Friday, July 10, 2009

გაფრთხილება იმას, ვისაც ეპატაჟი აშინებს !


ის არამხოლოდ თავხედია, არამედ საშინლად ნიჭიერი!”


1995 წელს ლონდონის თეატრისთვის - ,,Sandler’s Wells” დაიდგა წარმოდგენა, რომელმაც მსოფლიო აალაპარაკა. საქმე ხელოვნების დარგებს შორის ყველაზე კონსერვატორულს _ ბალეტს შეეხო, საბალეტო წარმოდგენებში კი, ყველაზე ცნობილს, საყვარელსა და პოპულარულს - ,,გედების ტბას”. მის განხორციელებას სწორედ იმ ქორეოგრაფმა მოჰკიდა ხელი, რომლისთვისაც ხელშეუხებელი არაფერია - მისი სახელია მეთიუ ბორნი (Matthew Bourne). დღეს მხოლოდ ამ ქორეოგრაფის ბალეტების ,,ტიტრებში” თუ აღმოაჩენთ მინიშნებას: ,,ბავშვებისთვის 12 წლამდე ნახვა აკრძალულია”.

მეთიუ ბორნის შემოქმედება გაფრთხილებაა მათთვის, ვისაც ეპატაჟი აშინებს. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ბორნის ,,გედების ტბა” გამოწვევაა და მეტი არაფერი. ის, უპირველესად, წარმოდგენაა, რომელმაც, მართალია, აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია, მაგრამ შეუმჩნეველი არავის დარჩენია. მან ორმოცამდე საერთაშორისო პრემია დაიმსახურა, მათ შორის, ლორენს ოლივიეს სახელობის (1996 წ.) და პრესტიჟული ,,ტონი” (1999 წ.).

ამ დადგმასთან დაკავშირებით, უცხოეთის წამყვანი გაზეთები აღნიშნავდნენ, რომ მეთიუ ბორნმა შექმნა ის, რაც ჩაიკოვსკის უთუოდ მოეწონებოდაო... მით უფრო, რომ კომპოზიტორის სამშობლოში ძლივს აღმოჩნდა ქორეოგრაფი, რომელიც ჩაიკოვსკის მუსიკას შესატყვის გამომსახველობით ფორმას მოუძებნიდა. ახლა ეს ძნელად წარმოსადგენია, მაგრამ იყო დრო, როდესაც მაყურებელი ამ ბალეტზე მხოლოდ მუსიკის მოსასმენად დადიოდა.

რატომ გამოიწვია ,,გედების ტბის” ბორნისეულმა ინტერპრეტაციამ ასეთი აჟიოტაჟი და აღიარება ან რითი დააინტერესა მან თანამედროვე მაყურებელი? ამაზე მოგვიანებით. მანამდე კი, ისტორია, რომლის გარეშეც ამ ვარიანტის განხილვა და ანალიზი, ვფიქრობ, არასრული იქნებოდა.

ბორნისეული ,,გედების ტბის” წარმატება კლასიკადქცეული ნაწარმოების დამსახურება არ გახლავთ. მაგრამ რომ არა პეტრე ჩაიკოვსკის მუსიკა, რომელმაც ამ ქორეოგრაფზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა, მსოფლიო საბალეტო ხელოვნება ბევრს დაკარგავდა.

,,გედების ტბის” პრემიერა მოსკოვის სცენაზე 1877 წელს შედგა. ლიბრეტო მოცეკვავე ვასილ გელცერმა და დრამატურგმა ვლადიმის ბეგიჩევმა ხალხურ ზღაპრებში არსებული მოტივების გამოყენებით შექმნა. ის ტრაგიკული ფინალით გამოირჩეოდა. ახლა ვარაუდობენ, რომ ამ თემის გაცოცხლების ინიციატორი, შესაძლოა, სწორედ ჩაიკოვსკი ყოფილიყო, რომელმაც ბავშვებისთვის ერთაქტიანი ბალეტი ,,გედების ტბა” ჯერ კიდევ 1871 წელს დაწერა.

თავდაპირველად მოსკოვის დიდ თეატრში არ აღმოჩნდა ქორეოგრაფი, რომელიც კომპოზიტორის მუსიკას ,,ამოიცნობდა”. ბალეტმეისტერ იულიუს რეგინგერის სცენური ვერსია იმდენად სუსტი აღმოჩნდა, რომ მაყურებელი მასზე მხოლოდ ჩაიკოვსკის მელოდიების მოსასმენად დადიოდა. კომპოზიტორის გარდაცვალებიდან ათი წლის თავზე კი, სასწაული მოხდა - ჩაიკოვსკის ხსოვნის საღამოზე პეტერბურგელმა ქორეოგრაფმა ლევ ივანოვმა ,,გედების ტბის” მეორე აქტი პირველად აჩვენა, რომლის ნახვის შემდეგ მარიუს პეტიპამ მას ბალეტის სრულად განხორციელება შესთავაზა. აი, ასე დაიბადა პეტიპა-ივანოვის ცნობილი რედაქცია, რომელმაც დროს გაუძლო.

,,გედების ტბის” კლასიკური ვარიანტის სიუჟეტი ასეთია: ბოროტი ჯადოქარი როტბარტი პრინცესა ოდეტას გედად გადააქცევს. ოდეტას შველა კი, მხოლოდ იმას შეუძლია, ვინც მას გულით შეიყვარებს და მისდამი ერთგულების ფიცს დაიცავს. პრინცი ზიგფრიდი ოდეტას ნადირობისას, ტბის სიახლოვეს, გედების გუნდში აღმოაჩენს და შეიყვარებს. ერთ დღეს დედოფალი, პრინცისთვის საცოლის შერჩევის მიზნით, სასახლეში ბალს გამართავს, სადაც ბოროტი ჯადოქარი ქალიშვილთან - ოდილიასთან ერთად გამოცხადდება. ეს უკანასკნელი იმდენად გავს ოდეტას, რომ ზიგფრიდი მოტყუვდება, მაგრამ როდესაც ამას გააცნობიერებს, ტბასთან გაიქცევა, რათა ოდეტას პატიება სთხოვოს...

ამ მომენტამდე სიუჟეტი ყველგან, თითქმის, ერთნაირად ვითარდება ანუ ისე, როგორც ზემოთ აღვნიშნე. ამ მომენტის შემდეგ კი, ფინალური სცენა ხან ჯადოქართან პრინცის შერკინებითა და ზიგფრიდის გამარჯვებით მთავრდება, ხანაც ტბაში შესული პრინცი, ბოროტი ძალის წყალობით, დიდ ღელვაში ხვდება, სადაც მის გადარჩენას ოდეტა ცდილობს და საბოლოოდ, ახერხებს კიდეც.

საბჭოთა პერიოდში ამ ბალეტის ,,happy end”-ით დაბოლოება გარდაუვალი იყო. ამ ტრადიციის დარღვევა ერთხელ იური გრიგორივიჩმა დიდ თეატრში სცადა, კერძოდ 1969 წელს მან დადგა ,,გედების ტბა”, რომელსაც ტრაგიკული ფინალი ჰქონდა. თუმცა, ეს ვარიანტი ,,ზემოდან” მეტისმეტი ფილოსოფიურობისა და ტრაგიკულობის მიზეზით დაიწუნეს. ქორეოგრაფი იძულებული გახდა მასში ,,შესწორებები” შეეტანა და ფინალი შეეცვალა. დადგმამ ამ სახით 1997 წლამდე იარსება, 2001 წელს კი, გრიგოროვიჩმა ბალეტი აღადგინა და მას ტრაგიკული ფინალიც დაუბრუნა. ეს უკანასკნელი დიდი წარმატებით სარგებლობდა, რადგან მასში პეტიპა-ივანოვისა და გორკის დადგმათა საუკეთესო ელემენტები იყო გაერთიანებული.

ალექსანდრე გორკის ვარიანტს რაც შეეხება, მოსკოვის დიდი თეატრის ბალეტმეისტერი მას არაერთხელ მიუბრუნდა, უკანასკნელად - 1922 წელს და აღიარებაც მოიპოვა. თუმცა, ყველაზე რევოლუციურად ამ ბალეტის ისტორიაში პირველად ვლადიმირ ბერმაისტერის მიერ 1953 წელს სტანისლავსკისა და ნემიროვიჩ-დანჩენკოს სახელობის მოსკოვის მუსიკალურ თეატრში დადგმული ,,გედების ტბა” მონათლეს. იმ დროს, ალბათ, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ გამოჩნდებოდა ქორეოგრაფი, რომელიც შეცვლიდა და მას ახალ სიცოცხლეს შთაბერავდა.

ბეჭდური თუ ელექტრონული მედიის საშუალებით გავრცელებულია ჩამონათვალი, რომელშიც ,,გედების ტბის” გახმაურებული ვარიანტებია შესული. ამ ჩამონათვალში აუცილებლად მოიხსენიებენ ხოლმე მარინის თეატრში დადგმული ,,გედების ტბის” ჩანაწერს, რომელიც ,,ბი-ბი-სი”-მ 2006 წელს გადაიღო (დადგმის დეკორაციებისა და კოსტუმების მხატვარია სოლიკო ვირსალაძე); მეორე ადგილი უჭირავს გრანდიოზულ შოუს, რომელიც ჩინელებმა ამ ბალეტის მეორე აქტის ადაჟიოსგან შექმნეს. აკრობატული ილეთების ოსტატურ შესრულებაზე აგებულ წარმოდგენას ,,აღმოსავლური გედების ტბა” შეარქვეს. ჩინელებს არც იაპონელები ,,ჩამორჩნენ” - ,,გედების ტბა” ანიმაციად ისე აქციეს, რომ მუსიკა შეინარჩუნეს, სიუჟეტი კი ოდნავ შეცვალეს - მასში ჯადოქარი კეთილია, ბოროტებით მხოლოდ მისი ქალიშვილი გამოირჩევა; მოდერნის სტილში გადაწყვეტილი მრავალი ვარიანტიდან მეთიუ ბორნს ბადალი არ ყავს.

დღეს კეთილსა და ბოროტს შორის დაპირისპირების ან სიყვარულის ძლევამოსილების იმ ფორმით გადმოცემა, რომელიც ,,გედების ტბის” ადრეულ ვერსიებში გვხვდება, ღიმილის მომგვრელია და ცხადია, აღარ ეხმიანება იმ სათქმელს, რომელიც თანამედროვე ადამიანს აწუხებს. მეთიუ ბორნის გზავნილი დღევანდელობისთვის დროული აღმოჩნდა.

კრიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ ბორნის სპექტაკლები ბალეტებად (ამ სიტყვის ტრადიციული გაგებით) მხოლოდ იმიტომ არ აღიქმებიან, რომ მას კლასიკური ცეკვა, საბედნიეროდ, არასოდეს უსწავლიაო... აბა, როდის ან როგორ გახდა ის ქორეოგრაფი?

მეთიუ ბორნის შემოქმედებითი ცხოვრება იმ ადამიანის ისტორიას ასახავს, რომელიც, როგორც იტყვიან, საჭირო დროს საჭირო ადგილას აღმოჩნდა. ის საბალეტო ხელოვნებამ მოგვიანებით გაიტაცა. თუმცა, რომ არა მისი ცხოვრებისეული გამოცდილება, ასეთი დიდი წარმატებისთვის, იქნებ, ვერც მიეღწია.

ბრიტანელი ქორეოგრაფი, რეჟისორი და თეატრის ,,New Adventures” ხელმძღვანელი, 1960 წელს, ლონდონში, კეთილდღეობით გამორჩეულ ოჯახში დაიბადა, რამაც მისი კომფორტული ბავშვობა უზრუნველყო. მასზე პირველი შთაბეჭდილება კინოფილმმა ,,მუსიკის ჰანგები” მოახდინა, რომელიც 5 წლის ასაკში უნახავს. ამავე პერიოდში დაუწყია ,,კონკიას” მოტივებზე აგებული მცირე საოჯახო წარმოდგენების მოწყობა.

ახალგაზრდობისას ბორნი ვარსკვლავების ნამდვილი ,,ფანი” გახლდათ _ მათ ავტოგრაფების მოსაპოვებლად სადარბაზოებთან ხვდებოდა და საბოლოოდ, შექმნა კოლექცია, რომელშიც ფრედ ასტორის ავტოგრაფსაც აღმოაჩენთ. სხვათაშორის, ცნობილი სახეების ,,კუდში დევნის” ეს გამოცდილება მან ,,გედების ტბის” ირონიით გაჯერებულ ერთ-ერთ სცენაში ასახა და ამით საკუთარ თავზეც გულიანად ,,გაიშაყირა”.

ერთხელ მან, ერთ-ერთ თეატრალურ სააგენტოში მუშაობისას, მებილეთესგან შეიტყო, რომ ,,ლაბან-ცენტრში” ცეკვასთან ერთად ადმინისტრაციულ საქმიანობასაც ასწავლიდნენ. ამ სკოლაში ის 22 წლის ასაკში, ყოველგვარი მომზადების გარეშე ჩაირიცხა და ცეკვა სასწავლო დასში - ,,Transitions Company” დაიწყო. 1986 წელს მან საკუთარი თეატრი შექმნა (თავდაპირველი სახელწოდებით ,,Adventures in Motion Pictures”), სადაც მოკლემეტრაჟიან ბალეტებს დგამდა. პირველი აღიარება მას ბალეტებმა ,,Town and Cauntry” და ,,Deadly Serious” მოუტანა. ბორნის, როგორც ქორეოგრაფის, თამამი განაცხადი კი პეტრე ჩაიკოვსკის სახელს უკავშირდება - მან ჯერ ,,მაკნატუნა” განახორციელა (1922 წ.), შემდეგ - ,,გედების ტბა” (1995 წ.).

თანამედროვე ქორეოგრაფმა ,,გედების ტბა” სრულიად გადაასხვაფერა, როგორც პირდაპირი, ისე გადატანითი მნიშვნელობით. მაშინ, როდესაც მსოფლიომ სექსუალური რევოლუცია უკან ჩამოიტოვა და აღარაფერი გვაოცებს, ბორნმა კლასიკად ქცეული ბალეტის სიუჟეტი ისეთი მარტოსული და არარეალიზებული ადამიანის ისტორიაზე ააგო, რომელიც თანაგრძნობასა და სიყვარულს საპირისპირო სქესის წარმომადგენელში კი არ აღმოაჩენს, არამედ მამაკაცში - ამ ბალეტს, მეორენაირად, ,,მამაკაცთა გედების ტბა” შეარქვეს.

მიუხედავად იმისა, რომ ბორნისეულ ვარინტში გედების პარტიებს ქალების მაგივრად მამაკაცები ასრულებენ, ის ,,გეების პიკანტურ შოუდ” არ იქცა. ქორეოგრაფმა წარმოდგენას საინტერესო გადაწყვეტა მოუძებნა, იდეას გამოსახველობითი ფორმა მოარგო და ბალეტისა და დრამატული თეატრის სინთეზი დაისახა მიზნად. მისი დადგმა კინოფილმსაც მოგაგონებთ დაჩქარებული რიტმით, დინამიურობით, პაუზების მინიმალურად გამოყენებით, სცენების მონტაჟით... ამ წარმოდგენის ჩანაწერში კი, ოპერატორი იმდენად ზუსტად ასახავს სცენებსა თუ პერსონაჟებს, რომ შეუმჩნეველი არაფერი რჩება.


სინთეზური ხელოვნების ნაწარმოების შექმნა თანამოაზრეების გარეშე წარმოაუდგენელია. ამ თვალსაზრისით, მეთიუ ბორნის ,,გედების ტბაში” განსაკუთრებული წვლილი დეკორაციებისა და კოსტუმების მხატვარს - ლეზ ბრაზერსტოუნს (Lez Brotherston) მიუძღვის. სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, როგორც აღნიშნავენ, ისტორიას არ ახსოვს გედების კოსტუმების მსგავსი რამ...

ლეზ ბრაზერსტოუნის სცენოგრაფია ქორეოგრაფის სათქმელის შესატყვისია. მან სცენა ზედმეტი დეტალების გარეშე გააფორმა და ყველაფერს კონცეპტუალური დატვირთვა მისცა, იქნება ეს დეკორაცია, კოსტუმი, ფერი, ხაზი თუ ელემენტარული შტრიხიც კი, რომელიც განწყობის შესაქმნელად ან პერსონაჟთა ხასიათების გამოსავლენად არის გამოყენებული. მაგალითისთვის დიდი საწოლიც კმარა, რომელიც წარმოდგენის დასაწყისშივე ჩნდება, რამდენჯერმე ოსტატურად იცვლის ფორმას და ფინალურ სცენაშიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს. სწორედ ამ საწოლზე ესიზმრება პრინცს გედი, რომელსაც სამეფო ტახტის მარტოსული მემკვიდრე გედების გუნდში აღმოაჩენს. პრინცის საბავშვო სიზმრებიდან მატერიალიზებული გედი ფროიდისეული კომპლექსების ერთ-ერთი ყველაზე მკაფიო გამოვლინებაა.

სექსუალური ორიენტაციის პრობლემა XX საუკუნეში აქტუალურია და რახან მეთიუ ბორნი თანამედროვე ავტორია, მასთან ეს ფაქტორი კონტექსტშია მოცემული. ქორეოგრაფმა აქ ხელშეუხებელი მხოლოდ ჩაიკოვსკის მუსიკა და ტრაგიკული ფინალი დატოვა, რითაც, თითქოს, პირველწყაროს დაუბრუნდა. ბოროტებაზე გამარჯვების ჰიმნს მეამბოხე ავტორმა საზოგადოებაში დამკვიდრებული ნორმებისგან გაქცევისა და პიროვნული თავისუფლების მოპოვების მცდელობა დაუპირისპირა.

ქორეოგრაფმა ჩაიკოვსკის უნივერსალური მუსიკა ახლებურად შეიგრძნო და თანამედროვე სიუჟეტს მოარგო. მოქმედება XX საუკუნის მეორე ნახევარის ინგლისში გადაიტანა და სოციალურ-ფსიქოლოგიური ასპექტებით გაამდიდრა.

წარმოდგენა რამდენიმე ნაწილისგან შედგება, ესენია: 1. ,,სასახლე” (,,The Palace“), 2. ,,ოპერის თეატრი” (,,Opera House”), 3. ,,პრინცის კერძო საცხოვრებელი” (,,The prince’s private quarters”), 4. ,,ქალაქის პარკი” (,,A City Park””), 5. ,,სამეფო ბალი” (,,The Royall Ball”), 6. ,,პრინცის საწოლი ოთახი” (,,The princes badroom”). თითოეული სცენა დასრულებული და ავტონომიურია. მათში შემოქმედებითი ჯგუფის შესაძლებლობები მაქსიმალურად წარმოჩენილია.

მოსაყოლად ბორნისეული ,,გედების ტბის” სიუჟეტი მარტივია: მთავარი პერსონაჟია პრინცი, რომელიც სამეფო კარზე იზრდება, მაგრამ საოცრად მარტოსულია, მოკლებული ყოველგვარ სითბოს და დედობრივ სიყვარულსაც კი. ის ყველა ცერემონიაში მექანიკურად მონაწილეობს. ერთხანს სიყვარულს მისთვის გამიზნულად შერჩეულ ქალშიც კი ეძებს, მაგრამ სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილი თავის მოკვლას გადაწყვეტს და ამ მიზნით მიაშურებს ქალაქის პარკს, სადაც გედების გუნდში იმ გედს აღმოაჩენს, რომელიც სიზმრებშიც არ აძლევს მოსვენებას. თუმცა, პრინცის ბედნიერება ხანმოკლე აღმოჩნდება, რადგან გედები მათი გუნდის წარმომადგენელს ღალატსა და ადამიანის სასარგებლოდ გაკეთებულ არჩევანს არ აპატიებენ და საბოლოოდ ორივე იღუპება. ამ ნაწარმოების მორალიც ის არის, რომ ფრინველთა გუნდი, ისევე როგორც ადამიანთა ბრბო, არასოდეს ინდობს იმას, ვინც მათ კანონებს არ ემორჩილება და განსხვავებულია, ვისაც სურს საზღვრები გაარღვიოს და გაექცეს უსიყვარულობასა და ფარისევლობას...

ეს მოკლედ. უფრო ვრცლად კი, მასში ბევრი რამ ხდება ისეთი, რაც სანახვად ღირს. როგორც ზემოთ აღვნიშნე, წარმოდგენა საწოლის სცენით იწყება, რომელზეც მდიდრულ თეთრეულში გამოხვეული პრინცი - მას სკოტ ამბლერი (Scot Ambler) განასახიერებს -  წევს და ძილში შფოთავს. მას ესიზმრება გედი, რომლის მიმართ გაჩენილი გრძნობაც მოსვენებას არ აძლევს. გამოღვიძებული საშველად დედას უხმობს.  სცენაზე ამ დროს პირველად ჩნდება დედოფალი (ფიონა ზედვიკი), რომელიც სრულიად უმწეო, უსუსურ და ოდნავ ავადმყოფური გამომეტყველების შვილს სიცხეს უზომავს. თუმცა, მისდამი თბილი დამოკიდებულებით არ გამოირჩევა. ეს ქალი ახალგაზრდა ოფიცრებთან არშიყს საკუთარი ვაჟის თვალწინაც არ ერიდება... თუ ,,გედების ტბის” ადრეულ ვერსიებში დედოფლისა და პრინცის ურთიერთობა ჯანსაღია (მაგალითად, სხვა დადგმებში დედოფალი მზრუნველი და მოსიყვარულეა), ბორნთან დედა-შვილის დამოკიდებულება სრულიად საპირისპირო შთაბეჭდილებას ტოვებს - დედოფალი აქ საკუთარ თავზე, გართობასა და გარდერობზე უფრო ზრუნავს, ვიდრე შვილზე. მიზანსცენებში ქორეოგრაფის შეხედულებები კარგად იკითხება. წარმოდგენის დასაწყისშივე ჩანს, რომ ბორნი დასცინის ინგლისურ რიტუალებს, კომპლექსებს და ჩაცმის მანერასაც კი. მაგრამ მისი ირონიის მთელი ხიბლი იმაში მდგომარეობს, რომ ბორნი სარკაზმში არ გადადის. მას უყვარს თავისი პერსონაჟები.

კრიტიკოსები ყველაზე ხშირად ქორეოგრაფს იმაში ადანაშაულებენ, რომ მის ბალეტებში მსახიობები სცენაზე, თითქმის, მთელი წარმოდგენის განვამლობაში დადიანო... მათი ეს განაცხადი საფუძველს მოკლებული ნამდვილად არ გახლავთ და მაგალითისთვის, მოსამსახურეების მიერ პრინცის ჩაცმის სცენაც კმარა... მაგრამ, თუ იმასაც გავიხსენებთ, რომ მეთიუ ბორნი მიზნად ბალეტისა და სათეატრო ხელოვნების სინთეზს ისახავს, მაშინ ცხადი გახდება თუ რატომ არ მოითხოვს დასის წევრებისგან ისეთ შესრულებას, როგორითაც კლასიკური ბალეტის ბალერინები და ბალერონები გამოირჩევიან. ამასთან, თვალშისაცემია, რომ ეს წარმოდგენა საბალეტო ,,ტრიუკების” წარმოსაჩენად არ შექმნილა. მისი სცენები თხრობითი, პერსონაჟები კი _ საოცრად მეტყველია, გხიბლავს მათი ჟესტი და მიმიკა. ის იმდენად ოსტატურად აგებს მიზანსცენებს, რომ თეატრალურ რეჟისორსაც შეშურდება. მან ეს ბალეტი საინტერესოდ გააცოცხლა და არა მგონია სირთულით გამორჩეული ილეთების ნაკლებობამ გადაწონოს ის, რითაც ქორეოგრაფმა აღიარება მოიპოვა. როდესაც პრინცის საწოლი სამეფო გვირგვინით დამშვენებულ ტრიბუნად იქცევა, მოქმედება სასახლეში ვითარდება და ირონიით გაჯერებული სცენები ერთმანეთს დინამიურად ენაცვლება. ამასთან, აღსანიშნავია ისიც, რომ ქორეოგრაფი ამ ირონიას ცეკვებში კომიკური ელემენტების შეტანით კი არ აღწევს, არამედ მოქმედებათა რეალისტური ასახვით, რაც ერთგვარი თეატრალური ხერხია. ამის მაგალითია ტრიბუნასთან გათამაშებული სცენა, რომელშიც პერსონაჟები ზუსტად ისე იქცევიან, როგორც, ვთქვათ, ნებისმიერი სამეფო ოჯახის წევრი მოიქცეოდა - ყალბი ღიმილი, ხელის ქნევა, მედლების ჩამორიგება და მექანიკური, ეტიკეტს შესატყვისი მოქმედება.

პროფესიონალის ხელი და გემოვნება ნათელია. იგივე ითქმის სცენოგრაფზეც, რომლის მიერ შექმნილი დეკორაციები თუ კოსტუმები მიუხედავად იმისა, რომ საოცრად მდიდრული და პომპეზურია, უმეტესად მაინც ლოკალურ ფერებშია - მეწამული, შავი, თეთრი, ლურჯი, გადაწყვეტილი და სისადავეს ინარჩუნებს.





ამ წარმოდგენამ მითქმა-მოთქმა, უპირველესად, სქესთა ბალანსის დარღვევის გამო გამოიწვია, აქ ხომ პრინცის რჩეული მამაკაცია. თუმცა, ამ ვერსიის ნახვისას მომეჩვენა, რომ პრინცისთვის, რომელიც მარტოსულია, სითბოს, თანაგრძნობისა და თანადგომის მოპოვება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე საპირისპირო სქესისადმი ლტოლვა. ბორნი, როგორც თანამედროვე ხელოვანი, უღრმავდება ადამიანის შინაგან სამყაროს და გაურბის ისეთ თემებს, როგორიცაა ბოროტისა და კეთილის დაპირისპირება. მისთვის საინტერესოა საკუთარი თავისადმი და საზოგადოებისადმი გაუცხოების პრობლემა. ამ წარმოდგენით ის, თითქოს, გვეუბნება, რომ ასეთ სამყაროში თუ ადამიანი თანამოაზრესა და მის ნამდვილ გულშემატკივარს მოძებნის, მაშინ რა მნიშვნელობა აქვს რომელი სქესის წარმომადგენელი იქნება ის... მით უფრო მაშინ, როდესაც პრინცი ძალისხმევას არ იშურებს ურთიერთობა ააწყოს ქალთან, რომელიც გამომწვევად გამოიყურება და რომელსაც დედოფლის მარჯვენა ხელი, წარმოსადეგი ლაქია (ეს პერსონაჟი ერთ-ერთ აკადემიურ დადგმაში წარმოდგენილია როგორც მასხარა და არაერთ წამყვან პარტიას ასრულებს) მას განგებ ,,შეუცურებს”. სწორედ ამ ქალთან ერთად მიდის პრინცი ოპერაში. ეს სცენა ამ დადგმის ერთ-ერთი საუკეთესო ნაწილია.


თუ სხვა სცენებში მნიშვნელოვანი ადგილი პერსონაჟთა ხასიათების გამოკვეთას ეთმობა, ამ შემთხვევაში ქორეოგრაფის ირონია უსაზღვროა. თეატრში თეატრის ასახვის ხერხით, პაროდირებულია, თითქმის, იგივე წარმოდგენა. ჩანაწერში, ოპერატორის დახმარებით, ნამდვილ მაყურებელსაც გვიჩვენებენ, რომელიც ორმაგი წარმოდგენის მომსწრე ხდება. სამეფო კარის წარმომადგენლები, რამდენიმე თანმხლებ პირთან ერთად, ოპერის თეატრში მიდიან, რათა ნახონ ბალეტი, რომელიც ძალიან გავს კლასიკურ ,,გედების ტბას” - პრინცის ნაცვლად არის მონადირე, რომელსაც პეპელა შეუყვარდება და მის გამო ურჩხულს დაუპირისპირდება. ამ სანახაობას სამეფო ოჯახის წევრები ბენუარიდან ადევნებენ თვალს. პრინცის მეგობარი გოგონა ოპერაში პირველად მოხვდა. შესაბამისად, მისი ქცევა დიდგვაროვნებში აღშფოთებას, ხოლო მაყურებელში ღიმილს იწვევს. ცალკე თემაა ის, თუ როგორ ახდენს მეთიუ ბორნი კლასიკური ცეკვის პაროდირებას პეპლებისა და მეტყევეს დახმარებით. ირონია აქ, პერსონაჟთა ჩაცმულობასთან ერთად, მათი შესრულების მანერაშიც იკითხება. განსაკუთრებით დაუნდობელია ქორეოგრაფი პეპლის მთავარი როლის შემსრულებლისადმი, რომელიც მიწაზე გართხმული ცალი ხელის კანკალით კვდება...

მომეჩვენა, რომ წარმოდგენის ეს ნაწილი პირდაპირი პაროდიაა ,,გედების ტბაზე” გადაღებული რუსული კინოფილმისა, სადაც დრამატული სცენები სწორედ ტყეში თამაშდება. ამ ჩანაწერის ნახვა ისეთივე ღიმილს იწვევს როგორც ბორნის მიერ ოსტატურად დადგმული პაროდია.

აღსანიშნავია, რომ ,,გედების ტბის” კლასიკური დადგმის ორი პერსონაჟი მეთიუ ბორნის ვარიანტში ამოღებულია, ესენია: ბოროტი ჯადოქარი და მისი ქალიშვილი. ერთ-ერთ ვერსიაში, რომელიც გედების ცეკვის ქორეოგრაფიული მონახაზებით არის შთამბეჭდავი, ჯადოქარი დიდი ლურჯი ფრინველის სახითაა ნაჩვენები. ამ შემთხევვაში კი, ბოროტი ძალის გამოყენება და ჯადოქრობა მეთიუ ბორნს აღარ სჭირდება.

წარმოდგენის მესამე ნაწილში ნაჩვენებია საკუთარ საცხოვრებელში გამოკეტილი პრინცი, რომელიც სვამს, მაგრამ დედოფალი მას არ უთანაგრძნობს. შემდეგი მოქმედება პორტის პირა ბარში ვითარდება, სადაც გაშარჟებულია ელვის პრესლის ჩაცმულობა, ვარცხნილობა, იმ დროს მოდური ცეკვების მოძრაობები და ცხოვრების სტილი. იქ პრინცი მის ნაცნობ გოგონასაც აღმოაჩენს, ნახავს, რომ ის ყველა მამაკაცისთვის ხელმისაწვდომია... შემდეგ ყველაფერზე ხელს ჩაიქნევს და თავის მოკვლის მიზნით მიაშურებს ქალაქის პარკს, სადაც გედების გუნდის წინამძღოლით მოიხიბლება.


ამ სცენაში მეთიუ ბორნი მისი ქორეოგრაფიული შესაძლელობების მაქსიმუმს იყენებს. მას სცენაზე გამოყავს კარგი გარეგნობის, ათლეტური აღნაგობის, ტანზე საოცრად მორგებულ გედის კოსტუმებში გამოწყობილი მამაკაცები, რომლებიც სცენაზე კი არ დადიან, ცეკვავენ! მათი სხეული მოქნილი და მიმზიდველია. წარმოდგენაში განსაკუთრებულია გედის როლის შემსრულებელი ადამ კუპერი. მისი დუეტი პრინცთან მოცეკვავეების საშემსრულებლო ხელოვნებას წარმოაჩენს. ამ ორი პერსონაჟის დამოკიდებულება ემოციებს იწვევს. თუმცა, ბორნის ესთეტიკა სენტიმეტალიზმს ვერ იტანს და დრამატულ სცენებს ოსტატურად ანაცვლებს პაროდიებით. ამის საუკეთესო ნიმუშია ხელებგადაჭდობილი გედების ცეკვის პაროდიული შესრულება.

სამეფო ბალის სცენაში ბორნი თვითირონიასაც მიმართავს - აქ ის სწორედ იმ ფანებსა თუ ჟურნალისტებს დასცინის, რომლებიც ვარსკვლავებს დარაჯობენ მათგან კომენტარისა თუ ავტოგრაფის მიღების სურვილით. მოქმედებებთან ერთად დეკორაციები იცვლება და წარმოდგენის ამ ნაწილში ყველაფერი დიდ დარბაზში თამაშდება, რომლის შუაგულშიც მოსჩანს ღია აივანი და მთვარე.


ქორეოგრაფის თქმით, მისი სპექტაკლი მარტოობაზეა, როდესაც ადამიანი მისთვის სულიერად ახლობელს მხოლოდ ძილში თუ ნახავს, როგორც ეს სპექტაკლში ხდება. თუმცა, აქ მთავარია არა იმდენად ,,რეალობა” და ,,სიზმარი”, რამდენადაც ,,საიდუმლო” და ,,გაცხადებული”. ალბათ, ამიტომ გააოცებს პრინცს, დედის ქარაფშუტულ ქცევაზე მეტად, სამეფო ბალზე გედის ორეულის, ფრაკში გამოწყობილი და ყველა ქალისთვის სასურველი მამაკაცის გამოჩენა. პრინცი მასზე ეჭვიანობს, ის კიდევ ყველასთან არშიყობს, დედოფალთანაც კი, რომელთან ალერსი მას ისე გამოიყვანს წყობიდან, რომ იარაღს გაისვრის. გასროლას მისი მეგობარი გოგო ეწირება, გედის ორეული კი უჩინარდება.



ბოლო სცენა, ისევე როგორც დასაწყისი, პრინცის საძინებელში ვითარდება. პრინცს კვლავ გედი, მასთან ცეკვა და ალერსი ესიზმრება. გამოღვიძებულს ექიმთა არმია ეხვევა თავს და ოპერაციას უკეთებს. მარტო დარჩენილ პრინცთან გედების გუნდი ჩნდება, რომელიც მის ჩაქოლვას ცდილობს, რასაც მათი წინამძღოლი ეწინააღმდეგება. პრინცის რჩეული იღუპება. პრინცი ამ ტრაგედიას ვერ უძლებს და ისიც კვდება. ისევე როგორც თითოეული მიზანსცენა, ფინალი სრულყოფილი და ემოციურია.

მეთიუ ბორნისთვის მნიშვნელოვანია კლასიკის ინტერპრეტაცია. თუმცა, მისი გადაწყვეტები, უპირველესად, დროის მიერაა გამართლებული. ამასთან დაკავშირებით შეგვიძლია გავიხსენოთ ერთი დეტალი: 1995 წელს, ამ ბალეტის ლონდონური პრემიერა ინგლისის სამეფო ოჯახის სკანდალს დაემთხვა. იმ დროს პრინცესა დიანა პრინც ჩარლზს ეყრებოდა, ჩარლზი კი არ მალავდა რომანს კამილა პარკერთან. ელიზავეტა მდუმარებას ამაყად ინარჩუნებდა. ამ ფონზე ბორნის ბალეტი პროვოკაციულად გამოიყურებოდა. მით უფრო, რომ პრინცის როლის შემსრულებული სკოტ ემბლერი ძალიან გავდა ჩარლზს, ქერათმიან მაცდუნებელ გედს კი, დიანასა და კამილას ადარებდნენ...



,,მე გამოვიყენე ის, რაც ჩაიკოვსკის გულში ედო - რაღაც საგანგაშო, უცნაური, მომაჯადოებელი. მუსიკამ შემძრა. მაგრამ როდესაც ნამდვილ გედებს შევხედე, მომეჩვენა, რომ მათში მამაკაცური საწყისი მეტია, ვიდრე ქალური - ისინი ენერგიული არსებები არიან”, - აცხადებს ბორნი, რომლის ,,გედების ტბაც”, მიმაჩნია, რომ ერთგვარი ეპატაჟია, და არა - კიჩი!

2 comments:

  1. სიამოვნებით ვნახავდი "გედების ტბის" ბორნისეულ ვერსიას, საინტერესოა უდავოდ, ისევე როგორც თქვენი ბლოგი. მიხარია რომ სრულიად შემთხვევით აღმოვაჩინე ეს ჩანაწერები.

    ReplyDelete
  2. მეც მიხარია,რომ ჩაიკითხეთ და მოგეწონათ :)

    ReplyDelete