Saturday, July 11, 2009

ასე არ ხდება! ასე არ შეიძლება! ასე არ არის სწორი!

ამ რეპლიკას ჰელგა პოლაკის როლის შემსრულებელი, მსახიობი ნატო ებანოიძე ამბობს სპექტაკლში ,,ხანუმა” (რეჟისორი - ლევან წულაძე). აი, ასე აფასებს ჟენევიდან საქართველოში მოხვედრილი პერსონაჟი ქართველების ცხოვრების წესს, ადათებსა და ტრადიციებს... თუ ჰელგას დავესესხები, მისი რეპლიკა ამავე სპექტაკლის მისამართით შეიძლება გამოვიყენო. რა არ შეიძლება და არ არის სწორი? გეტყვით!



ავქსენტი ცაგარელის ,,ხანუმა” 1882 წელს დაიწერა. ამ კომედიის სიუჟეტი ქართველებმა ბევრჯერ გააცოცხლეს, მაგალითად: 1926 წელს, ალექსანდრე წუწუნავას ამავე სახელწოდების ფილმი გადაიღო, 1942 წელს ვასო ყუშიტაშვილმა მარჯანიშვილის თეატრში დადგა (ხანუმას როლს ელისაბედ ჩერქეზიშვილი ასრულებდა), ეს პიესა საფუძვლად დაედო ვახტანგ ტაბლიაშვილისა და შალვა გედევანიშვილის ფილმს ,,ქეთო და კოტე” (1947 წ.), რუსთაველის თეატრში ჯერ ვასო აბაშიძემ განახორციელა (1882 წ.), მოგვიანებით კი - რობერტ სტურუამ (1968 წლის სპექტაკლი უფროსი თაობის მაყურებელს დღემდე ახსოვს და უყვარს).

,,ხანუმა” იდგმებოდა საქართველოს რეგიონებში, თეატრალურ ინსტიტუტში და შეიძლება ითქვას, რომ არ არსებობს ქართული სცენა, სადაც არ უთამაშიათ. თუმცა, ნებისმიერი არჩევანი მხოლოდ იმ შემთხვევაშია გამართლებული თუ ის გააზრებულია და სიტუაციიდან თავის დაღწევის გზა ან საშუალება არ არის. რა მოხდა ამჯერად?

ლევან წულაძემ ,,ხანუმა” პირველად 2004 წელს, ვაკის თეატრალურ სარდაფში დადგა. ამ სპექტაკლის აღდგენა მარჯანიშვილის თეატრის 80 წლის იუბილესთვის მოინდომეს, მაგრამ გასული წლის აგვისტოს მოვლენებმა ამ ჩანაფიქრის სრულყოფას ხელი შეუშალა. როდესაც რეჟისორს უკვე განხორციელებულის აღდგენის მიზეზი ვკითხეთ, მან გულწრფელად გვიპასუხა, რომ ,,ხანუმას” აღდგენა არ უნდოდა, რადგან არ სურდა მიბრუნებოდა იმას, რაც უკვე განვლილი ეტაპია და შესაბამისად, ნაკლებად საინტერესო. თუმცა, მან ამ საქმეს ხელი მაინც მოჰკიდა. ,,ის მაყურებელს მოენატრა... ამასთან, აღმოჩნდა, რომ მსახიობების მეხსიერებაშიც ცოცხალია”, - გვითხრა ლევან წულაძემ. მან ცვლილებებთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ სპექტაკლში რამდენიმე მსახიობისა და დეკორაციების გარდა არაფერი შეცვლილაო... არადა, სულ სხვა წარმოდგენა ვიხილეთ. სიახლეებმა ის მნიშვნელოვნად გადაასხვაფერა და ვერ ვიტყვით, რომ უკეთესობისკენ. სპექტაკლის მსვლელობისას დავრწმუნდი, რომ წულაძე მის აღდგენას ხელაღებით მოეკიდა, მასზე არ იმუშავა და შემოქმედებითი ჯგუფი თავის ნებაზე მიუშვა. წინააღმდეგ შემთხვევაში ის ბევრ რამეს აიცილებდა თავიდან.

ლევან წულაძემ ცაგარელის პიესა გადაახალისა. ტექსტის კორექტირება არავის გაკვირვებია, რადგან ის, ძირითადად, სახეშეცვლილი იდგმებოდა და ხელშეუხებელი მხოლოდ მისი სიუჟეტი რჩებოდა. ჯერ კიდევ როდის ჩაერია ამ საქმეში იოსებ გრიშაშვილი _ სწორედ მან გაუკეთა კორექტირება ლიბრეტოს, რომელიც საფუძვლად დაედო ვიქტორ დოლიძის ოპერას ,,ქეთო და კოტე”. გრიშაშვილმა სიკოს და საქოს კუპლეტებიც კი დაწერა... ლევან წულაძემ პიესაზე უფრო მეტი იმუშავა, ვიდრე სპექტაკლზე.

მან შემოიყვანა პერსონაჟი, რომელიც ცაგარელთან არ ყოფილა და ვერც იქნებოდა. თხრობა ნატო ებანოიძის გმირის გამოჩენით იწყება. ჰელდა პოლაკი საქართველოში შემთხვევით აღმოჩნდა - მისი თვითმფრინავი თბილისში ჩამოვარდა. ,,განათებული ევროპის შვილი” წერილს სწერს ,,თავისუფლებისათვის მებრძოლ ოდეოლოგებს”, მის მასწავლებლებს - კლარა ცეტკინსა და როზა ლუქსემბურგს, სადაც მათ საქართველოში ნანახს უამბობს. ,,აქ არც კანონია და არც მოქალაქეობრივი თვითშეგნება... ჩვენ მათ ვერასოდეს გავუგებთ...”, - ამბობს ჰელდა. ეს პერსონაჟი გვიყვება ქართველების თავისებურებებზე, მათ ახირებულობაზე და ხაზგასმით აღნიშნავს ერთ მაგალითს: ,,ქართულ ნაციონალურ სპორტს მუშტიკრივი ქვია”... მისი დასკვნები თუ შედარებები ქართულ რეალობას გვახსენებს, რაც მხოლოდ ტექსტის დამსახურებაა.

პიესისგან განსხვავებით, სპექტაკლში გამძაფრებულია დამოკიდებულება სომეხი ეროვნების წარმომადგენლებისადმი. ცაგარელთან მიკიჩ ტყუილ-კოტრიანცის ქალი, სონა, ქართველი თავადისთვის შეუფერებელი საცოლე არ არის, სპექტაკლში კი - ვანოს (ზუკა პაპუაშვილი) სომეხი სოვდაგარის და მისი ქალიშვილის ხსენებაც არ უნდა. სონას (ეკა ანდრონიკაშვილი) მოსანახულებლად წასვლას ის მხოლოდ იმიტომ თანხმდება, რომ ვალები გაისტუმროს. შეცვლილია პერსონაჟთა სახელები, ჩამატებულია რეპლიკები და დიალოგები სომხურ ენაზე... მაგრამ როგორ თამაშობენ მსახიობები?

პიესა მათ სახასიათო პერსონაჟების შექმნის საშუალებას აძლევს. თუმცა, შემსრულებელთა უმრავლესობა ამოცანას თავს ვერ ართმევს. მასიურ სცენებში ბევრი მოწმესავით დგას და მოქმედებაში არ მონაწილეობს. სპექტაკლის რიტმს მხოლოდ ვატო კახიძის მუსიკა ვერ გამოაცოცხლებს თუ მსახიობებმა არ იმუშავეს, გმირების ხასიათი არ გამოკვეთეს და დამაჯერებელი არ გახადეს.

წარმოდგენა დინამიურობას მოითხოვს, მსახიობები კი ვერ მოძრაობენ. ქორეოგრაფიული ნომრები საკონცერტოს წააგავს, არ ერწყმის დადგმას და ცალკეულ ფრაგმენტებად აღიქმება. განსაკუთრებით ამოვარდნილია მთავარი როლის შემსრულებლის, ეკა ნიჟარაძის გმირი. მისი ხმა კარგად არ ისმის და პერსონაჟის ხასიათი არ იკითხება. მსახიობი პლასტიკას იშველიებს, მაგრამ მისი ცეკვა მთლიანობას იმდენად მოწყვეტილია, რომ ვერ ხვდები რა შუაშია. რატომ ცეკვავს ხანუმა? იმიტომ, რომ გია მარღანიას მიერ ეკა ნიჟარაძესთვის დადგმული ნომერი გვაჩვენოს? ან რატომ გამოცვალეს მსახიობი თუ უკეთესი არ ყავდათ?

ცალკეული ფრაგმენტები ვახსენე და აქვე იმასაც ვიტყვი, რომ მაყურებელი წარმოდგენას დანაწევრებულად მოძრავი დეკორაციის ,,დახმარებითაც” აღიქვამს. სცენები ერთმანეთს მათი აწევ-დაწევით ან გაღება-დახურვით ენაცვლება. ,,ხანუმას” პროგრამაში მითითებულია, რომ მისი მხატვარია ,,ნიკალა და მურაზი”. ფიროსმანის პერსონაჟები უხეშად არის გადმოღებული და მათი კოლორიტი დაკარგულია. აქ ნიკალა არაფერ შუაშია. ეს მურაზ მურვანიძის მხატვრობაა, რომელსაც ძველი თბილისი უნდა გაეცოცხლებინა. მიუხედავად იმისა, რომ ვაკის სარდაფის სცენა გაცილებით პატარა იყო, ცარიელი სივრცე იქ დატოვებული ქონდათ და აქცენტი ფერადოვან კოსტუმებზე იყო გაკეთებული. აქ კი, მოცულობითი და ფიგურატიული დეკორაციები აწვება და ამძიმებს სივრცეს, სადაც ჭრელ სამოსში გამოწყობილი პერსონაჟები მოძრაობენ. მათ შორის ,,გამორჩეულია” ეკა ნიჟარაძის კოსტუმი, რომელიც ამოვარდნილია საერთო ესთეტიკიდან. ხანუმას თეთრზე წითელკონტურებიანი ყვავილებით გაფორემბული კაბა აცვია, მას ყელზე, მაჯებსა და ჩიხტიკობზე გულები აქვს მიბნეული, დაშვებულ ქამარზე კი გამოსახულია სახეები... ეს კოსტუმი იმდენად უგემოვნოა, რომ არამგონია ვინმეს მოეწონოს.

ამ სპექტაკლში ქეთი ცხაკაია ერთადერთია, რომელმაც კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ პროფესიონალია. ის ნებისმიერ წარმოდგენაში თამაშობს, საკუთარ თავს რთულ ამოცანებს უყენებს და როლს წარმატებით ასრულებს. სცენაზე ყოფნისას სულ მუშაობს, არ დუნდება. მისი სირანო ბაბო სპექტაკლში საუკეთესოა. მსახიობმა ეს პერსონაჟი ბოლომდე წარმოაჩინა. აქ ყველაზე საინტერესო სცენები სწორედ მის გმირთნ არის დაკავშირებული. თუმცა, მხოლოდ ამ მსახიობის პროფესიონალიზმი და ოსტატობა საკმარისი არ არის იმისათვის, რომ სპექტაკლი შედგეს.




სახასიათო პერსონაჟები შექმნეს მსახიობებმა: ბაია დვალიშვილმა (ქაბატო), ბესო ბარათაშვილმა (მაკარ ტყუილ-კოტრიანცი), ზუკა პაპუაშვილმა (თავადი ვანო ფანტიაშვილი), გია გოგიშვილმა (გიგო), დუტა სხირტლაძემ (სიკო), კახა აბუაშვილმა (საქო). სპექტაკლში მონაწილეობენ: მანანა კოზაკოვა (კნეინა თეკლა), ნიკა კუჭავა (თავადი კოტე ფანტიაშვილი), დიმიტრი ალავიძე (პოლიკარპე გაბუნია), ზაზა გოგუაძე (ვარლამ გურიელი), ონისე ონიანი (დურიკო), გეგი ფალიანი (ტურიკო), ბაჩო დოღონაძე (ყაფლან ამილახვარი), მაკა შალიკაშვილი (ჯამილა), ზურაბ გაგლოშვილი (ჯამალი).



როდესაც რეჟისორს სურვილი არა აქვს აღადგინოს სპექტაკლი, მას გულს ვერ დაუდებს. ამ შემთხვევაში, ალბათ მსახიობებმა იაქტიურეს. თუმცა, ეს საკმარისი საბაბი არ არის იმისათვის, რომ წარმოდგენა რეპერტუარში დაბრუნდეს. ის უპირველესად მაყურებლისთვის იქმნება და არა შემსრულებლებისთვის. თავის დროზე, ლევან წულაძეს უნდოდა ძველი თბილისის სურათები გაეცოცხლებინა, გაეღვიძებინა ნოსტალგია მაშინდელი მულტიკულტურული ქალაქისადმი, მაგრამ აქ მას ამის საშუალება არც მხატვარმა მისცა, არც ქორეოგრაფმა, არც მსახიობებმა, და არც საკუთარმა თავმა.

No comments:

Post a Comment