Wednesday, October 28, 2009

თელაველების კვარტეტი

24 საათი 22.10.09

თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი დასრულდა, მაგრამ მის ფარგლებში წარმოდგენილ სპექტაკლებზე წერას ვაგრძელებთ.

ამ სამი კვირის განმავლობაში მაყურებელი განსაკუთრებული ინტერესით ადევნებდა თვალს წარმოდგენებს, რომლებიც უცხოელებმა საქართველოში ჩამოიტანეს. რომელი იყო საუკეთესო? ეს გაზეთ "24 საათის" ფურცლებზე გამოქვეყნებულ სტატიებში დაიწერა და კვლავაც გამოიკვეთება მასალებში, რომლებიც უახლოეს მომავალში დაიბეჭდება და ორგანიზებულს შეაფასებს.

ეს წერილი კი ეხება დადგმას, რომელიც ფესტივალის ფარგლებში ორგანიზებული ქართული სპექტაკლების ჩვენებისას (GEOღGIAN შHOჭჩAშE) წარმოადგინეს. როგორც გაზეთ "24 საათის" 20 ოქტომბრის ნომერში აღვნიშნე, ჩვენი წარმოდგენების ჩამონათვალი არასწორად იყო შერჩეული და ვფიქრობ, რომ შეიძლებოდა უკეთესი შეგვეთავაზებინა უცხოელებისთვის, რომლებიც ქართულ სპექტაკლებს ესწრებოდნენ. მათ განსაკუთრებით აინტერესებდათ რობერტ სტურუას ახალი წარმოდგენის ნახვა და იმის გაგება, როგორ შემოქმედებით ფორმაშია, რას აკეთებს რეჟისორი, რომელმაც თავი უცხოეთშიც გაითქვა. მე არ ვიცი უმრავლესობის შთაბეჭდილება, მაგრამ ერთადერთი კითხვა, რომელიც სპექტაკლის, სახელწოდებით "ბიდერმანი და ცეცხლისწამკიდებელნი", დასრულების შემდეგ დიდი ბრიტანეთიდან ჩამოსულმა იან ჰერბერტმა (კრიტიკოსთა ასოციაციის საპატიო წევრი) დამისვა იყო: "დავიჯერო, ასეთია ქართული იუმორი?"...

ზემოთ უცხოელები ვახსენე და აქვე, მათ "პუნქტუალობაზეც" უნდა ვთქვა: ფესტივალის ორგანიზატორებისთვის იმდენად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ქართულ სპექტაკლებზე სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული სტუმრების დასწრება, რომ წარმოდგენებს ნახევარი საათის დაგვიანებითაც კი იწყებდნენ... რატომ იგვიანებდნენ? იქნებ, ქართული ღირშესანიშნაობების ან სამზარეულოს გამო? ასეც რომ იყოს, ეს ნაკლებად მნიშვნელოვანია და მათ საქციელს ვერ გაამართლებს.

უცხოელების მიზეზით დააგვიანეს დაწყება სპექტაკლის, რომელიც თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა რუსთაველის თეატრის მცირე სცენაზე წარმოადგინა. რა ხდება თეატრში, რომლის შემოქმედებით პროცესს თვალს ვერ ვადევნებთ და იქ მომხდარი ცვლილებების შესახებ არაფერი ვიცით? თეატრის ხელმძღვანელობასთან დაკავშირება შეუძლებელი აღმოჩნდა და თელაველთა შემოქმედებითი გაერთიანების შესახებ ერთი სპექტაკლის მაგალითზე ვიმსჯელებ.

"სამოთხის კვარტეტი" ჰქვია წარმოდგენას, რომელიც რეჟისორმა გოგა ჩაკვეტაძემ თამაზ ჭილაძის ნაწარმოების მიხედვით განახორციელა. ერთმოქმედებიანი დადგმის შესახებ საფესტივალოდ გამოცემულ კატალოგში ვკითხულობთ: "დაუსახლებელი ქალაქის პატარა მონაკვეთზე დასახლდებიან ქალები; ისინი ელოდებიან ხომალდის შევსებას, საუბრობენ, წარსულს იხსენებენ და მოულოდნელად მათ ცხოვრებაში უცნაური მოვლენები ხდება. მათი ცხოვრებით გარშემო მყოფი ადამიანები დაინტერესდებიან, რომლებთანაც მათ ცხოვრების მანძილზე ურთიერთობა ჰქონიათ. ქალბატონების საუბარი და თხრობა იმდენად დაძაბული და სადავოა, რომ შთაბეჭდილება რჩება, თითქოს ყველა ის საკითხი, რაც მათ მიერ არის წამოჭრილი და კაცობრიობისათვის სასიცოცხლო დანიშნულების მატარებელია, ამ გაზაფხულზე უნდა გადაწყდეს. ნათელი ხდება, რომ ამ ქალბატონების ბედი მჭიდროდაა დაკავშირებული იმ გერმანელებთან, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის დროს გადმოასახლეს. შთაბეჭდილება რჩება, რომ ამ სამყაროში მხოლოდ ეს ოთხი ქალი არსებობს. ჩვენი გმირები არ კარგავენ იმედს: "შეხედე, ცაზე ვარსკვლავები გამოჩნდა...". ეს ციტატა მოვიყვანე იმისათვის, რომ გითხრათ ის, რაც სპექტაკლში რეალურად ხდება. იქ არ იქმნება შთაბეჭდილება იმისა, რომ ეს ქალაქი დაუსახლებელია, მაყურებელი ვერც პერსონაჟთა ცხოვრებაში მომხდარ უცნაურ მოვლენებს ხედავს და აღიქვამს, ხომალდის შევსების მოლოდინზე რომ აღარაფერი ვთქვათ... ციტატა, რომელიც კატალოგშია მოცემული, რათა მაყურებელს სპექტაკლის შინაარსი გააცნოს, ნაკლებად შეესაბამება იმას, რასაც გვთავაზობენ. სოფლის წყაროსთან შეკრებილი ოთხი ქალი, რომელთაგან სამი ხანშიშესულია, ერთი კი ახალგაზრდა, ფსიქიკურად ავადმყოფი, ერთმანეთში საუბრობს. ისინი მართლაც იხსენებენ წარსულს და გვიყვებიან: მათ ქმრებზე, სიყვარულზე და სოფელზე, სადაც არც წყალი აქვთ და არც შუქი. იმისათვის, რომ გათბენ - მიტინგობანას თამაშობენ, ამბობენ, სანამ ერთმანეთს ვჭამთ, არაფერი გვეშველებაო და მაინც იმედიანად არიან. მათ მონათხრობს აცოცხლებენ პერსონაჟები, რომლებიც სცენაზე პერიოდულად ჩნდებიან, მაგალითად: მთხრობელი, ლოთი ქმარი (ზურაბ ლომიძე), რკინიგზელი (მალხაზ ჩიდრაშვილი), იზოს დედა, დედაბერი (მაკა გრემელაშვილი), ქ-ნი ოლიმპიადა (ეთერ ბაბილაშვილი), სტეფანე, სანიტარი (ავთო გულიაშვილი), რაული, იზოს მამა (გიორგი გელაშვილი). მთავარი როლებს ასრულებენ: მაია ბესტავაშვილი (სარა), ვენერა ფეიქრიშვილი (ბაბო), ნინო კურტანიძე (ელო), ნონა ხუმარაშვილი (იზო). მათ შორის ყველაზე დამაჯერებელია სარას როლის შემსრულებელი, რომელიც სულით ავადმყოფს განასახიერებს.

ეს წარმოდგენა შთაბეჭდილებას გვიქმნის თეატრზე, სადაც შემოქმედებითი თვალსაზრისით ბევრი პრობლემაა. დარბაზში არ ისმოდა მსახიობების მეტყველება, გაუმართავი იყო რეჟისურა, რომელიც სურათების ცვლას უფრო ემსახურებოდა, ვიდრე სიუჟეტის გამოკვეთას, სათქმელის წარმოჩენას, ან მოქმედების განვითარებას. მინიშნებითია გარემო, რომელიც მხატვარმა მაია სიხარულიძემ შექმნა, ქორეოგრაფია ეკუთვნის მანანა ჯიმშიტაშვილს, მუსიკალური გაფორმება კი - ნოდარ ბერუაშვილს. პრემიერა 2008 წლის 4-5 დეკემბერს შედგა.

ამ სპექტაკლის მაგალითზე კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ რეგიონალური თეატრების შემოქმედებით პროცესზე წერა იქ არსებული პრობლემებისგან დამოუკიდებლად შეუძლებელია. მათი მწირი ბიუჯეტი არ იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ ბევრი რამე გამოსწორდეს და შეიქმნას ისეთი ატმოსფერო, რომელიც შემოქმედებით ჯგუფს უკეთესის განხორციელების საშუალებას მისცემს. დღეს მათ მიერ შექმნილი პროდუქცია პროფესიული განხილვის საგანი იშვიათად ხდება და თუ მაყურებლის დაინტერესების საკითხსაც შევეხებით, ეს პრობლემა, ვფიქრობ, მას შემდეგ მოგვარდება, რაც რეგიონებში თეატრების სახით შემორჩენილ კულტურულ კერებს მეტი ყურადღება მიექცევა და მათ მხოლოდ უცხოელების წინაშე წარსადგენად არ გაიხსენებენ.

No comments:

Post a Comment