Monday, August 17, 2009

დროა დაიწყოს ექსპერიმენტები!




,,ზარატუსტრას ჟამი” ზუგდიდში

გაზეთ ,,24 საათის” 1 ივნისის ნომერში ფოთის თეატრის სპექტაკლზე, სახელწოდებით ,,ვირთხებზე ნადირობა”, ვწერდი. ამ კონკრეტულ შემთხვევაში არჩევანი გაკეთდა უცხოელ რეჟისორთან და სცენოგრაფთან თანამშრომლობაზე, რაშიც წვლილი საქართველოს რეგიონალურმა ქსელმა და გოეთეს ინსტიტუტმა შეიტანა. ამ წარმოდგენას, სავარაუდოდ, გერმანიაშიც უჩვენებენ.

ამჯერად ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში დადგმულ სპექტაკლზე ,,ზარატუსტრას ჟამი” აღვნიშნავ. ის ერთგვარი ექსპერიმენტია, რომელზეც რეჟისორმა ირაკლი გოგიამ იმუშავა და შემოქმედებით პროცესში დრამატურგი რეზო კლდიაშვილი ჩააბა (მხატვარი - მარიკა კორკელია, ქორეოგრაფი - ირინა კუპრავა).

ზარატუსტრა ზოროასტრიზმის ფუძემდებელია და თუ განვაზოგადებთ, ის არის რეფორმატორი, რომელიც გვიბიძგებს პირველსაწყისს დავუბრუნდეთ. ლეგენდა ზარატუსტრას შესახებ გერმანელი ფილოსოფოსის ფრიდრიხ ნიცშეს შთაგონების წყარო გახდა. მან დაწერა ცნობილი და ერთ-ერთი ყველაზე საკამათო ფილოსოფიური ნაწარმოები ,,ასე იტყოდა ზარატუსტრა”, რომელიც სცენაზე სულ რამდენჯერმე გაცოცხლდა. მაგალითისთვის კრაკოვის ძველ თეატრში დადგმულ სპექტაკლს დავასახელებ. ,,ზარატუსტრა” პოლონელმა რეჟისორმა კრისტიან ლიუპამ ნიცშეს ნაწარმოებისა და გერმანელი მწერლისა და რეჟისორის აინარ შლეეფის პიესის - ,,ნიცშე. ტრილოგია” მიხედვით 2004 წელს განახორციელა. ეს წარმოდგენა სხვადასხვა თეატრის სცენაზე აჩვენეს, მათ შორის, მოსკოვის ვსევოლოდ მეიერხოლდის სახელობის ცენტრში (2008 წ.). კრიტიკოსები აღნიშნავდნენ, რომ ამ სპექტაკლის სტრუქტურის აღწერა და აღქმა იოლი არ არის და მისი ერთმნიშვნელოვანი ინტერპრეტაციაც შეუძლებელიაო... ცხადია, რომ სირთულე, რომელიც ნიცშეს ,,ესე იტყოდა ზარატუსტრას” გასცენიურებას ახლავს, ტექსტის ფილოსოფიური ხასიათიდან მომდინარეობს. ამდენად, შეიძლება ითქვას, რომ რეჟისორმა ირაკლი გოგიამ რთული არჩევანი გააკეთა, როდესაც ნიცშეს ნაწარმოებზე აგებული პიესის გაცოცხლება მოინდომა.

ექსპერიმენტის განხორციელების სურვილი იმდენად დიდი აღმოჩნდა, რომ ახალგაზრდა რეჟისორმა სირთულეებს, რომლებიც აღნიშნული პიესის დადგმას მოჰყვებოდა, როგორც ჩანს, ნაკლები ყურადღება მიაქცია და საკუთარ თავს და შემოქმედებით ჯგუფს გადასაჭრელად ურთულესი ამოცანა წაუყენა. მე არ ვიცი ეს ჩანაფიქრი რამდენად განხორცილედებოდა რომ არა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ფინანსური მხარდაჭერა. ერთი კი ფაქტია, რეგიონალურ თეატრებში, სადაც დაფინანსების სიმცირეს უჩივიან, ექსპერიმენტებისთვის სადადგმო ხარჯების გამოყოფა ძალიან რთულია. შესაბამისად, იბადება კითხვა: _ რამდენად მნიშვნელოვანია დღეს ექსპერიმენტების განხორციელება? ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემას მოგვიანებით ვეცდები. ექსპერიმენტის ხსენებაზე კი, თემას ოდნავ გადავუხვევ და საქართველოში გერმანიის ხელოვნების აკადემიის ვიცე პრეზიდენტის, ნელე ჰერტლინგის, ვიზიტს გავიხსენებ.

ქ-ნი ნელე აქ ,,ურბანული კულტურის პოლიტიკისა და სათეატრო ხელოვნების” კვირეულის ფარგლებში იმყოფებოდა და უძღვებოდა სასწავლო ინტერაქტიულ კურსს, რომელიც თანამედროვე ცეკვის 100 წლის განვითარების ისტორიას მიეძღვნა. თეორიული ცოდნის გაზიარებასთან ერთად, მან უნიკალური ვიზუალური მასალაც გვაჩვენა. ლექციებს თითქმის ცარიელ დარბაზში კითხულობდა, მაგრამ ამას დიდად არ შეუწუხებია (განსხვავებით ერთი ჩემი ლექტორისგან, რომელიც თუ სრული დასწრება არ არის, ლექციას არ ატარებს). ამ კურსს ესწრებოდა მსმენელი, რომელმაც ნელე ჰერტლინგი რამდენჯერმე ,,შეაწუხა” შეკითხვით - მიმითითეთ პროექტები, რომლებშიც ჩავერთვები და საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებას შევძლებ, თორემ საქართველოში თანამედროვე ქორეოგრაფია არავის აინტერესებს და მასში ფულს არავინ ჩადებსო... ამ ახალგაზრდას ნელე ჰერტლინგმა ასეთი პასუხი გასცა: - ,,საერთაშორისო პროექტებში რომ ჩაერთოთ, მოთხოვნები ჯერ საკუთარ თავს უნდა წაუყენოთ... თქვენ თანამოაზრეები უნდა შემოიკრიბოთ და ჩამოაყალიბოთ შემოქმედებითი გაერთიანება, რომელიც ახალი დადგმების განხორციელებაზე იმუშავებს. პრეტენზიის, ან საყვედურის გამოთქმის უფლება კი მხოლოდ მას შემდეგ გეძლევათ, თუ ნახავთ, რომ თქვენს ინიციატივებს მხარი არ დაუჭირეს და პროექტები არ დაგიფინანსეს... მანამდე კი, ვფიქრობ, უმჯობესია იმუშაოთ და ყველაფერი გააკეთოთ იმისათვის, რომ დაოსტატდეთ”. ამ რჩევას მან ერთი მაგალითიც მოაყოლა, რომელიც გერმანიას უკავშირდება. როგორც აღმოჩნდა, ეს სახელმწიფო თავდაპირველად თანამედროვე ქორეოგრაფიისადმი ინტერესს არ იჩენდა და ექსპერიმენტებს, რომლებიც ამ დარგში ხორციელდებოდა, არ აფინანსებდა. თუმცა მას შემდეგ, რაც ქორეოგრაფთა ახალმა თაობამ საინტერესო პროექტები განახორციელა, საზოგოდოების ყურადღება დაიმსახურა და გულშემატკივარიც ბევრი გაიჩინა, სახელმწიფო იძულებული გახდა ბიუჯეტიდან სახსრები გამოეყო და ამ დარგის განვითარებაზე ეზრუნა. დღეს უკვე გერმანია (და არა მხოლოდ ის) თანამედროვე ქორეოგრაფებით იწონებს თავს. ეს მაგალითი, ალბათ, ერთგვარი პასუხია შეკითხვაზე: - ღირს თუ არა ბრძოლა, როდესაც არ არსებობს ნება?

ბრძოლა ყოველთვის ღირს. მართალია, ჩვენი ქვეყანა გერმანიისგან განსხვავდება და უპირველესად იმით, რომ აქ სახელმწიფო ხელოვნების რომელიმე დარგის განვითარებაზე კი არ ზრუნავს, არამედ ერთი კონკრეტული გაერთიანების ფინანსურ უზრუნველყოფაზე. შესაბამისად, მუდამ უკანა პლანზე ინაცვლებს კულტურის პოლიტიკის შემუშავების აუცილებლობა, რაც საშუალებას მოგვცემდა პრიორიტეტები გამოგვეყო და თანხები დამსახურებულად გადაგვენაწილებინა. ქვეყნის ბიუჯეტიდან თეატრალური ხელოვნებისთვის გამოყოფილი სახსრები ლამის მთლიანად ერთ ან ორი თეატრისკენაა გადასროლილი და თანაც ისე, რომ მათ წარმოდგენებს ხარისხის შენარჩუნება არ მოეთხოვება. თბილისის თეატრების რეპერტუარს თუ გადავხედავთ, დავრწმუნდებით, რომ ისინი განსაკუთრებულს ვერაფერს გვთავაზობენ. დროა განხორციელდეს რაც შეიძლება მეტი ექსპერიმენტი და იქნებ ამ პროცესში დაიბადოს ის, რაც სიახლეს შემოიტანს. ჩემი ამ მოწოდების ადრესატები ახალგაზრდები არიან. უფრო კონკრეტულად კი ისინი, რომლებსაც ჯერ კიდევ შეუძლიათ კომფორმიზმს თავი დააღწიონ, თორემ, იმ შემოქმედებით ჯგუფს, რომელმაც თეატრიდან წამყვანი რეჟისორი გაუშვა და მისი ადგილი სხვას დაუთმო, აღარაფერი ეშველება. დღეს უფრო საინტერესოა ის, რაც ერთი შეხედვით კარგად დაფინანსებული, მაგრამ შემოქმედებითად უძრავი სივრცის მიღმა ხდება და მართალია, მხატვრული თვალსაზრისით არ გამოირჩევა, მაგრამ ბრძოლის და ექსპერიმენტის განხორციელების სურვილის ჯერ კიდევ შერჩა.

ვიდრე ,,ზარატუსტრას ჟამს” მივუბრუნდები, მინდა კოლეგებს მივმართო და ასეთი შეკითხვა დავუსვა მათ: - როგორ ფიქრობთ, საგულისხმოა, თუ არა რეპლიკა - რა უნდა მოსთხოვო ფოთის ან ზუგდიდის თეატრს, როდესაც თბილისის თეატრებში განსაკუთრებული არაფერი ხდება? ან ერთნაირად უნდა შევაფასოთ თუ არა, იმ თეატრების პროდუქცია, რომლებიც რადიკალურად განსხვავებულ პირობებში ფუნქციონირებენ?

სწორედ, ამ განსხვავების გათვალისწინებით არის მისაღები ინიციატივა, რომელიც ირაკლი გოგიამ შემოგვთავაზა. მას სურდა, რომ სცენაზე, თეატრის დასთან ერთად, დრამატურგიც მდგარიყო. რეზო კლდიაშვილი აქ თავად კითხულობს ტექსტს, რომელიც ფრიდრიხ ნიცშეს ,,ესე იტყოდა ზარატუსტრას” და ინკოგნიტო ქართველ ავტორთა ჯგუფის ,,3+1”-ის ,,მომავლის რჩეულის” მიხედვით შექმნა. და მიუხედავად იმისა, რომ დრამატურგი ხაზგასმით აღნიშნავს: - ,,ამ პიესის თამაში შეუძლებელია. დღევანდელი სამსახიობო ხელოვნება უძლურია წარმოაჩინოს იგი”, რეჟისორი არჩევანს სწორედ მასზე აკეთებს.

დრამატურგი პიესას რიტმულად კითხულობს, სცენაზე განვითარებულ მოქმედებაში არ ერთვება და სიტყვას იშვიათად ,,უთმობს” მსახიობებს: გოგი გუგუჩუას, ირაკლი სამუშიას, ნათია გუდაძეს, მზევინარ ჩარგაზიას, მალხაზ მესხიას, გიგა კიტიას, ირაკლი კაკალიას, ზემფირა გუნიას, ზურაბ ლაშხიას, მარინა დარასელიას, რეზო ჯოჯუას, ნანა ბუკიას, მერაბ კაკალიას. ისინი მეტაფორებით გაჯერებული სცენების გაცოცხლებას უმეტესად პლასტიკით ცდილობენ. რეჟისორის მიერ დასმული ამოცანების გადაჭრა რთული დავალება აღმოჩნდა დასისთვის, რომელსაც ჯერ კიდევ ბევრი აქვს სამუშაო იმისათვის, რომ სათქმელს გამომსახველობითი ფორმა მოუძებნოს და საკუთარი შესაძლებლობები სათანადოდ წარმოაჩინოს. ეს შეთავაზება არანაკლებ რთული იყო მაყურებლისთვისაც, რადგან იოლი არ არის პიესის აზრს მისდიო და ამასთან თვალი მიადევნო მოქმედებას, რომელიც სცენის შუაგულში ვითარდება და ახალი პერსონაჟებით იცვლება. მაყურებლისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა სპექტაკლის ფინალი, რომელიც ჩვეული ,,პაკლონით” არ დასრულებულა - მსახიობთა მსვლელობამ თეატრის ფოიეში გადაინაცვლა და მაყურებელს იქ შეუერთდა. ,,ვინც ამ იდეის თანამონაწილე გახდება, თვითონვე უნდა აინთოს და ცეცხლი მაყურებელს მიუტანოს”, - აღნიშნავს დრამატურგი. სპექტაკლის დასრულების შემდეგ, ერთ-ერთმა აღნიშნა: რეჟისორმა სწორი არჩევანი გააკეთა, აქ უყვართ ლოზუნგებიო... მე არ ვიცი ირაკლი გოგიამ რამდენად გათვალა სათქმელი პუბლიკაზე, რომელიც ამ წარმოდგენას ესწრებოდა. თუმცა, მაყურებელზე შთაბეჭდილების მოსახდენად მან გამოიყენა მის ხელთ არსებული ყველანაირი ხერხი, იქნება ეს მუსიკალური გაფორმება თუ ეკრანი, რომელზეც დიქტატორთა, თუ ტრაგიკულ მოვლენათა (მათ შორის, 9 აპრილის) ამსახველი კადრები გააცოცხლა. ამ ექსპერიმენტმა ჩემში იმ წარმოდგენებზე მეტი ინტერესი გამოიწვია, რომლებზეც სერიოზული თანხები იხარჯება და როლებიც რეჟისორის პირადი სიმპატიით ნაწილდება, სადაც მხოლოდ ილუზია იქმნება იმისა, რომ იქ რაღაც ხდება.

No comments:

Post a Comment