Friday, July 31, 2009

,,რა გითხრათ, რით გაგახაროთ!.."

ცოტა რამ თბილისის დრამატული თეატრებზე

რამდენიმე დღის წინათ, ნიშნისმოგებით მკითხეს, რა ხდება ქართულ თეატრალურ ხელოვნებაშიო, არ ვიცი -მეთქი და პასუხს თავი ავარიდე. ცოტა ხნის შემდეგ, შეკითხვა გამიმეორეს და იძულებული გავხდი პასუხი გამეცა. თავდაპირველად, ახლახანს ნანახი ორი სპექტაკლი: ,,ორი ბატონის მსახური” და ,,ცერკოვნი ბუნტ” გამახსენდა და ვუპასუხე, ახალი და კარგი არაფერი-მეთქი. ამაში სხვებიც დამეთანხმნენ და სანამ ქართულ თეატრს ბოლომდე დაასამარებდნენ, არც მთლად მასეა საქმე-მეთქი, წამოვიძახე, რადგან წინა დღით ნანახი ,,როგორც გენებოთ ანუ შობის მეთორმეტე ღამე”, სავსე დარბაზი და ნასიამოვნები მაყურებელი მომაგონდა. მაშინ დავრწმუნდი, რომ დღეს სინთეზური ხელოვნების ეს დარგი სიცოცხლეს ძველი სპექტაკლების ,,ხარჯზე” განაგრძობს.



აღნიშნულის დასამტკიცებლად, თუმანიშვილის, მარჯანიშვილისა და რუსთაველის სახელობის თეატრებში დადგმული სპექტაკლებიც კმარა, ესენია: ,,ბაკულას ღორები” (რეჟისორი - მიხეილ თუმანიშვილი, 1973 წ.), ,,არტ ხელოვნება” (რეჟისორი - თემურ ჩხეიძე, 1999 წელი), ,,როგორც გენებოთ ანუ შობის მეთორმეტე ღამე” (რეჟისორი - რობერტ სტურუა, 2001 წ.). აუ, როდინდელი სპექტაკლებია... თუმცა, ისიც ხომ ფაქტია, რომ მაყურებელი მათ სანახავად დადის, რადგან დარწმუნებულია, რომ მოტყუებული არ დარჩება. წარმოდგენა თუ კარგია, რამდენიმე მოქმედებიანიც რომ იყოს, მისი ნახვის მოთხოვნილება თანამედროვე ადამიანსაც უჩნდება.

დრამატულ თეატრებზე საუბრისას, ყურადღების ცენტრში, უმეტესად, ეს სამი თეატრი ექცევა ხოლმე. 2008 წლის თეატრალური სეზონი სამივე მათგანისთვის საიუბილეო აღმოჩნდა: თუმანიშვილის სახელობის თეატრს დაარსებიდან 30 წელი შეუსრულდა (მას სათავეში ქეთი დოლიძე ჩაუდგა), მარჯანიშვილის სახელობის თეატრს - 80, ხოლო რუსთაველის სახელობის თეატრს - 130.

თბილისის სხვა თეატრებს რაც შეეხება, მართალია ფუნქციონირებს სარდაფი (რუსთაველსა და ვაკეში), რომლის შემოქმედებითი ბირთვიც ახლა მარჯანიშვილის თეატრშია ,,გადასროლილი”, თავისუფალი თეატრი, სადაც დღემდე ყველაზე მოთხოვნადი სპექტაკლია 2000 წელს განხორციელებული ,,ჯინსების თაობაა”, სამეფო უბნის თეატრი, რომელსაც გამოცოცხლება მხოლოდ მაშინ დაეტყო, როდესაც 25 წუთიანი სპექტაკლების ფესტივალს უმასპინძლა (ჟიურის თავმჯდომარე გახლდათ რეჟისორი თემურ ჩხეიძე), ახმეტელის სახელობის თეატრი, სადაც სპექტაკლების სანახავად, როგორც ჩანს, მხოლოდ ,,იქაურების” ნაცნობ-მეგობრები დადიან და ალბათ, ამიტომ არიან გადაჩვეულნი რიგითი მაყურებლის სტუმრობას, რომელსაც პრემიერაზე პროგრამა მაინც უნდა დაახვედრო იმისათვის, რომ გაგიცნოს და ახალგაზრდებიც შემოქმედებით სტიმულს მხოლოდ აკაკი ხიდაშელთან და ლეო ანთაძესთან თანამშრომლობით იღებენ, არსად შეიმჩვენა სიახლე შემოქმედებით ხედვასა თუ საშემსრულებლო ხელოვნებაში. ახალი სპექტაკლები, ცხადია, იდგმება. მათ შორის კი, თითქმის, ვერ ნახავთ ისეთს, რომელიც, ძველი წარმოდგენების მსგავსად, დროს გაუძლებს. ასეთი, 2008 წელს განხორციელებულთაგან, სამწუხაროდ, არ მახსენდება.

ამ სფეროში არსებულ პრობლემებზე მსჯელობა, წესით, თეატრისა და კინოს უნივერსიტეტიდან უნდა დავიწყოთ, სადაც მომავალ მსახიობებს, რეჟისორებსა თუ დრამატურგებს ,,ზრდიან”. ახალი თაობიდან იმდენად მცირეა პროფესიისადმი ჯანსაღი დამოკიდებულებითა და ნიჭიერებით გამორჩეული მსახიობების ჩამონათვალი, რომ უნდა გამოვარჩიოთ რუსთაველის თეატრის დასის წევრი გოგა ბარბაქაძე, რომელმაც წელს თავი ექსპერიმენტული თეატრის სცენაზე განხორციელებულ სპექტაკლში - ,,სტუმარი” (2008 წ.) განსახიერებული უცნობის როლით დაგვამახსოვრა. ის ამ წლის საუკეთესო მამაკაც მსახიობად შეიძლება ვაღიაროთ.



უპირველესად კი, სპექტაკლი ,,სტუმარი” წარმატებული დებიუტი აღმოჩნდა რეჟისორ გოშა გორგოშაძისთვის, რომელმაც სცენაზე თანამედროვე დრამატურგის - ერიკ-ემანუელ შმიტის პიესა გააცოცხლა და მიზანს ახალგაზრდა მსახიობების დახმარებით მიაღწია. პიესა ქართულ ენაზე ქეთი კვანტალიანმა თარგმნა და ,,თუმანიშვილის სახელობის ფონდის” ინიცატივით ჩატარებული პიესების კონკურსზე გამარჯვებულად დასახელდა.

თუ ქართული თეატრების რეპერტუარს გადავავლებთ თვალს, დავრწმუნდებით, რომ დრამატურგიის თვალსაზრისით, ერთფეროვან მასალასთან გვაქვს საქმე. ერთიდაიგივე პიესა აქ ერთდროულად რამდენიმე თეატრის სცენაზე იდგმება. ამის მთავარი მიზეზი კი ის არის, რომ საქართველოში მთარგმნელობითი საქმიანობა არ ვითარდება, ეს საქმე იმდენად შრომატევადი და დაუფასებელია, რომ თუ პრიორიტეტული არ გახდა, არაფერი შეიცვლება. აღარაფერს ვამბობ რეგიონალურ თეატრებზე, სადაც, ფუნქციის შენარჩუნების თვალსაზრისით, მდგომარეობა იმდენად მძიმეა, რომ ცალკე საუბრის თემაა. თუმცა, მხოლოდ თარგმანის პრობლემა არ არის მიზეზი იმისა, რომ ჩვენს რეპერტუარში უმნიშვნელო ადგილი უჭირავს თანამედროვე ავტორების დრამატურგიას. აბა, რა ხდება? ის რომ ქართველ რეჟისორებს კითხვა ეზარებათ, მწიგნობრობა სულაც არ არის საჭირო იმისათვის, რომ დაინტერესდე მოიძიო ლიტერატურე, რომელიც თანადროულია და შეეხება იმას, რაც თავად გაწუხებს, რაც სათქმელს ბადებს... რუსული ენის არცოდნა მოდური წლევანდელი აგვისტოს მოვლენების შემდეგ არ გამხდარა. ქართველი ახალგაზრდებისთვის მასზე საჭირო და გამოსადეგარი ახლა ინგლისურია. მათ შორის კი, იშვიათად შეხვდებით ისეთს, რომელიც ცოდნას, თუნდაც, უცხოენოვანი პიესების თარგმნით იმტკიცებს. იმათ კი, ვისაც რუსული ჯერ კიდევ ახსოვს, ამ ენაზე თარგმნილი ლიტერატურის წაკითხვაც კი ეზარება. აბა, სხვა რა გითხრათ, რით გაგახაროთ...

ყველაფერი მუქ ფერებში რომ არ დავხატო, წლის თეატრალურ მოვლენას გავიხსენებ. მარჯანიშვილის თეატრის საიუბილეო ღონისძიება ორგანიზებად თუნდაც მხოლოდ იმიტომ ღირდა, რომ საქართველოში ცნობილი ლიტველი რეჟისორის - ეიმუნტას ნეკროშიუსის შემოქმედებითი ჯგუფი ჩამოსულიყო. მათ ქართველ მაყურებელს ნეკროშიუსის გახმაურებული სპექტაკლი, შექსპირის ,,ოტელოს” ორიგინალური ვერსია შესთავაზეს. ამ სპექტაკლთან დაკავშირებით გაზეთ ,,24 საათის” ფურცლებზე ნოემბერში დავწერე. თუმცა, კიდევ გავმეორდები და ვიტყვი, რომ ლიტველების წარმოდგენამ კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა იმაში, რომ მისი ხანგრძლივობის მიუხედავად, თუ სპექტაკლი საინტერესოა და მას პროფესიონალების ხელი ეტყობა, თანამედროვე მაყურებელსაც შესწევს უნარი სამ მოქმედებას გაუძლოს და დარბაზის დატოვების სურვილი არ გაუჩნდეს. მე არ მინახავს, მაგრამ მოწონება დაიმსახურა, ასევე, ლიტველი რეჟისორის სპექტაკლმა ,,ზაფხულის ღამის სიზმარი”. წლის ერთობლივ - ქართულ-უცხოურ ექსპერიმენტს რაც შეეხება, ამ თვალსაზრისით საინტერესო აღმოჩნდა პიერ მენიეს მიერ მარჯანიშვილის თეატრის მცირე სცენაზე გათამაშებულ წარმოდგენა, სახელწოდებით ,,არეულობის შუაში”, სადაც ფრანგ რეჟისორთან ერთად, ქართველი მსახიობი გიორგი ნაკაშიძეც მონაწილეობდა.

ქართულ სინამდვილეში კი, დაუვიწყარ სანახაობად იქცა 2004 წელს, რეჟისორ რობერტ სტურუას მიერ განხორციელებული ,,სტიქსის” მეორე დაბადება. სპექტაკლს განსაკუთრებული ხიბლი ცოცხალმა შესრულებამ შესძინა, რაც სტურუას 75 წლისთავთან დაკავშირებით ორგანიზებული კვირეულის ფარგლებში ჩაეწერა. რეჟისორმა გია ყანჩელის მუსიკაზე აგებულ მოქმედებაში, მსახიობების გვერდით, სიმფონიური ორკესტრი, დირიჟორი - ნიკა მემანიშვილი, ვოკალისტთა გუნდი და ახალგაზრდა მევიოლინე - ბენჟამენ გილმორი ჩართო.



კინომსახიობთა თეატრთან დაკავშირებით, ყურადღებას მხოლოდ ერთ ფაქტზე გავამახვილებ: თეატრს, რომელმაც სეზონი დაგვიანებით, მაგრამ მაინც გახნა, დასში მსახიობი რამაზ იოსელიანი დაუბრუნდა, რომელიც ბოლო ხანებში გორის თეატრში მუშაობდა. ნიჭიერი მსახიობის ოსტატობაში სეზონის გახსნის დღეს კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, როდესაც მან სპექტაკლში ,,ბაკულას ღორები” ითამაშა. იმედს ვიტოვებთ, რომ ამ მსახიობის შემოქმედებით შესაძლებლობებს თეატრი მაქსიმალურად გამოიყენებს.



ახლა ერთ ახირებაზეც მინდა ვთქვა. მაშინ, როდესაც საფრანგეთში, თეატრალურ ფორუმზე, ხელისუფლებასა და თეატრს შორის არსებულ ურთიერთობებზე მსჯელობდნენ, თბილისში ვარსკვლავებს ხსნიდნენ. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ მეტი საქმე არ გვაქვს და მსახიობების შემოქმედებასაც მხოლოდ ამ ფორმით ვაფასებთ. ასეთი წესის თანახმად, წლევანდელ ვარსკვლავებად კარლო საკანდელიძე, გივი ბერიკაშვილი და კახი კავსაძე ,,აღიარეს”.

აღსანიშნავია, რომ მსახიობთა შემოქმედებითი ღვაწლის დაფასებაში წვლილი კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრომაც შეიტანა. კერძოდ, ქართული პროფესიული თეატრალური ხელოვნების განვითარების ეგიდით, რუსთაველის თეატრის მცირე სცენაზე დაიდგა სპექტაკლი - ,,მოხუცი ჯამბაზები”, სადაც მაყურებელი უფროსი თაობის მონატრებულ მსახიობებს შეხვდა. მასში მონაწილეობდნენ: ზინა კვერენჩხილაძე, მედეა ჩახავა, ზაზა ლებანიძე, მარი ჯანაშია, მარინა კახიანი, კახი კავსაძე, გურამ საღარაძე და ჯემალ ღაღანიძე, წარმოდგენის რეჟისორია გოჩა კაპანაძე.

წლის დანაკლისის აღსანიშნავად, რომელიმე გარდაცვლილი შემოქმედი უთუოდ გამომრჩება. ამჯერად, მათ შორის მხოლოდ ორს - სოფიკო ჭიაურელსა და ახლადშესვენებულ დავით იაშვილს დავასახელებ.



ამ წლის სიახლედ შეიძლება მივიჩნიოთ, ახალგაზრდების დაოსტატებისა და თანამედროვე დრამატურგიის გაცნობის საქმეში საინტერესო პროცესების წარმართვის იმედად ქცეული ხელშეკრულება, რომელიც რუსთაველისა და დიდი ბრიტანეთის ნაციონალურ თეატრებს შორის გაფორმდა და მიზნად ისახავს: ახალგაზრდა რეჟისორებთან თანამშრომლობას, თანამედროვე პიესების პოპულარიზაციასა და ახალი რეპერტუარით ფართო აუდიტორიის დაინტერესებას.

სიტყვა კვლავ ახალგაზრდების დაოსტატებაზე ჩამოვარდა და ამ საქმეში, ვფიქრობ წვლილს შეიტანს ახლადჩამოყალიბებული სამაგისტრო პროგრამა, რომელიც მომავალ რეჟისორებს რობერტ სტურუას თაოსნობით აღზრდის.

სულ ბოლოს კი, ახალგაზრდა ქართველ რეჟისორებს ვურჩევ, სანამ თანამედროვე დრამატურგიის ნიმუშებს დიდი ბრიტანეთის ნაციონალური თეატრის დახმარებით გაიცნობენ, ახლადშექმნილი ქართული პიესები გადაიკითხონ. გუშინ, კინომსახიობთა თეატრში, ახალი ქართული პიესის კონკურსის გამარჯვებულები გამოავლინეს. ის მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ფონდის ეგიდით ჩატარდა (დამაარსებელი მანანა ანთაძე). წლევანდელ კონკურსზე სულ 33 პიესა შევიდა. საუკეთესოების გამოსავლენად, ჟიურიმ, დაახლოებით, ოთხი საათი იმსჯელა. მათი გადაწყვეტილების თანახმად, პირველი პრემია არ გაიცა, II პრემია და 1000 ლარი მიენიჭა ლალი კეკელიძეს, პიესისათვის ,,მკვდარი საათი“, ხოლო III ადგილი კონკურსის ორმა მონაწილემ - დათა თავაძემ და ლიკა მოლარიშვილმა გაიყო, მათ 500-500 ლარი ერგოთ. ასევე გაიცა ორი წამახალისებელი პრემია, რომელიც ,,ცხელი შოკოლადის“ და ,,ანაბეჭდის“ ერთი წლით უფასოდ გამოწერას ითვალისწინებს, რომელიც თამარ ბართაიასა და დათო გაბუნიას მიაკუთვნეს.

ახალი ქართული პიესები დაწერილია. დავიჯერო, ქართველ რეჟისორებს არც ერთი არ დააინტერესებს?

No comments:

Post a Comment