comments:

Post a Comment