Wednesday, October 28, 2009

რუსი ბაშმაჩკინი თუ იტალიელი აკაკი?

GESCO COMPANY-ს ,,შინელი” მარჯანიშვილის თეატრში

თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი დასასრულს უახლოვდება. მის ფარგლებში შემოთავაზებული დადგმებიდან ქართველი მაყურებლისთვის საინტერესო ბევრი აღმოჩნდა. მათ შორის, ერთმოქმედებიანი წარმოდგენა, სახელწოდებით ,,შინელი”, რომელიც მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე დიდი ბრიტანეთის შემოქმედებითმა გაერთიანებამ წარმოადგინა.

საფესტივალოდ გამოცემულ ბუკლეტში ვკითხულობთ, რომ კომპანია GESCO ამიტ ლაჰავმა და ალ ნეჯარმა 2001 წელს ჩამოაყალიბეს. მათი თანამშრომლობის მიზანი იყო თეატრალურ ხელოვნებაში ახალი გზების ძიება და აუდიტორიის წარმოსახვის გამოცოცხლება. ისინი ძალისხმევას არ იშურებდნენ იმისათვის, რომ შეესწავლათ მსახიობის სხეულის შესაძლებლობები, მისი მოძრაობის კანონი და სცენაზე მოქმედების პრინციპები. მათი ჩანაფიქრის განხორციელება კი მსახიობებისგან დიდი ფიზიკურ მომზადებას მოითხოვდა...

ფიზიკური მომზადება – აი, ეს არის კომპონენტი, რომლითაც GESCO COMPANY-ს წარმომადგენლები ნამდვილად გამოირჩევიან. მათი პლასტიკა ისეა დამუშავებული, რომ სხეულის ფლობის ოსტატობას წარმოაჩენს. შემსრულებელთა ჟესტი, მიმიკა და მოძრაობა გამომსახველია, მაგრამ ნაკლებად მრავალფეროვანი – ერთხელ მიგნებულს ხშირად იმეორებენ. თუმცა, ეს, შესაძლოა, იმითაც იყოს განპირობებული, რომ ამიტ ლაჰავმა (რეჟისორი) აქცენტი გააკეთა განწყობაზე, რომელიც დეპარტამენტებშია გამეფებული და მოხელეთა მუშაობის მექანიკურ რიტმს გამოხატავს.

ამის გარდა, სპექტაკლში ხაზგასმით არის ნაჩვენები ის, რაც გოგოლის ნაწარმოებში არ იკითხება, კერძოდ: სხვადასხვა ენაზე მოლაპარაკე მოხელეთა დამოკიდებულება და მათი სტატუსი საზოგადოებაში. როგორც ჩანს, ეს პრობლემა უცხოეთში აქტუალურია და ამა თუ იმ ეროვნების წარმომადგენელთა კომპლექსადაც აღიქმება. მაგალითად, აკაკი, რომელსაც თავად ამიტ ლაჰავი განასახიერებს, იტალიელია და დეპარტამენტში ყველაზე დაბალი თანამდებობა უჭირავს. მასზე წარჩინებულთაგან ერთ-ერთი იაპონურად საუბრობს, უფროსი კი დირექტივებს ფრანგულ ენაზე იძლევა. მათი თანამდებობრივი უპირატესობა სცენაზე პერსონაჟთა ადგილების სიმაღლითაც განისაზღვრება. ყველაზე მაღლა უფროსი ზის, ყველაზე დაბლა კი – აკაკი, პერსონაჟი, რომელსაც გოგოლის ბაშმაჩკინთან საერთო ცოტა აქვს. აი, ამიტომაც დავარქმევდი ამ წარმოდგენას ,,რამდენიმე ეპიზოდი იტალიელი ჩინოვნიკის ცხოვრებიდან”.

GESCO COMPANY-ს წარმომადგენლები თავს იწონებენ, როგორც ზემოთ აღვნიშნე, შემსრულებელთა პლასტიკით, ასევე, დეკორაციათა ოსტატურად გამოცვლითა და გამოყენებით (მხატვარი – ტი გრინი), სპეციფიური განათებით (მხატვარ-გამნათებელი – ჯეიმს ფარნკომბი), რომელიც წარმოდგენის კინემატოგრაფიულ ნიმუშად აღქმას უწყობს ხელს და ფარავს იმ ტექნიკურ ნიუანსებს, რომელთა წყალობით აკაკი ჰაერში იწევა და წარმოსახვით სამყაროში ინაცვლებს, სცენების დამუშავებით... თუმცა, რაც შეეხება სიუჟეტს და 2008 წლის 5 მარტს თჰე ჩონტაცტ თჰეატრე-ში გაცოცხლებული დადგმის კავშირს ნაწარმოებთან, რომელიც ნიკოლოზ გოგოლმა დაწერა, რეჟისორმა მოთხრობიდან ფაბულა გამოიყენა და სცენები ისე ააგო, რომ მათი განხილვა ერთმანეთისგან დამოუკიდებლად შეიძლება.

,,ხელში ჩაიგდე შინელი, მოიპოვე გოგონა და შეცვალე სამყარო...” – ასეთი მინაწერი ახლავს დადგმას, სადაც რეჟისორს გოგოლისეული აქცენტები სათავისოდ აქვს შეცვლილი. მას დაკარგული აქვს სიუჟეთური ხაზი, გმირის ხასიათი, რომელიც მოთხრობაში ძველი შინელის ტარებისა და ახალის შეძენის აუცილებლობაში იკითხება. საკონცერტო ნომერს წააგავს სცენა, რომელშიც ამიტ ლაჰარი მიკროფონით ხელში მღერის (კომპოზიტორი – დეივ პრაისი). თუმცა, მთლიანობაში, წარმოდგენა საინტერესო აღმოჩნდა და მაყურებელმა ოვაციით დააჯილდოვა: ნატალია აიტონი, ამიტ ლაჰავი, რობერტ ლატეკი, დეიოვ პრაისი, დაი ტაბუჩი, ფრანკოის ტესტორი, სირენა ტოკო.

,,კომპანია GESCO გვთავაზობს გოგოლის შედევრის თავისებურ მომაჯადოებელ ვერსიას. წაგებული მოთამაშის სურვილები კონცენტრირებულია ახალი შინელის შეძენაზე და საოცნებო ქალის გულის მოგებაზე. ეს სურვილები გადაიქცევა მისი ყოველდღიური ცხოვრების იდეაფიქსად. რეალობა და მიუწვდომელ სიყვარულზე გროტესკული ფანტაზია ერთმანეთზეა გადაჯაჭვული. სპექტაკლი არის მწვავე კრიტიკა თანამედროვე მომხმარებლობის პნინციპებზე”-, - წერს Guardian-ი.

No comments:

Post a Comment