Monday, August 17, 2009

ამერიკული თეატრალური ოსკარი ქართველებს!

ირაკლი კავსაძე და "SYNETIC THEATRE”


ვაშინგტონი თეატრალური ხელოვნების მოყვარულთა ადგილია. ამ სფეროში განსაკუთრებით პრესტიჟულია ამერიკელი მსახიობის - ჰელენ ჰეიზის (1900-1993 წწ.) სახელობის ყოველწლიური პრემია, რომელსაც თეატრალურ "ოსკარსაც” უწოდებენ.

Helen Hayes Awards 1984 წელს დაარსდა და საყოველთაო ინტერესი გამოიწვია. 24 კატეგორიაში გამოვლენილი გამარჯვებულები წამყვანი რეჟისორები, მსახიობები, სცენოგრაფები, სპექტაკლის მუსიკალური გამფორმებლები, ქორეოგრაფები და გამნათებლები არიან. მათ შორის არაერთგზის აღიარეს 2002 წელს პაატა (მსახიობი და რეჟისორი) და ირინა (ქორეოგრაფი) ციქურიშვილების მიერ დაარსებული "SYNETIC THEATRE”.

"სინეტიკ თეატრს" აქვს გამორჩეული ხელწერა, რომელიც ამერიკელ მაყურებელს ძალიან მოსწონს. შემოქმედებითი ჯგუფი წარმატების მიზეზად ქართულ ფუძესა და ქართული თეატრალური ხელოვნების ტრადიციას ასახელებს. თეატრის ჩამოყალიბებაში დიდი წვლილი მიუძღვის მსახიობ ირაკლი კავსაძეს, რომელიც 1969 წლის 31 აგვისტოს ცნობილი ქართველი მსახიობების - კახი კავსაძისა და ბელა მირიანაშვილის ოჯახში დაიბადა. 7 წლისა მონაწილეობდა რობერტ სტურუას გახმაურებულ სპექტაკლში "კავკასიური ცარცის წრე", 1986-1990 წლებში სწავლობდა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს ინსტიტუტში, 1991 წლიდან ჩაირიცხა რუსთაველის თეატრში.

ირაკლი კავსაძე ამერიკაში 2001 წლიდან მოღვაწობს. არის "სინეტიკ თეატრის" ერთ-ერთი წამყვანი მსახიობი. მის მიერ განსახიერებული როლებიდან აღსანიშნავია: ექიმი ვან ჰელსინგი ("დრაკულა"), მეფე აიეტი ("არგონავტები"), ზვიადაური ("სტუმარ-მასპინძელი"), კლავდიუსი ("ჰამლეტი"), პილატე პონტოელი ("ოსტატი და მარგარიტა"), მოხუცი ("ოქროს თევზი"), კარაბას ბარაბასი ("ბურატინო") და სხვა. ამასთან არის სპექტაკლების - "მაკბეტი", "ფრანკეშტეინი", "ოსტატი და მარგარიტა", "სალომეა" - მუსიკალური გამფორმებელი.

საქართველოში ირაკლი კავსაძე რამდენიმე კვირით ჩამოვიდა. ამერიკაში დაბრუნებამდე ჩაწერილ ინტერვიუში მან არაერთ კითხვაზე გვიპასუხა.

- ბ-ნო ირაკლი, როგორ დაიწყო თქვენი შემოქმედებითი კავშირი პაატა ციქურიშვილთან?

- ამერიკაში ჩასვლამდე ვიცოდი, რომ პაატა გერმანიაში იმყოფებოდა და შემოქმედებით ჯგუფთან ერთად ევროპაში მოგზაურობდა. მისი ამერიკაში გადასვლის ამბავი ვაშინგტონში შევიტყვე და დიდი ხნის უნახავ მეგობარს შევხვდი. პაატა ამერიკული ცხოვრების წესს კარგად იცნობდა. მეც მივხვდი, რომ იქ დამკვიდრება და უცხო სცენაზე გამოსვლა იოლი არ იქნებოდა. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ ამერიკაში მსახიობები პრივილეგიებით სარგებლობენ, რადგან შემოქმედ ადამიანებს ინტერნაციონალებად მიიჩნევენ. მადლობა ღმერთს ყველაფერი კარგად აეწყო და თეატრის დირექტორთა საბჭოს მოწონება დავიმსახურე.

- ვინ მართავს და აფინანსებს ამერიკულ თეატრს?

- სახელმწიფო დოტაციაზე არც ერთი თეატრი არ იმყოფება. თეატრს ჰყავს დირექტორთა საბჭო, რომელიც ყველაფერს აკონტროლებს. შემოქმედებით ორგანიზაციებს აფინანსებენ კერძო პირები, კომპანიები და კორპორაციები. მათ ხელოვნების გადარჩენა-განვითარებისთვის გაღებული თანხა სახელმწიფო გადასახადებში ექვითებათ, რაც ორმხრივი სარგებელის მომტანია. ორგანიზაციებს ამიტომაც უჩნდებათ ქველმოქმედების სურვილი, თორემ ბილეთების გაყიდვის ხარჯზე ვერ იარსებებ. სტაბილური ხელფასიც მხოლოდ იმ ადამიანებს აქვთ, რომლებიც კომპიუტერებთან სხედან და გრანტების მოპოვებაზე მუშაობენ, ინფორმაციას უგზავნიან მაყურებელს, სხვადასხვა ორგანიზაციებს... მსახიობები კი ხდებიან დამლაგებლები, მომვლელები, ბარმენები, გამყიდველები და აგროვებენ ფულს იმისათვის, რომ დაბეჭდონ ფოტოსურათები, რომლებსაც მათი ბიოგრაფიული მონაცემებიც ახლავს და დააგზავნონ ტელევიზიებში, კინოსტუდიებში, თეატრებში... იქნებ გაუმართლოთ და როლზე აიყვანონ... ასეთი მონაცემები ჩვენთანაც გამოუგზავნიათ და რამდენიმე მოგვიწვევია კიდეც.

- რატომ გამოეყო "სინეტიკ თეატრი" სტანისლავსკის სახელობის თეატრს-სტუდიას?

- სტანისლავსკის თეატრ-სტუდიას 2002 წელს გამოვეყავით. ამის მიზეზი შემოქმედთა განსხვავებული ხედვა იყო და არა კონფლიქტი ან უთანხმოება. პაატა და ირინა ციქურიშვილების გარდა, თეატრ-სტუდიის დამაარსებელი გახლდათ ანდრეი ბაბელი. მათი რეჟისურა და ხელწერა ერთმანეთისგან ისე განსხვავდებოდა, როგორც ქართული და რუსული თეატრი... არადა, იყო პერიოდი, როცა პაატა და ანდრეი სპექტაკლებს ერთად დგამდნენ. ამერიკაში ჩასულმა პირველად ანდრეის სპექტაკლში "მკვდარი სულები" ვითამაშე და მახსოვს რეპეტიციები იმდენად მოსაწყენი იყო, რომ სათითაოდ ყველას გვეძინა. დღეისათვის "სინეტიკ თეატრი" საუკეთესო თეატრია ვირჯინიასა და ვაშინგტონში. ბევრი გვეხმიანება ლოს ანჯელესიდან, ნიუ იორკიდან... გვიგზავნიან მონაცემებს და ჩვენი შემოქმედებით ინტერესდებიან.

- სად დამკვიდრდა "სინეტიკ თეატრი"?

- არლინგტონში (ვირჯინია) გვაქვს ოფისი და ძალიან პატარა თეატრი, სადაც საბავშვო სპექტაკლებს წარმოვადგენთ. ძირითადად "როზლინ-სპექტრუმში” ვთამაშობთ. ხშირად გამოვდივართ ბევრისთვის საოცნებო ვაშინგტონის "კენედი ცენტრში". ამ თეატრის სცენაზე თამაში ძვირი სიამოვნებაა, რაც არ უნდა ანშლაგით ითამაშო შესაძლოა ფულის დამატება დაგჭირდეს. თავიდან დავფიქრდი, ნეტავ ეს რაში გვაწყობს-მეთქი? საქმე იმაშია, რომ "კენედი ცენტრში" წარმოდგენილ სპექტაკლებს სერიოზული დონორები ესწრებიან, რომლებსაც თუ მოეწონე ფულს გჩუქნიან და ხშირად სპონსორები დირექტორთა საბჭოს წევრებიც ხდებიან. როდესაც მაიკლ და ჰანა ჰასკეტებმა "სინეტიკ თეატრის" მიერ განხორციელებული "ფრანკეშტეინი" ნახეს, იმ დღიდან არ მოგვშორებიან და დირექტორთა საბჭოშიც გაწევრიანდნენ. როცა თეატრი დადგმისათვის საჭირო თანხას ვერ შოულობს, დირექტორთა საბჭო კანონით ვალდებულია საკუთარი ფული დადოს, რადგან დაგეგმილი სპექტაკლების გადატანა ან მოხსნა დაუშვებელია. არადა, ერთი სპექტაკლი მაქსიმუმ 8-9 კვირა შეიძლება ითამაშო, მერე მას თაროზე შემოდებენ. "სინეტიკ თეატრი" ერთადერთი თეატრია, რომელიც სპექტაკლებს აღადგენს ხოლმე.

- რას გვეტყვით ჰელენ ჰეიზის პრემიაზე, რომელზეც პირადად თქვენ ოთხჯენ იყავით ნომინირებული და სპექტაკლ "მაკბეტის" მუსიკალური გაფორმებისათვის ლაურეატობაც მოიპოვეთ?

- ვამაყობთ, რომ ჩვენი თეატრი არაერთხელ დაჯილდოვდა ჰელენ ჰეიზის პრესტიჟული პრემიით, რომელსაც თეატრალურ ოსკარსაც უწოდებენ. ის იგივეა, რაც ნიუ იორკში ტონი ავარდის სახელობის პრემია...

- ამ თეატრის ხიბლი რაში მდგომარეობს?

- ქართულ ფუძეში. ქართულ თეატრალურ ტრადიციასა და გამოცდილებაში. ჩვენც ამ ხელოვნების შვილები ვართ... პაატას პედაგოგი იყო ბ-ნი ამირან შალიკაშვილი, ჩემი - ბ-ნი გიზო ჟორდანია, რომელიც გვეუბნებოდა: მსახიობს უნდა ჰქონდეს ჯიბე, სადაც ყველაფერს შეინახავს. შესაძლოა დღეს რაღაც არ გამოგივიდეს, მაგრამ არ გადააგდო, ადექი და ჯიბეში შეინახე, ვინ იცის როდის გამოგადგებაო. ჩვენც ვცდილობთ ჯიბიდან ამოვალაგოთ ყველაფერი რაც ოდესმე გვინახავს და გვისწავლია.

- გოგი მესხიშვილთან და გია ყანჩელთან კვლავაც თანამშრომლობთ?

- ახალგაზრდა თეატრს ხელი თუ არ გაუწოდე ფეხზე ვერასოდეს დადგება. ძალიან დიდი მადლობა ბ-ნ გიას ყანჩელს, გოგი მესხიშვილს, ვატო კახიძეს, რომლებმაც ხელი შემოგვაშველეს, რადგან კარგად იციან რამდენად რთულია უცხო ქვეყანაში, მით უფრო ამერიკაში დამკვიდრება. ჩვენს თეატრს ახლა საკთარი კომპოზიტორი ჰყავს, ეს გახლავთ გურამ ლორთქიფანიძის შვილი - გოგი ლორთქიფანიძე, რომელიც არაჩვეულებრივ კომპოზიციებს წერს. აქამდე ძირითადად ვიყენებდით ყანჩელის, კახიძის, შნიტკეს, ბრეგოვიჩისა და სხვათა კომპოზიციებს.

- ბ-ნ კახი კავსაძეს აღარ იწვევთ?

- თუ სურვილი და დრო ექნება, აუცილებლად მოვიწვევთ. გვსურდა "არგონავტებში" აიეტი ეთამაშა, მაგრამ კახის მოსკოვში ჰქონდა გადაღებები და ჩვენთან ჩამოსვლა ვეღარ შეძლო. საბოლოოდ აიეტი მე შევასრულე. იცით, კახიც გადაიღალა, მან გულის ორი ოპერაცია გადაიტანა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ინგლისურ ენაზე თამაშის გამო არანორმალურად ნერვიულობს. თუმცა, სპექტაკლში "სტუმარ-მასპინძელი" ისე კარგად ითამაშა, ამერიკელები ვერ დავარწმუნეთ, რომ მან ინგლისური არ იცოდა. კახიმ თავისი საქმე შესანიშნავად გააკეთა.

- რაც აქ ჩამოხვედით რუსთაველის თეატრის სპექტაკლებს ხშირად ესწრებით... ამ სცენაზე თამაში არ გენატრებათ?

- რა თქმა უნდა მენატრება. თუმცა, ამერიკაში წასვლას არ ვნანობ, რადგან იქ სხვა საქმესაც ვაკეთებ. ხშირად კითხულობდნენ: ვინ დგამს სპექტაკლს? - ქართველი, ვინ არის მსახიობი? - ქართველი, ვისი მუსიკაა? - ქართველის. ქართველის ხსენებამ ბევრი დაარწმუნა იმაში, რომ საქართველო რუსეთი არ არის (ამაზე ძალიან ვბრაზდებოდი), ქართულ კინოს ასწლიანი ისტორია აქვს... ჩვენ სპექტაკლების შემდეგ ვხდებით მაყურებელს, რომელსაც ვუყვებით საქართველოსა და ქართულ კულტურაზე, შემდეგ ეს ადამიანები საქართველოშიც ჩამოდიან. ერთი აქ მოინათლა კიდეც. ბედნიერებაა, როცა ჩემს ქვეყანას პატივს სცემენ. ეს არის ჩვენი დაუღალავი მუშაობის შედეგი.

- საქართველოში შვიდი წელია არ ყოფილხართ... შეცვლილი მოგეჩვენათ?

- დავრწმუნდი, რომ საქართველოში შემოქმედებითი ცხოვრება არასოდეს ჩაქრება. ვნახე რუსთაველის, მარჯანიშვილის, მოზარდმაყურებელთა თეატრების სპექტაკლები და ცრემლები მომადგა, როცა დაძაბული და მძიმე მდგომარეობის მიუხედავად დარბაზში ამდენი მაყურებელი დავინახე. ფაქტია, რომ ხალხი არ ცხრება, მას არ სურს ხელოვნებას ჩამოშორდეს. უკეთესი იქნება, თუ ამას ეკონომიკური აღმავლობაც დაემატება.

- ამერიკაში თქვენს გარეშე როგორ თამაშობენ?

- ახლა "კარმენს" წარმოადგენენ, სადაც მე არ ვთამაშობ, რადგან მარცხენა ფეხის ოპერაცია გავიკეთე და ექიმებმა სცენაზე ასვლა კატეგორიულად ამიკრძალეს. ამიტომაც ვიხელთე დრო და აქეთ ჩამოვედი, თორემ უკვე ისეთ მდგომარეობაში ვიყავი რომ ვეღარ ვჩერდებოდი. საქართველოში ისეთი ენერგიით ვივსები, რომელიც ამერიკაში უფრო მეტს შემაძლებინებს.

- როდის იხილავს თქვენს სპექტაკლებს ქართველი მაყურებელი?

- ძალიან გვინდა, რომ საქართველოში ჩამოვიდეთ. სიმართლე გითხრათ, ჩემი აქ ყოფნის ერთ-ერთი მიზეზიც ეს არის. მეგობრების დახმარებით, სამშობლოში მალე აუცილებლად ჩამოვალთ!..

რუსთაველის თეატრში მოსულ ირაკლი კავსაძეს თან უმცროსი ქალიშვილი - ნატალი-ბელაც ახლდა, რომელსაც მუზეუმს ათვალიერებინებდა და სევდიანად უხსნიდა: - "მამა, მე ამ თეატრში გავიზარდე! ნახე, ეს შენი ბებოს ფოტოა"... ამერიკაში მასთან ერთად მეუღლე – ლიკა გორგილაძე და უფროსი ქალიშვილი ირინა ცხოვრობს, საქართველოში კი საყვარელი მამა, და - ნანუკა ხუსკივაძე, დისშვილი და მეგობრების მთელი არმია.

No comments:

Post a Comment