Wednesday, October 28, 2009

ა-ნა და ან’ნა


რატომ ასეთი სათაური? იმიტომ, რომ ეს სახელი რუსთაველის თეატრის სცენიდან, ორი დღის განმავლობაში, ისეთი ინტენსივობით მესმოდა, რომ სხვადასხვა ტემბრით წარმოთქმული ,,ანა” ამეკვიატა. მათზე გაკეთებული აქცენტის მიზეზს კი ქვემოთ მოგახსენებთ.


ბრავო, ა-ნა!

ა-ნა -აი, ასე ეძახის ზაზა პაპუაშვილის გმირი, ბიდერმანი, მოახლეს, რომელსაც რობერტ სტურუას ახალ სპექტაკლში, სახელწოდებით ,,ბიდერმანი და ცეცხლისწამკიდებელნი”, ია სუხიტაშვილი განასახიერებს. ეს ბრავო მას ეკუთვნის. ის ყველაზე დასამახსოვრებელი იყო, გამოირჩეოდა პლასტიკითა და მეტყველებით, გმირის ხასიათის გახსნითა და წარმოჩენით. მსახიობი მთელი სპექტაკლის განმავლობაში მუშაობს, მაშინაც კი, როდესაც სცენის სიღრმეში, მაყურებლისგან მოშორებით, ცეცხლისწამკიდებლის მიერ მოკლულ მტრედს ასაფლავებს. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ ანას გმირი სპექტაკლში გაცილებით აქცენტირებული, გამოკვეთილი და დამუშავებულია, ვიდრე პიესაში. ასე რომ, ბრავო ია! მან ძალისხმევა არ დაიშურა იმისათვის, რომ სპექტაკლში, რომელიც დაუმთავრებელისა და დაუმუშავებელის შთაბეჭდილებას ტოვებს, საკუთარი გმირი წარმოეჩინა. ამაში, ალბათ, კოსტუმი, ვარცხნილობა და ცხვირზე მორგებული სათვალეც დაეხმარა... თუმცა, მხატვრობასა და სპექტაკლის მუსიკალურ გაფორმებაზე ქვემოთ დავწერ.




პიესა ვახსენე და შეუძლებელია არ აღინიშნოს მაქს ფრიშის ნაწარმოებისადმი რობერტ სტურუას დამოკიდებულება. მან რუსთაველის თეატრის 131-ე სეზონის გახსნამდე ორგანიზებულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ სპექტაკლიდან ბევრი სცენა ამოვიღე, რადგანაც ისინი დამუშავებას საჭიროებდნენო... დრო არ ეყო? რამ შეუშალა ხელი? რას შეცვლიდა, ან დაამატებდა? ამ კითხვებზე პასუხი საინტერესოა, მაგრამ ვეღარ გამოასწორებს იმას, რაც დაიდგა.

რეჟისორმა უარი თქვა სცენაზე, რომელიც ჯოჯოხეთში თამაშდება და პიესის აზრს გამოხატავს: ბიდერმანსა და ბაბეტას ჯოჯოხეთიდან უშვებენ, რადგანაც იქ აღარავინაა, ყველა სამოთხეშია. სპექტაკლში კი აქცენტი გაკეთებულია იმაზე, თუ როგორ ხდება ცოლ-ქმარი საკუთარი სახლის გადაწვის თანამონაწილე. ამ დროს საინტერესოა ერთი სცენა, სადაც სტურუამ საკუთარი პოზიცია ნათლად გამოხატა და კითხვას, რატომ მონაწილეობენ ბიდერმანები ბოროტმოქმედებაში, ასეთი პასუხი მოუძებდა: იმიტომ, რომ მათ არ უნდათ სიკვდილი, ეშინიათ ჯოჯოხეთის და იმის, რაც შეიძლება მოხდეს. აი, ასე პასუხობს რეჟისორი შეკითხვას, რომელიც დრამატურგმა დაგვისვა იმისათვის, რომ გვეფიქრა _ რატომ წარმოიშვა ფაშიზმი ისეთი კულტურული ტრადიციების ქვეყანაში, როგორიც გერმანიაა და რატომ ვერ ეწინააღმდეგებიან ბიდერმანები მოძალადეებს...

პიესაში აქცენტირებულია პერსონაჟთა სოციალური უთანასწორობა, მაგალითად: ცეცხლისწამკიდებლებისთვის გამართულ სადილზე ბიდერმანი (ზაზა პაპუაშვილი) ანას უბრძანებს, რომ მაგიდიდან აიღოს ყველაფერი, რაც ,,ზედმეტია” (ვერცხლი, ბროილი, ხელსახოცები), რათა ,,სტუმრებმა” თავი ისე იგრძნონ, როგორც საკუთარ სახლში. ეს თემა სპექტაკლში გამოკვეთილი არ არის.

პიესის შეკვეცამ პერსონაჟთა ნაკლებობაც განსაზღვრა. წარმოდგენაში ვერ ნახავთ პროფესორს, რომელიც თემიკო ჭიჭინაძეს უნდა განესახიერებინა _ ეს როლი რეჟისორმა ბოლო მომენტში ამოიღო, ასევე, ექიმს, რომელთანაც ბაბეტა (ნინო კასრაძე) მხოლოდ ტელეფონზე საუბრობს, მაიმუნს, ფიგურას, ველზევულს... რამ გადააწყვეტინა სტურუას მისი დადგმა? ალბათ, სათქმელმა, მისი გამოხატვის სურვილმა და არა ნაწარმოების გაცოცხლებამ. თუმცა, რეჟისორის მიერ ინტერპრეტირებული ნამუშევრებისგან განსხვავებით, ეს სპექტაკლი მხატვრული თვალსაზრისით სუსტი აღმოჩნდა.

მაქს ფრიშმა დამრიგებლური პიესა მორალის გარეშე მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დაწერა. მისი განხორციელების პარალელურად, ჩვენი ინტერესი სტურუა-მესხიშვილი-ყანჩელის ტანდემმაც გამოიწვია. ამაზე კომპოზიტორმა გვითხრა, რომ სპექტაკლზე სამუშაოდ დრო გამოვინთავისუფლე, რეპეტიციებს ბ-ნ რობერტთან ერთად ვესწრებოდი და ახალი მუსიკა შევქმენიო... თუმცა, წარმოდგენის მსვლელობისას მოვუსმინეთ თემებს, რომლებიც ცნობილია და პერიოდულად გვხვდება სპექტაკლებში: ,,შობის მეთორმეტე ღამე”, ,,დარისპანის გასაჭირი” და ა.შ. არ მინდა დავიჯერო, რომ კომპოზიტორმა მთელი ძალისხმევა ქოროს ,,ამღერებასა” და მის გავარჯიშებას მოანდომა... სიახლის თვალსაზრისით არც გოგი ალექსი-მესხიშვილის სცენოგრაფია გამოირჩეოდა. მისი ხელწერა შესამჩნევი იყო, მაგრამ არა განსხვავებული: ფერადი, მოძრავი ვერტიკალები და სიბრტყე, რომელზეც ჭრელ კოსტუმებში გამოწყობილნი მოქმედებენ. სცენის შუაგულში მოქცეული პანო, აკრობატების გამოსახულებით, სივრცეს ორ ნაწილად ყოფს და ეფარება ბატუტს, რომელსაც, როგორც ვიცი, სპექტაკლზე მუშაობის დასაწყისში მეტი დატვირთვა ჰქონდა. ახლა მას განწყობის შესაქმნელად უფრო იყენებენ, ვიდრე დანიშნულებისამებრ და პანოს ყოველი აწევ-დაწევისას მაყურებელს უნელდება ილუზია იმისა, რომ იქ, სცენის შუაგულში, რაღაც მოხდება.




მოქმედება რთულად ვითარდება დასაწყისში, რომელიც გაწელილია. არ ჩანს ჟანრი და არც პერსონაჟთა ხასიათი იკითხება. ქორო, რომელმაც მოსახლეობის სიმშვიდესა და დაცვაზე უნდა იზრუნოს, უსუსური უფროა, ვიდრე ირონიზირებული. სპექტაკლის დასრულების შემდეგ ბევრს გაუჩნდა კითხვა _ რატომ? მხოლოდ იმის სათქმელად, რომ გვირჩევნია თავი მოვიტყუოთ, ვიდრე სიმართლე გავაცნობიეროთ და გავიბრძოლოთ იმის წინააღმდეგ, რაც საკუთარ სახლსაც კი გადაგვაწვევინებს? პირადად ჩემთვის ის საინტერესო აღმოჩნდა იმიტომ, რომ დავინახე ორი თაობა და მათი შესაძლებლობები, დავაკვირდი იმათ, რომლებმაც უნდა შეცვალონ ძველი, ჩვენთვის კარგად ნაცნობი და დაუვიწყარი, მაგრამ წარმავალი. ამ მიმართულებით სასიხარულოა იამზე სუხიტაშვილის წარმატება, რასაც ვერ ვიტყვი ბესო ზანგურზე, რომელსაც კარგი ფაქტურა აქვს, მაგრამ აკლია დამაჯერებლობა. მისი ჟესტები, მიმიკა და მეტყველების მანერა ერთი სპექტაკლიდან მეორეში გადადის. განმეორების, თუ განსახიერებულის ტყვეობაში ყოფნის პრობლემა მხოლოდ ამ მსახიობის შემოქმედებისთვის არ არის დამახასიათებელი. იგივე რუსთაველის თეატრის წამყვან არტისტზე, ზაზა პაპუაშვილზეც შეიძლება ითქვას. მისი საშემსრულებლო მანერა ასოციაციებს ბადებს პერსონაჟებთან, რომლებითაც თავი დაგვამახსოვრა. ყანჩელის მუსიკის, ან მესხიშვილის სცენოგრაფიის არ იყოს, სტურუას დადგმებში ისიც ხშირად მეორდება და მონატრებული გმირების გახსენების საშუალებას გვაძლევს... როგორია ზაზა ბიდერმანში? სპექტაკლის II ნახევარში უკეთესი და უფრო საინტერესო, ვიდრე დასაწყისში. ეს ნაწილი დადგმაში ცუდად არის დამუშავებული და შესაძლებელია, მსახიობთა ერთფეროვნებაც ამის ბრალია. მიუხედავად იმისა, რომ სპექტაკლში მონაწილეთა შესაძლებლობები მაქსიმალურად არ არის გამოვლენილი, ზაზა პაპუაშვილისა და ნინო კასრაძის რამდენიმე სცენა, მაგალითად: სასადილო მაგიდაზე, საინტერესოა. მათი გმირების ხასიათი იკვეთება მაშინ, როდესაც მოქმედება განვითარებას იწყებს და პერსონაჟები, ცეცხლის წამკიდებლებთან ერთად, საკუთარი სახლის გადაწვის გეგმას განიხილავენ. პიესაში ნინო კასრაძის გმირი, ბაბეტა, გულით ავადმყოფია, სპექტაკლში კი სნეულის არაფერი ეტყობა და არშიყსაც ასწრებს, თანაც შმიტცთან. თუმცა, ეშინია მარიოსი, რომელსაც დავით დარჩია განასახიერებს და კიდევ, ქ-ნი კრესტლინგის. ეს უკანასკნელი სცენაზე იშვიათად ჩნდება, მაგრამ დარეჯან ხარშილაძე მას დამაჯერებლად განასახიერებს.
რა არის ის, რაც ყველას დაამახსოვრდა? ბიდერმანის მიერ რამდენჯერმე გამეორებული ფრაზა _ ,,ცეცხლის წამკიდებელი რომ იყოს, იტყოდა?” და სახელი _ ა-ნა, რომლის შემსრულებელმაც მოწონება დაიმსახურა.


გამეორება ცოდნის დედაა?

რაც შეეხება ან’ნას, ის მთავარი გმირია სპექტაკლში, სახელწოდებით ,,ანა კარენინა”, რომელიც რეჟისორმა გიორგი სიხარულიძემ ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში განახორციელა. ამაზე მოკლედ ვიტყვი, რადგანაც ეს დადგმა რეჟისორმა მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის სცენაზეც წარმოადგინა და ბევრს ნანახი აქვს. მართალია, შეიცვალნენ მსახიობები, მაგრამ უცვლელი დარჩა რეჟისურა და ხერხი, რომელიც სიხარულიძემ ნაწარმოების მხატვრული გადაწყვეტისას გამოიყენა.

სიუჟეტი ფილმის გადასაღებ მოედანზე ვითარდება. თუმცა, რეჟისორის როლის შემსრულებელი დავით გაჩეჩილაძე მოქმედებას წამოძახილით ,,გადაღებულია” მაშინ წყვეტს, როდესაც რაღაც უნდა მოხდეს, ან განვითარდეს. გვექმნება შთაბეჭდილება, რომ ეს ხერხი გამოიყენეს იმისათვის, რომ საქმე არ გაირთულონ და ცალკეულ სცენებად შემოგვთავაზონ ის, რისი განხორციელებაც ძალისხმევასა და ოსტატობას მოითხოვს, როგორც შემსრულებლებისგან, ასევე რეჟისორისგან. ამ უკნასკნელის არჩევანი გამართლებულია მაშინ, როდესაც სათქმელი არ ეწირება ფორმას, ხერხს, რომელიც შემსრულებლებს უხერხულობას უქმნის. აქ ყველაზე საინტერესო მომენტები წყდება, ან ,,ვითარდება” იქ, სადაც მაყურებლის თვალი ვერ აღწევს, კერძოდ: რკინის მასიური დეკორაციის მიღმა, სცენაზე დარჩენილი მსახიობები კი ემოციებს ,,იზოგავენ” წამოძახილამდე ,,გადაღებულია”.

რომანიდან აღებული 33 სცენა სამ მოქმედებაშია გადანაწილებული და 4 საათი გრძელდება. დროის დიდი ნაწილი მიაქვს შემსრულებელთა კიბეებზე სიარულს და მუსიკალურ გაფორმებას, რომელიც რეჟისორს ეკუთვნის. დინამიურს პაუზებით სავსე სცენები ენაცვლება. მათ მსახიობთა ნაწილი თვალს პარტერიდან ადევნებს. პირველი რიგის გარდა, მოქმედება, სცენის პარალელურად, ლოჟებშიც ვითარდება და მონაწილეები დარბაზიდანაც შემოდიან.

კარგია, რომ თეატრი სავსეა ახალგაზრდა მსახიობებით. თუმცა, მათი შესაძლებლობების წარმოჩენა აქ ვერ მოხერხდა. გამონაკლისია კიტის როლის შემსრულებელი ნინო ჭოლაძე, რომელმაც დამაჯერებლად გაითამაშა სცენა, სადაც ვრონსკის (გიორგი ზანგური) მიერ გამოვლენილი გულგრილობით იტანჯება და დოლის (დალი ბასილაძე) მკლავებში მოთქვამს.

რატომ დადგა რეჟისორმა ერთი და იგივე? რატომ მიუბრუნდა იმას, რაც უკვე განახორციელა? ეს საკითხი ქართულ თეატრში აქტუალურია და ამაზე გაზეთ ,,24 საათში” არაერთხელ დაიწერა. ასეთი გადაწყვეტა ყველაზე დიდ სირთულეს უქმნის მთავარ პერსონაჟს, რომლის სახელსაც სპექტაკლში ხშირად გაიგონებთ. ან’ნა _ აი, ასე ეძახიან გმირს, რომელსაც ენდი ძიძავა განასახიერებს. მას მოძრაობაში ხელს უშლის კოსტუმი (კოსტუმების მხატვარი _ თეო კუხიანიძე), აფერხებს რიტმი, რომელსაც ხან ანა კარენინას ემოციები უნდა შეუსაბამოს, ხანაც გადასაღებ მოედანზე დარჩენილი მსახიობის. მისი სიყვარულის ამბავი ნაკლებად დამაჯერებელი და ხელოვნურია, ისევე როგორც ვრონსკის მიერ წარმოთქმული ,,ან’ნა” და ანას პასუხი ,,გამატარეთ”...

რატომ მიუბრუნდა რეჟისორი ტოლტოის ,,ანა კარენინას”? რატომ აღმოჩნდა ის მისთვის აქტუალური მას შემდეგ, რაც ერთხელ უკვე განახორციელა? ამ კითხვებს რეჟისორი ასე პასუხობს: ,,ეს არ არის მხოლოდ XIX საუკუნის რუსეთის პრობლემა. ტოლსტოიმ კონკრეტული დრო და სივრცე აიღო, მასალა კი იმდენად გენიალურია, რომ ის აბსოლუტურად საყოველთაოა და მას ეროვნება არა აქვს. მიმაჩნია, რომ დღეს, როგორც არასდროს, ხელოვანი უნდა დაინტერესდეს ადამიანით, მისი ბედით, შინაგანი სამყაროს ამოცნობით, რადგან სწორედ ადამიანია სამყაროს ყველა პრობლემის საწყისი და ამ პრობლემის გადაჭრის ერთადერთი გამოსავალი. ჩემი თვალით ამოკითხული და დანახული ამბავი პოეტური სიყვარულის ნიმუშია, რომელმაც საუბედუროდ, ვერ გაუძლო საზოგადოების ზეწოლას და თავისი სიწმინდისა და მგზნებარების მიუხედავად, ამ საზოგადოების განსჯის მსხვერპლი გახდა. აი, ეს არის ჩემთვის მთავარი”.

ქართველების SHOWCASE

აღსანიშნავია, რომ ორივე ზემოთნახსენები სპექტაკლი წარმოდგენილი იყო თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში ორგანიზებულ Gეორგიან შჰოწცასე –ში. როგორც წესი, მსგავსი ჩვენებები ეწყობა იმისათვის, რომ სათანადოდ წარმოჩინდეს ეროვნული პროდუქცია, რომელმაც უცხოელები უნდა დააინტერესოს. ამ თვალსაზრისით, ვფიქრობ, ქართული სპექტაკლები არასწორად იყო შერჩეული. ასეთ ფესტივალებზეც კი უცხოელებს ჩააქვთ ის, რაც მათი ქვეყნის, ან შემოქმედებითი გაერთიანების ,,სავიზიტო ბარათია” და მაყურებელს სთავაზობენ წარმოდგენებს, რომლებიც რამდენიმე წლის წინათ წარმატებით განახორციელეს. ქართველებმა კი დავახვედრეთ პრემიერები, რომლებიც პირველად ჩვენც მათთან ერთად ვნახეთ. რობერტ სტურუას სპექტაკლის გარდა, ასეთი თბილისის მუსიკისა და დრამის თეატრში რეჟისორ დავით დოიაშვილის მიერ დადგმული ,,მაკბეტიც” აღმოჩნდა... ამ საკითხზე თუ ფესტივალის ორგანიზატორებმა იფიქრეს, მაგრამ უკეთესი, თუნდაც წინა წლებში განხორციელებული, მაგრამ რეპერტუარში შემორჩენილი, ვერაფერი ნახეს, ეს უკვე იმის მანიშნებელია, რომ არ გვაქვს პროდუქცია, რომელსაც ყველგან ვაჩვენებთ. საფესტივალო სამზადისი კი უპირველესად იმას გულისხმობს, რომ შევქმნათ ისეთი, როგორიც ქართული თეატრისადმი ინტერესს გამოიწვევს.

სანამ იანს ეძინა…

სასტუმროში გათამაშებული ,,SO...SO...”

ბ-ნ იანს ახსოვს რა მიზნით მივიდა სასტუმრო ,,მარიოტში", როგორ მოკალათდა სავარძელში, სხვების ზურგს უკან, ღიმილით შეავლო თვალი ნაცნობ სახეებს და როგორც კი განეწყო, გაითიშა...
აი, ასე, ბ-ნი იანივით ჩვენც ხშირად ვეთიშებით რეალობას, იშვიათად კი ისეთი სიძლიერით, რომ ნამდვილის გარჩევა გვიჭირს. დავიჯერო, არასოდეს გქონიათ განცდა, რომ ირეალურიც ცხადია? მე კი, ბევრჯერ და ეს ,,მეორე რეალობა" მავსებს კიდეც... როდის? მაშინ, როდესაც თეატრში მივდივარ… თუმცა, იმ დღეს, უფრო ზუსტად კი 6 ოქტომბერს, მე და ბ-ნი იანი განსხვავებული დოზით გავითიშეთ - ის ძალიან, მე - ოდნავ, ამიტომაც რაღაცეების დანახვა მოვასწარი და თუ მკითხავთ, რა გაარჩიეო, გიპასუხებთ, რომ ის, რისი აღქმაც შეიძლებოდა.

თავდაპირველად მახსოვს განცდა, რომელიც ერთი, ტრადიციული და დათქმული ადგილის მეორეთი ჩანაცვლებამ გამოიწვია, ანუ თეატრი სასტუმრო ,,მარიოტმა” შეცვალა, სცენა და პარტერი კი – სასტუმრო ოთახმა, სადაც ბ-ნ იანთან ერთად მოვხვდი. საუკეთესო ადგილი შემხვდა, მაგრამ ყველაზე მეტად იმან გამახარა, რომ ბ-ნი იანის მსგავსად ჩემს გვერდით მსხდომნიც არ გაითიშნენ და მარტო არ დამტოვეს ,,რეალობასთან”, რომელიც ცხადზე ბანალური აღმოჩნდა.

კატერინ დუფლოტის სასცენო პროექტი (ავტორი – კატერინ დუფლოტი), როგორც წესი, ძვირადღირებულ სასტუმროებში ხორციელდება. ფრანგულ-ხორვატიული პროდუქტი სოფი კალეს ტექსტზე დაყრდნობით რეჟისორმა ბრანკო ბრეზოვეჩმა შექმნა. მასში კლაიდ ჩაბოტი, კატერინა დუფლოტი და სინიჩა მილეტიჩი მონაწილეობენ.

სად გათამაშდა პროექტი? როგორც ზემოთ აღვნიშნე, სასტუმრო ,,მარიოტის” ნომერში, სადაც ერთ ოთახში ისე მოგვათავსეს, რომ რამდენიმეს თვალთახედვის არეში სამი ოთახი მოექცა, სხვები კი მხოლოდ ორს, ან ერთ აკვირდებოდნენ.

როგორი იყო გარემო? დაულაგებელი. ,,მარიოტის” ინტერიერისთვის მონაწილეებს ბევრი ნივთი შეემატებინათ. ერთ ოთახში ნასუფრალი მაგიდა დაგვხვდა, დასვრილი ჭიქებითა და თეფშებით, რომლებზეც საჭმლის ნარჩენებს აღმოაჩენდით, მეორეში ჩვენ მოგვათავსეს და ამით, შეიძლება ითქვას, რომ ჩაგვსვეს გარემოში, სადაც გათვლილი იყო თითოეული ნივთისა და საგნის ადგილი, მესამეში კი რამდენიმემ ტახტზე წამოგორებული მამაკაცი დავინახეთ – ის რეჟისორი აღმოჩნდა.

გინახავთ წარმოდგენა, რომელშიც დამდგმელი ტახტზეა წამოწოლილი? არც მე! მისი ფუნქცია იმით შემოიფარგლებოდა, რომ ტელეფონზე პერსონაჟთა ზარებს პასუხობდა. თუმცა, რეჟისორის ყოფნა და ერთი გვერდიდან მეორეზე გადაბრუნება, შესაძლოა, ემსახურებოდა იმას, რაც იქ ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, ანუ განწყობას.

რამ შეგვიქმნა განწყობა? ნივთებმა და საგნებმა, რომლებიც მიმოეფანტათ, ასევე, განათებამ, პროექტორის დახმარებით აციმციმებულმა კადრებმა, ტელევიზორმა, სადაც იტალიურ ენაზე დუბლირებული ფილმის კადრებსაც უჩვენებდნენ (სტივ მაქუინის მონაწილეობით), ანუ ერთის მხრივ ბუტაფორიამ, მეორე მხრივ - ტექნიკურმა საშუალებებმა, რომლებიც ინტერიერში ორგანულად მოეთავსებინათ.

რაზეა სპექტაკლი? როგორ თამაშობენ მსახიობები? მიუხედავად იმისა, რომ წარმოდგენის დაწყებამდე მისი თავებად დაყოფილი სინოფსისი დაგვირიგეს, სიმართლე გითხრათ, მასში ამოკითხული არ გამომადგა. ამ შემთხვევაში, ვფიქრობ, მთავარი იყო განწყობა, რომლის შესაქმნელადაც რეჟისორთან ერთად სცენოგრაფმა – ტიჰომირ მილოვაჩმა და განათება-გახნმოვანების ავტორმა – დამირ კრუჰაჩმა იმუშავა.
,,მარიოტში” გაცოცხლებულ პროექტში, ფრანგულ და ხორვატიულ ენებზე მოთხრობილს მეორეხარისხოვანი მნიშვნელობა ჰქონდა. ამის მაგალითზე კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ახალს ვერაფერს ვამბობთ და თანამედროვე ადამიანებსაც ის გვაწუხებს, რაც ოდითგანვე გვტკიოდა და გვაინტერესებდა, მაგალითად: ქალისა და მამაკაცის ურთიერთობა, გაუცხოვებისა და არარეალიზებულობის პრობლემა, გაორება, ბრძოლა საკუთარ თავთან და ა.შ. ამ ჩამონათვალს კი მოგვიანებით ქალის როლის გააქტიურება და მამაკაცის ფუნქციების შეზრუდვაც დაემატა, რაზეც მტკივნეულად ვრეაგირებთ.

ჩვენს თვალწინ სამი პერსონაჟი დგას. მათი მოძრაობა, ძირითადად, შენელებულია, იშვიათად კი – ზედმეტად აჩქარებული. ისინი ერთმანეთს იშვიათად ეხებიან და დისტანციას ინარჩუნებენ. მათ შორის ცენტრალური ფიგურაა უკვე ასაკოვანი, სუსტი აღნაგობის ქალბატონი. ის არის მამაკაცის საყვარელიც და ცოლიც. ამ მამაკაცის შემსრულებელი კი მეორე კაცსაც ანსახიერებს. ეს უკანასკნელი მაშინ ჩნდება, როდესაც ცოლ-ქმარი განქორწინდება და ქალი მასთან გააბამს რომანს, მაგრამ მათი ურთიერთობაც განშორებით მთავრდება. ვინ არის მეორე ქალი? ორივე ქალი ერთ პერსონაჟს განასახიერებს. ამაში მაშინ დავრწმუნდით, როდესაც ერთი გმირის გაორების, საკუთარ თავთან ბრძოლისა და ჭიდილის სცენა წარმოგვიდგინეს. თუმცა, პირველზე შედარებით ახალგაზრდა შემსრულებელი ერთგან მამაკაცსაც თამაშობს. აქ ყველაფერი ერთმანეთშია არეული და მსახიობთა ამოცანას პერსონაჟთა ემოციების გამოხატვა წარმოადგენს, რასაც თავს ართმევენ. ამასთან, უნდა აღინიშნოს მათი ოსტატობა მაყურებელთან ახლო მანძილზე მუშაობის თვალსაზრისით...

,,მე მომეწონა ეს კაცი, როდესაც პირველად სექსით დავკავდით, იმ ღამეს შემეშინდა მისთვის სახეში შემეედა. მეგონა, რომ გრეგი კვლავინდებურად მიყვარდა და იმ აზრთან შეგუების შემეშინდა, რომ შემთხვევით სხვა მამაკაცთან ვიწექი. გადავწყვიტე თვალები დამეხუჭა. მაგრამ სიბნელეშიც კი გაურკვევლობა არ მტოვებდა. ერთხელ დიდად მივქარე და გავუმხილე, რატომაც არ ვახელდი თვალებს. არავითარი რეაქცია არ ქონია. რამოდენიმე თვის შემდეგ, როდესაც საბოლოოდ გავთავისუფლდი გრეგის აჩრდილისგან, საკუტასრ თავში დარწმუნებულმა თვალები გავახილე იმ იმედით, რომ ეს ის კაცი იყო, ვისთანაც ყოფნა მსურდა. არ ვიცოდი, თუ ეს ჩვენი უკანასკნელი ღამე იქნებოდა: ჩემს მიტოვებას აპირებდა. ,მოვლენები ჩვენ წინ გვისწრებს, მათ ვერასოდეს მოვაგვარებთ და მათ ნამდვილ სახელს ვერასოდეს გავიგებთ”. სააბაზანოში, ნიჟარაზე ორი სავსე ჰიგიენური ჩანთაა, ერთ აწერია ,,პმ”; აბაზანაში ბინძური ტრუსები და ნახმარი ტამპონი გდია. დილის 10:08 საათი. ვხედავ, როგორ ჩამოდის მატარებლიდან. ქალი მოყვება. ორივეს ვეებერთელა ბარგი მოაქვს. ნელ-ნელა დაღლილები მიემართებიან გასასვლელისკენ. ბოლო სურათს ვიღებ, როგორ გამოდის სადგურიდან. მასთან გატარებული ამ ცამეტი დღის შემდეგ, ჩვენი ამბავი დასასრულს მიუახლოვდა. დილის 10:10 საათი. ვწყვეტ ჰენრი ბ-ს თვალთვალს”, - აი, ესეც ამონარიდი ტექსტიდან, ერთგავრი შტრიხი განწყობის შესაქმნელად.

და მიუხედავად იმისა, რომ ბ-ნ იან ჰერბერტს (კრიტიკოსთა ასოციაციის საპატიო პრეზიდენტი), რომელიც საქართველოში თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში ჩამოვიდა, ამ წარმოდგენის მსვლელობისას ეძინა, მაინც არ გაუჭირდებოდა ეპასუხა კითხვაზე - ,,როგორი იყო წარმოდგენა?”, ის აუცილებლად გეტყოდათ: ,,SO...SO...” და მართალიც იქნებოდა...

ფქვილი, როგორც სიკვდილი

24 საათი 30.09.09




კითხვაზე, ვინ დგამს შექსპირს საუკეთესოდ, ვუპასუხებდი, რომ ის, ვინც მისი პიესების თანამედროვეობას წარმოაჩენს.

აი, ასეთი აღმოჩნდა ოსკარას კორშუნოვასი, რომელმაც თბილისის საერთაშორისო ფესტივალზე “რომეო და ჯულიეტა" შემოგვთავაზა.

კორშუნოვასის დასის წლევანდელმა გასტროლმა საქართველოში მათი პირველი ჩამოსვლა გამახსენა - 2008 წელს ლიტველმა რეჟისორმა, ისევე როგორც ახლა, მარჯანიშვილის თეატრში შექსპირის სანახავად მიგვიწვია. თუმცა, თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში წარმოდგენილი “რომეო და ჯულიეტა" ქართველი მაყურებლისთვის გაცილებით შთამბეჭდავი აღმოჩნდა, ვიდრე გასულ წელს ნანახი “ზაფხულის ღამის სიზმარი".

პირადად მე, სიმართლე რომ გითხრათ, მერჩივნა ამ რეჟისორის მიერ თანამედროვე დრამატურგების, მაგალითად: სარა კეინის, მარიუს ფონ მაიენბერგისა და მარკ რავენჰილის, პიესებზე შექმნილი სპექტაკლებიდან რომელიმე მაინც მენახა... თუმცა, ოსკარას კორშუნოვასი რეჟისორთა იმ კატეგორიას განეკუთვნება, რომელთა ნამუშევრებიც მოწონებას თუ არა, ინტერესს აუცილებლად იწვევს. XXI საუკუნის ადამიანის თეატრალური ხელოვნებით დაინტერესება კი იმდენად რთულია, რომ ერთეულებს გამოსდით. 40 წლის რეჟისორი თეატრალურად აზროვნებს.

როდის და სად დაიდგა “რომეო და ჯულიეტა"? ავინიონის თეატრალური ფესტივალის წარმომადგენლებმა კორშუნოვასს ახალი სპექტაკლის დაფინანსება მას შემდეგ შესთავაზეს, რაც ის ევროპული თეატრალური პრემიის, “ახალი რეალობა", მფლობელი გახდა. ნოვატორი შემოთავაზებას დათანხმდა და “რომეო და ჯულიეტაზე" მუშაობა დათქმულ დროს დაამთავრა - მისი პრემიერა 2003 წელს, ავინიონის ფესტივალზე უნდა შემდგარიყო. ამ დროს მოხდა ის, რაც არასოდეს მომხდარა და რამაც რეჟისორზე ძალიან იმოქმედა, კერძოდ: საპროტესტო აქციების მიზეზით, 2003 წელს ფესტივალი არ ჩატარდა. საფესტივალო წესდების თანახმად კი, მიმდინარე წლის პროგრამაში ჩასმულ წარმოდგენას, რაც არ უნდა მომხდარიყო, მომავალ წელს გამართულ ფესტივალში მონაწილეობა ეკრძალებოდა. მისი პრემიერა შედგა ბერლინში, შემდეგ ნიუ იორკსა და საფრანგეთში.

კორშუნოვასის სპექტაკლები პროვოკაციულია. თუმცა, მის მიერ დადგმული “რომეო და ჯულიეტა" ჰიტია, რომლითაც მსოფლიო მოიარა და კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ რეჟისორი თუ პროფესიონალია, კარგ დრამატურგიას არც “გააფუჭებს" და ახლებურადაც წარმოაჩენს.

სპექტაკლის დაწყებამდე საშუალება მოგვეცა თვალი სცენაზე განთავსებული დეკორაციისთვის შეგვევლო. მაშინ ვერც კი წარმოვიდგინე თუ როგორ შეიძლებოდა განვითარებულიყო ყველასათვის ნაცნობი სიუჟეტი სივრცეში, რომელიც იურატ პოლეკაიტემ გააფორმა.

სცენა, შეიძლება ითქვას, რომ მთლიანად უჭირავს რკინის ორ ბუფეტს, რომლებიც თაროებისგან შედგება. რკინისვეა ჭურჭელი, დანები, ჩანგლები, კოვზები... იქ ათასი უსარგებლო ნივთი აწყვია: დამტვრეული მანქანა თუ საბავშვო ეტლი, თაროებსა და ჭურჭელს შორის კი დაინახავთ, ერთ მხარეს - თეთრ საქორწილო კაბას, მეორე მხარეს - კუბოს, ასევე, ორ ჩონჩხს. ამ, ერთი შეხედვით, მექანიკურ მოწყობილობებში, მოგვიანებით, აღმოაჩენთ ფანჯარას, ღუმელს, კარს და კიბეს, რომელიც ზემოთ, ბუფეტის თავზე ადის, ანუ იქ, სადაც მოგვიანებით აივნის ცნობილი სცენა თამაშდება. აი, აქ ეფიცებიან შეყვარებულები ერთმანეთს სიყვარულს და ეალერსებიან მაშინ, როდესაც ქვემოთ ღრეობენ, სცენა ეროტიული ენერგიით ივსება, ან სძინავთ...

დეკორაცია მრავალფუნქციურია და მსახიობები მას დანიშნულებისამებრ იყენებენ. ბუფეტების წინ დგას რკინის გრძელი მაგიდები, ასეთივე გრძელი სკამებით, შუაში კი მონიშნულია ერთგვარი ნეიტრალური ზონა, სადაც რკინის გობს შემოაგორებენ ხოლმე. გობი სპექტაკლის მსვლელობისას სიმბოლურ დატვირთვას იძენს.

რომეო და ჯულიეტას ისტორია რომ უჩვეულო სივრცეში განვითარდებოდა, მაყურებელს სპექტაკლის დაწყებამდე, დეკორაციის ნახვისას ენიშნა. თუმცა, ეს მინიშნება არავის გაკვირვებია. დარბაზში იმყოფებოდნენ: ქართული თეატრალური ხელოვნების სხვადასხვა თაობის წარმომადგენლები, მოყვარულები, რომლებმაც ბილეთები დროულად შეიძინეს, თეატრალური ინსტიტუტის სტუდენტებიდან ისინი, რომლებსაც გოგი მარგველაშვილისგან (თეატრალური უნივერსიტეტის რექტორი) ჩამორიგებული საშვები შეხვდათ და კიდევ, ჟურნალისტები, რომლებიც სპექტაკლის II მოქმედებამდე ფეხზე ვიდექით და ადგილები რომ არ გამონთავისუფლებულიყო, ბოლომდე გაჩერება ძალიან გაგვიჭირდებოდა.

წარმოდგენის დაწყებისას სცენაზე ორ ჯგუფად გაყოფილი მსახიობები გამოვიდნენ და უხმოდ მანამდე გვიყურეს, სანამ დარბაზში სიჩუმე არ ჩამოვარდა. ამ დროს უბრალო და სამზარეულოში სამუშაოდ მოსახერხებელ კოსტუმებში (მხატვარი იოლანტა რამკუტე) გამოწყობილი არტისტებიც შევათვალიერეთ... კორშუნოვასმა “რომეო და ჯულიეტას" მოქმედება სამზარეულოში გადაიტანა და სპექტაკლის პირველ ნაწილში განსაკუთრებული დრო დაუთმო პიცის მწარმოებელი ორი ოჯახის, მონტეგებისა და კაპულეტების კულინარიული შესაძლებლობების წარმოჩენასა და ერთმანეთთან შეჯიბრს. ვინ მოზელს და ააგუნდავებს ცომს ოსტატურად? აი, ამაში პაექრობენ ისინი. აქ ცომს ხან გემოს უსინჯავენ, ერთმანეთს ესვრიან ან ფალოსის ფორმას აძლევენ... და მიუხედავად იმისა, რომ რეჟისორი საშუალებას არ გვაძლევს რომეოსა და ჯულიეტას ტრაგიკული სიყვარული სენტიმენტალურად აღვიქვათ, მეორე მოქმედება ტრაგედიის განცდას მაინც ბადებს.

რა შეიძლება ითქვას მსახიობებზე, რომლებსაც პერსონაჟთა ხასიათები ოსტატურად აქვთ დამუშავებული, გათავისებული და წარმოჩენილი? მხოლოდ კარგი. ისინი კომიკურ პერსონაჟებს ისე თამაშობენ, რომ ზომიერების განცდას არ კარგავენ. მათ შორის განსაკუთრებულია ეგლე მიკულიონიტე, რომელმაც ძიძა განასახიერა. ჯულიეტას უცნაური გარეგნობის გამზრდელი მუდამ მზად არის მისი მისამართით წარმოთქმული საყვედურის შემთხვევაში რკინის ჩემოდანს დაავლოს ხელი და წავიდეს... ქართველ მაყურებელს, ალბათ, არასოდეს დაავიწყდება თუ როგორ ეძახდა ის ჯულიეტას, რომელიც მის თვალწინ გაიზარდა, როგორ მალავდა რომეოს, როგორ გარბოდა მასთან წერილით და ა.შ. ამ პერსონაჟის გარდა, ყურადღების ცენტრში ექცევიან რომეოსა და ჯულიეტას როლის შემსრულებლები (გიედრიუს სავიჩკასი და რასა სამოულიტე). სად ხვდებიან ისინი ერთმანეთს? რკინის მბრუნავ გობთან, რომელზე შემომჯდარ ჯულიეტასაც რომეო ახლოდან პირველად შეხედავს. ამავე გობზე შემომსხდრები ამთავრებენ სიცოცხლეს. გობში ჩაყრილია ფქვილი, ერთგვარი გამომსახველობითი ეფექტი, რომელიც სპექტაკლში სიკვდილის სიმბოლოა - ვინც კვდება სახეს ფქვილით იფარავს.

რეჟისორის მიერ სცენები ოსტატურად არის აკინძული. II მოქმედებაში სპექტაკლის ტონალობა ოდნავ იცვლება და აქცენტი რომეოსა და ჯულიეტაზე კეთდება. თუმცა, აქ არანაკლებ მნიშვნელოვანია და ჩემთვის განსაკუთებით საინტერესო ტიბალტისა (დარიუს გამაუსკასი) და მერკუციოს (დაინიუს კაზლაუსკასი) შერკინება, რომლითაც, როგორც წესი, პირველ მოქმედებას ამთავრებენ ხოლმე… ეს სცენა ნეკროშიუსმა მეორე მოქმედებაში გადაიტანა.

ამ დროს ვხედავთ, თუ როგორ ხდება პერსონაჟთა ტრანსფორმირება ფქვილით, რომელიც იმავე რკინის გობშია ჩაყრილი. მასში ხელების ამოვლებით, პერსონაჟები, თითქოს, სიკვდილს ითავისებენ. მათ ბრძოლას მეტალის დარტყმის ხმაზე აწყობილი მუსიკა (კომპოზიტორი ანტანას იასენკა) ამძაფრებს... მერკუციო კვდება, ტიბალტს კი რომეო უსწორდება. ყველაფერი ისეა, როგორც შექსპირთან. თუმცა, სიუჟეტის მხატვრული გადაწყვეტაა განსხვავებული. გარდა იმისა, რომ რეჟისორს მოქმედება სამზარეულოში გადააქვს, პიესას უცვლის ჟანრს, ანუ ტრაგედია თამაშდება, როგორც ფარსი, სიუჟეტის განვითარების ხაზი მეორე მოქმედებაში იმდენად ლოგიკურად ვითარდება, რომ შეკითხვები, რომლებიც თავიდან გიჩნდება, მოგვიანებით აღარ გაწუხებს. ავიღოთ, თუნდაც, ფქვილი - რადგან პიცის მწარმოებლებთან გვაქვს საქმე, ამ ინგრედიენტის სცენაზე გამოჩენა ლოგიკურია, მაგრამ უჩვეულო, რადგანაც არ იცი, რა დატვირთვას შეიძენს მოგვიანებით. მას, როგორც ზემოთ აღვნიშნე, გარდა იმისა, რომ იყენებენ, როგორც გამომსახველობით ხერხს, სიმბოლურ დანიშნულებას აძლევენ. ეს კი იმდენად კარგად არის ახსნილი, რომ ყველაფერი ნათელი და ცხადი ხდება. როცა ყველაფერი თეთრად იფარება, გარდაცვლილთა სახეებიც მატულობს. თუმცა, ისინი სცენიდან არ ქრებიან, პირიქით, სცენაზე რჩებიან და ორი სამყაროს თანაარსებობას წარმოაჩენენ.

რომეოსა და ჯულიეტას ბოლო სცენას რაც შეეხება, ამ დროს კიდევ უფრო თვალშისაცემი გახდა ის, რაზეც ამ სპექტაკლზე დაწერილ სტატიებსა და რეცენზიებშიც არის აღნიშნული. კერძოდ, თანამედროვე რეჟისორის თხრობის რიტმი თითქოს წინ უსწრებს შექსპირის ტექსტს, რომელსაც კორშუნოვასი ფეხდაფეხ მისდევს და არ ტოვებს. თუმცა, ოფელია იმდენად ნაადრევად “ირგებს” გარდაცვლილის პოზას, რომ წარმოდგენას დასასრულისკენ უბიძგებს.

სპექტაკლის ბოლოს ერთადერთი პერსონაჟია ლორენცო, რომელიც კომიკურობის ნიღაბს ცვლის და საკუთარი მოთქმით მომხდარის ტრაგიკულობას მსუბუქად გვაგრძნობინებს. ამ დროს, სცენის შუაგულში განთავსებულ რკინის გობზე ფქვილით სახეგათეთრებული, ანუ გარდაცვლილი წყვილი ტრიალებს.

წარმოდგენამ ოვაციები გამოიწვია. თუმცა, ქართველი მაყურებლის აპლოდისმენტებზე ცალკე უნდა ითქვას: ძალიან ხშირად ტაში, მით უფრო მაშინ, როდესაც წარმოდგენა დასრულებული არ არის, მსახიობებს ხელს უშლის და სიმართლე რომ ითქვას, ქართველებისთვის სპექტაკლის მსვლელობისას ჩვეული წამოძახილები, ან ბრავო, უცხოელებისთვის უჩვეულოა. ისინი აპლოდისმენტებს მხოლოდ სპექტაკლის დასრულების შემდეგ ელიან.

კორშუნოვასს რაც შეეხება, 1969 წელს დაბადებული ლიტველი რეჟისორი ლიტვის კონსერვატორიაში სწავლობდა. 1990 წელს მან სპექტაკლი ნაციონალურ დრამატულ თეატრში დადგა, 1999 წელს კი “ოსკარას კორშუნოვასის თეატრი" ჩამოაყალიბა. მისმა სპექტაკლებმა მოიარა ესტონეთი, რუსეთი, პოლონეთი, იტალია, ავსტრია, გერმანია, ავსტრალია, ინგლისი, საფრანგეთი, შვედეთი, ფინეთი, ბულგარეთი, უნგრეთი, სლოვაკეთი, არგენტინა, ირლანდია, შვეიცარია, სამხრეთ კორეა, ნიდერლანდები, ვენესუელა და ა.შ.

კორშუნოვასი ფესტივალების გარეშე ვერ ძლებს და ამიტომაც ლიტვაში ყოფნით გამოწვეული კულტურული კლაუსტროფია არ აწუხებს. მისთვის ნამდვილი თეატრი მაშინ იწყება, როდესაც შემოქმედებით ჯგუფს უჩვეულოს გაკეთების სურვილი იპყრობს და ამ განზრახვაში მაყურებელსაც იტყუებს.


“იმას, რასაც დღეს ვაკეთებ, ლიტვაში ამას ტრადიციის ნგრევად აღიქვამენ. თუმცა, ლიტვური თეატრისთვის ტრადიციის ნგრევაც ერთგვარი ტრადიციაა, რადგან ყოველი ლიტველი რეჟისორი ცდილობს დაანგრიოს ის, რაც თეატრში მის მისვლამდე იყო”, - წერს ოსკარას კორშუნოვასი ერთ-ერთ ინტერვიუში. ვინ არის ის, ვინც კორშუნოვასს ამ “ტრადიციების” ნგრევისკენ უბიძგა? ეიმუნტას ნეკროშიუსი, რომლის ,ფაუსტის” ნახვის საშუალებაც მაყურებელს 3 ოქტომბერს, მარჯანიშვილის თეატრში მიეცემა. მანამდე კი, 30 სექტემბერს, ამავე თეატრში ისევ შექსპირს, ამჯერად კი “ქარიშხალს” (რეჟისორი იანუს ვიშნიევსკი) წარმოგვიდგენენ.

რუსი ბაშმაჩკინი თუ იტალიელი აკაკი?

GESCO COMPANY-ს ,,შინელი” მარჯანიშვილის თეატრში

თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი დასასრულს უახლოვდება. მის ფარგლებში შემოთავაზებული დადგმებიდან ქართველი მაყურებლისთვის საინტერესო ბევრი აღმოჩნდა. მათ შორის, ერთმოქმედებიანი წარმოდგენა, სახელწოდებით ,,შინელი”, რომელიც მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე დიდი ბრიტანეთის შემოქმედებითმა გაერთიანებამ წარმოადგინა.

საფესტივალოდ გამოცემულ ბუკლეტში ვკითხულობთ, რომ კომპანია GESCO ამიტ ლაჰავმა და ალ ნეჯარმა 2001 წელს ჩამოაყალიბეს. მათი თანამშრომლობის მიზანი იყო თეატრალურ ხელოვნებაში ახალი გზების ძიება და აუდიტორიის წარმოსახვის გამოცოცხლება. ისინი ძალისხმევას არ იშურებდნენ იმისათვის, რომ შეესწავლათ მსახიობის სხეულის შესაძლებლობები, მისი მოძრაობის კანონი და სცენაზე მოქმედების პრინციპები. მათი ჩანაფიქრის განხორციელება კი მსახიობებისგან დიდი ფიზიკურ მომზადებას მოითხოვდა...

ფიზიკური მომზადება – აი, ეს არის კომპონენტი, რომლითაც GESCO COMPANY-ს წარმომადგენლები ნამდვილად გამოირჩევიან. მათი პლასტიკა ისეა დამუშავებული, რომ სხეულის ფლობის ოსტატობას წარმოაჩენს. შემსრულებელთა ჟესტი, მიმიკა და მოძრაობა გამომსახველია, მაგრამ ნაკლებად მრავალფეროვანი – ერთხელ მიგნებულს ხშირად იმეორებენ. თუმცა, ეს, შესაძლოა, იმითაც იყოს განპირობებული, რომ ამიტ ლაჰავმა (რეჟისორი) აქცენტი გააკეთა განწყობაზე, რომელიც დეპარტამენტებშია გამეფებული და მოხელეთა მუშაობის მექანიკურ რიტმს გამოხატავს.

ამის გარდა, სპექტაკლში ხაზგასმით არის ნაჩვენები ის, რაც გოგოლის ნაწარმოებში არ იკითხება, კერძოდ: სხვადასხვა ენაზე მოლაპარაკე მოხელეთა დამოკიდებულება და მათი სტატუსი საზოგადოებაში. როგორც ჩანს, ეს პრობლემა უცხოეთში აქტუალურია და ამა თუ იმ ეროვნების წარმომადგენელთა კომპლექსადაც აღიქმება. მაგალითად, აკაკი, რომელსაც თავად ამიტ ლაჰავი განასახიერებს, იტალიელია და დეპარტამენტში ყველაზე დაბალი თანამდებობა უჭირავს. მასზე წარჩინებულთაგან ერთ-ერთი იაპონურად საუბრობს, უფროსი კი დირექტივებს ფრანგულ ენაზე იძლევა. მათი თანამდებობრივი უპირატესობა სცენაზე პერსონაჟთა ადგილების სიმაღლითაც განისაზღვრება. ყველაზე მაღლა უფროსი ზის, ყველაზე დაბლა კი – აკაკი, პერსონაჟი, რომელსაც გოგოლის ბაშმაჩკინთან საერთო ცოტა აქვს. აი, ამიტომაც დავარქმევდი ამ წარმოდგენას ,,რამდენიმე ეპიზოდი იტალიელი ჩინოვნიკის ცხოვრებიდან”.

GESCO COMPANY-ს წარმომადგენლები თავს იწონებენ, როგორც ზემოთ აღვნიშნე, შემსრულებელთა პლასტიკით, ასევე, დეკორაციათა ოსტატურად გამოცვლითა და გამოყენებით (მხატვარი – ტი გრინი), სპეციფიური განათებით (მხატვარ-გამნათებელი – ჯეიმს ფარნკომბი), რომელიც წარმოდგენის კინემატოგრაფიულ ნიმუშად აღქმას უწყობს ხელს და ფარავს იმ ტექნიკურ ნიუანსებს, რომელთა წყალობით აკაკი ჰაერში იწევა და წარმოსახვით სამყაროში ინაცვლებს, სცენების დამუშავებით... თუმცა, რაც შეეხება სიუჟეტს და 2008 წლის 5 მარტს თჰე ჩონტაცტ თჰეატრე-ში გაცოცხლებული დადგმის კავშირს ნაწარმოებთან, რომელიც ნიკოლოზ გოგოლმა დაწერა, რეჟისორმა მოთხრობიდან ფაბულა გამოიყენა და სცენები ისე ააგო, რომ მათი განხილვა ერთმანეთისგან დამოუკიდებლად შეიძლება.

,,ხელში ჩაიგდე შინელი, მოიპოვე გოგონა და შეცვალე სამყარო...” – ასეთი მინაწერი ახლავს დადგმას, სადაც რეჟისორს გოგოლისეული აქცენტები სათავისოდ აქვს შეცვლილი. მას დაკარგული აქვს სიუჟეთური ხაზი, გმირის ხასიათი, რომელიც მოთხრობაში ძველი შინელის ტარებისა და ახალის შეძენის აუცილებლობაში იკითხება. საკონცერტო ნომერს წააგავს სცენა, რომელშიც ამიტ ლაჰარი მიკროფონით ხელში მღერის (კომპოზიტორი – დეივ პრაისი). თუმცა, მთლიანობაში, წარმოდგენა საინტერესო აღმოჩნდა და მაყურებელმა ოვაციით დააჯილდოვა: ნატალია აიტონი, ამიტ ლაჰავი, რობერტ ლატეკი, დეიოვ პრაისი, დაი ტაბუჩი, ფრანკოის ტესტორი, სირენა ტოკო.

,,კომპანია GESCO გვთავაზობს გოგოლის შედევრის თავისებურ მომაჯადოებელ ვერსიას. წაგებული მოთამაშის სურვილები კონცენტრირებულია ახალი შინელის შეძენაზე და საოცნებო ქალის გულის მოგებაზე. ეს სურვილები გადაიქცევა მისი ყოველდღიური ცხოვრების იდეაფიქსად. რეალობა და მიუწვდომელ სიყვარულზე გროტესკული ფანტაზია ერთმანეთზეა გადაჯაჭვული. სპექტაკლი არის მწვავე კრიტიკა თანამედროვე მომხმარებლობის პნინციპებზე”-, - წერს Guardian-ი.

თელაველების კვარტეტი

24 საათი 22.10.09

თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი დასრულდა, მაგრამ მის ფარგლებში წარმოდგენილ სპექტაკლებზე წერას ვაგრძელებთ.

ამ სამი კვირის განმავლობაში მაყურებელი განსაკუთრებული ინტერესით ადევნებდა თვალს წარმოდგენებს, რომლებიც უცხოელებმა საქართველოში ჩამოიტანეს. რომელი იყო საუკეთესო? ეს გაზეთ "24 საათის" ფურცლებზე გამოქვეყნებულ სტატიებში დაიწერა და კვლავაც გამოიკვეთება მასალებში, რომლებიც უახლოეს მომავალში დაიბეჭდება და ორგანიზებულს შეაფასებს.

ეს წერილი კი ეხება დადგმას, რომელიც ფესტივალის ფარგლებში ორგანიზებული ქართული სპექტაკლების ჩვენებისას (GEOღGIAN შHOჭჩAშE) წარმოადგინეს. როგორც გაზეთ "24 საათის" 20 ოქტომბრის ნომერში აღვნიშნე, ჩვენი წარმოდგენების ჩამონათვალი არასწორად იყო შერჩეული და ვფიქრობ, რომ შეიძლებოდა უკეთესი შეგვეთავაზებინა უცხოელებისთვის, რომლებიც ქართულ სპექტაკლებს ესწრებოდნენ. მათ განსაკუთრებით აინტერესებდათ რობერტ სტურუას ახალი წარმოდგენის ნახვა და იმის გაგება, როგორ შემოქმედებით ფორმაშია, რას აკეთებს რეჟისორი, რომელმაც თავი უცხოეთშიც გაითქვა. მე არ ვიცი უმრავლესობის შთაბეჭდილება, მაგრამ ერთადერთი კითხვა, რომელიც სპექტაკლის, სახელწოდებით "ბიდერმანი და ცეცხლისწამკიდებელნი", დასრულების შემდეგ დიდი ბრიტანეთიდან ჩამოსულმა იან ჰერბერტმა (კრიტიკოსთა ასოციაციის საპატიო წევრი) დამისვა იყო: "დავიჯერო, ასეთია ქართული იუმორი?"...

ზემოთ უცხოელები ვახსენე და აქვე, მათ "პუნქტუალობაზეც" უნდა ვთქვა: ფესტივალის ორგანიზატორებისთვის იმდენად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ქართულ სპექტაკლებზე სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული სტუმრების დასწრება, რომ წარმოდგენებს ნახევარი საათის დაგვიანებითაც კი იწყებდნენ... რატომ იგვიანებდნენ? იქნებ, ქართული ღირშესანიშნაობების ან სამზარეულოს გამო? ასეც რომ იყოს, ეს ნაკლებად მნიშვნელოვანია და მათ საქციელს ვერ გაამართლებს.

უცხოელების მიზეზით დააგვიანეს დაწყება სპექტაკლის, რომელიც თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა რუსთაველის თეატრის მცირე სცენაზე წარმოადგინა. რა ხდება თეატრში, რომლის შემოქმედებით პროცესს თვალს ვერ ვადევნებთ და იქ მომხდარი ცვლილებების შესახებ არაფერი ვიცით? თეატრის ხელმძღვანელობასთან დაკავშირება შეუძლებელი აღმოჩნდა და თელაველთა შემოქმედებითი გაერთიანების შესახებ ერთი სპექტაკლის მაგალითზე ვიმსჯელებ.

"სამოთხის კვარტეტი" ჰქვია წარმოდგენას, რომელიც რეჟისორმა გოგა ჩაკვეტაძემ თამაზ ჭილაძის ნაწარმოების მიხედვით განახორციელა. ერთმოქმედებიანი დადგმის შესახებ საფესტივალოდ გამოცემულ კატალოგში ვკითხულობთ: "დაუსახლებელი ქალაქის პატარა მონაკვეთზე დასახლდებიან ქალები; ისინი ელოდებიან ხომალდის შევსებას, საუბრობენ, წარსულს იხსენებენ და მოულოდნელად მათ ცხოვრებაში უცნაური მოვლენები ხდება. მათი ცხოვრებით გარშემო მყოფი ადამიანები დაინტერესდებიან, რომლებთანაც მათ ცხოვრების მანძილზე ურთიერთობა ჰქონიათ. ქალბატონების საუბარი და თხრობა იმდენად დაძაბული და სადავოა, რომ შთაბეჭდილება რჩება, თითქოს ყველა ის საკითხი, რაც მათ მიერ არის წამოჭრილი და კაცობრიობისათვის სასიცოცხლო დანიშნულების მატარებელია, ამ გაზაფხულზე უნდა გადაწყდეს. ნათელი ხდება, რომ ამ ქალბატონების ბედი მჭიდროდაა დაკავშირებული იმ გერმანელებთან, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის დროს გადმოასახლეს. შთაბეჭდილება რჩება, რომ ამ სამყაროში მხოლოდ ეს ოთხი ქალი არსებობს. ჩვენი გმირები არ კარგავენ იმედს: "შეხედე, ცაზე ვარსკვლავები გამოჩნდა...". ეს ციტატა მოვიყვანე იმისათვის, რომ გითხრათ ის, რაც სპექტაკლში რეალურად ხდება. იქ არ იქმნება შთაბეჭდილება იმისა, რომ ეს ქალაქი დაუსახლებელია, მაყურებელი ვერც პერსონაჟთა ცხოვრებაში მომხდარ უცნაურ მოვლენებს ხედავს და აღიქვამს, ხომალდის შევსების მოლოდინზე რომ აღარაფერი ვთქვათ... ციტატა, რომელიც კატალოგშია მოცემული, რათა მაყურებელს სპექტაკლის შინაარსი გააცნოს, ნაკლებად შეესაბამება იმას, რასაც გვთავაზობენ. სოფლის წყაროსთან შეკრებილი ოთხი ქალი, რომელთაგან სამი ხანშიშესულია, ერთი კი ახალგაზრდა, ფსიქიკურად ავადმყოფი, ერთმანეთში საუბრობს. ისინი მართლაც იხსენებენ წარსულს და გვიყვებიან: მათ ქმრებზე, სიყვარულზე და სოფელზე, სადაც არც წყალი აქვთ და არც შუქი. იმისათვის, რომ გათბენ - მიტინგობანას თამაშობენ, ამბობენ, სანამ ერთმანეთს ვჭამთ, არაფერი გვეშველებაო და მაინც იმედიანად არიან. მათ მონათხრობს აცოცხლებენ პერსონაჟები, რომლებიც სცენაზე პერიოდულად ჩნდებიან, მაგალითად: მთხრობელი, ლოთი ქმარი (ზურაბ ლომიძე), რკინიგზელი (მალხაზ ჩიდრაშვილი), იზოს დედა, დედაბერი (მაკა გრემელაშვილი), ქ-ნი ოლიმპიადა (ეთერ ბაბილაშვილი), სტეფანე, სანიტარი (ავთო გულიაშვილი), რაული, იზოს მამა (გიორგი გელაშვილი). მთავარი როლებს ასრულებენ: მაია ბესტავაშვილი (სარა), ვენერა ფეიქრიშვილი (ბაბო), ნინო კურტანიძე (ელო), ნონა ხუმარაშვილი (იზო). მათ შორის ყველაზე დამაჯერებელია სარას როლის შემსრულებელი, რომელიც სულით ავადმყოფს განასახიერებს.

ეს წარმოდგენა შთაბეჭდილებას გვიქმნის თეატრზე, სადაც შემოქმედებითი თვალსაზრისით ბევრი პრობლემაა. დარბაზში არ ისმოდა მსახიობების მეტყველება, გაუმართავი იყო რეჟისურა, რომელიც სურათების ცვლას უფრო ემსახურებოდა, ვიდრე სიუჟეტის გამოკვეთას, სათქმელის წარმოჩენას, ან მოქმედების განვითარებას. მინიშნებითია გარემო, რომელიც მხატვარმა მაია სიხარულიძემ შექმნა, ქორეოგრაფია ეკუთვნის მანანა ჯიმშიტაშვილს, მუსიკალური გაფორმება კი - ნოდარ ბერუაშვილს. პრემიერა 2008 წლის 4-5 დეკემბერს შედგა.

ამ სპექტაკლის მაგალითზე კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ რეგიონალური თეატრების შემოქმედებით პროცესზე წერა იქ არსებული პრობლემებისგან დამოუკიდებლად შეუძლებელია. მათი მწირი ბიუჯეტი არ იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ ბევრი რამე გამოსწორდეს და შეიქმნას ისეთი ატმოსფერო, რომელიც შემოქმედებით ჯგუფს უკეთესის განხორციელების საშუალებას მისცემს. დღეს მათ მიერ შექმნილი პროდუქცია პროფესიული განხილვის საგანი იშვიათად ხდება და თუ მაყურებლის დაინტერესების საკითხსაც შევეხებით, ეს პრობლემა, ვფიქრობ, მას შემდეგ მოგვარდება, რაც რეგიონებში თეატრების სახით შემორჩენილ კულტურულ კერებს მეტი ყურადღება მიექცევა და მათ მხოლოდ უცხოელების წინაშე წარსადგენად არ გაიხსენებენ.

ფოთის თეატრი ტექნოლოგიების განვითარების ეპოქაში




პრობლემები, ტენდენციები, შედეგები



დღეს, 17 სექტემბერს, ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის თეატრი სეზონს პრემიერით გახსნის. რეჟისორ ზურაბ ბეგლარიშვილის მიერ რეი ბრედბერის რომანის _ ,,451º F ” (ოთხასორმოცდათერთმეტი გრადუსი ფარენჰაიტით _ ტენპერატურა, რომელზეც იწვის ქაღალდი) მიხედვით განხორციელებული სპექტაკლი სეზონის დახურვისას ვნახეთ და შეიძლება ითქვას, რომ ამ დადგმამ განსაზღვრა სათქმელი, რომელსაც ქვემოთ ვიტყვი.

წარმოდგენის ნახვისას გამახსენდა სიახლე, რომლის დაბადების აუცილებლობაც ტექნოლოგიების განვითარებამ განაპირობა, კერძოდ: ინგლისურენოვან მოსახლეობაში სულ უფრო პოპულარულია მიკრობლოგებით გამდიდრებული სერვისი _ თწიტტერ, რომელიც ფართო მასებზეა ორიენტირებული და მომხმარებელთა ინტერესების დაკმაყოფილებას ისახავს მიზნად. ახლახანს მან საზოგადოებას შესთავაზა ლიტერატურული ნაწარმოებების უკიდურესად შეკვეცილი ვარიანტები, რომელთა სიდიდეც 140 ნიშანს არ აღემატება. ამის შესახებ ინფორმაცია არაერთმა სააგენტომ, ჟურნალ-გაზეთმა თუ ელექტონულმა გამოცემამ გაავრცელა... და ვიდრე გეტყოდეთ თუ რა კავშირშია ეს ყოველივე ფოთის თეატრში დადგმულ სპექტაკლთან, ,,მიკროკონსპექტის” რამდენიმე მაგალითსაც დაგისახელებთ: სემუელ ბეკეტის პიესა ,,გოდოს მოლოდინში” ასეა შეკვეცილი: ,,ვლადიმირი და ესტრაგონი დგანან ხესთან და ელოდებიან გოდოს. მათი სტატუსი არ იცვლება”, ხოლო დევიდ ჰერბერტ ლოურენსის რომანის, ,,ლედი ჩატერლეის საყვარელის” შინაარსი უკიდურესად არის შემოკლებული: ,,არისტოკრატი ქალი მეტყევეს გაჰყვა”. ამით იმის თქმა მინდა, რომ საკითხი, რომელიც ზემოთ აღნიშნულ სპექტაკლში პრობლემატურია და ტექნიკური პროგრესის ტყვეობაში მოქცეული საზოგადოების მდგომარეობას ეხება, თანამედროვეობაშიც აქტუალურია. ამ თვალსაზრისით რეჟისორ ზურა ბეგლარიშვილის არჩევანი გასაგებია.

რეჟისორის მიერ ინსცენირებული რომანი სულიერებას მოკლებულ ადამიანებზე მოგვითხრობს. უფრო კონკრეტულად კი მოქმედება ვითარდება 2035 წელს, როდესაც წიგნის კითხვა და მისი შენახვა აკრძალულია. მეხანძრეები, რომლებიც ადრე ცეცხლს აქრობდნენ, ახლა წიგნებს წვავენ. მათ შორის გამონაკლისია გაი მონტეგი, რომლის ცხოვრებაც მას შემდეგ იცვლება, რაც ის წიგნებით ინტერესდება. აი, ასეთია ამ რომანის და ფოთის თეატრის სცენაზე გათამაშებული წარმოდგენის მოკლე შინაარსი. თუმცა, თემის აქტუალობის პარალელურად, სპექტაკლში წარმოჩინდა პრობლემათა ჩამონათვალი, რომელსაც გვერდს ვერ აუვლით.

როგორც აღვნიშნე, საქმე ეხება ტექნიკური პროგრესის ეპოქას, სადაც წიგნი აკრძალულია და შესაბამისად, არსებობს ენის სიწმინდის შენარჩუნების პრობლემაც. ეს უკანასკნელი სპექტაკლში ყოველგვარი ძალდატანებისა და გათამაშების გარეშე გამოიკვეთა. როგორი ქართულით მეტყველებენ სცენიდან _ აი, ეს არის უპირველესი საკითხი, რომელმაც წარმოდგენის დაწყებისთანავე მომჭრა ყური.
თუ სცენოგრაფიის თვალსაზრისით, რომელიც რეჟისორს ეკუთვნის, სასაყვედურო არ გვაქვს, რადგან კოსტუმები კარგია, ხოლო დეკორაცია შეძლებისდაგვარად მორგებულია ფოთის თეატრის პატარა სცენას, იგივეს ვერ ვიტყვით ტექსტზე, რომელიც სცენიდან ისმის. სასიხარულოა, როდესაც რეჟისორი არჩევანს აკეთებს ლიტერატურულ მასალაზე, რომლის თემატიკაც მის სათქმელს ეხმიანება და ამისათვის რომანის გასცენიურებასაც არ უშინდება, მაგრამ მეორე საკითხია რამდენად გამართულია ტექსტი, რომელსაც მსახიობები წარმოთქვამენ. ამ მიმართულებით, შეუძლებელია არ აღინიშნოს, რომ არსებობს შეცდომები, რომელთა ნაწილიც გამოსწორებადია (მაგალითად, არსებითი და რიცხვითი სახელების შეუთავსებლობა), ნაწილს კი, ალბათ, აღარაფერი ეშველება, რადგანაც საქმე გვაქვს გაუმართავ წინადადებებთან, რომელთა გადაკეთებაც მსახიობებისთვის ტექსტის თავიდან დაზეპირების ტოლფასია.

კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც ამ თეატრისთვისაც გადაუჭრელია და მაყურებლის მხრიდან სპექტაკლის აღქმაზეც ცუდად მოქმედებს, ტექნიკური აღჭურვილობაა. აი, ასეთ პირობებში რატომ გადაწყვიტა ზურა ბეგლარიშვილმა ეჩვენებინა ,,ტექნიკური პროგრესის ხანა”, გაუგებარია. ამის წარმოჩენა მოძველებული ტექნიკით შეუძლებელია. შესაბამისად, სცენები, სადაც რეჟისორს მცდელობა აქვს მომავალში ,,გადაგვისროლოს” და ამას მხოლოდ მარტივი განათებითა და შავებში გამოწყობილი მეხანძრეების ერთფეროვანი მოძრაობებით ცდილობს, ნაკლებად დამაჯერებელია. როდესაც არ არსებობს გამართული ტექნიკური ბაზა, ვფიქრობ, რეჟისორმა აქცენტი მსახიობთა საშემსრულებლო ხელოვნებაზე უნდა გააკეთოს. სპექტაკლის ნახვისას კი შემექმნა შთაბეჭდილება, რომ მან ყველაზე ნაკლებად სწორედ მსახიობებზე იმუშავა.

შემოქმედებით ჯგუფს რაც შეეხება, სპექტაკლში დასის უმრავლესობაა დაკავებული. მასში მონაწილეობენ: გიორგი სურმავა, მარიკა ბუკია, რამინ კილასონია, ნანა ვასაძე, ნაირა ჭიჭინაძე, ჯანსუღ იზორია, ელგუჯა ქარაია, ფატიმა აბრახამია, ნათია კუპრავა, გიორგი ჭანტურია, ალექსანდრე გუჯაბიძე, დავით დიასამიძე, გიორგი ლიპარტელიანი, გიორგი ჯანყარაშვილი, კობა დარახველიძე, მირიან ჯეჯელავა (ეკრანული პერსონაჟი). დადგმის ქორეოგრაფია ირინა კუპრავა, ხოლო მხატვარ-შემსრულებელი _ მერაბ კვანტალიანი.

სამსახიობო ოსტატობის მხრივ, ამ შემთხვევაშიც იგივე პრობლემებთან გვაქვს საქმე, რომლებსაც მხოლოდ რეგიონალურ თეატრებში არ ვაწყდებით. ფოთის თეატრის მაგალითზე, ძალიან გამიჭირდება ისეთი მსახიობის დასახელება, რომელიც ამ საქმეში ბოლომდე დაოსტატებულია. ეს დასი პროფესიული ზრდის აუცილებლობის წინაშე დგას _ მეტყველების, პლასტიკის, როლის გათავისების თუ პერსონაჟთა ხასიათების გახსნის თვალსაზრისით.

და მიუხედავად ყველაფრისა, წარმოდგენის მიმდინარეობისას მაყურებელს თვალზე ცრემლი მოადგა, განსაკუთრებით იმ სცენის დროს, როდესაც გაი მონტეგი (გიორგი სურმავა) პროფესორ ფაბერს (ნაირა ჭიჭინაძე) დაწვას გადარჩენილ ძველ აღთქმას გადასცემს. კულმინაციურმა ეპიზოდმა კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ მსახიობის მიერ აქტუალური ტექსტის სწორ ემოციურ აღქმას მაყურებელზე ზემოქმედების მოხდენა შეუძლია. ალბათ, ამ ფაქტორმა განსაზღვრა ის, რომ წარმოდგენამ ადგილობრივი მაყურებელი დააინტერესა.

ზემოთ აქცენტი გავაკეთე პრობლემებზე, რომლებიც ამ წარმოდგენის მხატვრულ ხარისხს უკავშირდება. თუმცა, არანაკლებ მნიშვნელოვანია საკითხების მთელი რიგი, რომელთა განხილვა-გაანალიზებაც საშუალებას გვაძლევს დავინახოთ ის ,,მაგრამ”, რომელიც ამ თეატრის პროდუქციის ხარისხზე საუბრისას სპექტაკლების ერთი ხელის მოსმით გაკრიტიკების უფლებას გვართმევს.

ჩვენ თუ დავინტერესდებით რა პირობებში ფუნქციონირებს ფოთის თეატრი და იქმნება მისი პროდუქცია, მაშინ მივხვდებით, რომ სპექტაკლების მხატვრულ ხარისხზე მსჯელობა იქ არსებული პრობლემებისგან მოწყვეტით შეუძლებელია. პირადად მე ცალკეულ ფაქტორთა გათვალისწინების აუცილებლობაში მაშინ დავრწმუნდი, როდესაც ამ თეატრში მივედი და ვნახე, რომ იქ მსახიობებისთვის სამუშაოდ საჭირო პირობები არ არსებობს. აქედან გამომდინარე მიმაჩნია, რომ ფოთის თეატრის წარმომადგენლების მხრიდან ბოლო პერიოდში გამხორციელებული სპექტაკლები ერთგვარი დადასტურებაა მათი მცდელობისა გადაარჩინონ თეატრი და პრობლემების მიუხედავად ძალისხმევა არ დაიშურონ იმისათვის, რომ იქ შემოქმედებითი პროცესი წარიმართოს.

ამ კუთხით, ვფიქრობ, საგულისხმოა თეატრის განსხვავებული მდგომარეობა. მას საკუთარი შენობაც კი არ გააჩნია და დროებით, ახალი შენობის მშენებლობის დასრულებამდე, რომელიც 2010 წლისთვის იგეგმება, ძველი კულტურის სახლშია შეხიზნული.

იქ არსებული სირთულეების შესახებ შემოქმედებითი ჯგუფის წარმომადგენლებისგან შევიტყვე. აქ უმნიშვნელოვანესია კიდევ ერთი ფაქტორი: მათ აქვთ სურვილი მოისმინონ თეატრმცოდნეებისა თუ რიგითი მაყურებლის აზრი და პირიქით, დიალოგი გამართონ ამ დარგის განვითარების გულშემატკივრებთან, ესაუბრონ მათ საკუთარ შემოქმედებით პრობლემებსა და სირთულეებზე, რომელთა დაძლევაც ყოველდღიურად უწევთ (მაგალითად, საპრემიერო დღეს შუქი თეატრში სპექტაკლი დაწყებამდე 10 წუთით ადრე მოვიდა, რამაც მსახიობები ორმაგად ანერვიულა).

როცა მაყურებელს ეპატიჟები უნდა შეეცადო, რომ საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოავლინო და არ აკადრო მას თუნდაც ისეთი ტექსტი, როგორიც ქართული ენის დამახინჯებაში დაეხმარება. და რახან მაყურებელი ვახსენე, აქვე იმასაც ვიტყვი, რომ თეატრს, რომელსაც შენობის გამო სასულიერო წრესთან დიდი ხნის დავა ჰქონდა, ახლა მაყურებლის რანგში სასულიერო პირებიც აკითხავენ.

აი, ამ ურთულესი პრობლემის მოგვარებით დაიწყო ჩემი დიალოგი აღნიშნული თეატრის მმართველთან, თენგიზ ხუხიასთან (პროფესიით იურისტ-ეკონომისტი). ,,თეატრის ძველ შენობასთან დაკავშირებული დავა ხელოვანებსა და სასულიერო წრის წარმომადგენლებს შორის, დაახლოებით, 15 წელი გაგრძელდა, რამაც შემოქმედებითი პროცესის განვითარებას ხელი შეუშალა. იმ დროს ქალაქში ადამიანთა გარკვეული ჯგუფი ვალერიან გუნიას სახელობის თეატრის გაუქმებასაც კი ითხოვდა”, _ გვითხრა თენგიზ ხუხიამ, რომელიც თეატრის დირექტორად 2005 წელს დაინიშნა (მმართველია _ 2007 წლიდან), ანუ მას შემდეგ რაც თეატრის ძველი შენობა ოფოციალურად გადაეცა საპატრიარქოს (ხუხიას დანიშვნამდე ამ თეატრის დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი იყო ალექსანდრე ჯანელიძე). ამის შემდეგ, ფოთის თეატრის წარმომადგენლები რუსთაველის ქუჩაზე მდებარე ძველი კულტურის სახლში შეასახლეს. 2006 წლამდე იქ სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა. ამ პერიოდში დასი წარმოდგენების გასამართად სხვადასხვა სივრცეს იყენებდა, მაგალითად: ,,მეზღვაურთა კლუბს” და ქუჩას... ,,ეს იყო მცდელობა იმისა, რომ თეატრის შემოქმედებით ჯგუფს პროფესიაზე ხელი არ ჩაექნია”, _ აღნიშნა მმართველმა. ამავე პერიოდში შედგა ,,ვაკის თეატრალური სარდაფის” გასტროლები ფოთში სპექტაკლით ,,ქრონიკები” (რეჟისორი ო. ეგაძე) და დაიდგა მოწვეული რეჟისორის, ხათუნა ბედელაძის მიერ გ. ნახუცრიშვილის პიესის მიხედვით განხორციელებული სპექტაკლი ,,როგორ გვიყვარდა ჩვენ ერთმანეთი”. აღსანიშნავია, რომ ამ მაგალითის შემდეგ ფოთის თეატრს რეჟისორების მოწვევის პრინციპისთვის არ უღალატია. ბოლო 5 წლის განმავლობაში აქ რეჟისორად იმუშავა ირაკლი გოგიამ (,,ბუა”, ,,მორფი”, ,,ძალაუფლება”, ,,პილონი”), გაგა გოშაძემ (,,ზვავი”, ,,თეატრი”, ,,ვინ არის ვინ”), რალფ ზიბელტმა (პ. ტურინის ,,ვირთხებზე ნადირობა”).

,,ჩვენი თეატრის პოლიტიკის შემუშავებისას აქცენტი ახალგაზრდა მაყურებლის დაინტერესებაზეც გავაკეთეთ და საბავშვო სპექტაკლი ,,ბუა” დავდგით. მოგვიანებით, ფოთის თეატრმა სპექტაკლები თბილისშიც ჩაიტანა და მაყურებელი ჯერ ,,ვაკის თეატრალური სარდაფის” სცენაზე მიიწვია ლ. ბუღაძის ,,თეატრის” (რეჟისორი ი. გოგია) სანახავად, შემდეგ კი _ თუმანიშვილის თეატრში, სადაც გაგა გოშაძის მიერ დადგმული ,,ზვავი” წარმოადგინა. სპექტაკლის სანახავდ მოსულ მაყურებელს შესაძლებლობა მიეცა შემოწირულობა ფოთის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის სახელზე გაეღო. ამ ფაქტმა სკეპტიკურად განწყობილი საზოგადეობის ნაწილი საბოლოოდ დაარწმუნა იმაში, რომ აქამდე დაპირისპირებულ მხარეებს შორის ურთიერთობა ახალ, ერთმანეთისადმი კეთილგანწყობილ ფაზაში გადაიზარდა”, _ გვითხრა თენგიზ ხუხიამ.

ფოთის თეატრმა მონაწილეობა მიიღო ფესტივალში ,,კავკასია 2007”, სადაც ირაკლი გოგიას მიერ რეზო კლდიაშვილის ნაწარმოების მიხედვით დადგმული ,,პილონი” წარმოადგინა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ შეთანხმებული მუშაობა არ გაჩერებულა შენობაში, სადაც თეატრთან ერთად დღემდე ფუნქციონირებს ფოლკლორის სახლი, ქორეოგრაფიული სტუდია და თოჯინების თეატრი.

თეატრისთვის განსაკუთრებული აღმოჩნდა 2008 წელი, როდესაც განხორციელდა ლევან ხეთაგურის იდეა და ოფიციალურად დაარსდა ,,საქართველოს რეგიონალური თეატრების ქსელი” (თავმჯდომარე თენგიზ ხუხია), რომელშიც გაერთიანებულია საქართველოს ყველა რეგიონალური თეატრი, ასევე, თავისუფალი თეატრი, სამეფო უბნის თეატრი, მიხეილ თუმანიშვილის სახელობის თეატრი და თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი, რომელიც წევრის სტატუსით სარგებლობს. ამავე წელს ის ევროპის თეატრების ქსელის (IPM) წევრიც გახდა. ფოთის თეატრის ბოლო პერიოდის შემოქმედებით ბიოგრაფიაში განსაკუთრებული მოვლენაა გერმანელ რეჟისორთან _ რალფ ზიბელტთან და მხატვართან _ მაქს ჯულიან ოტოსთან თანამშრომლობა (სპექტაკლზე, სახელწოდებით ,,ვირთხებზე ნადირობა”, გაზეთი ,,24 საათიც” წერდა).

კითხვაზე, რატომ იწვევთ რეჟისორებს, თენგიზ ხუხიამ გვიპასუხა: _ ,,ეს მეთოდი აპრობირებულია ევროპაში და ამ სისტენაზე ნელ-ნელა, ალბათ, ჩვენც გადავალთ... სხვადასხვა რეჟოსორთან მუშაობის პროცესი მრავალმხრივ საინტერესოა _ თითოეულ მათგანს აქვს საკუთარი ხელწერა, მუშაობის თავისებური სტილი და მანერა, რაც დასს საშუალებას აძლევს არ იყოს დამოკიდებული ერთ კონკრეტულ სკოლასა თუ ხელწერაზე...”.



როგორც მმართველისგან შევიტყვეთ, თეტრი, რომლის დარბაზიც 110 მაყურებელს იტევს, ადგილობრივი ბიუჯეტიდან მხოლოდ 230 000 ლარით ფინანსდება. 60-მდე თანამშრომლის საშუალო ხელფასი კი 200-დან 350 ლარამდე მერყეობს, რაც მიზერია ადამიანებისთვის, რომლებიც მთელ დროსა და ენერგიას თეატრს უთმობენ. თუმცა, ამ დაწესებულების ერთ_ერთ ყველაზე მტკივნეულ პრობლემად რჩება ტექნიკური აღჭურვილობა. ,,ახალ შენობაში გადასვლის შემდეგ, იმედი გვაქვს, რომ ტექნიკური აღჭურვილობის პრობლემა მოგვარდება. ამასთან, ვიტყვი იმასაც, რომ ბევრს აქვს თეატრის მხარდაჭერის სურვილი, რასაც საგადასახადო პოლიტიკამაც უნდა შეუწყოს ხელი... ამ მიმართულებით კანონში ცვლილებების შეტანა აუცილებელია”, _ აღნიშნა თენგიზ ხუხიამ.

იმედი გვაქვს, რომ ფოთის თეატრის ახალი შენობის მშენებლობა 2010 წლისთვის დასრულდება და 450 კაციან დარბაზში მოხვედრილ მაყურებელს საშუალება მიეცემა აქცენტი სპექტაკლის მხოლოს მხატვრულ ხარისხზე გააკეთოს და არა თვალშისაცემ პრობლემებზე.

ოქსფორდელები და ბრიტანელი

,,ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ იმისათვის, რომ მომავლის თეატრი გადარჩეს”, - ალან რიკმანი


რუსთაველის თეატრის ქვედა ფოიე, სადაც XX საუკუნის დასაწყისში არტისტული კაფე ,,ქიმერიონი" იყო, უფრო ადრე კი რესტორანი ,,ანონა" ფუნქციონირებდა, ხელოვანებთან შეხვედრის ტრადიცია აღდგა. პირველი სტუმარი ინგლისელი მსახიობი, სცენარისტი, პროდიუსერი და რეჟისორი ალან რიკმანი აღმოჩნდა.

ამ შეხვედრის შესახებ მოგვაინებით გეტყვით. მანამდე კი, ორიოდე სიტყვით, ოქსფორდის უნივერსიტეტის დრამატული საზოგადოების მიერ რუსთაველის თეატრის მცირე სცენაზე გათამაშებულ სპექტაკლზე აღვნიშნავ.


გაუთვალისწინებელი ფაქტორი


ოქსფორდის უნივერსიტეტის დრამატული საზოგადოების საერთაშორისო ტურნეში, სტრადფორდისა და ლონდონის გარდა, თბილისიც ჩაეწერა. ამის შესახებ ინფორმაცია გაზეთ ,,24 საათის" 9 სექტემბრის ნომერშიც გავრცელდა. თუმცა, მაშინ სტუდენტებისგან დაკომპლექტებული დასის წარმოდგენა ნანახი არ გვქონდა და აღნიშნულის შეფასებისგან თავი შევიკავეთ. მას შემდეგ, რაც დავესწარი სპექტაკლს, რომლის მიტოვებაც მაყურებელმა ნელ-ნელა, წარმოდგენის დაწყებიდან, დაახლოებით, 10 წუთის შემდეგ დაიწყო, მივხვდი, რომ ამის შესახებ უნდა მეთქვა.

ამ საქმეში უცხოელ სდუნტებს ბრალი არ მიუძღვით. ისინი ბრიტანეთში სხვადასხვა ფაკულტეტებზე სწავლობენ და გარკვეულ დროს სცენაზე დგომასაც უთმობენ. მათთვის ეს დამატებითი გამოცდილებაა, აქტივობაშიც ეთვლებათ და რატომაც არა?! ამ შემთხვევაში საკითხავია, რა დააშავა ქართველმა მაყურებელმა, რომელმაც ,,გაპიარებულ" სპექტაკლზე დასასწრებ ბილეთში 15-20 ლარი გადაიხადა... შუა წარმოდგენიდან გამოსულთაგან აღმოჩნდნენ ისეთები (ძირითადად, რუსთაველის თეატრის მსახიობები), რომლებსაც გაუჩნდათ კითხვა: ,,რა საჭირო იყო ამ სპექტაკლის ჩვენება სცენაზე, სადაც ერთ დროს, თუნდაც, ,,ჭინჭრაქა" და ,,ანტიგონე" იდგმებოდა?" და ეს მით უფრო მაშინ, როდესაც ამავე თეატრში ექსპერიმენტალური სცენაც ფუნქციონირებს.

რა პასუხი უნდა გავცეთ მაყურებელს, რომელიც ფიქრობს, რომ საქართველოს წამყვანი თეატრის ისტორიულ და არა ექსპერიმენტალურ სცენაზე ისეთი წარმოდგენები უნდა თამაშდებოდეს, რომლებიც რაღაც დონეს მაინც აკმაყოფილებს? ბრიტანელების აქ ჩამოსვლის ფაქტს ისეთი რეკლამა გაუკეთდა, რომ საზოგადოების ინტერესი გამოიწვია. თუმცა, ,,ჰენრი V"-ეს ნახვის შემდეგ იმედი იმათაც გაუცრუვდათ, რომლებიც იქ შექსპირის ორიგინალში მოსასმენად შეიკრიბნენ. მართალია, ამ უკნასკნელთა რაოდენობა მცირე იყო, მაგრამ ფაქტია, რომ დარბაზში მყოფთაგან ვისაც კი ინგლისური ესმოდა აღნიშნავდა, რომ სცენიდან ,,ცუდი ინგლისური" ისმოდა.

სტუდენტების ,,ჰენრი V" (რეჟისორი ტიმ ჰოარი) სტატიკური სცენებით გამოირჩეოდა. არაპროფესიონალმა მსახიობებმა სამსახიობო ოსტატობის ელემენტარული ცოდნაც ვერ გამოავლინეს (არ ჰქონდათ შეფასებები, ვერ გრძნობდნენ პარტნიორს, პერსონაჟთა ხასიათს...). ერთადერთი, რასაც გულმოდგინედ ცდილობდნენ, ეს ინგლისური ტექსტის გამოკვეთილად წარმოთქმა იყო... და რადგან ტექსტი ვახსენე, იმასაც ვიტყვი, რომ კარგი აქ მხოლოდ პიესის ქართულ სასცენო ადაპტაციაზე შეიძლება ითქვას - რობერტს სტურუას მიერ დამუშავებული სუბტიტრები ძალიან ლაკონური და გამართული აღმოჩნდა. თუმცა, ის ბევრად უსწრებდა მოქმედებას...

ამ ფაქტს ასეთი გამოხმაურება არ მოჰყვებოდა, რომ არა ერთი, მაგრამ უმნიშვნელოვანესი დეტალი - საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს მიერ ამ პროექტში ჩადებული თანხები. ოქსფორდის უნივერსიტეტის დრამატული საზოგადოებას მხარს სერ ქამერონ მაკინტოშისა და ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს კომანდორი, ტელმა ჰოლტი უჭერს. თუმცა, ჩემთვის ცნობილია, რომ აღნიშნული პროექტის განხორციელებაში დიდი წვლილი კულტურის სამინისტრომაც გაიღო. მიზანი? - გაუგებარია. დღეს საქართველოს არა აქვს იმის ფუფუნება, რომ მსაგვასი პროექტები დაფინანსოს, მით უფრო მაშინ, როდესაც მათი განხორციელება უსარგებლოა. საქმე სხვაგვარად იქნებოდა ეს წარმოდგენა რომ ეჩვენებინათ ექსპერიმენტალურ სცენაზე, სადაც მას ინგლისურენოვანი სასწავლებლების ქართველი სტუდენტები დაესწრებოდნენ და შექსპირს ორიგინალში მოისმენდნენ. თუმცა, მსგავსი რა არ მომხდარა. ამ სპექტაკლზე უფასოდ არც ერთი ქართველი სტუდენტი არ დაუშვეს, მათ შორის, არც თეატრალური უნივერსიტეტის... ეს ინიციატივა უფრო გამართლებული იქნებოდა, თუ აღნიშნულ წარმოდგენას, ვთქვათ, რომელიმე ქართული უმაღლესი სასწავლებლის სცენაზე წარმოადგენდნენ, იქ დადგმულ ქართულ სპექტაკლს კი ოქსფორდის უნივერსიტეტში აჩვენებდნენ. ასეთ შემთხვევაში უკვე გამართლებული იქნებოდა ქართველების მიერ ამ პროექტისთვის თანხების გამოყოფის ინიციატივა.
ამ გასტროლის მაგალითზე კიდევ ერთხელ გამოვლინდა, თუ რამდენად გა

უაზრებულად იხარჯება სახსრები, რომლებიც შესაძლებელია ადგილობრივი შემოქმედებითი გაერთიანებებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის აღმოჩნდეს.

ჰამლეტთაგან ერთ-ერთი საუკეთესო


ალან რიკმანი საქართველოში ოქსფორდის უნივერსიტეტის დრამატული საზოგადოების თბილისური ტურის პარალელურად, ტელმა ჰოლტისა (შექსპირის სამეფო დასის პროდიუსერი, სამეფო დრამატული აკადემიის დირექტორთა საბჭოს წევრი და საპატიო ლექტორი, რობერტ სტურუას ბრიტანელი პროდიუსერი და საქართველოში ,,ჰენრი V"-ის ჩამოტანის ინიციატორი) და რუსთაველის თეატრისადმი მეგობრობის ნიშნად ჩამოვიდა. მას თან ახლავს მეუღლე რიმა ჰორტონი და ბრიტანელი მსახიობი ჟერალდინა მაკევონი. ალან რიკმანთან შეხვედრის შესაძლებლობა ქართველებს ,,ქიმერიონში" ორგანიზებული შეხვედრისას მიეცათ.
მას სახელი საერთაშორისო მასშტაბით აქვს განთქმული. ალან რიკმანის კი საქართველოსთან მაშინ გადაიკვეთა, როდესაც მან ქართველ რეჟისორთან, რობერტ სტურუასთან იმუშავა სპექტაკლზე ,,ჰამლეტი" (1992 წელი, ,,რივერ საიდ სტუდიო”). ამ სპექტაკლში განსახიერებული მთავარი როლისათვის ის 2003 წელს შექსპირის საერთაშორისო საზოგადოებამ XX საუკუნის II ნახევრის ჰამლეტების საუკეთესო ათეულში შეიტანა. რობერტ სტურუასთან თანამშრომლობით მიღებულ გამოცდილებასა თუ თეატრალური ხელოვნების აქტუალობაზე მსახიობი დარბაზში შეკრებილთ გულახდილად ესაუბრა.

როგორია ალან რიკმანის მოკლე შემოქმქდებითი პორტრეტი? ის 8 წლის იყო, როდესაც მამა გარდაეცვალა და დედა ოთხ ბავშვთან ერთად აღმოჩნდა. საკუთარი თავის იმედად დარჩენილი ალანი იმდენად კარგად სწავლობდა, რომ ლონდონის პრესტიჟული სკოლის Lატიმერ სტიპენდიანტი გახდა. პირველად სცენაზე სწორედ ამ სკოლაში სწავლისას ავიდა და მონაწილეობა მიიღო მოყვარულთა წარმოდგენაში. სკოლის დამთავრების შემდეგ, ალან რიკმანმა ჩააბარა ხელოვნების სამეფო კოლეჯის (ღოყალ ჩოლლეგე ოფ Aღთ) გრაფიკული დიზაინის ფაკულტეტზე, რომლის დამთავრებისთანავე საკუთარი ფირმაც გახსნა. 26 წლისა იყო, როდესაც მიხვდა, რომ თეატრი მას უფრო მეტად იზიდავდა. ამიტომაც მიატოვა ყველაფერი და სწავლა განაგრძო დრამატული ხელოვნების სამეფო აკადემიაში. პრესტიჟული პრემიები თეატრალურ დადგმებში მონაწილეობისათვის ჯერ კიდევ სტუდენტობისას მიიღო. მოგვიანებით, თავს იმით ირჩენდა, რომ რალფ რიჩარდსონისა და ნაიჯელ ჰოტორნის კოსტიუმერი იყო. ლონდონის სცენის წამყვანი მსახიობი ის აკადემიის დამთავრებისთანავე გახდა. მის მიერ განსახიერებული ვალმონის როლი სპექტაკლში ,,სახიფათო კავშირები" ნამდვილ სენსაციად იქცა. 1986 წელს ეს დადგმა მიიწვიეს ბროდვეიზე, სადაც რიკმანი ცნობილმა პროდიუსერმა ჯოელ სილვერმა შეამჩნია და მას მთავარი ბოროტმოქმედის როლის თამაში შესთავაზა ფილმში ,,კერკეტი კაკალი". სწორედ ამ ფილმიდან დაიწყო რიკმანის აღიარება და მოგზაურობა მსოფლიოს მასშტაბით. მას შემდეგ მან მონაწილეობა არაერთ კინოფილმსა თუ სპექტაკლში მიიღო. მათ შორისაა ქართველი მაყურებლისთვის განსაკუთრებით ცნობილი ,,რობინ ჰუდი" თუ ,,ჰარი პოტერის" სხვადასხვა სერია; კინოკარიერის პარალელურად, რიკმანი აქტიურ თეატრალურ ცხოვრებას ეწევა. 2003 წლიდან ის დრამატული ხელოვნების სამეფო აკადემიის ვიცე-პრეზიდენტია. მიღებულია აქვს შემდეგი პრემიები: ,,ემი", ,,ოქროს გლობუსი", ,,ოქროს სატელიტი", კინომსახიობთა გილდია. ჟურნალმა Eმპირე ის 1997 წელს ყველა დროის 100 საუკეთესო კინომსახიობთა შორის დაასახელა.

ალან რიკმანს პირად ცხოვრებაზე საუბარი არ უყვარს. ცნობილია, რომ უკვე რამდენიმე ათწლეულია, რაც ცხოვრობს რიმა ჰორტონთან, რომელთანაც დაქორქინებული არ არის. სამსახიობო კარიერა მათ, შეიძლება ითქვას, რომ ერთად დაიწყეს, მაგრამ რიმა ამ პროფესიას არ გაჰყვა და ცხოვრება ეკონომიკას მიუძღვნა. აღსანიშნავია, რომ ამ წყვილს ერთმანეთთან პოლიტიკური მოსაზრებებიც აერთიანებთ – ორივე მათგანი ლეიბორისტულ პარტიას უჭერს მხარს.

მართალია, ალან რიკმანი ჟურნალისტებისთვის ნამდვილი პრობლემაა, რადგანაც ინტერვიუების მიცემა და საკუთარ ნამუშევრებზე საუბარი არ უყვარს, ქართველ აუდიტორიას ის ინტერესითა და გულახდილად გაესაუბრა. მასთან შეხვედრას უძღვებოდა რუსთაველის თეატრის მმართველი ზაალ ჩიქობავა, რომელმაც მას თავდაპირველად შემდეგი კითხვით მიმართა:

- ბატონო ალან, რას იტყვით საკუთარ თავზე?

- მე არ მაქვს მობილური ტელეფონი, არ ვიცი როგორ ვიხმარო კომპიუტერი და ის ჩემთვის ძალიან უცნობი რამ არის...

- ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესოა, როგორ გაჩნდა თქვენს ცხოვრებაში საქართველო?

- ეს ადგილი ჩემთვის განსაკუთრებულია. სხვაგან თუ თეატრი გართობაა, აქ - რელიგიაა. მაშინ, როდესაც რობერტ სტურუას ,,რიჩარდ III" ვნახე, გავოცდი. ამან ასე ძლიერად მხოლოდ ჩემზე კი არ იმოქმედა, არამედ ყველაზე, ვისაც კი მისი ნახვის შესაძლებლობა მიეცა. ამ სპექტაკლმა ძალიან ბევრი რამ შეცვალა ჩემში, ჩემს სამყაროშო... რობერტ სტურუა ისეთივე არაჩვეულებრივი და ექსტრაორდინალური პიროვნებაა, როგორიც რეჟისორი... დღეს ვიყავი სამებაში, სადაც მგალობელთა გუნდის სიმღერას შევესწარით. ეს გუნდი რომ ინგლისში მღეროდეს, მათი გალობისას არავინ ისაუბრებდა და ირგვლივ ყველა გაქვავდებოდა.... აქ კი, ამ დროს ადგილზე არ ჩერდებიან, გადი-გამოდიან, საუბრობენ და მობილურზეც კი ლაპარაკობენ... ამ ყოველივეს შემსწრეებმა დავასკვენით, რომ საქართველოში ხელოვნება, ცხოვრება და სიყვარული ერთდროულად ხდება, რაც მე ძალიან დიდ შთაგონებას მაძლევს... საქართველოსგან ბევრს ვსწავლობ...

- რამდენადაც უცნაურად არ უნდა მოგვეჩვენოს, თქვენ ხართ ერთ-ერთი წარმატებული ,,ბოროტი პერსონაჟი”...

- ბოროტი პერსონაჟების განსახიერება ჩემი დიდი შემოქმქდების მხოლოდ მცირე ნაწილია, მაგრამ პოპულარობა სწორედ მან მოიპოვა...

- თქვენ ხშირად მოგიხსენიებენ, როგორც ,,ადამიანი ხმა"… რას იტყვით ამაზე?

- ხმა, ალბათ, გენეტიკური მოვლენაა... მსახიობი საკუთარი თავის ინსტრუმენტია და თუ, ვთქვათ, მუსიკოსს შეუძლია ვიოლინო ცალკე გადადოს, ჩვენ ასე ვერ მოვიქცევით – ის სულ თან უნდა ვატარო, სადაც არ უნდა ვიყო...

- როგორ გადაერთეთ სამსახიობო ხელოვნებიდან რეჟისურაზე?

- სანამ მსახიობი გავხდებოდი მხატვარი ვიყავი და 25 წლამდე მსახიობობის სურვილი არ გამჩენია, მაგრამ მოგვიანებით მივხვდი, რომ ეს გადასვლა ლოგიკური იყო... ჩემი თვალები სწორედ სამხატვრო აკადემიაში სწავლისას გაიწვრთნა, რაც სამსახიობო კარიერაშიც გამომადგა და მოგვიანებით რეჟისორობაშიც... ახლა, როდესაც სარეპეტიციო დარბაზში შევდივარ, იმედის თვალით შემყურე მსახიობებს ვხედავ, რომლებსაც ძალიან არ მინდა რომ მორიგი იდიოტი ვეგონო, ამიტომაც მათთან ყოველთვის გულწრფელი ვარ. რეჟისორმა უნდა შეძლოს თქვას - არ ვიცი, როდესაც მას მსახიობის მიერ დასმულ შეკითხვაზე პასუხი არ აქვს. მსახიობს ყოველთვის ამხნევებს, როდესაც ეუბნები ,,არ ვიცი”, რაც იმას ნიშნავს, რომ არ ცდილობ იყო შთამბეჭდავი... ეს საქმე არის გამუდმებული მგზავრობა აღმოჩენებისათვის...

- უმუშევრობას შეუწუხებიხართ?

- ძალიან ბევრი შემთხვევა მახსოვს ასეთი, როდესაც უმუშევარი ვიყავი, ხან 8 თვე, ხანაც ორი... ჩემს ქვეყანაში ეს გარდაუვალია, ამიტომაც ვცდილობ მოვიკრიფო ძალა და საკუთარი თავი ხელში ავიყვანო იმისათვის, რომ ვიმუშაო...

- რომელია თქვენი წარმატებული და წარუმატებელი როლი?

- მე არ მაქვს განცდა იმისა, რომ რომელიმე როლში კარგი ვიყავი... კარგი პერიოდი, როგორც ჩანს, არ გამახსოვრდება და ამ კუთხით თუ შევხედავთ, რაც კი გამიკეთებია არ გამოსულა... ჩემს ფილმებს ვერასოდეს ვუყურებ, მაგრამ ზოგჯერ მათი ყურება მაინც მიწევს. ასეთ დროს ჯოჯოხეთში მგონია თავი, რადგან ვხედავ იდიოტს, რომელიც ვერ თამაშობს... ეს საშინელი განცდაა... კიდევ კარგი იგივეს კეთება თეატრში არ მიწევს. თუმცა, იქ მაყურებლის ემოცია და განწყობა საშუალებას მაძლევს საკუთარი ძალაუფლება ვიგრძნო და თუ ეს წარმატების მანიშნებელია, მაშინ ვიტყვი, რომ ასეთი განცდა ნამდვილად მქონია...

- როგორ წარმოგიდგენიათ მომავლის თეატრი? ტექნოლოგიების განვითარების პერიოდში, მან სახე უნდა შეიცვალოს თუ შეინარჩუნოს?

- ვფიქრობ, რომ მომავლის თეატრის მთავარი პრობლემა იქნება მაყურებლის მოზიდვა და ის, თუ როგორ გააღვივებს ის ახალგაზრდებში ინტერესს... ახლა ძალიან ძნელია დააჯერო მაყურებელი იმაში, რომ თეატრი უფრო საინტერესოა. არაფერი არ გამოვა, თუ ამ პროცესში მაყურებელიც არ ჩაერთო... მე ეს საკითხი ძალიან მაწუხებს, მაგრამ იქნებ სწორედ თეატრმა შეასრულოს მნიშვნელოვანი როლი მომავალში?! მაგალითად ინგლისში, ეკონომიკური კრიზისის ფონზე, შევნიშნე, რომ ხალხი თეატრისკენ დაიძრა, მათ ერთად ყოფნა მოინდომეს, რადგანაც ერთმანეთისათვის ამბების მოყოლა მოუნდათ... ამიტომაც უნდა ვიბრძოლოთ იმისათვის, რომ მომავლის თეატრი გადარჩეს!

ამ შეხვედრაზე ისიც გაცხადდა, რომ ალან რიკმანმა ქველმოქმედება გაიღო რობერტ სტურუას ახალი სპექტაკლისთვის, მაქს ფრიშის ნაწარმოების მიხედვით გაცოცხლებული წარმოდგენისთვის – “ბიდერმანი და ცეცხლის წამკიდებლები", რომლის პრემიერაც რუსთაველის თეატრის სეზონის გახსნის დღეს, 1 ოქტომბერს იგეგმება.