Wednesday, October 28, 2009

ა-ნა და ან’ნა


რატომ ასეთი სათაური? იმიტომ, რომ ეს სახელი რუსთაველის თეატრის სცენიდან, ორი დღის განმავლობაში, ისეთი ინტენსივობით მესმოდა, რომ სხვადასხვა ტემბრით წარმოთქმული ,,ანა” ამეკვიატა. მათზე გაკეთებული აქცენტის მიზეზს კი ქვემოთ მოგახსენებთ.


ბრავო, ა-ნა!

ა-ნა -აი, ასე ეძახის ზაზა პაპუაშვილის გმირი, ბიდერმანი, მოახლეს, რომელსაც რობერტ სტურუას ახალ სპექტაკლში, სახელწოდებით ,,ბიდერმანი და ცეცხლისწამკიდებელნი”, ია სუხიტაშვილი განასახიერებს. ეს ბრავო მას ეკუთვნის. ის ყველაზე დასამახსოვრებელი იყო, გამოირჩეოდა პლასტიკითა და მეტყველებით, გმირის ხასიათის გახსნითა და წარმოჩენით. მსახიობი მთელი სპექტაკლის განმავლობაში მუშაობს, მაშინაც კი, როდესაც სცენის სიღრმეში, მაყურებლისგან მოშორებით, ცეცხლისწამკიდებლის მიერ მოკლულ მტრედს ასაფლავებს. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ ანას გმირი სპექტაკლში გაცილებით აქცენტირებული, გამოკვეთილი და დამუშავებულია, ვიდრე პიესაში. ასე რომ, ბრავო ია! მან ძალისხმევა არ დაიშურა იმისათვის, რომ სპექტაკლში, რომელიც დაუმთავრებელისა და დაუმუშავებელის შთაბეჭდილებას ტოვებს, საკუთარი გმირი წარმოეჩინა. ამაში, ალბათ, კოსტუმი, ვარცხნილობა და ცხვირზე მორგებული სათვალეც დაეხმარა... თუმცა, მხატვრობასა და სპექტაკლის მუსიკალურ გაფორმებაზე ქვემოთ დავწერ.




პიესა ვახსენე და შეუძლებელია არ აღინიშნოს მაქს ფრიშის ნაწარმოებისადმი რობერტ სტურუას დამოკიდებულება. მან რუსთაველის თეატრის 131-ე სეზონის გახსნამდე ორგანიზებულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ სპექტაკლიდან ბევრი სცენა ამოვიღე, რადგანაც ისინი დამუშავებას საჭიროებდნენო... დრო არ ეყო? რამ შეუშალა ხელი? რას შეცვლიდა, ან დაამატებდა? ამ კითხვებზე პასუხი საინტერესოა, მაგრამ ვეღარ გამოასწორებს იმას, რაც დაიდგა.

რეჟისორმა უარი თქვა სცენაზე, რომელიც ჯოჯოხეთში თამაშდება და პიესის აზრს გამოხატავს: ბიდერმანსა და ბაბეტას ჯოჯოხეთიდან უშვებენ, რადგანაც იქ აღარავინაა, ყველა სამოთხეშია. სპექტაკლში კი აქცენტი გაკეთებულია იმაზე, თუ როგორ ხდება ცოლ-ქმარი საკუთარი სახლის გადაწვის თანამონაწილე. ამ დროს საინტერესოა ერთი სცენა, სადაც სტურუამ საკუთარი პოზიცია ნათლად გამოხატა და კითხვას, რატომ მონაწილეობენ ბიდერმანები ბოროტმოქმედებაში, ასეთი პასუხი მოუძებდა: იმიტომ, რომ მათ არ უნდათ სიკვდილი, ეშინიათ ჯოჯოხეთის და იმის, რაც შეიძლება მოხდეს. აი, ასე პასუხობს რეჟისორი შეკითხვას, რომელიც დრამატურგმა დაგვისვა იმისათვის, რომ გვეფიქრა _ რატომ წარმოიშვა ფაშიზმი ისეთი კულტურული ტრადიციების ქვეყანაში, როგორიც გერმანიაა და რატომ ვერ ეწინააღმდეგებიან ბიდერმანები მოძალადეებს...

პიესაში აქცენტირებულია პერსონაჟთა სოციალური უთანასწორობა, მაგალითად: ცეცხლისწამკიდებლებისთვის გამართულ სადილზე ბიდერმანი (ზაზა პაპუაშვილი) ანას უბრძანებს, რომ მაგიდიდან აიღოს ყველაფერი, რაც ,,ზედმეტია” (ვერცხლი, ბროილი, ხელსახოცები), რათა ,,სტუმრებმა” თავი ისე იგრძნონ, როგორც საკუთარ სახლში. ეს თემა სპექტაკლში გამოკვეთილი არ არის.

პიესის შეკვეცამ პერსონაჟთა ნაკლებობაც განსაზღვრა. წარმოდგენაში ვერ ნახავთ პროფესორს, რომელიც თემიკო ჭიჭინაძეს უნდა განესახიერებინა _ ეს როლი რეჟისორმა ბოლო მომენტში ამოიღო, ასევე, ექიმს, რომელთანაც ბაბეტა (ნინო კასრაძე) მხოლოდ ტელეფონზე საუბრობს, მაიმუნს, ფიგურას, ველზევულს... რამ გადააწყვეტინა სტურუას მისი დადგმა? ალბათ, სათქმელმა, მისი გამოხატვის სურვილმა და არა ნაწარმოების გაცოცხლებამ. თუმცა, რეჟისორის მიერ ინტერპრეტირებული ნამუშევრებისგან განსხვავებით, ეს სპექტაკლი მხატვრული თვალსაზრისით სუსტი აღმოჩნდა.

მაქს ფრიშმა დამრიგებლური პიესა მორალის გარეშე მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დაწერა. მისი განხორციელების პარალელურად, ჩვენი ინტერესი სტურუა-მესხიშვილი-ყანჩელის ტანდემმაც გამოიწვია. ამაზე კომპოზიტორმა გვითხრა, რომ სპექტაკლზე სამუშაოდ დრო გამოვინთავისუფლე, რეპეტიციებს ბ-ნ რობერტთან ერთად ვესწრებოდი და ახალი მუსიკა შევქმენიო... თუმცა, წარმოდგენის მსვლელობისას მოვუსმინეთ თემებს, რომლებიც ცნობილია და პერიოდულად გვხვდება სპექტაკლებში: ,,შობის მეთორმეტე ღამე”, ,,დარისპანის გასაჭირი” და ა.შ. არ მინდა დავიჯერო, რომ კომპოზიტორმა მთელი ძალისხმევა ქოროს ,,ამღერებასა” და მის გავარჯიშებას მოანდომა... სიახლის თვალსაზრისით არც გოგი ალექსი-მესხიშვილის სცენოგრაფია გამოირჩეოდა. მისი ხელწერა შესამჩნევი იყო, მაგრამ არა განსხვავებული: ფერადი, მოძრავი ვერტიკალები და სიბრტყე, რომელზეც ჭრელ კოსტუმებში გამოწყობილნი მოქმედებენ. სცენის შუაგულში მოქცეული პანო, აკრობატების გამოსახულებით, სივრცეს ორ ნაწილად ყოფს და ეფარება ბატუტს, რომელსაც, როგორც ვიცი, სპექტაკლზე მუშაობის დასაწყისში მეტი დატვირთვა ჰქონდა. ახლა მას განწყობის შესაქმნელად უფრო იყენებენ, ვიდრე დანიშნულებისამებრ და პანოს ყოველი აწევ-დაწევისას მაყურებელს უნელდება ილუზია იმისა, რომ იქ, სცენის შუაგულში, რაღაც მოხდება.




მოქმედება რთულად ვითარდება დასაწყისში, რომელიც გაწელილია. არ ჩანს ჟანრი და არც პერსონაჟთა ხასიათი იკითხება. ქორო, რომელმაც მოსახლეობის სიმშვიდესა და დაცვაზე უნდა იზრუნოს, უსუსური უფროა, ვიდრე ირონიზირებული. სპექტაკლის დასრულების შემდეგ ბევრს გაუჩნდა კითხვა _ რატომ? მხოლოდ იმის სათქმელად, რომ გვირჩევნია თავი მოვიტყუოთ, ვიდრე სიმართლე გავაცნობიეროთ და გავიბრძოლოთ იმის წინააღმდეგ, რაც საკუთარ სახლსაც კი გადაგვაწვევინებს? პირადად ჩემთვის ის საინტერესო აღმოჩნდა იმიტომ, რომ დავინახე ორი თაობა და მათი შესაძლებლობები, დავაკვირდი იმათ, რომლებმაც უნდა შეცვალონ ძველი, ჩვენთვის კარგად ნაცნობი და დაუვიწყარი, მაგრამ წარმავალი. ამ მიმართულებით სასიხარულოა იამზე სუხიტაშვილის წარმატება, რასაც ვერ ვიტყვი ბესო ზანგურზე, რომელსაც კარგი ფაქტურა აქვს, მაგრამ აკლია დამაჯერებლობა. მისი ჟესტები, მიმიკა და მეტყველების მანერა ერთი სპექტაკლიდან მეორეში გადადის. განმეორების, თუ განსახიერებულის ტყვეობაში ყოფნის პრობლემა მხოლოდ ამ მსახიობის შემოქმედებისთვის არ არის დამახასიათებელი. იგივე რუსთაველის თეატრის წამყვან არტისტზე, ზაზა პაპუაშვილზეც შეიძლება ითქვას. მისი საშემსრულებლო მანერა ასოციაციებს ბადებს პერსონაჟებთან, რომლებითაც თავი დაგვამახსოვრა. ყანჩელის მუსიკის, ან მესხიშვილის სცენოგრაფიის არ იყოს, სტურუას დადგმებში ისიც ხშირად მეორდება და მონატრებული გმირების გახსენების საშუალებას გვაძლევს... როგორია ზაზა ბიდერმანში? სპექტაკლის II ნახევარში უკეთესი და უფრო საინტერესო, ვიდრე დასაწყისში. ეს ნაწილი დადგმაში ცუდად არის დამუშავებული და შესაძლებელია, მსახიობთა ერთფეროვნებაც ამის ბრალია. მიუხედავად იმისა, რომ სპექტაკლში მონაწილეთა შესაძლებლობები მაქსიმალურად არ არის გამოვლენილი, ზაზა პაპუაშვილისა და ნინო კასრაძის რამდენიმე სცენა, მაგალითად: სასადილო მაგიდაზე, საინტერესოა. მათი გმირების ხასიათი იკვეთება მაშინ, როდესაც მოქმედება განვითარებას იწყებს და პერსონაჟები, ცეცხლის წამკიდებლებთან ერთად, საკუთარი სახლის გადაწვის გეგმას განიხილავენ. პიესაში ნინო კასრაძის გმირი, ბაბეტა, გულით ავადმყოფია, სპექტაკლში კი სნეულის არაფერი ეტყობა და არშიყსაც ასწრებს, თანაც შმიტცთან. თუმცა, ეშინია მარიოსი, რომელსაც დავით დარჩია განასახიერებს და კიდევ, ქ-ნი კრესტლინგის. ეს უკანასკნელი სცენაზე იშვიათად ჩნდება, მაგრამ დარეჯან ხარშილაძე მას დამაჯერებლად განასახიერებს.
რა არის ის, რაც ყველას დაამახსოვრდა? ბიდერმანის მიერ რამდენჯერმე გამეორებული ფრაზა _ ,,ცეცხლის წამკიდებელი რომ იყოს, იტყოდა?” და სახელი _ ა-ნა, რომლის შემსრულებელმაც მოწონება დაიმსახურა.


გამეორება ცოდნის დედაა?

რაც შეეხება ან’ნას, ის მთავარი გმირია სპექტაკლში, სახელწოდებით ,,ანა კარენინა”, რომელიც რეჟისორმა გიორგი სიხარულიძემ ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში განახორციელა. ამაზე მოკლედ ვიტყვი, რადგანაც ეს დადგმა რეჟისორმა მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის სცენაზეც წარმოადგინა და ბევრს ნანახი აქვს. მართალია, შეიცვალნენ მსახიობები, მაგრამ უცვლელი დარჩა რეჟისურა და ხერხი, რომელიც სიხარულიძემ ნაწარმოების მხატვრული გადაწყვეტისას გამოიყენა.

სიუჟეტი ფილმის გადასაღებ მოედანზე ვითარდება. თუმცა, რეჟისორის როლის შემსრულებელი დავით გაჩეჩილაძე მოქმედებას წამოძახილით ,,გადაღებულია” მაშინ წყვეტს, როდესაც რაღაც უნდა მოხდეს, ან განვითარდეს. გვექმნება შთაბეჭდილება, რომ ეს ხერხი გამოიყენეს იმისათვის, რომ საქმე არ გაირთულონ და ცალკეულ სცენებად შემოგვთავაზონ ის, რისი განხორციელებაც ძალისხმევასა და ოსტატობას მოითხოვს, როგორც შემსრულებლებისგან, ასევე რეჟისორისგან. ამ უკნასკნელის არჩევანი გამართლებულია მაშინ, როდესაც სათქმელი არ ეწირება ფორმას, ხერხს, რომელიც შემსრულებლებს უხერხულობას უქმნის. აქ ყველაზე საინტერესო მომენტები წყდება, ან ,,ვითარდება” იქ, სადაც მაყურებლის თვალი ვერ აღწევს, კერძოდ: რკინის მასიური დეკორაციის მიღმა, სცენაზე დარჩენილი მსახიობები კი ემოციებს ,,იზოგავენ” წამოძახილამდე ,,გადაღებულია”.

რომანიდან აღებული 33 სცენა სამ მოქმედებაშია გადანაწილებული და 4 საათი გრძელდება. დროის დიდი ნაწილი მიაქვს შემსრულებელთა კიბეებზე სიარულს და მუსიკალურ გაფორმებას, რომელიც რეჟისორს ეკუთვნის. დინამიურს პაუზებით სავსე სცენები ენაცვლება. მათ მსახიობთა ნაწილი თვალს პარტერიდან ადევნებს. პირველი რიგის გარდა, მოქმედება, სცენის პარალელურად, ლოჟებშიც ვითარდება და მონაწილეები დარბაზიდანაც შემოდიან.

კარგია, რომ თეატრი სავსეა ახალგაზრდა მსახიობებით. თუმცა, მათი შესაძლებლობების წარმოჩენა აქ ვერ მოხერხდა. გამონაკლისია კიტის როლის შემსრულებელი ნინო ჭოლაძე, რომელმაც დამაჯერებლად გაითამაშა სცენა, სადაც ვრონსკის (გიორგი ზანგური) მიერ გამოვლენილი გულგრილობით იტანჯება და დოლის (დალი ბასილაძე) მკლავებში მოთქვამს.

რატომ დადგა რეჟისორმა ერთი და იგივე? რატომ მიუბრუნდა იმას, რაც უკვე განახორციელა? ეს საკითხი ქართულ თეატრში აქტუალურია და ამაზე გაზეთ ,,24 საათში” არაერთხელ დაიწერა. ასეთი გადაწყვეტა ყველაზე დიდ სირთულეს უქმნის მთავარ პერსონაჟს, რომლის სახელსაც სპექტაკლში ხშირად გაიგონებთ. ან’ნა _ აი, ასე ეძახიან გმირს, რომელსაც ენდი ძიძავა განასახიერებს. მას მოძრაობაში ხელს უშლის კოსტუმი (კოსტუმების მხატვარი _ თეო კუხიანიძე), აფერხებს რიტმი, რომელსაც ხან ანა კარენინას ემოციები უნდა შეუსაბამოს, ხანაც გადასაღებ მოედანზე დარჩენილი მსახიობის. მისი სიყვარულის ამბავი ნაკლებად დამაჯერებელი და ხელოვნურია, ისევე როგორც ვრონსკის მიერ წარმოთქმული ,,ან’ნა” და ანას პასუხი ,,გამატარეთ”...

რატომ მიუბრუნდა რეჟისორი ტოლტოის ,,ანა კარენინას”? რატომ აღმოჩნდა ის მისთვის აქტუალური მას შემდეგ, რაც ერთხელ უკვე განახორციელა? ამ კითხვებს რეჟისორი ასე პასუხობს: ,,ეს არ არის მხოლოდ XIX საუკუნის რუსეთის პრობლემა. ტოლსტოიმ კონკრეტული დრო და სივრცე აიღო, მასალა კი იმდენად გენიალურია, რომ ის აბსოლუტურად საყოველთაოა და მას ეროვნება არა აქვს. მიმაჩნია, რომ დღეს, როგორც არასდროს, ხელოვანი უნდა დაინტერესდეს ადამიანით, მისი ბედით, შინაგანი სამყაროს ამოცნობით, რადგან სწორედ ადამიანია სამყაროს ყველა პრობლემის საწყისი და ამ პრობლემის გადაჭრის ერთადერთი გამოსავალი. ჩემი თვალით ამოკითხული და დანახული ამბავი პოეტური სიყვარულის ნიმუშია, რომელმაც საუბედუროდ, ვერ გაუძლო საზოგადოების ზეწოლას და თავისი სიწმინდისა და მგზნებარების მიუხედავად, ამ საზოგადოების განსჯის მსხვერპლი გახდა. აი, ეს არის ჩემთვის მთავარი”.

ქართველების SHOWCASE

აღსანიშნავია, რომ ორივე ზემოთნახსენები სპექტაკლი წარმოდგენილი იყო თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში ორგანიზებულ Gეორგიან შჰოწცასე –ში. როგორც წესი, მსგავსი ჩვენებები ეწყობა იმისათვის, რომ სათანადოდ წარმოჩინდეს ეროვნული პროდუქცია, რომელმაც უცხოელები უნდა დააინტერესოს. ამ თვალსაზრისით, ვფიქრობ, ქართული სპექტაკლები არასწორად იყო შერჩეული. ასეთ ფესტივალებზეც კი უცხოელებს ჩააქვთ ის, რაც მათი ქვეყნის, ან შემოქმედებითი გაერთიანების ,,სავიზიტო ბარათია” და მაყურებელს სთავაზობენ წარმოდგენებს, რომლებიც რამდენიმე წლის წინათ წარმატებით განახორციელეს. ქართველებმა კი დავახვედრეთ პრემიერები, რომლებიც პირველად ჩვენც მათთან ერთად ვნახეთ. რობერტ სტურუას სპექტაკლის გარდა, ასეთი თბილისის მუსიკისა და დრამის თეატრში რეჟისორ დავით დოიაშვილის მიერ დადგმული ,,მაკბეტიც” აღმოჩნდა... ამ საკითხზე თუ ფესტივალის ორგანიზატორებმა იფიქრეს, მაგრამ უკეთესი, თუნდაც წინა წლებში განხორციელებული, მაგრამ რეპერტუარში შემორჩენილი, ვერაფერი ნახეს, ეს უკვე იმის მანიშნებელია, რომ არ გვაქვს პროდუქცია, რომელსაც ყველგან ვაჩვენებთ. საფესტივალო სამზადისი კი უპირველესად იმას გულისხმობს, რომ შევქმნათ ისეთი, როგორიც ქართული თეატრისადმი ინტერესს გამოიწვევს.

1 comment:

  1. ყოველთვის საინტერესოა თქვენი წერილები.
    უფრო ბევრი წერეთ და აქაც გვაჩვენეთ ხოლმე... :)))

    ReplyDelete