Tuesday, August 18, 2009

რობერტ სტურუამ პედაგოგობა გადაწყვიტა


სიახლე მათთვის, ვისაც სურს მაყურებლამდე ,,ამბის მიტანის ხელოვნებას” დაეუფლოს



მოდით, საკუთარ თავს მცირე გამოკითხვა ჩავუტაროთ და გავიხსენოთ უახლოეს წარსულში, გუშინწინ, იმის წინ და ა.შ. ახალგაზრდა რეჟისორის მიერ დადგმული ერთი სპექტაკლი, რომელშიც ის სიუჟეტს ანუ ამბავს ოსტატურად გვიყვება... თქვენი არ ვიცი, მაგრამ პირადად მე ახლახან ნანახ წარმოდგენებზე იგივეს ვერ ვიტყვი. როგორც ჩანს, რეჟისორთაგან მაყურებლამდე ,,ამბის მიტანის ხელოვნებას” ერთეულები ფლობენ, რაც სერიოზულ პრობლემად იქცა, როგორც დრამის რეჟისორთათვის, ასევე მაყურებლისთვის.

ამ ბოლო დროს მომრავლდა შემთხვევები, როდესაც რეჟისორები არა თუ ვერ გვიყვებიან პიესაში მოცემულ სიუჟეტს, სამუშაოს ვერ ასრულებენ და მათი დაწყებული საქმის დამთავრებას ან სხვები იღებენ საკუთარ თავზე, ან კიდევ, რეპეტიციები თვეობით იწელება. ამის მაგალითია რუსთაველის თეატრში დადგმული სპექტაკლი ,,Play ანუ სიკვდილის როკვა”, რომელზე მუშაობაც რეჟისორმა ანდრო ენუქიძემ დაიწყო, მაგრამ რობერტ ასტურუამ დაამთავრა. ასევე, მარჯანიშვილის თეატრში განხორციელებული ,,ქალი წარსულიდან”, რომლის დადგმა, კვლავაც ერთმა – პაატა ციკოლიამ დაიწყო, მაგრამ მეორემ – ლევან წულაძემ დაამთავრა... ახლა კი ველოდებით, პრემიერას როდის შემოგვთავაზებს რეჟისორი დათო პაპავა, რომელიც რუსთაველის თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე უკვე რამდენიმე თვეა დგამს სპექტაკლს, რომელზეც თეატრალები ისევე წინასწარ ალაპარაკდნენ, როგორც თავად ამ რეჟისორზე. თანაც, ამ შემთხვევაში, წარმოდგენის გამოშვების დაგვიანების პრობლემა სადადგმო ხარჯები სულაც არ გახლავთ. დაფინანსება არსებობს, შედეგი კი – არა და არა... თუმცა, მაინც ვერ ვიფიქრებდი, რომ რეჟისურის ანა-ბანას არმცოდნე ახალგაზრდების მომრავლება შეაწუხებდა რობერტ სტურუას, რომელმაც გადაწყვიტა ხელი მოჰკიდოს საქმეს, რომელზეც ერთხელ უკვე თქვა უარი და თანაც, საკუთარი სურვილით.

საქმე ახალ წამოწყებას ეხება. კერძოდ იმას, რომ შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას დრამის რეჟისურის ფაკულტეტზე, სამაგისტრო პროგრამის გავლით. მსურველებმა განაცხადები 30 დეკემბრის ჩათვლით უნდა წარმოადგინონ, 26 დეკემბერს კი, კონსულტაციების მისაღებად, ღია კარის დღე გაიმართება.

სპეციალობის დასახელება - დრამის რეჟისურა (თეორიისა და პრაქტიკის ანალიზი), მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი – ხელოვნების მაგისტრი, პროგრამის ხელმძღვანელები - რეჟისორი რობერტ სტურუა და ასოცირებული პროფესორი თამარ ბოკუჩავა, სწავლების ხანგრძლივობა - ორი წელი. აღნიშნული პროგრამის მიზანია, მომზადდეს თეატრის რეჟისურის ისეთი სპეციალისტი, რომელიც იცნობს თანამედროვე სათეატრო პროცესებს, ერკვევა თეატრის თეორიაში, იცის რეჟისურის ისტორია, თეორია და შეუძლია შემოქმედებითი თეატრალური პროცესის დაგეგმვა, ანალიზი და მართვა.

სამაგისტრო კურსის ხელმძღვანელები მიიჩნევენ, რომ რეჟისორ-ანალიტიკოსის მომზადება იმიტომაცაა მნიშვნელოვანი, რომ ის თეატრალურ პროცესს ერთიანი კულტურული პროცესის კონტექსტში აღიქვამს, იცნობს და ხედავს სათეატრო რეჟისურის მიერ განვლილ გზას და განჭვრეტს მისი უახლოესი თუ შორეული განვითარების პერსპექტივებს. მისთვის ცნობილია სპექტაკლის მომზადების საწარმოო-ტექნოლოგიური მხარის ძირითადი კომპონენტები და მათი შესაძლებლობები. ასეთი ტიპის სპეციალისტი კი, ქართული თეატრის საუკეთესო ტრადიციის განვითარებასა და მსოფლიო თეატრალურ პროცესში ქართული თეატრის ინტეგრაციას შეუწყობს ხელს. ის აღჭურვილი იქნება მხატვრული სათეატრო პრაქტიკის ანალიზისა და კონცეპტუალური რეჟისურისათვის აუცილებელი პროფესიული მეთოდოლოგიური მიდგომებით.

მათი ჩანაფიქრი სერიოზულია. მთავარია გამოჩნდნენ ახალგაზრდები, რომლებიც მათთვის შეთავაზებულ მოთხოვნებს დააკმაყოფილებენ. მაგისტრანტები, ორი წლის განმავლობაში, თეორიული კურსის პარალელურად, პრაქტიკას რუსთაველის თეატრში გაივლიან. მათ მოემსახურება თეატრის ექსპერიმენტული სცენა. კონკურსის მონაწილეს აუცილებლად უნდა ჰქონდეს ბაკალავრის წოდება და მნიშვნელობა არა აქვს რომელ სფეროში აქვს განათლება მიღებული. აქ მთავარია, მისი შემოქმედებითი ალღო, მხატვრული აზროვნება და ინტელექტი. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, გაზეთი ,,გაზეთი 24” საათი რეჟისორ რობერტ სტურუას გაესაუბრა.

- თქვენ პედაგოგობა ერთხელ უკვე სცადეთ და შემდეგ, განაცხადეთ, რომ ეს საქმე არ გეხერხებათ...

- ახალგაზრდებთან მუშაობა იმდენ ენერგიას მოითხოვს, რამდენითაც, ერთი სემესტრის განმავლობაში, დაახლოებით, სამ სპექტაკლს დავდგამდი... თუმცა, ისიც უნდა ვთქვა, რომ მაშინ ჩემს სტუდენტებთან ძალიან დავახლოვდი. მათ შორის, ერთი-ორი კარგი რეჟისორი დადგა. ერთ-ერთს, სამწუხაროდ, ბედმა ვერ გაუღიმა და ისეთ ვალებში ჩავარდა, რომ ამდენი ხანი რუსეთში, სადღაც ,,ბენზინკალონკაზე” მუშაობს. მეორეა გოგა თავაძე, რომელიც ახლა ბათუმის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელია... მართალია, მის ბოლო სპექტაკლთან დაკავშირებით რაღაც შენიშვნები მაქვს, მაგრამ ეს ისეთი პრობლემებია, რომლებიც ისედაც შემიძლია ვუთხრა.

- ახლა რატომ გადაწყვიტეთ პედაგოგობა?

- უმთავრესად იმიტომ, რომ ვატყობ, ახალგაზრდა რეჟისორები სცენიდან ამბავს ვერ გვიყვებიან... კი, ინტელექტუალებიც არიან, მაგრამ მოხვალ სპექტაკლზე და სიუჟეტს ვერ გაიგებ, აღარაფერს ვამბობ იმაზე თუ რას ქადაგებენ... როგორც აღმოჩნდა, ამბის მოყოლა რთულია და მეც მინდა მათ სწორედ ეს ვასწავლო. აი, დანარჩენი კი, რაც აზროვნებას, მსოფლმხედველობასა და ესთეტიკას ეხება, მათი ნიჭიერების საქმეა. აი, როგორც, მაგალითად, პიანისტს ასწავლიან დაკვრას... ეტყვიან, დაუკარი ბახის მენუეტი და ისიც დაუკრავს, შენ მოისმენ და რომც არ იყოს გენიალურად შესრულებული, მაინც იტყვი, რომ ბახს ძალიან სასიამოვნო მუსიკა დაუწერია... აი, ეს მინდა ვასწავლო მათ, რასაც, სხვათაშორის, არც რუსეთში ასწავლიან...

- ანუ მასშტაბურად რომ ვიმსჯელოთ, ეს ყველგან პრობლემაა?

- დიახ, რადგანაც უცხოეთში ახალგაზრდებს ისე ზრდიან, რომ ამბის მოყოლას მათაც არ ასწავლიან... ისინი თვლიან, რომ ეს მარტივია... არადა, ეს მთავარია ხელოვენბაში, თვით სახვით ხელოვენბაში და მუსიკაშიც კი... რეჟისორმა, მსახიობების საშუალებით, უნდა შეძლოს მომიყვეს სიუჟეტი, რომელსაც მაყურებელს სთავაზობს. სხვათაშორის, მინდა გითხრათ, რომ ამას მსახიობები, ზოგჯერ, რეჟისორის გარეშე უკეთ ახერხებენ... იმიტომაც არის გავრცელებული მოსაზრება იმის შესახებ, რომ რეჟისორი მსახიობებს ხშირად ხელს უშლის... მაგალითად, მოსკოვის მცირე თეატრი საერთოდ უარყობს რეჟისორს, იქ ამბობენ, რომ მსახიობები საქმეს თვითონ შესანიშნავად გაართმევენ თავს...

- მაგისტრანტებს რა კრიტერიუმით შეარჩევთ?

- მე ვფიქრობ, რომ რეჟისორი, უპირველესად, ძალიან საღი აზროვნების ადამიანი უნდა იყოს. ის უნდა ხედავდეს და ანალიზს უკეთებდეს იმას, რაც სამყაროში ხდება... ამის შემდეგ კი, შესაძლოა ბანალურადაც კი ჟღერდეს, მაგრამ მას თეატრი ისე უნდა უყვარდეს, რომ სხვაგან არ უნდოდეს... რომანტიზმის პერიოდი დასრულდა. ვფიქრობ, რომ საქართველო ნამდვილად იმსახურებს იმას, რომ თავზე ზვავივით დამტყდარ პრობლემებზე პირდაპირ ვილაპარაკოთ. ყველივე ამას კი, ძალიან საღი აზროვნების ადამიანი სჭირდება.

- რა არის ის განსაკუთრებული, რაც თქვენი პედაგოგებისგან ისწავლეთ და მომავალ თაობას გადასცემთ?

- იცით რა, ეს საქმე რწმენასავით არის... აი, მიშა თუმანიშვილი და სხვათაშორის, დოდო ალექსიძეც, როგორც კი რაიმეს ჩავიდენდით, არ შევასრულებდით დავალებას, მკაცრადაც გვსჯიდნენ. ასეთი საქციელი ღალატად ითვლებოდა. წლების განმავლობაში იმ დასკვნამდე მივედი, რომ დავაკვირდი, ვინც თეატრს ღალატობს, მისი ცხოვრება ცუდად შემოტრიალდება ხოლმე... თავდაპირველად, სწორედ ამას უნდა მივაქციოთ ყურადღება, შემდეგ კი, აუცილებელია ფილოსოფიის ისტორიის შესწავლა, რადგანაც მსოფლიოს ისეთი რეჟისორები სჭირდება, რომლებიც ახალ აზრს მოგვაწოდებენ და ჩვენც მათი სპექტაკლებიდან სახლში გაკვირვებულები და გახარებულები წამოვალთ... შესაძლოა, რეჟისორის პოზიციას სულაც არ ვეთანხმებოდეთ, მაგრამ მთავარია მან დაგვაფიქროს...

- ამ სამაგისტრო პროგრამის ამოქმედების მიზანი ისიც ხომ არ არის, რომ გსურთ დატოვოთ მოწაფე, რომელიც თქვენს გზას გააგრძელებს?

- გუშინ მიყვებოდნენ, რომ ერთ რეჟისორს უთქვამს, თურმე, რობიკო ძალიან ცუდად გამხდარა, დამიძახა და მითხრა, ქართული თეატრის ბედი შენ გააგრძელეო... მე, რა თქმა უნდა, გამეცინა... ასე არ ვფიქრობ, რადგანაც ეს ჩემს გარეშე მოხდება... ასე ადვილი რომ იყოს პედაგოგისთვის რაიმეს მოსწავლისთვის გადაცემა, მაშინ ყველაფერი ძალიან ლოგიკური იქნებოდა...

Monday, August 17, 2009

ამერიკული თეატრალური ოსკარი ქართველებს!

ირაკლი კავსაძე და "SYNETIC THEATRE”


ვაშინგტონი თეატრალური ხელოვნების მოყვარულთა ადგილია. ამ სფეროში განსაკუთრებით პრესტიჟულია ამერიკელი მსახიობის - ჰელენ ჰეიზის (1900-1993 წწ.) სახელობის ყოველწლიური პრემია, რომელსაც თეატრალურ "ოსკარსაც” უწოდებენ.

Helen Hayes Awards 1984 წელს დაარსდა და საყოველთაო ინტერესი გამოიწვია. 24 კატეგორიაში გამოვლენილი გამარჯვებულები წამყვანი რეჟისორები, მსახიობები, სცენოგრაფები, სპექტაკლის მუსიკალური გამფორმებლები, ქორეოგრაფები და გამნათებლები არიან. მათ შორის არაერთგზის აღიარეს 2002 წელს პაატა (მსახიობი და რეჟისორი) და ირინა (ქორეოგრაფი) ციქურიშვილების მიერ დაარსებული "SYNETIC THEATRE”.

"სინეტიკ თეატრს" აქვს გამორჩეული ხელწერა, რომელიც ამერიკელ მაყურებელს ძალიან მოსწონს. შემოქმედებითი ჯგუფი წარმატების მიზეზად ქართულ ფუძესა და ქართული თეატრალური ხელოვნების ტრადიციას ასახელებს. თეატრის ჩამოყალიბებაში დიდი წვლილი მიუძღვის მსახიობ ირაკლი კავსაძეს, რომელიც 1969 წლის 31 აგვისტოს ცნობილი ქართველი მსახიობების - კახი კავსაძისა და ბელა მირიანაშვილის ოჯახში დაიბადა. 7 წლისა მონაწილეობდა რობერტ სტურუას გახმაურებულ სპექტაკლში "კავკასიური ცარცის წრე", 1986-1990 წლებში სწავლობდა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს ინსტიტუტში, 1991 წლიდან ჩაირიცხა რუსთაველის თეატრში.

ირაკლი კავსაძე ამერიკაში 2001 წლიდან მოღვაწობს. არის "სინეტიკ თეატრის" ერთ-ერთი წამყვანი მსახიობი. მის მიერ განსახიერებული როლებიდან აღსანიშნავია: ექიმი ვან ჰელსინგი ("დრაკულა"), მეფე აიეტი ("არგონავტები"), ზვიადაური ("სტუმარ-მასპინძელი"), კლავდიუსი ("ჰამლეტი"), პილატე პონტოელი ("ოსტატი და მარგარიტა"), მოხუცი ("ოქროს თევზი"), კარაბას ბარაბასი ("ბურატინო") და სხვა. ამასთან არის სპექტაკლების - "მაკბეტი", "ფრანკეშტეინი", "ოსტატი და მარგარიტა", "სალომეა" - მუსიკალური გამფორმებელი.

საქართველოში ირაკლი კავსაძე რამდენიმე კვირით ჩამოვიდა. ამერიკაში დაბრუნებამდე ჩაწერილ ინტერვიუში მან არაერთ კითხვაზე გვიპასუხა.

- ბ-ნო ირაკლი, როგორ დაიწყო თქვენი შემოქმედებითი კავშირი პაატა ციქურიშვილთან?

- ამერიკაში ჩასვლამდე ვიცოდი, რომ პაატა გერმანიაში იმყოფებოდა და შემოქმედებით ჯგუფთან ერთად ევროპაში მოგზაურობდა. მისი ამერიკაში გადასვლის ამბავი ვაშინგტონში შევიტყვე და დიდი ხნის უნახავ მეგობარს შევხვდი. პაატა ამერიკული ცხოვრების წესს კარგად იცნობდა. მეც მივხვდი, რომ იქ დამკვიდრება და უცხო სცენაზე გამოსვლა იოლი არ იქნებოდა. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ ამერიკაში მსახიობები პრივილეგიებით სარგებლობენ, რადგან შემოქმედ ადამიანებს ინტერნაციონალებად მიიჩნევენ. მადლობა ღმერთს ყველაფერი კარგად აეწყო და თეატრის დირექტორთა საბჭოს მოწონება დავიმსახურე.

- ვინ მართავს და აფინანსებს ამერიკულ თეატრს?

- სახელმწიფო დოტაციაზე არც ერთი თეატრი არ იმყოფება. თეატრს ჰყავს დირექტორთა საბჭო, რომელიც ყველაფერს აკონტროლებს. შემოქმედებით ორგანიზაციებს აფინანსებენ კერძო პირები, კომპანიები და კორპორაციები. მათ ხელოვნების გადარჩენა-განვითარებისთვის გაღებული თანხა სახელმწიფო გადასახადებში ექვითებათ, რაც ორმხრივი სარგებელის მომტანია. ორგანიზაციებს ამიტომაც უჩნდებათ ქველმოქმედების სურვილი, თორემ ბილეთების გაყიდვის ხარჯზე ვერ იარსებებ. სტაბილური ხელფასიც მხოლოდ იმ ადამიანებს აქვთ, რომლებიც კომპიუტერებთან სხედან და გრანტების მოპოვებაზე მუშაობენ, ინფორმაციას უგზავნიან მაყურებელს, სხვადასხვა ორგანიზაციებს... მსახიობები კი ხდებიან დამლაგებლები, მომვლელები, ბარმენები, გამყიდველები და აგროვებენ ფულს იმისათვის, რომ დაბეჭდონ ფოტოსურათები, რომლებსაც მათი ბიოგრაფიული მონაცემებიც ახლავს და დააგზავნონ ტელევიზიებში, კინოსტუდიებში, თეატრებში... იქნებ გაუმართლოთ და როლზე აიყვანონ... ასეთი მონაცემები ჩვენთანაც გამოუგზავნიათ და რამდენიმე მოგვიწვევია კიდეც.

- რატომ გამოეყო "სინეტიკ თეატრი" სტანისლავსკის სახელობის თეატრს-სტუდიას?

- სტანისლავსკის თეატრ-სტუდიას 2002 წელს გამოვეყავით. ამის მიზეზი შემოქმედთა განსხვავებული ხედვა იყო და არა კონფლიქტი ან უთანხმოება. პაატა და ირინა ციქურიშვილების გარდა, თეატრ-სტუდიის დამაარსებელი გახლდათ ანდრეი ბაბელი. მათი რეჟისურა და ხელწერა ერთმანეთისგან ისე განსხვავდებოდა, როგორც ქართული და რუსული თეატრი... არადა, იყო პერიოდი, როცა პაატა და ანდრეი სპექტაკლებს ერთად დგამდნენ. ამერიკაში ჩასულმა პირველად ანდრეის სპექტაკლში "მკვდარი სულები" ვითამაშე და მახსოვს რეპეტიციები იმდენად მოსაწყენი იყო, რომ სათითაოდ ყველას გვეძინა. დღეისათვის "სინეტიკ თეატრი" საუკეთესო თეატრია ვირჯინიასა და ვაშინგტონში. ბევრი გვეხმიანება ლოს ანჯელესიდან, ნიუ იორკიდან... გვიგზავნიან მონაცემებს და ჩვენი შემოქმედებით ინტერესდებიან.

- სად დამკვიდრდა "სინეტიკ თეატრი"?

- არლინგტონში (ვირჯინია) გვაქვს ოფისი და ძალიან პატარა თეატრი, სადაც საბავშვო სპექტაკლებს წარმოვადგენთ. ძირითადად "როზლინ-სპექტრუმში” ვთამაშობთ. ხშირად გამოვდივართ ბევრისთვის საოცნებო ვაშინგტონის "კენედი ცენტრში". ამ თეატრის სცენაზე თამაში ძვირი სიამოვნებაა, რაც არ უნდა ანშლაგით ითამაშო შესაძლოა ფულის დამატება დაგჭირდეს. თავიდან დავფიქრდი, ნეტავ ეს რაში გვაწყობს-მეთქი? საქმე იმაშია, რომ "კენედი ცენტრში" წარმოდგენილ სპექტაკლებს სერიოზული დონორები ესწრებიან, რომლებსაც თუ მოეწონე ფულს გჩუქნიან და ხშირად სპონსორები დირექტორთა საბჭოს წევრებიც ხდებიან. როდესაც მაიკლ და ჰანა ჰასკეტებმა "სინეტიკ თეატრის" მიერ განხორციელებული "ფრანკეშტეინი" ნახეს, იმ დღიდან არ მოგვშორებიან და დირექტორთა საბჭოშიც გაწევრიანდნენ. როცა თეატრი დადგმისათვის საჭირო თანხას ვერ შოულობს, დირექტორთა საბჭო კანონით ვალდებულია საკუთარი ფული დადოს, რადგან დაგეგმილი სპექტაკლების გადატანა ან მოხსნა დაუშვებელია. არადა, ერთი სპექტაკლი მაქსიმუმ 8-9 კვირა შეიძლება ითამაშო, მერე მას თაროზე შემოდებენ. "სინეტიკ თეატრი" ერთადერთი თეატრია, რომელიც სპექტაკლებს აღადგენს ხოლმე.

- რას გვეტყვით ჰელენ ჰეიზის პრემიაზე, რომელზეც პირადად თქვენ ოთხჯენ იყავით ნომინირებული და სპექტაკლ "მაკბეტის" მუსიკალური გაფორმებისათვის ლაურეატობაც მოიპოვეთ?

- ვამაყობთ, რომ ჩვენი თეატრი არაერთხელ დაჯილდოვდა ჰელენ ჰეიზის პრესტიჟული პრემიით, რომელსაც თეატრალურ ოსკარსაც უწოდებენ. ის იგივეა, რაც ნიუ იორკში ტონი ავარდის სახელობის პრემია...

- ამ თეატრის ხიბლი რაში მდგომარეობს?

- ქართულ ფუძეში. ქართულ თეატრალურ ტრადიციასა და გამოცდილებაში. ჩვენც ამ ხელოვნების შვილები ვართ... პაატას პედაგოგი იყო ბ-ნი ამირან შალიკაშვილი, ჩემი - ბ-ნი გიზო ჟორდანია, რომელიც გვეუბნებოდა: მსახიობს უნდა ჰქონდეს ჯიბე, სადაც ყველაფერს შეინახავს. შესაძლოა დღეს რაღაც არ გამოგივიდეს, მაგრამ არ გადააგდო, ადექი და ჯიბეში შეინახე, ვინ იცის როდის გამოგადგებაო. ჩვენც ვცდილობთ ჯიბიდან ამოვალაგოთ ყველაფერი რაც ოდესმე გვინახავს და გვისწავლია.

- გოგი მესხიშვილთან და გია ყანჩელთან კვლავაც თანამშრომლობთ?

- ახალგაზრდა თეატრს ხელი თუ არ გაუწოდე ფეხზე ვერასოდეს დადგება. ძალიან დიდი მადლობა ბ-ნ გიას ყანჩელს, გოგი მესხიშვილს, ვატო კახიძეს, რომლებმაც ხელი შემოგვაშველეს, რადგან კარგად იციან რამდენად რთულია უცხო ქვეყანაში, მით უფრო ამერიკაში დამკვიდრება. ჩვენს თეატრს ახლა საკთარი კომპოზიტორი ჰყავს, ეს გახლავთ გურამ ლორთქიფანიძის შვილი - გოგი ლორთქიფანიძე, რომელიც არაჩვეულებრივ კომპოზიციებს წერს. აქამდე ძირითადად ვიყენებდით ყანჩელის, კახიძის, შნიტკეს, ბრეგოვიჩისა და სხვათა კომპოზიციებს.

- ბ-ნ კახი კავსაძეს აღარ იწვევთ?

- თუ სურვილი და დრო ექნება, აუცილებლად მოვიწვევთ. გვსურდა "არგონავტებში" აიეტი ეთამაშა, მაგრამ კახის მოსკოვში ჰქონდა გადაღებები და ჩვენთან ჩამოსვლა ვეღარ შეძლო. საბოლოოდ აიეტი მე შევასრულე. იცით, კახიც გადაიღალა, მან გულის ორი ოპერაცია გადაიტანა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ინგლისურ ენაზე თამაშის გამო არანორმალურად ნერვიულობს. თუმცა, სპექტაკლში "სტუმარ-მასპინძელი" ისე კარგად ითამაშა, ამერიკელები ვერ დავარწმუნეთ, რომ მან ინგლისური არ იცოდა. კახიმ თავისი საქმე შესანიშნავად გააკეთა.

- რაც აქ ჩამოხვედით რუსთაველის თეატრის სპექტაკლებს ხშირად ესწრებით... ამ სცენაზე თამაში არ გენატრებათ?

- რა თქმა უნდა მენატრება. თუმცა, ამერიკაში წასვლას არ ვნანობ, რადგან იქ სხვა საქმესაც ვაკეთებ. ხშირად კითხულობდნენ: ვინ დგამს სპექტაკლს? - ქართველი, ვინ არის მსახიობი? - ქართველი, ვისი მუსიკაა? - ქართველის. ქართველის ხსენებამ ბევრი დაარწმუნა იმაში, რომ საქართველო რუსეთი არ არის (ამაზე ძალიან ვბრაზდებოდი), ქართულ კინოს ასწლიანი ისტორია აქვს... ჩვენ სპექტაკლების შემდეგ ვხდებით მაყურებელს, რომელსაც ვუყვებით საქართველოსა და ქართულ კულტურაზე, შემდეგ ეს ადამიანები საქართველოშიც ჩამოდიან. ერთი აქ მოინათლა კიდეც. ბედნიერებაა, როცა ჩემს ქვეყანას პატივს სცემენ. ეს არის ჩვენი დაუღალავი მუშაობის შედეგი.

- საქართველოში შვიდი წელია არ ყოფილხართ... შეცვლილი მოგეჩვენათ?

- დავრწმუნდი, რომ საქართველოში შემოქმედებითი ცხოვრება არასოდეს ჩაქრება. ვნახე რუსთაველის, მარჯანიშვილის, მოზარდმაყურებელთა თეატრების სპექტაკლები და ცრემლები მომადგა, როცა დაძაბული და მძიმე მდგომარეობის მიუხედავად დარბაზში ამდენი მაყურებელი დავინახე. ფაქტია, რომ ხალხი არ ცხრება, მას არ სურს ხელოვნებას ჩამოშორდეს. უკეთესი იქნება, თუ ამას ეკონომიკური აღმავლობაც დაემატება.

- ამერიკაში თქვენს გარეშე როგორ თამაშობენ?

- ახლა "კარმენს" წარმოადგენენ, სადაც მე არ ვთამაშობ, რადგან მარცხენა ფეხის ოპერაცია გავიკეთე და ექიმებმა სცენაზე ასვლა კატეგორიულად ამიკრძალეს. ამიტომაც ვიხელთე დრო და აქეთ ჩამოვედი, თორემ უკვე ისეთ მდგომარეობაში ვიყავი რომ ვეღარ ვჩერდებოდი. საქართველოში ისეთი ენერგიით ვივსები, რომელიც ამერიკაში უფრო მეტს შემაძლებინებს.

- როდის იხილავს თქვენს სპექტაკლებს ქართველი მაყურებელი?

- ძალიან გვინდა, რომ საქართველოში ჩამოვიდეთ. სიმართლე გითხრათ, ჩემი აქ ყოფნის ერთ-ერთი მიზეზიც ეს არის. მეგობრების დახმარებით, სამშობლოში მალე აუცილებლად ჩამოვალთ!..

რუსთაველის თეატრში მოსულ ირაკლი კავსაძეს თან უმცროსი ქალიშვილი - ნატალი-ბელაც ახლდა, რომელსაც მუზეუმს ათვალიერებინებდა და სევდიანად უხსნიდა: - "მამა, მე ამ თეატრში გავიზარდე! ნახე, ეს შენი ბებოს ფოტოა"... ამერიკაში მასთან ერთად მეუღლე – ლიკა გორგილაძე და უფროსი ქალიშვილი ირინა ცხოვრობს, საქართველოში კი საყვარელი მამა, და - ნანუკა ხუსკივაძე, დისშვილი და მეგობრების მთელი არმია.

დორის ლესინგი

ფემინისტი თუ პრაგმატიკოსი



მწერლებს არ უყვართ ე.წ. ყვითელი პრესა. სამაგიეროდ ინტერვიუზე სერიოზული გამოცემის ჟურნალისტებს ადვილად თანხმდებიან. ეს საქართველოშიც ასეა და უცხოეთშიც. თუმცა, იქ, ჩვენგან განსხვავებით, ინტერვიუერები მწერლის პირადი ცხოვრებით უფრო ინტერესდებიან და ხელიდან არ უშვებენ შემთხვევას "შემოქმედების მიღმა არსებული" გამოააშკარაონ.

ამის ცოცხალი მაგალითია ინგლისელი მწერალი, 2007 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი დორის ლესინგი, რომელიც ხშირად აღნიშნავს, რომ იგი ფემინისტი კი არა, უბრალოდ თავისუფალი ადამიანია, ყოველგვარი ჩაგვრისა და დამცირების წინააღმდეგ მებრძოლი... ნობელის პრემიის მინიჭებამდე ჩაწერილ ამ ინტერვიუში ლესინგი ღიად მოგვითხრობს ცხოვრების იმ რეალიებზე, რომლებმაც მნიშვნელოვნად განსაზღვრა მისი შემოქმედება.

- ქალბატონო ლესინგ, თქვენ მეორე ქმრის გვარს ატარებთ, რომელსაც 50 წელზე მეტია რაც დაშორდით...

- თქვენ ფიქრობთ, რომ უკეთესი იქნებოდა გვარად " ჭისდომ” (სიბრძნე) ვყოფილიყავი? ეს ჩემი პირველი ქმრის გვარია. ასეთ გვარს არც ერთი სრულ ჭკუაზე მყოფი ადამიანი არ აირჩევს თუ მწერლობა გადაწყვიტა. გარდა ამისა, გოტფრიდთან ბავშვი მყავდა, გვარის კვლავ შეცვლა აღარ მსურდა, თანაც ლესინგი მშვენიერი გვარია, დიდ ტრადიციებთან დაკავშირებული.

- თქვენ მხედველობაში გერმანელი რომანტიკოსი მწერალი გყავთ? თქვენი ქმარი მისი ნათესავი იყო?

- არა, გოტფრიდ ლესინგს მასთან არაფერი აკავშირებდა. გოტფრიდი კომუნისტი იყო და ნაცისტებს ემიგრაციაში გაექცა, ინგლისში გადავიდა, შემდეგ - სამხრეთ როდეზიაში. იქ ერთმანეთი ერთ-ერთ მემარცხენე ჯგუფში გავიცანით. გვქონდა რომანი, 1944 წელს კი ვიქორწინეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში შეეძლოთ მისი, როგორც მტრულად განწყობილი უცხოელის, გაძევება. ამ ქორწინებაში არაფერი იყო რომანტიკული.

- რასთანაა დაკავშირებული თქვენი პირველი შთაბეჭდილებები გერმანიაზე?

- მამის ნაამბობთან, რომელიც პირველ მსოფლიო ომში გერმანელების წინააღმდეგ იბრძოდა. იყო დაჭრილი, დაკარგა ფეხი და გადაიტანა ნერვული შეტევა, მაგრამ გერმანელების მიმართ მტრულად არ იყო განწყობილი. გერმანელს ცოლად მეორე მსოფლიო ომის დროს გავყევი. მერწმუნეთ, ძალიან მჭიდროდ ვარ გერმანიასთან დაკავშირებული.

- 50-იან წლებში აღმოსავლეთ ბერლინში ჩასვლის შემდეგ თქვენ დაწერეთ: "ეს ერთი-ერთი ყველაზე დამთრგუნველი განცდა იყო ჩემს ცხოვრებაში".

- აღმოსავლეთ ბერლინი აუტანელი იყო, ირგვლივ ყველაფერი - საშინელი, შიშველი და ნაცრისფერი... და მაინც, მე გოტფრიდთან მინდოდა შეხვედრა.

- რომელიც გდრ-ში გადავიდა...

- დიახ, ჩემი სურვილი იყო ურთიერთობა აღმედგინა ჩვენს შვილსა და მასს შორის. მაგრამ გოტფრიდი კომუნისტი ფუნქციონერი გამხდარიყო და "კულტურულ კავშირში" მუშაობდა. მან არ ისურვა ჩემთან შეხვედრა. ჩათვალა, რომ მისთვის ეს სახიფათო იყო.

- თქვენ მას "150 პროცენტიან კომუნისტს" ეძახდით. შემდეგ გავრცელდა ხმები, რომ ის სუკ-ის ჯაშუში იყო.

- დიახ, სამხრეთაფრიკული პოლიციის თანამშრომლები ამბობდნენ, მაგრამ ამის გადამოწმება ვერავინ შეძლო.

- აფრიკაში პატარა მიტოვებულ ფერმაში გაიზარდეთ. ვინ ან რამ იმოქმედა თქვენზე და თქვენს ლიტერატურულ შემოქმედებაზე?

- დროის უდიდეს ნაწილს მარტოობაში ვატარებდი. საათობით დავხეტიალობდი სანადირო თოფით მიუვალ ადგილებში, არაფრის მეშინოდა, გარდა გველისა. საუცხოო ბავშვობა მქონდა.

- ჰემინგუეისაც უყვარდა ნადირობა, სროლა წერასთან პირდაპირ კავშირშია, თუ პირიქით?

- თქვენ ფიქრობთ, რომ ყველა მწერალი რბილი და ტკბილი უნდა იყოს? იქ, სადაც ვცხოვრობდით, თითოეული გლეხი საზრდოს მოსაპოვებლად ნადირობდა, ყველა ბავშვი ისროდა. უნდა ითქვას, რომ მთელ იმ მხარეში ერთადერთი გოგონა ვიყავი, რომელიც ნადირობდა. არა მარტო ვნადირობდი, ყუთები წიგნებით მქონდა სავსე და მთელი ჩემი აღზრდაც ეს იყო.

- როდის გაათვითცნობიერეთ, რომ მწერლობა გსურდათ?

- ამას წინათ სკოლის ერთმა მეგობარმა მითხრა, ერთხელ ინტერნატის საერთი საძინებელში, როცა თერთმეტი წლისანი ვიყავით განმიცხადებია, რომ მწერლობა მსურდა... ეს არ მაგონდება, მაგრამ ახალგაზრდობაში რომ სულ ვწერდი, მახსოვს. იცით, ორი რომანი ისეთი ხელით დავწერე, მოგვიანებით ვეღარ გავშიფრე. რა სისულელეა! ყველა შემთხვევაში, უვარგისის იქნებოდა.

- დღესაც გაქვთ ეს ხელნაწერები?

- მადლობა ღმერთს არა! სხვაგვარად ვინმე აუცილებლად დაწერდა მათზე სადოქტორო დისერტაციას.

- ამერიკელ მწერალ ტომ ვოლფს უთქვამს: "მწერლები რომანებს და მოთხრობებს განდიდებისთვის თხზავენ. როცა ფული გაქვს კარგია, მაგრამ სახელი - უფრო სასიამოვნო".

- მე ფულის გამო ვწერდი და არა სახელისთვის, რადგან ვოლფმა ეს თქვა, ესე იგი მას ფული ჰქონდა.

- მართალია, 1949 წელს, როცა 12 წლის ვაჟთან ერთად ლონდონში ჩახვედით, ისე გიჭირდათ, რომ ერთ ჭერქვეშ მოგიწიათ მეძავებთან ცხოვრება?

- მართალია. ამ ქალებიდან ერთ-ერთი სექსს ვერ იტანდა და მეძავი შემთხვევით გახდა. მას ოთხი მამაკაცი არჩენდა, არაჩვეულებრივად იცვამდა და იგივეს მეც მთავაზობდა. "ამას თუ გააკეთებ, შეძლებ აღარ წერო და პრობლემები დაივიწყო", - მარწმუნებდა, მე კი ვცდილობდი მისთვის ამეხსნა, რომ ეს სრულებით არ მინდოდა.

- თქვენთვის "ბრიტანეთის იმპერიის ქალბატონის" წოდება უნდა მოენიჭებინათ, რატომ თქვით უარი?

- იმიტომ, რომ მთელი ჩემი ახალგაზრდობა ბრიტანეთის იმპერიის წინააღმდეგ ბრძოლაში გავატარე. თანაც, სიტყვათაშეთანხმება - "ბრიტანეთის იმპერიის ქალბატონი" სასაცილოდ ჟღერს.

- კომუნისტებს სამხრეთ როდეზიაში სრულიად ახალგაზრდა შეუერთდით. ერთხელაც აღნიშნეთ, რომ მხოლოდ "წითლების" წიგნებს კითხულობდით.

- იცით, მათაც იგივე წიგნები ჰქონდათ წაკითხული, რაც მე, მაგალითად: რუსი კლასიკოსები. უპირველეს ყოვლისა, ისინი, ისევე როგორც მე, დარწმუნებულნი იყვნენ, რომ რასისტული საზოგადოება დიდხანს ვერ იარსებებს. ეს ადამიანები შინაგანი თავისუფლების მოპოვებაში დამეხმარნენ.

- ახლა ამბობენ, რომ ჯონი "ტკბილ სიზმარში" ეს კარიკატურაა მამაკაცზე, რომელიც რევოლუციური იდეებითაა შეპყრობილი.

- ასეთები ბლომად იყვნენ. წაიკითხეს რა ეს წიგნი, ყოფილი ამხანაგები მწერდნენ: "დიახ, სინამდვილეში სწორედ ასეთები ვიყავით".

- და მაინც, მათ სურდათ უკეთესობისკენ შეეცვალათ მსოფლიო.

- იდეალისტები ნაცისტებიც იყვნენ. მას შემდეგ, რაც 50-იან წლებში ცნობილი გახდა თუ სინამდვილეში რა ხდებოდა საბჭოთა კავშირსა და აღმოსავლეთ ევროპაში, ბრიტანეთის კომუნისტური პარტია დაიშალა.

- რამ შეიძლება სახელმწიფო გადაარჩინოს?

- პრაგმატულობამ. სტალინმა, ჰიტლერმა, მაომ და მისთანებმა მილიონობით ადამიანი შეიწირეს იმისათვის, რომ შეექმნათ სრულყოფილი საზოგადოება.

- მაგრამ თქვენ ხომ რევოლუციონერი იყავით, 14 წლისა წახვედით სახლიდან, მიატოვეთ პირველი ქმარი - მოსაწყენი ჩინოვნიკი, იყავით მარტოხელა დედა...

- ეს იდეალიზმი კი არა, პრაგმატიზმია. ეს თავის გადასარჩენად გავაკეთე. წინააღმდეგ შემთხვევაში ან გავლოთდებოდი ან თვითმკვლელობით დავამთავრებდი სიცოცხლეს.

- გამოდის რომ თქვენი საქციელი არ იყო ბრძოლა ქალის ტრადიციული როლის წინააღმდეგ?

- მე ამას ასე არ აღვიქვამდი. ამასთანავე, მე ვიცნობდი ქალებს, რომლებიც 50-იან წლებში არავიზე იყვნენ დამოკიდებულნი, ისევე როგორც მე.

- ასეთი დამოუკიდებელი ქალები "ოქროს დღიურში" (1962 წ.) აღწერეთ. ამ წიგნმა არნახული წარმატება მოიპოვა და ფემინისტებისთვის ნამდვილ ბიბლიად იქცა.

- მე აღვწერე ჩემი გამოცდილება, ის თუ რას ფიქრობდნენ და როგორ ცხოვრობდნენ ქალები. ბევრმა კი ეს რევოლუციის მოხდენის მცდელობად აღიქვა. ფემინისტის იარლიყი მომაკერეს, რამაც ძალიან მავნო. ვაცხადებ, რომ არ ვარ ფემინისტი. ვცდილობ გავექცე ნებისმიერ მოძრაობას.

- თქვენი წიგნი "ბებიები" რიგით ორმოცდამეცამეტეა. როგორ წერთ?

- მექანიკურ საბეჭდ მანქანაზე ათივე თითით ვბეჭდავ. როცა მას ბავშვებს ვაჩვენებ, მასზე ბევრს იცინიან.

- არ გაქვთ სურვილი რომ დაისვენოთ?

- მე მთელი ცხოვრების განმავლობაში ვწერდი და რატომ უნდა შევწყვიტო? ცხოვრება - ეს ძალიან რთული საქმეა, ასე არ არის? მე მიყვარს პროცესი იმის შექმნისა, რაც არ არსებობდა. არაფრისგან ვქმნი ისტორიებს და სიამოვნებით ვყვები მათ.

ნეკროშიუსის ,,ოტელო”



4 ნოემბერს ქართველი თეატრალები კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრში შეიკრიბნენ. მათ ლიტველი რეჟისორის წარმატებული სპექტაკლი - ,,ოტელო” ნახეს.
ამ წარმოდგენის დასრულების შემდეგ, დიდი სცენის ფარდა რამდენჯერმე აიწია. მიუხედავად იმისა, რომ სპექტაკლი სამმოქმედებიანი იყო და ოთხ საათამდე გაგრძელდა, დარბაზი არც ერთ მაყურებელს არ დაუტოვებია, მათ ძალიან ისიამოვნეს.

ეიმუნტას ნეკროშიუსის სპექტაკლებს მაყურებელი არსად აკლდება. მასზე, როგორც რეჟისორზე, ხშირად წერენ. მაგალითად, რუსი კრიტიკოსები აღნიშნავენ, რომ მოსკოვში ნეკროშიუსის სპექტაკლების ჩვენების შემდეგ, რუს რეჟისორებს უმალ საინტერესო იდეები უჩნდებათ და იშვიათად, გონებაც ,,უნათდებათო”... იმ დღეს ქართველ რეჟისორთაგან ნეკროშიუსის ,,ოტელო” ბევრმა ნახა და კარგი იქნება, თუ ეს სპექტაკლი მსგავს ზემოქმედებას ქართველებზეც მოახდენს...

წარმოდგენის ჩვენების წინა დღეს მაყურებელი ,,ოტელოს” მონაწილეებს თეატრის სხვენში შეხვდა. ,,სპექტაკლები, რომლებშიც ვთამაშობთ, თავისთავად იბადება და შემდეგ საერთაშორისო მასშტაბით იკვლევს გზას”, - აღნიშნეს საქართველოში ჩამოსულმა ხელოვანებმა. მათი პროფესიონალიზმის მაგალითზე კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ სპექტაკლი თუ საინტერესოა, რაც არ უნდა გრძელი იყოს, მისი ნახვის უნარი თანამედროვე მაყურებელსაც შესწევს. ამ სპექტაკლის მსვლელობისას დარბაზის დატოვების სურვილი არავის გასჩენია. რატომ? იმიტომ, რომ ყველაფერი კარგი იყო.

შექსპირის ტრაგედიების მიხედვით დადგმული ტრაგედიებიდან, ნეკროშიუსმა ყველაზე ბოლოს სწორედ ,,ოტელო” განახორციელა. ცნობილი დრამატურგის ერთ-ერთ საუკეთესო პიესას მან ხიბლი ისე შეუნარჩუნა, რომ ყველაფერი საკუთარ კონცეფციასა და ხელწერას დაუქვემდებარა. ამ დადგმის წარმატება კი, რეჟისორთან ერთად, პროფესიონალი მსახიობების - ლადას ბაგდონასის (ოტელო), ეგლე შპოკაიტეს (დეზდემონა), რონალდას კაზლასის (იაგო), მარგარიტა ჟემელიტეს (ემილია), კესტუტის იაკშტასის (კასიო), სალვიუს ტრეპულისის (როდრიგო), ოვილას ბუდრისის (ბრაბანციო), ედიტა ზიზაიტეს (ბიანკა), ტომას კიზიალისის (მუსიკოსი), ვიქტორას და იონას ბობლისების (ძმები), ასევე, სცენოგრაფიისა და კოსტუმების ავტორის – ნადეჟდა გულტიაევას, კომპოზიტორის - ფაუსტას ლატენასის და მხატვარ-გამნათებელის – აუდრიოს იანკაუსკასის დამსახურებაა. ეიმუნტას ნეკროშიუსის ,,ოტელოს” მსოფლიო პრემიერა 2001 წლის 2 მარტს შედგა. საქართველოში ის რუსული სუბტიტრების თანხლებით მიდიოდა.

მსახიობები სცენაზე ოსტატურად მოქმედებდნენ და მეტყველებით, პლასტიკით გამოირჩეოდნენ. განსაკუთრებით მთავარი როლების შემსრულებლებით მოვიხიბლეთ. რეჟისორმა ოტელოს თეთრი კანის ფერი ,,მისცა”, დეზდემონას როლზე პროფესიით ბალერინა შეარჩია და სცენაზე პირველად აამეტყველა, იაგოს პერსონაჟი კი ისეთ ტიპაჟს განასახიერებინა, რომ ამ გმირზე შექმნილი სტერეოტიპი დაგვინგრია.
სპექტაკლში პირველად რიტმი ,,შემოდის” და ბოლომდე არ ,,ეცემა”. სხვა დანარჩენთან ერთად, მსახიობები რიტმის შეგრძნებასაც არაჩვეულებრივად ფლობენ. ისინი არც ერთი წუთით არ დუნდებიან. მათი სხეულიც კი რეჟისორის მიერ დანიშნულ წამზომზეა აწყობილი. მოქმედების რიტმს, ხშირად, სცენის მარჯვენა მხარეს მოთავსებულ პიანინოსთან მჯდარი მუსიკოსის ცოცხალი შესრულება წარმართავს. ცოცხალი აკომპანიმენტი წარმოდგენას ძალიან უხდება.

ყველა, ვინც ეიმუნტას ნეკროშიუსის შემოქმედებას იცნობს, აღნიშნავს, რომ ეს რეჟისორი საუცხოოდ იყენებს მეტაფორებს და ამ თვალსაზრისით, არც ეს სპექტაკლია გამონაკლისი. ,,ოტელოშო” ყველაზე თვალშისაცემია ხის მასალისგან გამოთლილი გობების წყება, რომლებსაც პერსონაჟები სხავდასხვა დანიშნულებით იყენებენ, მაგალითად: წყლის შესაგროვებლად, შემაღლებულ ადგილად, ნავად ან კუბოდ... აღსანიშნავია, რომ ოტელო სწორედ ერთ_ერთ გამოთლილ გობში, როგორც კუბოში, წვება და კვდება… რეჟისორი იყენებს წყალს, ცეცხლს, ქვიშას... ემილია ქვიშაში აღმოაჩენენ ცხვირსახოცს, რომელიც ხელიდან ხელში გადადის, ამ ცვირსახოცის მგავსი გადასაფარებელი ამშვენებს დეზდემონას საწოლს, რომელშიც ბილოს თავად ოტელო ეხვევა... ასე რომ, სპექტაკლში თითოეული დეტალი გააზრებულია რჟისორის მიერ, რომელიც სპექტაკლის მსვლელობისას ერთმანეთზე უკეთესს მიზანსცენებს გვთავაზობს.

მაყურებლისთვის ყველაზე ემოციური აღმოჩნდა ოტელოსა და დეზდემონას ურთიერთობისუსცენები, სადაც მათი პერსონაჟებისთვის დამახასიათებელი თვისებები იკვეთება. განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა სცენაზე დეზდემონას პირველმა გამოჩენამ – ის ზურგზე კარებმოკიდებული შემოდის და ისე მოქმედებს, რომ კარებს ხელს არ უშვებს... არაჩვეულებრივია, პირობითად თეთრი და შავი სკამის სცენა, სადაც ქალი მეუღლის და სასურველი მამაკაცის სკამს ეფერება, ცდილობს მასზე საუკეთესოდ მოიკალათოს, მერე ისევ საკუთარ სკამს დაუბრუნდეს, შემდეგ ისევ იმას, რომელზეც ,,ოტელო” იჯდა... თანდათან სკამებს შორის მანძილი იზრდება, თანაც ხელოვნურად... დეზდემონა სკამებს შორის სირბილით იღლება...

სცენის სიღმეში, ზემოდან დაშვებულ თოკებზე, სხვადასხვა სიმაღლეზე, შებმულია ნაჭრები, რომლებიც ხან აფრებად იკითხება, ხანაც ჰამაკებად, რადგან მასში პერსონაჟები წვებიან და ქანაობენ კიდეც... ყველაფერი თავთავისფერ, თეთრსა და შავშია გადაწყვეტილი... სცენაზე ისმის ტალღების ხმა, რომელიც ხშირად ძლიერდება და აზვირთებულის შთაბეჭდიებას ტოვებს. ნებიემიერი ელემენტის გამოყენებით, რეჟოსორი ისეთ განწყობას ქმნის, რომ სრულად აღიქვა ის ყოფა, რომელშიც პერსონაჟები ცხოვრობენ.

ეჭვიანობის გადაყოლილი ოტელო წინააღმდეგობაში ექცევა საკუთარ თავთან, მაგალითად, ერთ სცენაში კინაღამ იაგოს მოახრჩიბს დეზდეონას მაგივრად, მეორეგან კი, ჭიდილში, ხმლით გაკაწრავს დეზდემონას, რომელსაც ნაიარაევი აეწვება ოტელო კი მას სულს უბერავს... სწუხს, რომ ასე ატკინა... იაგო, კი სამყაროს ხშირად გახვრეტილი ქოთნიუდან უყურებს, ოტელო კი, მას შემდეგ რაც დეზდემონას დაახრჩობს, იცის ასეთივე გახვრეტილი ქოთნიდან დაუწყებს მას ყურებას... იმ სცენებში კი, სადაც მავრი თავის სისასტიკეს ავლენს, უმალ აზიური მუსიკა ისმის... დეზდემონა სიკვდილს სამჯერ შეებრძოლება და მაყურებლის წინაშე ფეხებგაშლლი დაასრულებს სიცოცხლეს, ყველა სცენა მხატვრულად არის დახატული. ამ სცენების ყურებას არაფერი სჯობს. ოტელო სიმშვიდეს დიდხანს ემშვიდობება... ქართველი მაყურებელიც დიდხანს ემშვიდობებოდა ჯგუფს, რომელმაც მას სიამოვნება მოჰგვარა. სურვილი იმისა, რომ ამ რეჟისორის სხვა სპექტაკლებიც ვიხილოთ. ძალიან დიდია...

საერთაშორისო ფორუმის, ,,თეატრალური პარნასის” ფარგლებში შემოთავაზებული შემდეგი წარმოდგენა 13 ნოემბერს გაიმართება და ქართველი მაყურებელი კიდევ ერთი ლიტველი რეჟისორის – ოსკარას კორშუნოვასის სპექტაკლს - ,,ზაფხულის ღამის სიზმარს” ნახავს. არ გამოტოვოთ!

დროა დაიწყოს ექსპერიმენტები!




,,ზარატუსტრას ჟამი” ზუგდიდში

გაზეთ ,,24 საათის” 1 ივნისის ნომერში ფოთის თეატრის სპექტაკლზე, სახელწოდებით ,,ვირთხებზე ნადირობა”, ვწერდი. ამ კონკრეტულ შემთხვევაში არჩევანი გაკეთდა უცხოელ რეჟისორთან და სცენოგრაფთან თანამშრომლობაზე, რაშიც წვლილი საქართველოს რეგიონალურმა ქსელმა და გოეთეს ინსტიტუტმა შეიტანა. ამ წარმოდგენას, სავარაუდოდ, გერმანიაშიც უჩვენებენ.

ამჯერად ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში დადგმულ სპექტაკლზე ,,ზარატუსტრას ჟამი” აღვნიშნავ. ის ერთგვარი ექსპერიმენტია, რომელზეც რეჟისორმა ირაკლი გოგიამ იმუშავა და შემოქმედებით პროცესში დრამატურგი რეზო კლდიაშვილი ჩააბა (მხატვარი - მარიკა კორკელია, ქორეოგრაფი - ირინა კუპრავა).

ზარატუსტრა ზოროასტრიზმის ფუძემდებელია და თუ განვაზოგადებთ, ის არის რეფორმატორი, რომელიც გვიბიძგებს პირველსაწყისს დავუბრუნდეთ. ლეგენდა ზარატუსტრას შესახებ გერმანელი ფილოსოფოსის ფრიდრიხ ნიცშეს შთაგონების წყარო გახდა. მან დაწერა ცნობილი და ერთ-ერთი ყველაზე საკამათო ფილოსოფიური ნაწარმოები ,,ასე იტყოდა ზარატუსტრა”, რომელიც სცენაზე სულ რამდენჯერმე გაცოცხლდა. მაგალითისთვის კრაკოვის ძველ თეატრში დადგმულ სპექტაკლს დავასახელებ. ,,ზარატუსტრა” პოლონელმა რეჟისორმა კრისტიან ლიუპამ ნიცშეს ნაწარმოებისა და გერმანელი მწერლისა და რეჟისორის აინარ შლეეფის პიესის - ,,ნიცშე. ტრილოგია” მიხედვით 2004 წელს განახორციელა. ეს წარმოდგენა სხვადასხვა თეატრის სცენაზე აჩვენეს, მათ შორის, მოსკოვის ვსევოლოდ მეიერხოლდის სახელობის ცენტრში (2008 წ.). კრიტიკოსები აღნიშნავდნენ, რომ ამ სპექტაკლის სტრუქტურის აღწერა და აღქმა იოლი არ არის და მისი ერთმნიშვნელოვანი ინტერპრეტაციაც შეუძლებელიაო... ცხადია, რომ სირთულე, რომელიც ნიცშეს ,,ესე იტყოდა ზარატუსტრას” გასცენიურებას ახლავს, ტექსტის ფილოსოფიური ხასიათიდან მომდინარეობს. ამდენად, შეიძლება ითქვას, რომ რეჟისორმა ირაკლი გოგიამ რთული არჩევანი გააკეთა, როდესაც ნიცშეს ნაწარმოებზე აგებული პიესის გაცოცხლება მოინდომა.

ექსპერიმენტის განხორციელების სურვილი იმდენად დიდი აღმოჩნდა, რომ ახალგაზრდა რეჟისორმა სირთულეებს, რომლებიც აღნიშნული პიესის დადგმას მოჰყვებოდა, როგორც ჩანს, ნაკლები ყურადღება მიაქცია და საკუთარ თავს და შემოქმედებით ჯგუფს გადასაჭრელად ურთულესი ამოცანა წაუყენა. მე არ ვიცი ეს ჩანაფიქრი რამდენად განხორცილედებოდა რომ არა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ფინანსური მხარდაჭერა. ერთი კი ფაქტია, რეგიონალურ თეატრებში, სადაც დაფინანსების სიმცირეს უჩივიან, ექსპერიმენტებისთვის სადადგმო ხარჯების გამოყოფა ძალიან რთულია. შესაბამისად, იბადება კითხვა: _ რამდენად მნიშვნელოვანია დღეს ექსპერიმენტების განხორციელება? ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემას მოგვიანებით ვეცდები. ექსპერიმენტის ხსენებაზე კი, თემას ოდნავ გადავუხვევ და საქართველოში გერმანიის ხელოვნების აკადემიის ვიცე პრეზიდენტის, ნელე ჰერტლინგის, ვიზიტს გავიხსენებ.

ქ-ნი ნელე აქ ,,ურბანული კულტურის პოლიტიკისა და სათეატრო ხელოვნების” კვირეულის ფარგლებში იმყოფებოდა და უძღვებოდა სასწავლო ინტერაქტიულ კურსს, რომელიც თანამედროვე ცეკვის 100 წლის განვითარების ისტორიას მიეძღვნა. თეორიული ცოდნის გაზიარებასთან ერთად, მან უნიკალური ვიზუალური მასალაც გვაჩვენა. ლექციებს თითქმის ცარიელ დარბაზში კითხულობდა, მაგრამ ამას დიდად არ შეუწუხებია (განსხვავებით ერთი ჩემი ლექტორისგან, რომელიც თუ სრული დასწრება არ არის, ლექციას არ ატარებს). ამ კურსს ესწრებოდა მსმენელი, რომელმაც ნელე ჰერტლინგი რამდენჯერმე ,,შეაწუხა” შეკითხვით - მიმითითეთ პროექტები, რომლებშიც ჩავერთვები და საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებას შევძლებ, თორემ საქართველოში თანამედროვე ქორეოგრაფია არავის აინტერესებს და მასში ფულს არავინ ჩადებსო... ამ ახალგაზრდას ნელე ჰერტლინგმა ასეთი პასუხი გასცა: - ,,საერთაშორისო პროექტებში რომ ჩაერთოთ, მოთხოვნები ჯერ საკუთარ თავს უნდა წაუყენოთ... თქვენ თანამოაზრეები უნდა შემოიკრიბოთ და ჩამოაყალიბოთ შემოქმედებითი გაერთიანება, რომელიც ახალი დადგმების განხორციელებაზე იმუშავებს. პრეტენზიის, ან საყვედურის გამოთქმის უფლება კი მხოლოდ მას შემდეგ გეძლევათ, თუ ნახავთ, რომ თქვენს ინიციატივებს მხარი არ დაუჭირეს და პროექტები არ დაგიფინანსეს... მანამდე კი, ვფიქრობ, უმჯობესია იმუშაოთ და ყველაფერი გააკეთოთ იმისათვის, რომ დაოსტატდეთ”. ამ რჩევას მან ერთი მაგალითიც მოაყოლა, რომელიც გერმანიას უკავშირდება. როგორც აღმოჩნდა, ეს სახელმწიფო თავდაპირველად თანამედროვე ქორეოგრაფიისადმი ინტერესს არ იჩენდა და ექსპერიმენტებს, რომლებიც ამ დარგში ხორციელდებოდა, არ აფინანსებდა. თუმცა მას შემდეგ, რაც ქორეოგრაფთა ახალმა თაობამ საინტერესო პროექტები განახორციელა, საზოგოდოების ყურადღება დაიმსახურა და გულშემატკივარიც ბევრი გაიჩინა, სახელმწიფო იძულებული გახდა ბიუჯეტიდან სახსრები გამოეყო და ამ დარგის განვითარებაზე ეზრუნა. დღეს უკვე გერმანია (და არა მხოლოდ ის) თანამედროვე ქორეოგრაფებით იწონებს თავს. ეს მაგალითი, ალბათ, ერთგვარი პასუხია შეკითხვაზე: - ღირს თუ არა ბრძოლა, როდესაც არ არსებობს ნება?

ბრძოლა ყოველთვის ღირს. მართალია, ჩვენი ქვეყანა გერმანიისგან განსხვავდება და უპირველესად იმით, რომ აქ სახელმწიფო ხელოვნების რომელიმე დარგის განვითარებაზე კი არ ზრუნავს, არამედ ერთი კონკრეტული გაერთიანების ფინანსურ უზრუნველყოფაზე. შესაბამისად, მუდამ უკანა პლანზე ინაცვლებს კულტურის პოლიტიკის შემუშავების აუცილებლობა, რაც საშუალებას მოგვცემდა პრიორიტეტები გამოგვეყო და თანხები დამსახურებულად გადაგვენაწილებინა. ქვეყნის ბიუჯეტიდან თეატრალური ხელოვნებისთვის გამოყოფილი სახსრები ლამის მთლიანად ერთ ან ორი თეატრისკენაა გადასროლილი და თანაც ისე, რომ მათ წარმოდგენებს ხარისხის შენარჩუნება არ მოეთხოვება. თბილისის თეატრების რეპერტუარს თუ გადავხედავთ, დავრწმუნდებით, რომ ისინი განსაკუთრებულს ვერაფერს გვთავაზობენ. დროა განხორციელდეს რაც შეიძლება მეტი ექსპერიმენტი და იქნებ ამ პროცესში დაიბადოს ის, რაც სიახლეს შემოიტანს. ჩემი ამ მოწოდების ადრესატები ახალგაზრდები არიან. უფრო კონკრეტულად კი ისინი, რომლებსაც ჯერ კიდევ შეუძლიათ კომფორმიზმს თავი დააღწიონ, თორემ, იმ შემოქმედებით ჯგუფს, რომელმაც თეატრიდან წამყვანი რეჟისორი გაუშვა და მისი ადგილი სხვას დაუთმო, აღარაფერი ეშველება. დღეს უფრო საინტერესოა ის, რაც ერთი შეხედვით კარგად დაფინანსებული, მაგრამ შემოქმედებითად უძრავი სივრცის მიღმა ხდება და მართალია, მხატვრული თვალსაზრისით არ გამოირჩევა, მაგრამ ბრძოლის და ექსპერიმენტის განხორციელების სურვილის ჯერ კიდევ შერჩა.

ვიდრე ,,ზარატუსტრას ჟამს” მივუბრუნდები, მინდა კოლეგებს მივმართო და ასეთი შეკითხვა დავუსვა მათ: - როგორ ფიქრობთ, საგულისხმოა, თუ არა რეპლიკა - რა უნდა მოსთხოვო ფოთის ან ზუგდიდის თეატრს, როდესაც თბილისის თეატრებში განსაკუთრებული არაფერი ხდება? ან ერთნაირად უნდა შევაფასოთ თუ არა, იმ თეატრების პროდუქცია, რომლებიც რადიკალურად განსხვავებულ პირობებში ფუნქციონირებენ?

სწორედ, ამ განსხვავების გათვალისწინებით არის მისაღები ინიციატივა, რომელიც ირაკლი გოგიამ შემოგვთავაზა. მას სურდა, რომ სცენაზე, თეატრის დასთან ერთად, დრამატურგიც მდგარიყო. რეზო კლდიაშვილი აქ თავად კითხულობს ტექსტს, რომელიც ფრიდრიხ ნიცშეს ,,ესე იტყოდა ზარატუსტრას” და ინკოგნიტო ქართველ ავტორთა ჯგუფის ,,3+1”-ის ,,მომავლის რჩეულის” მიხედვით შექმნა. და მიუხედავად იმისა, რომ დრამატურგი ხაზგასმით აღნიშნავს: - ,,ამ პიესის თამაში შეუძლებელია. დღევანდელი სამსახიობო ხელოვნება უძლურია წარმოაჩინოს იგი”, რეჟისორი არჩევანს სწორედ მასზე აკეთებს.

დრამატურგი პიესას რიტმულად კითხულობს, სცენაზე განვითარებულ მოქმედებაში არ ერთვება და სიტყვას იშვიათად ,,უთმობს” მსახიობებს: გოგი გუგუჩუას, ირაკლი სამუშიას, ნათია გუდაძეს, მზევინარ ჩარგაზიას, მალხაზ მესხიას, გიგა კიტიას, ირაკლი კაკალიას, ზემფირა გუნიას, ზურაბ ლაშხიას, მარინა დარასელიას, რეზო ჯოჯუას, ნანა ბუკიას, მერაბ კაკალიას. ისინი მეტაფორებით გაჯერებული სცენების გაცოცხლებას უმეტესად პლასტიკით ცდილობენ. რეჟისორის მიერ დასმული ამოცანების გადაჭრა რთული დავალება აღმოჩნდა დასისთვის, რომელსაც ჯერ კიდევ ბევრი აქვს სამუშაო იმისათვის, რომ სათქმელს გამომსახველობითი ფორმა მოუძებნოს და საკუთარი შესაძლებლობები სათანადოდ წარმოაჩინოს. ეს შეთავაზება არანაკლებ რთული იყო მაყურებლისთვისაც, რადგან იოლი არ არის პიესის აზრს მისდიო და ამასთან თვალი მიადევნო მოქმედებას, რომელიც სცენის შუაგულში ვითარდება და ახალი პერსონაჟებით იცვლება. მაყურებლისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა სპექტაკლის ფინალი, რომელიც ჩვეული ,,პაკლონით” არ დასრულებულა - მსახიობთა მსვლელობამ თეატრის ფოიეში გადაინაცვლა და მაყურებელს იქ შეუერთდა. ,,ვინც ამ იდეის თანამონაწილე გახდება, თვითონვე უნდა აინთოს და ცეცხლი მაყურებელს მიუტანოს”, - აღნიშნავს დრამატურგი. სპექტაკლის დასრულების შემდეგ, ერთ-ერთმა აღნიშნა: რეჟისორმა სწორი არჩევანი გააკეთა, აქ უყვართ ლოზუნგებიო... მე არ ვიცი ირაკლი გოგიამ რამდენად გათვალა სათქმელი პუბლიკაზე, რომელიც ამ წარმოდგენას ესწრებოდა. თუმცა, მაყურებელზე შთაბეჭდილების მოსახდენად მან გამოიყენა მის ხელთ არსებული ყველანაირი ხერხი, იქნება ეს მუსიკალური გაფორმება თუ ეკრანი, რომელზეც დიქტატორთა, თუ ტრაგიკულ მოვლენათა (მათ შორის, 9 აპრილის) ამსახველი კადრები გააცოცხლა. ამ ექსპერიმენტმა ჩემში იმ წარმოდგენებზე მეტი ინტერესი გამოიწვია, რომლებზეც სერიოზული თანხები იხარჯება და როლებიც რეჟისორის პირადი სიმპატიით ნაწილდება, სადაც მხოლოდ ილუზია იქმნება იმისა, რომ იქ რაღაც ხდება.

Friday, July 31, 2009

,,რა გითხრათ, რით გაგახაროთ!.."

ცოტა რამ თბილისის დრამატული თეატრებზე

რამდენიმე დღის წინათ, ნიშნისმოგებით მკითხეს, რა ხდება ქართულ თეატრალურ ხელოვნებაშიო, არ ვიცი -მეთქი და პასუხს თავი ავარიდე. ცოტა ხნის შემდეგ, შეკითხვა გამიმეორეს და იძულებული გავხდი პასუხი გამეცა. თავდაპირველად, ახლახანს ნანახი ორი სპექტაკლი: ,,ორი ბატონის მსახური” და ,,ცერკოვნი ბუნტ” გამახსენდა და ვუპასუხე, ახალი და კარგი არაფერი-მეთქი. ამაში სხვებიც დამეთანხმნენ და სანამ ქართულ თეატრს ბოლომდე დაასამარებდნენ, არც მთლად მასეა საქმე-მეთქი, წამოვიძახე, რადგან წინა დღით ნანახი ,,როგორც გენებოთ ანუ შობის მეთორმეტე ღამე”, სავსე დარბაზი და ნასიამოვნები მაყურებელი მომაგონდა. მაშინ დავრწმუნდი, რომ დღეს სინთეზური ხელოვნების ეს დარგი სიცოცხლეს ძველი სპექტაკლების ,,ხარჯზე” განაგრძობს.



აღნიშნულის დასამტკიცებლად, თუმანიშვილის, მარჯანიშვილისა და რუსთაველის სახელობის თეატრებში დადგმული სპექტაკლებიც კმარა, ესენია: ,,ბაკულას ღორები” (რეჟისორი - მიხეილ თუმანიშვილი, 1973 წ.), ,,არტ ხელოვნება” (რეჟისორი - თემურ ჩხეიძე, 1999 წელი), ,,როგორც გენებოთ ანუ შობის მეთორმეტე ღამე” (რეჟისორი - რობერტ სტურუა, 2001 წ.). აუ, როდინდელი სპექტაკლებია... თუმცა, ისიც ხომ ფაქტია, რომ მაყურებელი მათ სანახავად დადის, რადგან დარწმუნებულია, რომ მოტყუებული არ დარჩება. წარმოდგენა თუ კარგია, რამდენიმე მოქმედებიანიც რომ იყოს, მისი ნახვის მოთხოვნილება თანამედროვე ადამიანსაც უჩნდება.

დრამატულ თეატრებზე საუბრისას, ყურადღების ცენტრში, უმეტესად, ეს სამი თეატრი ექცევა ხოლმე. 2008 წლის თეატრალური სეზონი სამივე მათგანისთვის საიუბილეო აღმოჩნდა: თუმანიშვილის სახელობის თეატრს დაარსებიდან 30 წელი შეუსრულდა (მას სათავეში ქეთი დოლიძე ჩაუდგა), მარჯანიშვილის სახელობის თეატრს - 80, ხოლო რუსთაველის სახელობის თეატრს - 130.

თბილისის სხვა თეატრებს რაც შეეხება, მართალია ფუნქციონირებს სარდაფი (რუსთაველსა და ვაკეში), რომლის შემოქმედებითი ბირთვიც ახლა მარჯანიშვილის თეატრშია ,,გადასროლილი”, თავისუფალი თეატრი, სადაც დღემდე ყველაზე მოთხოვნადი სპექტაკლია 2000 წელს განხორციელებული ,,ჯინსების თაობაა”, სამეფო უბნის თეატრი, რომელსაც გამოცოცხლება მხოლოდ მაშინ დაეტყო, როდესაც 25 წუთიანი სპექტაკლების ფესტივალს უმასპინძლა (ჟიურის თავმჯდომარე გახლდათ რეჟისორი თემურ ჩხეიძე), ახმეტელის სახელობის თეატრი, სადაც სპექტაკლების სანახავად, როგორც ჩანს, მხოლოდ ,,იქაურების” ნაცნობ-მეგობრები დადიან და ალბათ, ამიტომ არიან გადაჩვეულნი რიგითი მაყურებლის სტუმრობას, რომელსაც პრემიერაზე პროგრამა მაინც უნდა დაახვედრო იმისათვის, რომ გაგიცნოს და ახალგაზრდებიც შემოქმედებით სტიმულს მხოლოდ აკაკი ხიდაშელთან და ლეო ანთაძესთან თანამშრომლობით იღებენ, არსად შეიმჩვენა სიახლე შემოქმედებით ხედვასა თუ საშემსრულებლო ხელოვნებაში. ახალი სპექტაკლები, ცხადია, იდგმება. მათ შორის კი, თითქმის, ვერ ნახავთ ისეთს, რომელიც, ძველი წარმოდგენების მსგავსად, დროს გაუძლებს. ასეთი, 2008 წელს განხორციელებულთაგან, სამწუხაროდ, არ მახსენდება.

ამ სფეროში არსებულ პრობლემებზე მსჯელობა, წესით, თეატრისა და კინოს უნივერსიტეტიდან უნდა დავიწყოთ, სადაც მომავალ მსახიობებს, რეჟისორებსა თუ დრამატურგებს ,,ზრდიან”. ახალი თაობიდან იმდენად მცირეა პროფესიისადმი ჯანსაღი დამოკიდებულებითა და ნიჭიერებით გამორჩეული მსახიობების ჩამონათვალი, რომ უნდა გამოვარჩიოთ რუსთაველის თეატრის დასის წევრი გოგა ბარბაქაძე, რომელმაც წელს თავი ექსპერიმენტული თეატრის სცენაზე განხორციელებულ სპექტაკლში - ,,სტუმარი” (2008 წ.) განსახიერებული უცნობის როლით დაგვამახსოვრა. ის ამ წლის საუკეთესო მამაკაც მსახიობად შეიძლება ვაღიაროთ.



უპირველესად კი, სპექტაკლი ,,სტუმარი” წარმატებული დებიუტი აღმოჩნდა რეჟისორ გოშა გორგოშაძისთვის, რომელმაც სცენაზე თანამედროვე დრამატურგის - ერიკ-ემანუელ შმიტის პიესა გააცოცხლა და მიზანს ახალგაზრდა მსახიობების დახმარებით მიაღწია. პიესა ქართულ ენაზე ქეთი კვანტალიანმა თარგმნა და ,,თუმანიშვილის სახელობის ფონდის” ინიცატივით ჩატარებული პიესების კონკურსზე გამარჯვებულად დასახელდა.

თუ ქართული თეატრების რეპერტუარს გადავავლებთ თვალს, დავრწმუნდებით, რომ დრამატურგიის თვალსაზრისით, ერთფეროვან მასალასთან გვაქვს საქმე. ერთიდაიგივე პიესა აქ ერთდროულად რამდენიმე თეატრის სცენაზე იდგმება. ამის მთავარი მიზეზი კი ის არის, რომ საქართველოში მთარგმნელობითი საქმიანობა არ ვითარდება, ეს საქმე იმდენად შრომატევადი და დაუფასებელია, რომ თუ პრიორიტეტული არ გახდა, არაფერი შეიცვლება. აღარაფერს ვამბობ რეგიონალურ თეატრებზე, სადაც, ფუნქციის შენარჩუნების თვალსაზრისით, მდგომარეობა იმდენად მძიმეა, რომ ცალკე საუბრის თემაა. თუმცა, მხოლოდ თარგმანის პრობლემა არ არის მიზეზი იმისა, რომ ჩვენს რეპერტუარში უმნიშვნელო ადგილი უჭირავს თანამედროვე ავტორების დრამატურგიას. აბა, რა ხდება? ის რომ ქართველ რეჟისორებს კითხვა ეზარებათ, მწიგნობრობა სულაც არ არის საჭირო იმისათვის, რომ დაინტერესდე მოიძიო ლიტერატურე, რომელიც თანადროულია და შეეხება იმას, რაც თავად გაწუხებს, რაც სათქმელს ბადებს... რუსული ენის არცოდნა მოდური წლევანდელი აგვისტოს მოვლენების შემდეგ არ გამხდარა. ქართველი ახალგაზრდებისთვის მასზე საჭირო და გამოსადეგარი ახლა ინგლისურია. მათ შორის კი, იშვიათად შეხვდებით ისეთს, რომელიც ცოდნას, თუნდაც, უცხოენოვანი პიესების თარგმნით იმტკიცებს. იმათ კი, ვისაც რუსული ჯერ კიდევ ახსოვს, ამ ენაზე თარგმნილი ლიტერატურის წაკითხვაც კი ეზარება. აბა, სხვა რა გითხრათ, რით გაგახაროთ...

ყველაფერი მუქ ფერებში რომ არ დავხატო, წლის თეატრალურ მოვლენას გავიხსენებ. მარჯანიშვილის თეატრის საიუბილეო ღონისძიება ორგანიზებად თუნდაც მხოლოდ იმიტომ ღირდა, რომ საქართველოში ცნობილი ლიტველი რეჟისორის - ეიმუნტას ნეკროშიუსის შემოქმედებითი ჯგუფი ჩამოსულიყო. მათ ქართველ მაყურებელს ნეკროშიუსის გახმაურებული სპექტაკლი, შექსპირის ,,ოტელოს” ორიგინალური ვერსია შესთავაზეს. ამ სპექტაკლთან დაკავშირებით გაზეთ ,,24 საათის” ფურცლებზე ნოემბერში დავწერე. თუმცა, კიდევ გავმეორდები და ვიტყვი, რომ ლიტველების წარმოდგენამ კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა იმაში, რომ მისი ხანგრძლივობის მიუხედავად, თუ სპექტაკლი საინტერესოა და მას პროფესიონალების ხელი ეტყობა, თანამედროვე მაყურებელსაც შესწევს უნარი სამ მოქმედებას გაუძლოს და დარბაზის დატოვების სურვილი არ გაუჩნდეს. მე არ მინახავს, მაგრამ მოწონება დაიმსახურა, ასევე, ლიტველი რეჟისორის სპექტაკლმა ,,ზაფხულის ღამის სიზმარი”. წლის ერთობლივ - ქართულ-უცხოურ ექსპერიმენტს რაც შეეხება, ამ თვალსაზრისით საინტერესო აღმოჩნდა პიერ მენიეს მიერ მარჯანიშვილის თეატრის მცირე სცენაზე გათამაშებულ წარმოდგენა, სახელწოდებით ,,არეულობის შუაში”, სადაც ფრანგ რეჟისორთან ერთად, ქართველი მსახიობი გიორგი ნაკაშიძეც მონაწილეობდა.

ქართულ სინამდვილეში კი, დაუვიწყარ სანახაობად იქცა 2004 წელს, რეჟისორ რობერტ სტურუას მიერ განხორციელებული ,,სტიქსის” მეორე დაბადება. სპექტაკლს განსაკუთრებული ხიბლი ცოცხალმა შესრულებამ შესძინა, რაც სტურუას 75 წლისთავთან დაკავშირებით ორგანიზებული კვირეულის ფარგლებში ჩაეწერა. რეჟისორმა გია ყანჩელის მუსიკაზე აგებულ მოქმედებაში, მსახიობების გვერდით, სიმფონიური ორკესტრი, დირიჟორი - ნიკა მემანიშვილი, ვოკალისტთა გუნდი და ახალგაზრდა მევიოლინე - ბენჟამენ გილმორი ჩართო.



კინომსახიობთა თეატრთან დაკავშირებით, ყურადღებას მხოლოდ ერთ ფაქტზე გავამახვილებ: თეატრს, რომელმაც სეზონი დაგვიანებით, მაგრამ მაინც გახნა, დასში მსახიობი რამაზ იოსელიანი დაუბრუნდა, რომელიც ბოლო ხანებში გორის თეატრში მუშაობდა. ნიჭიერი მსახიობის ოსტატობაში სეზონის გახსნის დღეს კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, როდესაც მან სპექტაკლში ,,ბაკულას ღორები” ითამაშა. იმედს ვიტოვებთ, რომ ამ მსახიობის შემოქმედებით შესაძლებლობებს თეატრი მაქსიმალურად გამოიყენებს.



ახლა ერთ ახირებაზეც მინდა ვთქვა. მაშინ, როდესაც საფრანგეთში, თეატრალურ ფორუმზე, ხელისუფლებასა და თეატრს შორის არსებულ ურთიერთობებზე მსჯელობდნენ, თბილისში ვარსკვლავებს ხსნიდნენ. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ მეტი საქმე არ გვაქვს და მსახიობების შემოქმედებასაც მხოლოდ ამ ფორმით ვაფასებთ. ასეთი წესის თანახმად, წლევანდელ ვარსკვლავებად კარლო საკანდელიძე, გივი ბერიკაშვილი და კახი კავსაძე ,,აღიარეს”.

აღსანიშნავია, რომ მსახიობთა შემოქმედებითი ღვაწლის დაფასებაში წვლილი კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრომაც შეიტანა. კერძოდ, ქართული პროფესიული თეატრალური ხელოვნების განვითარების ეგიდით, რუსთაველის თეატრის მცირე სცენაზე დაიდგა სპექტაკლი - ,,მოხუცი ჯამბაზები”, სადაც მაყურებელი უფროსი თაობის მონატრებულ მსახიობებს შეხვდა. მასში მონაწილეობდნენ: ზინა კვერენჩხილაძე, მედეა ჩახავა, ზაზა ლებანიძე, მარი ჯანაშია, მარინა კახიანი, კახი კავსაძე, გურამ საღარაძე და ჯემალ ღაღანიძე, წარმოდგენის რეჟისორია გოჩა კაპანაძე.

წლის დანაკლისის აღსანიშნავად, რომელიმე გარდაცვლილი შემოქმედი უთუოდ გამომრჩება. ამჯერად, მათ შორის მხოლოდ ორს - სოფიკო ჭიაურელსა და ახლადშესვენებულ დავით იაშვილს დავასახელებ.



ამ წლის სიახლედ შეიძლება მივიჩნიოთ, ახალგაზრდების დაოსტატებისა და თანამედროვე დრამატურგიის გაცნობის საქმეში საინტერესო პროცესების წარმართვის იმედად ქცეული ხელშეკრულება, რომელიც რუსთაველისა და დიდი ბრიტანეთის ნაციონალურ თეატრებს შორის გაფორმდა და მიზნად ისახავს: ახალგაზრდა რეჟისორებთან თანამშრომლობას, თანამედროვე პიესების პოპულარიზაციასა და ახალი რეპერტუარით ფართო აუდიტორიის დაინტერესებას.

სიტყვა კვლავ ახალგაზრდების დაოსტატებაზე ჩამოვარდა და ამ საქმეში, ვფიქრობ წვლილს შეიტანს ახლადჩამოყალიბებული სამაგისტრო პროგრამა, რომელიც მომავალ რეჟისორებს რობერტ სტურუას თაოსნობით აღზრდის.

სულ ბოლოს კი, ახალგაზრდა ქართველ რეჟისორებს ვურჩევ, სანამ თანამედროვე დრამატურგიის ნიმუშებს დიდი ბრიტანეთის ნაციონალური თეატრის დახმარებით გაიცნობენ, ახლადშექმნილი ქართული პიესები გადაიკითხონ. გუშინ, კინომსახიობთა თეატრში, ახალი ქართული პიესის კონკურსის გამარჯვებულები გამოავლინეს. ის მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ფონდის ეგიდით ჩატარდა (დამაარსებელი მანანა ანთაძე). წლევანდელ კონკურსზე სულ 33 პიესა შევიდა. საუკეთესოების გამოსავლენად, ჟიურიმ, დაახლოებით, ოთხი საათი იმსჯელა. მათი გადაწყვეტილების თანახმად, პირველი პრემია არ გაიცა, II პრემია და 1000 ლარი მიენიჭა ლალი კეკელიძეს, პიესისათვის ,,მკვდარი საათი“, ხოლო III ადგილი კონკურსის ორმა მონაწილემ - დათა თავაძემ და ლიკა მოლარიშვილმა გაიყო, მათ 500-500 ლარი ერგოთ. ასევე გაიცა ორი წამახალისებელი პრემია, რომელიც ,,ცხელი შოკოლადის“ და ,,ანაბეჭდის“ ერთი წლით უფასოდ გამოწერას ითვალისწინებს, რომელიც თამარ ბართაიასა და დათო გაბუნიას მიაკუთვნეს.

ახალი ქართული პიესები დაწერილია. დავიჯერო, ქართველ რეჟისორებს არც ერთი არ დააინტერესებს?

თუ არ გსურთ, რომ ფსიქიატრს ეჩვენოთ...


... ამისათვის, ლევან გველესიანისა და მამუკა ცეცხლაძის ,,ვეფხისტყაოსანი” უნდა წაიკითხოთ !


გუშინ მხატვრობის ხელშემწყობთა საზოგადოებამ ახალსახლობა აღნიშნა. ლია შველიძისა და მამუკა ცეცხლაძის ძალიასხმევით დაარსებულმა ,,სამხატვრო სტუდიამ ყველასათვის” ბინა იერუსალიმის ქუჩაზე დაიდო, სადაც გაიმართა პრეზენტაცია წიგნისა ,,მოგითხრობთ შოთა რუსთაველის ვეფხისტყაოსანს”. 


ეს გამოცემა ,,GEOEX PUBLIშHING”-ის პროდუქტია, ამასთან, ძალიან საჭირო და მართლაც საინტერესო. საჭირო იმ თვალსაზრისით, რომ ეხება ნაწარმოებს, რითაც თავი მოგვაქვს, მაგრამ, სინამდვილეში, მას ბევრი აღარ კითხულობს. სკოლაში ,,ვეფხისტყაოსანს” ნაწილ-ნაწილ, თავებად ასწავლიან და მოსწავლეებმაც პოემის შინაარსი, უმეტესად, არ იციან... თუ იციან და, ცდილობენ ამით დაკმაყოფილდნენ და წიგნი გვერდზე გადადონ. ამ ნაწარმოების მიმართ გაჩენილ ნიჰილისტურ დამოკიდებულებაში ხშირად ქართული ლიტერატურის პედაგოგებსაც ადანაშაულებენ, რადგან მიიჩნევეს, რომ ისინი მოსწავლეებს პოემას სათანადოდ ვერ უხსნიან და შესაბამისად, ახალგაზრდებს მისადმი ინტერესსაც უკლავენ. სხვები ასეთ ტენდენციას ,,საშუალო განათლების გაუაზრებელ პროგრამას” მიაწერენ და თვლიან, რომ ასეთი მნიშვნელობის, მხატვრული და ენობრივი თვალსაზრისით განსაკუთრებული მასალა, ჰაგიოგრაფიული ნაწარმოებების მსგავსად, უფრო მაღალ კლასებში უნდა ისწავლებოდეს. მოკლედ, ის, რომ ,,ვეფხისტყაოსანი” მივიწყებულია და მას ახლა, როგორც არასდროს, პოპულარიზაცია სჭირდება, ფაქტია! 

რატომაა ეს გამოცემა საინტერესო? კულტურულად მომზადებულ და მაღალ პოლიგრაფიულ დონეზე გამოცემულ წიგნში მთხრობელი - ლევან გველესიანი ,,ვეფხისტყაოსანს” გამართული ქართულით გვიყვება, თხრობაში საოცრად თავისუფალია, არც პარალელებით იზღუდება და თამამ განცხადებებსაც აკეთებს. ამის მაგალითებს წიგნში თავად აღმოაჩენთ, რამდენიმეს კი, ოდნავ ქვემოთ, მეც შემოგთავაზებთ. 

ეს წიგნი ხელში პრეზენტაციამდე რამდენიმე დღით ადრე ჩამივარდა. ამ გამოცემასთან ერთად წასაკითხად, სრულიად შემთხვევით, სასწაული დამთხვევაა, თამარ ერისთავის ,,ესე ამბავი სპარსული, ქართულად ნათარგმანები”, ანუ ,,ვეფხისტყაოსნის” სიუჟეტის მეორე განზომილება” შემომთავაზეს, სადაც ავტორი აცხადებს, რომ პოემა დემნა ბაგრატიონმა რუსთაველის სახელით (,,რუსთველისად ამისა”) დაწერაო, იქვე იმასაც დასძენს, რომ ,,ალბათ, არც თამარის ეპოქაში, არც მომდევნო ახლო ხანაში არ გავრცელებულა პოემის ხელნაწერი იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ თანამედროვეთაგან ბევრს შეეძლო ამოეცნო მასში დაფარული საიდუმლო; ამიტომ, ძნელი სათქმალია, - როდის დაიწყო მისი ტრიუმფალური სვლა საქართველოში. ერთი რამ კი ცხადია: - ,,ვეფხისტყაოსნის” ავტორი თავის მკითხველად საქართველოს გულისხმობდა, - მომავალსა და მარადისს”. თამარ ერისთავის ეს წიგნი 1995 წელს არის გამოცემული. მართალია, ლევან გველესიანი თავის თხრობაში მსგავსი საკითხებით არ ინტერესდება, სამაგიეროდ არანაკლებ ,,საორჭოფო” საქმეს სჩადის და გვიყვება ,,ვეფხისტყაოსანს” თანამედროვე ენით, კომენტარებითა და შენიშვნებით. 

აღსანიშნავია, რომ წიგნი - ,,მოგითხრობთ შოთა რუსთაველის ვეფხისტყაოსანს” იმ დიდი პროექტის შემადგენელი ნაწილია, რომელიც ,,GEOEX PUBLIშHING”-მა წამოიწყო და მიზნად კონკრეტულად ამ ნაწარმოების პოპულარიზაციას ისახავს. ამ პროექტის ხელმძღვანელია შავლეგო შავერდაშვილი, რომელიც გვპირდება, რომ მომავალში კიდევ არაერთი ახალი გამოცემით დაგვაინტერესებს. მანამდე კი, გვთავაზობს წიგნს, რომლის რედაქტორია მანანა კარტოზია, დამკაბადონებელი – მაკა ცომაია, სტილისტ-კორექტორი – თამუნა ღონღაძე, დიზაინერი – გიორგი ბოხუა. 

ვინ არის და რას წარმოადგენს ლევან გველესიანი? ის უკვე თხუთმეტი წელია, რაც ოჯახთან ერთად, გერმანიაში ცხოვრობს. განათლებით ეკონომისტი, ფილოსოფოსი და ორგანიზაციის განვითარების ექსპერტი ხშირად მონაწილეობს სახელმწიფო და კერძო საერთაშორისო პროექტებში, არის ასზე მეტი სამეცნიერო, ბელეტრისტიკული და პუბლიცისტური სტატიის ავტორი ქართულ, გერმანულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე... 

  ,,ღმერთმა მარგუნა, რომ ინგლისურად, გერმანულად და რუსულად ყველა მნივნელოვანი ავტორის ყველა მნიშვნელოვანი ნაწარმოები წამეკითხა. ქადილად არ ჩამომართვათ და ცოტა ფრანგულს, პოლონურს, ესპანურსა და იტალიურსაც შევწვდი. ღმერთის წინაშე ვფიცავ, რომ ,,ვეფხისტყაოსნის” შესადარი რამ ვერსად აღმოვაჩინე. შექსპირიც გადასარევია, დანტეც, სერვანტესიც, გოეთეც და ჩემი საყვარელი პუშკინიც, მაგრამ ის, რაც რუსთაველმა დაწერა 850 წლის წინ, - შეუდარებელია. დასანანია, რომ ქართული, მსოფლიო ენა არ არის: ერთი თანამედროვე მწერლის პერიფრაზირებას გავაკეთებ და ვიტყვი, რომ ,,ვეფხისტყაოსნის” ორიგინალში წაკითხვის სიამოვნება მხოლოდ ცოტას გვერგო”, - აღნიშნავს ავტორი, რომლის სითამამე წინასიტყვაობამდე მოცემულ სამ შენიშვნაშიც კარგად იკითხება. აი, ისინიც: ,,თუ თავიდანვე ვერ კითხულობთ ,,ვეფხისტყაოსანს”, ჯერ ეს წაიკითხეთ და მერე აიცულებლად წაიკითხეთ ორიგინალი. თუ ორიგინალმა სიამოვნება არ მოგანიჭათ, ვიზიარებ თქვენს მწუხარებას, თქვენ აღარაფერი გეშველებათ. თუ ორიგინალი გაიგეთ და მაინც ფიქრობთ, რომ ეს პოემა რომელიმე ნაწარმოებს ჩამოუვარდება მსოფლიო ლიტერატურაში, ეჩვენეთ ფსიქიატრს”. 

ამ ავტორის კრიტიკა არ ასცდებაო, ალბათ ფიქრობთ... ამას, თითქოს, ელოდება კიდეც, რადგან წინასიტყვაობას ის აი, ასეთი სიტყვებით იწყებს: - ,,კრიტიკა მომელის, ვიცი. ჯერ რუსთველოლოგების იმ არმიისაგან, რომელთაც დისერტაციები და აკადემიკოსობები უპყრიათ. მერე მოყვარულთაგან, რომელნიც ,,ვეფხისტყაოსანს” მკრეხელობისგან იცავენ, გახევებულ რამედ მიიჩნევენ და თავს დაჰფოფინებენ”, თუმცა, მოსალოდნელზე მსჯელობას ამასაც მოაყოლებს: - ,,პროფესიონალებს ვთხოვ, საქმიანი კრიტიკა გამოთქვან და თავი შეურაცხყოფილად არ იგრძნონ; რუსთაველი ისევეა ჩემი, როგორც ნებისმიერი ქართველისა თუ ვინმე სიტყვას შემაშველებს, მადლობელი დავრჩები და თუ თავს დამცირებულად იგრძნობს, გულახდილად მითხრას”.

 წიგნში კარგად ჩანს, რომ მისი ავტორის მიზანი არ გახლავთ რუსთაველის პოემის აკადემიურად გაშუქება. მისი მთავარი ამოცანაა: ,,ქართველებმა ისევ შეისისხლხორცონ თავიანთი იდეოლოგია; გაიგონ და ისწავლონ რუსთაველი”.  

იმისათვის, რომ ამ წიგნით მეც დაგაინტერესოთ, ისევ მთხრობელს მივუბრუნდები და მის კომენტარებს უკომენტაროდ მოვიშველიებ. მაგალითად, პოემის ერთ-ერთ ტაეპზე - ,,დახოცეს და ამოწყვიტეს, ცათა ღმერთი შეარისხეს”, ავტორი ასეთ კომენტარს აკეთებს: - ,,რასაკვირველია შერისხდებოდა ღმერთი, როცა ორი სნობი, სანაძლეოს გამო, ათასობით ცხოველს გაწყვეტს. არც ავთანდილს, არც როსტევანს, ამ ცხოველების განადგურება არ ჭირდება. ერთიც და მეორეც ამას საკუთარი ვაჟკაცობის დასამტკიცებლად აკეთებს. არ ჯობდა, უბრალოდ სამიზნეში ესროლათ?” 

 ლევან გველესიანი ყურადღებას გაკვრით ნაწარმოების ეროტიულ მხარეზეც ამახვილებს. ერთ-ერთ სცენაზე ამბობს: ,,ამ სურათს იმხელა ეროტიული გამოსხივება აქვს, რომ გასაგები ხდება რატომ წვავდა კოცონზე ეკლესია რუსთაველის უკვდავ ნაწარმოებს. თუმცა, ერთი რუსი მწერლის ნათქვამს გავიხსენებ: ხელნაწერები არ იწვიან! არ დამწვარა ,,ვეფხისტყაოსანიც”. 

 ღიმილისმმომგვრელია ადგილები წიგნში, სადავ ავტორი თხრობას აი, ასე წყვეტს და ამასთან, საოცარ პარალელებსაც აკეთებს: ,,აქ, ახლა ავთანდილს მოვუბოდიშებ და ისევ ჩავერევი თხრობაში. ეს ტაეპი ერთ-ერთი უძლიერესია ,,ვეფხისტყაოსანში”. აი, რას ათქმევინებს რუსთაველი ავთანდილს და უნდა ვიგულისხმოთ, რომ ეს იდეოლოგიაცაა, რაც რუსთაელმა ქართველებს დაგვიტოვა საუკუნოდ: ,,ხამს მოყვარე მოყვრისათვის თავი ჭირად არ დამრიდად, გული მისცეს გულისათვის, სიყვარული გზად და ხიდად: კვლა მიჯნურსა მიჯნურობა ჭირი უჩნდეს ჭირად დიდად, აჰა, მაქვსცა უმისობა ლხინი არმად, თავი ფლიდად! ვისაც ჰგონია, რომ ეს იდეოლოგია მოძველებულია, ვუპასუხებ ჯონ ლენონის ფრაზით: ალლ ყოუ ნეედ ის ლოვე (ერთადერთი, რაც გვჭირდება, სიყვარულია!). რუსთაველი თითქმის იგივე აზრს გამოთქვამს 850 წლით ადრე და განსაკუთრებით ამახვილებს ყურადღებას მეგობრობაზე. რუსთაველი აბსოლუტურად თანამედროვეა. 

 წიგნი, რომელიც თავებად არის დაყოფილი, მისი აბზაცები კი ერთმანეთისგან ისეა დაშორებული, რომ ადვილი აღსაქმელი იყოს, მთხრობელი ,,ვეფხისტყაოსნის” შესწავლის საკუთარ გამოცდილებასაც იხსენებს: ,,ვეფხისტყაოსნის” მომდევნო ოცი სტროფი სკოლაში ზეპირად მასწავლეს. მაშინ ვერ ვხვდებოდი, თუ რა საჭირო იყო ამ რთული, თექვსმეტმარცვლიანი ლექსით დაწერილი ტექსტის დაზეპირება. შემდეგი ორმოცი წლის განმავლობაში აღმოვაჩინე, რომ ეს თავი მართლაც დასაზეპირებელია და იგი, ყველამ, უკლებლივ ყველა ქართველმა, ზეპირად თუ არა, თხრობით მაინც უნდა იცოდეს და საკუთარი ცხოვრების დირექტივად გაიხადოს. ეს იმიტომ, რომ გავბედავ და ვიტყვი: ქართულ ლიტერატურაში ამ სტრიქონების შესადარი არაფერი შექმნილა. ავთანდილის ანდერძის ღირსება არა მარტო მისი პოეტური მხარეა, რომელიც რუსთაველთან თანაბრად ძლიერია მთელს პოემაში, არამედ არსობრივი. ის, რაც ითქმება ამ ოციოდ სტროფში, დაამშვენებდა მსოფლიოს ნებისმიერ ლიტერატურას”, ან კიდევ: ,,გველსა ხვრელით ამოიყვანს ენა ტკბილად მოუბარი”, - წესით ეს ფრაზა დეილ კარნეგის ქართულ გამოცემას უნდა წავუმძღვაროთ და ზოგ ჩვენს პოლიტიკოსს ზეპირად ვასწავლოთ”...  

კომენტარების პარალელურად კი, ამბავს ის აი, ასეთი ენით ყვება: ,,ასმათს ცოტა ეწყინება მისი პატრონის ამგვარი გაკრიტიკება და თავის პასუხში მოულოდნელად ისეთ ღრმა სოციალურ-ფსიქოლოგიური ცოდნა და მჭევრმეტყველება გამოამჟღავნა, რომ ავთანდილი პასუხით, ცოტა არ იყოს დაიბნა კიდეც. აი, რა უთხრა ასმათმა ავთანდილს ტარილეის გასამართლებლად: ადამიანის ფსიქიკის სამი ნაწილი, - ემოციური, ცნობიერი და განსჯითი - ერთმანეთთან - მყარად არის დაკავშირებული, თუმცა, გადაწყვეტილების მიღებისას ემოციური ნაწილი დომინირებს. ვინც ემოციურად ჩლუნგია, მას სოციუმი უარყოფს. შენც ხომ იცი, ეს ჩვენი ტარიელი რა ემოციური ვინმეა და რატომ გწყინს; ხომ გაიგონე, რასაც მოგიყვა და ამგვარი ამბების გადამტანი საერთოდ როგორ არის ცოცხალი?” 

 ცალკე აღნიშვნის ღირსია, ამ წიგნის გაფორმება. გამოცემა მამუკა ცეცხლაძის ,,ვეფხისტყაოსანის” თემაზე 2006 წელს შექმნილი ნამუშევრებით არის ილუსტრირებული ამ მხატვარს წარსდგენა არ სჭირდება, შესაბამისად ყურადღებას მის, როგორც ამ წიგნის ილუსტრატორის, მთავარ ღირსებაზე შევაჩერებ. მხატვარი პერსონაჟებისა და სცენების პირდაპირ და მკაფიო ხატებას კი არ გვთავაზობს, არამედ, საშუალებას გვიტოვებს ყველაფერ ამას ფრთები სრულად საკუთარ წარმოსახვაში შევასხათ. ნამუშევართაგან, რომლებიც გუშინ სტუდიის კედლებზეც გამოეფინათ, განსაკუთრებულია: ,,შეხვედრა ტარიელისა და ვეფხვის”, ,,დავარი”, ,,გველი და მზე”, ,,ტარიელის ხმლის ვადა”, ,,ქორწილი ინდოეთში ღამით”, ,,ამბორი” და სხვა.  

საინტერესო აქცენტებით, დამაჯერებლობით, უჩვეულო პარალელებითა და ოდნავ, იუმორით გაჯერებული თხრობა, ვფიქრობ, ამ წიგნისადმი ინტერესს არაერთ მკითხველს გაუჩენს. მისი წაკითხვის შემდეგ კი, წიგნის რედაქტორის – მანანა კარტოზიას თქმისა არ იყოს, დავრწმუნდებით ვართ თუ არა მზად იმისათვის, რომ ეს წიგნი მივიღოთ.

ისე, შემთხვევით, როგორც წესი არაფერი ხდება და ალბათ, ესეც ლოგიკურია, რომ მაშინ, როცა პროზად მოთხრობილი ,,ვეფხისტყაოსანის” გამოცემას ვზეიმობთ, პარალელურად, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ,,ვეფხისტყაოსანის” ხელნაწერებია ექსპონირებული. ასე, რომ ვიდრე 2016 წელს შოთა რუსთაველის დანადებიდან 850 წლისთავს აღვნიშნავდეთ, 2008 წლის ნოემბრერი ,,ვეფხისტყაოსანის” თვედ შეიძლება გამოვაცხადოთ.