Wednesday, October 28, 2009

ფქვილი, როგორც სიკვდილი

24 საათი 30.09.09




კითხვაზე, ვინ დგამს შექსპირს საუკეთესოდ, ვუპასუხებდი, რომ ის, ვინც მისი პიესების თანამედროვეობას წარმოაჩენს.

აი, ასეთი აღმოჩნდა ოსკარას კორშუნოვასი, რომელმაც თბილისის საერთაშორისო ფესტივალზე “რომეო და ჯულიეტა" შემოგვთავაზა.

კორშუნოვასის დასის წლევანდელმა გასტროლმა საქართველოში მათი პირველი ჩამოსვლა გამახსენა - 2008 წელს ლიტველმა რეჟისორმა, ისევე როგორც ახლა, მარჯანიშვილის თეატრში შექსპირის სანახავად მიგვიწვია. თუმცა, თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში წარმოდგენილი “რომეო და ჯულიეტა" ქართველი მაყურებლისთვის გაცილებით შთამბეჭდავი აღმოჩნდა, ვიდრე გასულ წელს ნანახი “ზაფხულის ღამის სიზმარი".

პირადად მე, სიმართლე რომ გითხრათ, მერჩივნა ამ რეჟისორის მიერ თანამედროვე დრამატურგების, მაგალითად: სარა კეინის, მარიუს ფონ მაიენბერგისა და მარკ რავენჰილის, პიესებზე შექმნილი სპექტაკლებიდან რომელიმე მაინც მენახა... თუმცა, ოსკარას კორშუნოვასი რეჟისორთა იმ კატეგორიას განეკუთვნება, რომელთა ნამუშევრებიც მოწონებას თუ არა, ინტერესს აუცილებლად იწვევს. XXI საუკუნის ადამიანის თეატრალური ხელოვნებით დაინტერესება კი იმდენად რთულია, რომ ერთეულებს გამოსდით. 40 წლის რეჟისორი თეატრალურად აზროვნებს.

როდის და სად დაიდგა “რომეო და ჯულიეტა"? ავინიონის თეატრალური ფესტივალის წარმომადგენლებმა კორშუნოვასს ახალი სპექტაკლის დაფინანსება მას შემდეგ შესთავაზეს, რაც ის ევროპული თეატრალური პრემიის, “ახალი რეალობა", მფლობელი გახდა. ნოვატორი შემოთავაზებას დათანხმდა და “რომეო და ჯულიეტაზე" მუშაობა დათქმულ დროს დაამთავრა - მისი პრემიერა 2003 წელს, ავინიონის ფესტივალზე უნდა შემდგარიყო. ამ დროს მოხდა ის, რაც არასოდეს მომხდარა და რამაც რეჟისორზე ძალიან იმოქმედა, კერძოდ: საპროტესტო აქციების მიზეზით, 2003 წელს ფესტივალი არ ჩატარდა. საფესტივალო წესდების თანახმად კი, მიმდინარე წლის პროგრამაში ჩასმულ წარმოდგენას, რაც არ უნდა მომხდარიყო, მომავალ წელს გამართულ ფესტივალში მონაწილეობა ეკრძალებოდა. მისი პრემიერა შედგა ბერლინში, შემდეგ ნიუ იორკსა და საფრანგეთში.

კორშუნოვასის სპექტაკლები პროვოკაციულია. თუმცა, მის მიერ დადგმული “რომეო და ჯულიეტა" ჰიტია, რომლითაც მსოფლიო მოიარა და კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ რეჟისორი თუ პროფესიონალია, კარგ დრამატურგიას არც “გააფუჭებს" და ახლებურადაც წარმოაჩენს.

სპექტაკლის დაწყებამდე საშუალება მოგვეცა თვალი სცენაზე განთავსებული დეკორაციისთვის შეგვევლო. მაშინ ვერც კი წარმოვიდგინე თუ როგორ შეიძლებოდა განვითარებულიყო ყველასათვის ნაცნობი სიუჟეტი სივრცეში, რომელიც იურატ პოლეკაიტემ გააფორმა.

სცენა, შეიძლება ითქვას, რომ მთლიანად უჭირავს რკინის ორ ბუფეტს, რომლებიც თაროებისგან შედგება. რკინისვეა ჭურჭელი, დანები, ჩანგლები, კოვზები... იქ ათასი უსარგებლო ნივთი აწყვია: დამტვრეული მანქანა თუ საბავშვო ეტლი, თაროებსა და ჭურჭელს შორის კი დაინახავთ, ერთ მხარეს - თეთრ საქორწილო კაბას, მეორე მხარეს - კუბოს, ასევე, ორ ჩონჩხს. ამ, ერთი შეხედვით, მექანიკურ მოწყობილობებში, მოგვიანებით, აღმოაჩენთ ფანჯარას, ღუმელს, კარს და კიბეს, რომელიც ზემოთ, ბუფეტის თავზე ადის, ანუ იქ, სადაც მოგვიანებით აივნის ცნობილი სცენა თამაშდება. აი, აქ ეფიცებიან შეყვარებულები ერთმანეთს სიყვარულს და ეალერსებიან მაშინ, როდესაც ქვემოთ ღრეობენ, სცენა ეროტიული ენერგიით ივსება, ან სძინავთ...

დეკორაცია მრავალფუნქციურია და მსახიობები მას დანიშნულებისამებრ იყენებენ. ბუფეტების წინ დგას რკინის გრძელი მაგიდები, ასეთივე გრძელი სკამებით, შუაში კი მონიშნულია ერთგვარი ნეიტრალური ზონა, სადაც რკინის გობს შემოაგორებენ ხოლმე. გობი სპექტაკლის მსვლელობისას სიმბოლურ დატვირთვას იძენს.

რომეო და ჯულიეტას ისტორია რომ უჩვეულო სივრცეში განვითარდებოდა, მაყურებელს სპექტაკლის დაწყებამდე, დეკორაციის ნახვისას ენიშნა. თუმცა, ეს მინიშნება არავის გაკვირვებია. დარბაზში იმყოფებოდნენ: ქართული თეატრალური ხელოვნების სხვადასხვა თაობის წარმომადგენლები, მოყვარულები, რომლებმაც ბილეთები დროულად შეიძინეს, თეატრალური ინსტიტუტის სტუდენტებიდან ისინი, რომლებსაც გოგი მარგველაშვილისგან (თეატრალური უნივერსიტეტის რექტორი) ჩამორიგებული საშვები შეხვდათ და კიდევ, ჟურნალისტები, რომლებიც სპექტაკლის II მოქმედებამდე ფეხზე ვიდექით და ადგილები რომ არ გამონთავისუფლებულიყო, ბოლომდე გაჩერება ძალიან გაგვიჭირდებოდა.

წარმოდგენის დაწყებისას სცენაზე ორ ჯგუფად გაყოფილი მსახიობები გამოვიდნენ და უხმოდ მანამდე გვიყურეს, სანამ დარბაზში სიჩუმე არ ჩამოვარდა. ამ დროს უბრალო და სამზარეულოში სამუშაოდ მოსახერხებელ კოსტუმებში (მხატვარი იოლანტა რამკუტე) გამოწყობილი არტისტებიც შევათვალიერეთ... კორშუნოვასმა “რომეო და ჯულიეტას" მოქმედება სამზარეულოში გადაიტანა და სპექტაკლის პირველ ნაწილში განსაკუთრებული დრო დაუთმო პიცის მწარმოებელი ორი ოჯახის, მონტეგებისა და კაპულეტების კულინარიული შესაძლებლობების წარმოჩენასა და ერთმანეთთან შეჯიბრს. ვინ მოზელს და ააგუნდავებს ცომს ოსტატურად? აი, ამაში პაექრობენ ისინი. აქ ცომს ხან გემოს უსინჯავენ, ერთმანეთს ესვრიან ან ფალოსის ფორმას აძლევენ... და მიუხედავად იმისა, რომ რეჟისორი საშუალებას არ გვაძლევს რომეოსა და ჯულიეტას ტრაგიკული სიყვარული სენტიმენტალურად აღვიქვათ, მეორე მოქმედება ტრაგედიის განცდას მაინც ბადებს.

რა შეიძლება ითქვას მსახიობებზე, რომლებსაც პერსონაჟთა ხასიათები ოსტატურად აქვთ დამუშავებული, გათავისებული და წარმოჩენილი? მხოლოდ კარგი. ისინი კომიკურ პერსონაჟებს ისე თამაშობენ, რომ ზომიერების განცდას არ კარგავენ. მათ შორის განსაკუთრებულია ეგლე მიკულიონიტე, რომელმაც ძიძა განასახიერა. ჯულიეტას უცნაური გარეგნობის გამზრდელი მუდამ მზად არის მისი მისამართით წარმოთქმული საყვედურის შემთხვევაში რკინის ჩემოდანს დაავლოს ხელი და წავიდეს... ქართველ მაყურებელს, ალბათ, არასოდეს დაავიწყდება თუ როგორ ეძახდა ის ჯულიეტას, რომელიც მის თვალწინ გაიზარდა, როგორ მალავდა რომეოს, როგორ გარბოდა მასთან წერილით და ა.შ. ამ პერსონაჟის გარდა, ყურადღების ცენტრში ექცევიან რომეოსა და ჯულიეტას როლის შემსრულებლები (გიედრიუს სავიჩკასი და რასა სამოულიტე). სად ხვდებიან ისინი ერთმანეთს? რკინის მბრუნავ გობთან, რომელზე შემომჯდარ ჯულიეტასაც რომეო ახლოდან პირველად შეხედავს. ამავე გობზე შემომსხდრები ამთავრებენ სიცოცხლეს. გობში ჩაყრილია ფქვილი, ერთგვარი გამომსახველობითი ეფექტი, რომელიც სპექტაკლში სიკვდილის სიმბოლოა - ვინც კვდება სახეს ფქვილით იფარავს.

რეჟისორის მიერ სცენები ოსტატურად არის აკინძული. II მოქმედებაში სპექტაკლის ტონალობა ოდნავ იცვლება და აქცენტი რომეოსა და ჯულიეტაზე კეთდება. თუმცა, აქ არანაკლებ მნიშვნელოვანია და ჩემთვის განსაკუთებით საინტერესო ტიბალტისა (დარიუს გამაუსკასი) და მერკუციოს (დაინიუს კაზლაუსკასი) შერკინება, რომლითაც, როგორც წესი, პირველ მოქმედებას ამთავრებენ ხოლმე… ეს სცენა ნეკროშიუსმა მეორე მოქმედებაში გადაიტანა.

ამ დროს ვხედავთ, თუ როგორ ხდება პერსონაჟთა ტრანსფორმირება ფქვილით, რომელიც იმავე რკინის გობშია ჩაყრილი. მასში ხელების ამოვლებით, პერსონაჟები, თითქოს, სიკვდილს ითავისებენ. მათ ბრძოლას მეტალის დარტყმის ხმაზე აწყობილი მუსიკა (კომპოზიტორი ანტანას იასენკა) ამძაფრებს... მერკუციო კვდება, ტიბალტს კი რომეო უსწორდება. ყველაფერი ისეა, როგორც შექსპირთან. თუმცა, სიუჟეტის მხატვრული გადაწყვეტაა განსხვავებული. გარდა იმისა, რომ რეჟისორს მოქმედება სამზარეულოში გადააქვს, პიესას უცვლის ჟანრს, ანუ ტრაგედია თამაშდება, როგორც ფარსი, სიუჟეტის განვითარების ხაზი მეორე მოქმედებაში იმდენად ლოგიკურად ვითარდება, რომ შეკითხვები, რომლებიც თავიდან გიჩნდება, მოგვიანებით აღარ გაწუხებს. ავიღოთ, თუნდაც, ფქვილი - რადგან პიცის მწარმოებლებთან გვაქვს საქმე, ამ ინგრედიენტის სცენაზე გამოჩენა ლოგიკურია, მაგრამ უჩვეულო, რადგანაც არ იცი, რა დატვირთვას შეიძენს მოგვიანებით. მას, როგორც ზემოთ აღვნიშნე, გარდა იმისა, რომ იყენებენ, როგორც გამომსახველობით ხერხს, სიმბოლურ დანიშნულებას აძლევენ. ეს კი იმდენად კარგად არის ახსნილი, რომ ყველაფერი ნათელი და ცხადი ხდება. როცა ყველაფერი თეთრად იფარება, გარდაცვლილთა სახეებიც მატულობს. თუმცა, ისინი სცენიდან არ ქრებიან, პირიქით, სცენაზე რჩებიან და ორი სამყაროს თანაარსებობას წარმოაჩენენ.

რომეოსა და ჯულიეტას ბოლო სცენას რაც შეეხება, ამ დროს კიდევ უფრო თვალშისაცემი გახდა ის, რაზეც ამ სპექტაკლზე დაწერილ სტატიებსა და რეცენზიებშიც არის აღნიშნული. კერძოდ, თანამედროვე რეჟისორის თხრობის რიტმი თითქოს წინ უსწრებს შექსპირის ტექსტს, რომელსაც კორშუნოვასი ფეხდაფეხ მისდევს და არ ტოვებს. თუმცა, ოფელია იმდენად ნაადრევად “ირგებს” გარდაცვლილის პოზას, რომ წარმოდგენას დასასრულისკენ უბიძგებს.

სპექტაკლის ბოლოს ერთადერთი პერსონაჟია ლორენცო, რომელიც კომიკურობის ნიღაბს ცვლის და საკუთარი მოთქმით მომხდარის ტრაგიკულობას მსუბუქად გვაგრძნობინებს. ამ დროს, სცენის შუაგულში განთავსებულ რკინის გობზე ფქვილით სახეგათეთრებული, ანუ გარდაცვლილი წყვილი ტრიალებს.

წარმოდგენამ ოვაციები გამოიწვია. თუმცა, ქართველი მაყურებლის აპლოდისმენტებზე ცალკე უნდა ითქვას: ძალიან ხშირად ტაში, მით უფრო მაშინ, როდესაც წარმოდგენა დასრულებული არ არის, მსახიობებს ხელს უშლის და სიმართლე რომ ითქვას, ქართველებისთვის სპექტაკლის მსვლელობისას ჩვეული წამოძახილები, ან ბრავო, უცხოელებისთვის უჩვეულოა. ისინი აპლოდისმენტებს მხოლოდ სპექტაკლის დასრულების შემდეგ ელიან.

კორშუნოვასს რაც შეეხება, 1969 წელს დაბადებული ლიტველი რეჟისორი ლიტვის კონსერვატორიაში სწავლობდა. 1990 წელს მან სპექტაკლი ნაციონალურ დრამატულ თეატრში დადგა, 1999 წელს კი “ოსკარას კორშუნოვასის თეატრი" ჩამოაყალიბა. მისმა სპექტაკლებმა მოიარა ესტონეთი, რუსეთი, პოლონეთი, იტალია, ავსტრია, გერმანია, ავსტრალია, ინგლისი, საფრანგეთი, შვედეთი, ფინეთი, ბულგარეთი, უნგრეთი, სლოვაკეთი, არგენტინა, ირლანდია, შვეიცარია, სამხრეთ კორეა, ნიდერლანდები, ვენესუელა და ა.შ.

კორშუნოვასი ფესტივალების გარეშე ვერ ძლებს და ამიტომაც ლიტვაში ყოფნით გამოწვეული კულტურული კლაუსტროფია არ აწუხებს. მისთვის ნამდვილი თეატრი მაშინ იწყება, როდესაც შემოქმედებით ჯგუფს უჩვეულოს გაკეთების სურვილი იპყრობს და ამ განზრახვაში მაყურებელსაც იტყუებს.


“იმას, რასაც დღეს ვაკეთებ, ლიტვაში ამას ტრადიციის ნგრევად აღიქვამენ. თუმცა, ლიტვური თეატრისთვის ტრადიციის ნგრევაც ერთგვარი ტრადიციაა, რადგან ყოველი ლიტველი რეჟისორი ცდილობს დაანგრიოს ის, რაც თეატრში მის მისვლამდე იყო”, - წერს ოსკარას კორშუნოვასი ერთ-ერთ ინტერვიუში. ვინ არის ის, ვინც კორშუნოვასს ამ “ტრადიციების” ნგრევისკენ უბიძგა? ეიმუნტას ნეკროშიუსი, რომლის ,ფაუსტის” ნახვის საშუალებაც მაყურებელს 3 ოქტომბერს, მარჯანიშვილის თეატრში მიეცემა. მანამდე კი, 30 სექტემბერს, ამავე თეატრში ისევ შექსპირს, ამჯერად კი “ქარიშხალს” (რეჟისორი იანუს ვიშნიევსკი) წარმოგვიდგენენ.

No comments:

Post a Comment