Wednesday, October 28, 2009

სანამ იანს ეძინა…

სასტუმროში გათამაშებული ,,SO...SO...”

ბ-ნ იანს ახსოვს რა მიზნით მივიდა სასტუმრო ,,მარიოტში", როგორ მოკალათდა სავარძელში, სხვების ზურგს უკან, ღიმილით შეავლო თვალი ნაცნობ სახეებს და როგორც კი განეწყო, გაითიშა...
აი, ასე, ბ-ნი იანივით ჩვენც ხშირად ვეთიშებით რეალობას, იშვიათად კი ისეთი სიძლიერით, რომ ნამდვილის გარჩევა გვიჭირს. დავიჯერო, არასოდეს გქონიათ განცდა, რომ ირეალურიც ცხადია? მე კი, ბევრჯერ და ეს ,,მეორე რეალობა" მავსებს კიდეც... როდის? მაშინ, როდესაც თეატრში მივდივარ… თუმცა, იმ დღეს, უფრო ზუსტად კი 6 ოქტომბერს, მე და ბ-ნი იანი განსხვავებული დოზით გავითიშეთ - ის ძალიან, მე - ოდნავ, ამიტომაც რაღაცეების დანახვა მოვასწარი და თუ მკითხავთ, რა გაარჩიეო, გიპასუხებთ, რომ ის, რისი აღქმაც შეიძლებოდა.

თავდაპირველად მახსოვს განცდა, რომელიც ერთი, ტრადიციული და დათქმული ადგილის მეორეთი ჩანაცვლებამ გამოიწვია, ანუ თეატრი სასტუმრო ,,მარიოტმა” შეცვალა, სცენა და პარტერი კი – სასტუმრო ოთახმა, სადაც ბ-ნ იანთან ერთად მოვხვდი. საუკეთესო ადგილი შემხვდა, მაგრამ ყველაზე მეტად იმან გამახარა, რომ ბ-ნი იანის მსგავსად ჩემს გვერდით მსხდომნიც არ გაითიშნენ და მარტო არ დამტოვეს ,,რეალობასთან”, რომელიც ცხადზე ბანალური აღმოჩნდა.

კატერინ დუფლოტის სასცენო პროექტი (ავტორი – კატერინ დუფლოტი), როგორც წესი, ძვირადღირებულ სასტუმროებში ხორციელდება. ფრანგულ-ხორვატიული პროდუქტი სოფი კალეს ტექსტზე დაყრდნობით რეჟისორმა ბრანკო ბრეზოვეჩმა შექმნა. მასში კლაიდ ჩაბოტი, კატერინა დუფლოტი და სინიჩა მილეტიჩი მონაწილეობენ.

სად გათამაშდა პროექტი? როგორც ზემოთ აღვნიშნე, სასტუმრო ,,მარიოტის” ნომერში, სადაც ერთ ოთახში ისე მოგვათავსეს, რომ რამდენიმეს თვალთახედვის არეში სამი ოთახი მოექცა, სხვები კი მხოლოდ ორს, ან ერთ აკვირდებოდნენ.

როგორი იყო გარემო? დაულაგებელი. ,,მარიოტის” ინტერიერისთვის მონაწილეებს ბევრი ნივთი შეემატებინათ. ერთ ოთახში ნასუფრალი მაგიდა დაგვხვდა, დასვრილი ჭიქებითა და თეფშებით, რომლებზეც საჭმლის ნარჩენებს აღმოაჩენდით, მეორეში ჩვენ მოგვათავსეს და ამით, შეიძლება ითქვას, რომ ჩაგვსვეს გარემოში, სადაც გათვლილი იყო თითოეული ნივთისა და საგნის ადგილი, მესამეში კი რამდენიმემ ტახტზე წამოგორებული მამაკაცი დავინახეთ – ის რეჟისორი აღმოჩნდა.

გინახავთ წარმოდგენა, რომელშიც დამდგმელი ტახტზეა წამოწოლილი? არც მე! მისი ფუნქცია იმით შემოიფარგლებოდა, რომ ტელეფონზე პერსონაჟთა ზარებს პასუხობდა. თუმცა, რეჟისორის ყოფნა და ერთი გვერდიდან მეორეზე გადაბრუნება, შესაძლოა, ემსახურებოდა იმას, რაც იქ ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, ანუ განწყობას.

რამ შეგვიქმნა განწყობა? ნივთებმა და საგნებმა, რომლებიც მიმოეფანტათ, ასევე, განათებამ, პროექტორის დახმარებით აციმციმებულმა კადრებმა, ტელევიზორმა, სადაც იტალიურ ენაზე დუბლირებული ფილმის კადრებსაც უჩვენებდნენ (სტივ მაქუინის მონაწილეობით), ანუ ერთის მხრივ ბუტაფორიამ, მეორე მხრივ - ტექნიკურმა საშუალებებმა, რომლებიც ინტერიერში ორგანულად მოეთავსებინათ.

რაზეა სპექტაკლი? როგორ თამაშობენ მსახიობები? მიუხედავად იმისა, რომ წარმოდგენის დაწყებამდე მისი თავებად დაყოფილი სინოფსისი დაგვირიგეს, სიმართლე გითხრათ, მასში ამოკითხული არ გამომადგა. ამ შემთხვევაში, ვფიქრობ, მთავარი იყო განწყობა, რომლის შესაქმნელადაც რეჟისორთან ერთად სცენოგრაფმა – ტიჰომირ მილოვაჩმა და განათება-გახნმოვანების ავტორმა – დამირ კრუჰაჩმა იმუშავა.
,,მარიოტში” გაცოცხლებულ პროექტში, ფრანგულ და ხორვატიულ ენებზე მოთხრობილს მეორეხარისხოვანი მნიშვნელობა ჰქონდა. ამის მაგალითზე კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ახალს ვერაფერს ვამბობთ და თანამედროვე ადამიანებსაც ის გვაწუხებს, რაც ოდითგანვე გვტკიოდა და გვაინტერესებდა, მაგალითად: ქალისა და მამაკაცის ურთიერთობა, გაუცხოვებისა და არარეალიზებულობის პრობლემა, გაორება, ბრძოლა საკუთარ თავთან და ა.შ. ამ ჩამონათვალს კი მოგვიანებით ქალის როლის გააქტიურება და მამაკაცის ფუნქციების შეზრუდვაც დაემატა, რაზეც მტკივნეულად ვრეაგირებთ.

ჩვენს თვალწინ სამი პერსონაჟი დგას. მათი მოძრაობა, ძირითადად, შენელებულია, იშვიათად კი – ზედმეტად აჩქარებული. ისინი ერთმანეთს იშვიათად ეხებიან და დისტანციას ინარჩუნებენ. მათ შორის ცენტრალური ფიგურაა უკვე ასაკოვანი, სუსტი აღნაგობის ქალბატონი. ის არის მამაკაცის საყვარელიც და ცოლიც. ამ მამაკაცის შემსრულებელი კი მეორე კაცსაც ანსახიერებს. ეს უკანასკნელი მაშინ ჩნდება, როდესაც ცოლ-ქმარი განქორწინდება და ქალი მასთან გააბამს რომანს, მაგრამ მათი ურთიერთობაც განშორებით მთავრდება. ვინ არის მეორე ქალი? ორივე ქალი ერთ პერსონაჟს განასახიერებს. ამაში მაშინ დავრწმუნდით, როდესაც ერთი გმირის გაორების, საკუთარ თავთან ბრძოლისა და ჭიდილის სცენა წარმოგვიდგინეს. თუმცა, პირველზე შედარებით ახალგაზრდა შემსრულებელი ერთგან მამაკაცსაც თამაშობს. აქ ყველაფერი ერთმანეთშია არეული და მსახიობთა ამოცანას პერსონაჟთა ემოციების გამოხატვა წარმოადგენს, რასაც თავს ართმევენ. ამასთან, უნდა აღინიშნოს მათი ოსტატობა მაყურებელთან ახლო მანძილზე მუშაობის თვალსაზრისით...

,,მე მომეწონა ეს კაცი, როდესაც პირველად სექსით დავკავდით, იმ ღამეს შემეშინდა მისთვის სახეში შემეედა. მეგონა, რომ გრეგი კვლავინდებურად მიყვარდა და იმ აზრთან შეგუების შემეშინდა, რომ შემთხვევით სხვა მამაკაცთან ვიწექი. გადავწყვიტე თვალები დამეხუჭა. მაგრამ სიბნელეშიც კი გაურკვევლობა არ მტოვებდა. ერთხელ დიდად მივქარე და გავუმხილე, რატომაც არ ვახელდი თვალებს. არავითარი რეაქცია არ ქონია. რამოდენიმე თვის შემდეგ, როდესაც საბოლოოდ გავთავისუფლდი გრეგის აჩრდილისგან, საკუტასრ თავში დარწმუნებულმა თვალები გავახილე იმ იმედით, რომ ეს ის კაცი იყო, ვისთანაც ყოფნა მსურდა. არ ვიცოდი, თუ ეს ჩვენი უკანასკნელი ღამე იქნებოდა: ჩემს მიტოვებას აპირებდა. ,მოვლენები ჩვენ წინ გვისწრებს, მათ ვერასოდეს მოვაგვარებთ და მათ ნამდვილ სახელს ვერასოდეს გავიგებთ”. სააბაზანოში, ნიჟარაზე ორი სავსე ჰიგიენური ჩანთაა, ერთ აწერია ,,პმ”; აბაზანაში ბინძური ტრუსები და ნახმარი ტამპონი გდია. დილის 10:08 საათი. ვხედავ, როგორ ჩამოდის მატარებლიდან. ქალი მოყვება. ორივეს ვეებერთელა ბარგი მოაქვს. ნელ-ნელა დაღლილები მიემართებიან გასასვლელისკენ. ბოლო სურათს ვიღებ, როგორ გამოდის სადგურიდან. მასთან გატარებული ამ ცამეტი დღის შემდეგ, ჩვენი ამბავი დასასრულს მიუახლოვდა. დილის 10:10 საათი. ვწყვეტ ჰენრი ბ-ს თვალთვალს”, - აი, ესეც ამონარიდი ტექსტიდან, ერთგავრი შტრიხი განწყობის შესაქმნელად.

და მიუხედავად იმისა, რომ ბ-ნ იან ჰერბერტს (კრიტიკოსთა ასოციაციის საპატიო პრეზიდენტი), რომელიც საქართველოში თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში ჩამოვიდა, ამ წარმოდგენის მსვლელობისას ეძინა, მაინც არ გაუჭირდებოდა ეპასუხა კითხვაზე - ,,როგორი იყო წარმოდგენა?”, ის აუცილებლად გეტყოდათ: ,,SO...SO...” და მართალიც იქნებოდა...

No comments:

Post a Comment